აგვისტო # 32 Viva La Vida


ადამიანებს ათასი გაურკვეველი და დაუსაბუთებელი შიში გვაქვს.

შიშია ის, რის გამოც მოცემული მომენტით ტკბობა არ შეგვიძლია. ჰო, შიშების გამო ვერ შევიგრძნობთ რომ ცხოვრება მიმდინარეობს აქ და ახლა და ყოველი ახალი წამის მოსვლა, გასული წამის “გაწარსულებას” ნიშნავს.

კალიების მეშინია. კალიების და შვებულებების, დასვენებების და საერთოდაც კარგად ყოფნის მეშინია.

როგორ ფიქრობთ?

Things we fear most are often the things that have already happened to us?

თუ

Most of the things we fear are highly unlikely to happen?

რომელია სწორი? ალბათ ორივე?

ხშირად რაღაცების შიში იმის გამო გვიჩნდება, რომ ეს ერთხელ უკვე მოხდა და ყველაფერი რაც მომხდართან ასოცირდება, ავტომატურად იწვევს ნეგატიურ ემოციებს.

ზოგჯერ კი აკვიატებული შიშები გვაქვს, საიდანღაც ჩარჩენილი, რომლებიც არასოდეს მომხდარა და მაღალი ალბათობით არც მოხდება (თითებს ვაჯვარედინებთ, მაგიდაზე ვაკაკუნებთ, სამჯერ ვიფურთხებით და რა ვიცი ყველა ცნობილ ღმერთს შევთხოვთ რომ ასე იყოს).

მექსიკური სერიალის ბოლო სერიაში ცხოვრების შიში მაქვს. როცა ყველაფერი კარგადაა, ე.ი. დასასრულია.

ან როცა ყველაფერი კარგადაა, რაღაც ისე ვერ არის და ჩვენ ვერ ვხვდებით რა.

მოკლედ ხლართვისა და შიშების დიდოსტატი ვარ.

რა მაგის პასუხია და ერთი დღეც და აგვისტო დადგება, თვე, რომელიც გამორჩეულად მიყვარს და ვერაფერმა გადამაყვარა. თვე, რომელსაც მთელი წელი სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე.

11 აგვისტომდე არც ისე შორია, 32 წლის ვხდები და ცხოვრებაში პირველად მაქვს განცდა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.

მაისიდან ვიწყებ ხოლმე სასწაულის ლოდინს, სასწაულის რომელიც აგვისტოში ან ჩემს დაბადების დღეზე უნდა მოხდეს. ცვლილებების ლოდინს, რომელიც ბოლო სერიასავით კარგი იქნება, ოღონდ ტიტრების გარეშე.

წელს არაფერს ველოდები. წლებთან ერთად ვაგროვებ შიშებს, შიშებს, რომლებიც უკვე გამოვიარე ან რომლებიც მაღალი ალბათობით არასოდეს გახდება რეალობა.

წუთების “გაწარსულების” მომენტის დაჭერა და ამ წუთებით ცხოვრება ვერ ვისწავლე.

აგვისტოც მოდის, 11 აგვისტოც და ნანატრი შვებულებაც პორტუგალიაში. მოუსვენრობა მაქვს და ათასი სისულელის მეშინია.

ისევ სტარტზე ვარ. აგვისტოს მოსვლით გამოწვეული გულის აჩქარებაც აქვეა და ემოციების ისეთი ნარევი მაქვს დღეში ათნაირი თინიკოს გაძლება მიწევს.

ყველაფერი იქნება ძალიან კარგად! ყველაზე ძვირფასი, ძვირფასი ადამიანების კარგად ყოფნით გამოწვეული ბედნიერებაა, რეალური ბედნიერება. იმ ადამიანების კარგად ყოფნით, რომლებიც ეგოისტურად გვიყვარს, ანუ ისინი ვისი კარგად ყოფნაც ჩვენი კარგად ყოფნისთვისაა აუცილებელი.

ცხოვრების მოტივაციაც ესაა ალბათ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ჩვენი ბედნიერებისთვის აუცილებელი ელემენტები, ანუ ადამიანები, რომლებსაც ზოგჯერ ვიღაცები ემოციურ ტვირთად მოიხსნიებენ, კარგად იყვნენ.

ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად. დაიწყო ათვლა 32-მდე. 32-ედ პორტუგალიაში უნდა დავიბადო.

P.S. Viva la Vida

 

 

Advertisements

Hello, I Love You


Hello, I love you 50 წლისაა.

დღე რომელიც Hello, I love you-თი და ჯიმის ხმით დაიწყო, ცუდი ვერ იქნება.

მაღვიძარაზე 1 საათით ადრე გავიღვიძე, არ გამომირთავს, ველოდებოდი “Bring it on Bitch” განწყობით.

ცალი თვალი გავახილე, გადავწვდი ტელეფონს და ჩავრთე:

Hello, I love you

Won’t you tell me your name?

Hello, I love you

Let me jump in your game

5 დღეა ზაფხული მოვიდა, მალე აგვისტოს ან უფრო სწორედ, დაბადების დღის ციებ-ცხელება დამეწყება და ისევ გადავალ რელსებიდან.

წლევანდელი ციებ-ცხელებისა და რელსებიდან გადასვლის საუნდთრეკად Hello, I love you-ს ვაცხადებ.

ემოციებით სავსე და ატრაქციონების პარკივით ფერად, ადრენალინით სავსე ზაფხულს გისურვებთ.

Hello, I love you

Won’t you tell me your name?

ზაფხული


როცა ძალიან ვიღლები, ადამიანები განსაკუთრებულად მიყვარს. უცნაური კორელაციაა ღმერთმანი.

როცა ძალიან ვიღლები, ლუდს ვსვამ. – ნუ, ეს უფრო გასაგებია..

ძალიან დაღლილზე რომ ვსვამ ლუდს, ადამიანები განსაკუთრებულად მიყვარს. – აჰა, მგონი ეგაა!

ჰოდა, ძალიან მიყვარს ადამიანები და კიდევ უფრო მიყვარს ადამიანები, რომლებსაც უყვართ ადამიანები და ზრუნავენ სხვებზე.

გაიღიმეთ, რაც არ უნდა ხდებოდეს. ზაფხული მოდის!

2018=11


უსახური შენობიდან ამომავალი კვამლი ჩიტების გუნდი მგონია.

სანამ ყველაფერი კარგად იქნება, იქნება 3 პარასკევი, ლუდი და 2017. 2018-ში გავხდები 32-ს, 3+2=5, ე.ი. ყველაფერი ხუთიანზე იქნება, თუ მათემატიკაში, კალენდარში ან კვირის დღეებში არ შეცვლიან რამეს. ჰოდა, რას ვამბობდი? 3+2=5, 2+0+1+8=11, 1+1=2, 2+5=7. 2018-ში ყველაფერი ხუთიანზე იქნება 7-ებისთვის, მე 7 ვარ და ჩემი სახელის პირველი ასო ანბანის მიხედვით 8-ა, 8-ს თუ ცოტა წავაყირავებთ უსასრულობაში გადავიჭრებით, 2018=11, მე 11-ში დავიბადე, 11.08-ში.

უსასრულობამდე 3 პარასკევი და ცოტა ლუდი დაგვრჩა.

ტანიდან მთელი კვირის დაღლილობას ვიფერთხავ. ახლა 22:32 საათია, ანუ 9, ჩემი ტელეფონი 74%-ზეა, ანუ 11, 1+1=2 2+9=11.

მათემატიკურად ბედნიერი ვარ.

22.09.15.16.17


დღეს 22 სექტემბერია, 2017-ის? 2017-ს არა, 2015 წლის 22 სექტემბერია.

დღეს პირველად ვილაპარაკეთ, ველოსოპედებზე და ეკლერებზე, ეკლერებზე უფრო მეტი, მაგრამ ველოსიპედებზეც, ცოტა ბათუმზეც, ეს რა თქმა უნდა ჩემი ინიციატივით. ბათუმი რომ ყველგან არ ჩავაკვეხო ხომ არ შემიძლია. დიახ, ბათუმი და აგვისტო!

მერე პინოჩეტიზე, ჩილეზე, მიკ ჯაგერზე, ინკვიზიციაზე, პირად ჰოროსკოპზე, ტაროზე, მუსიკაზე (აბა როგორ?!), ჩემს გეგმაზე გალუთერანების შესახებ, ღვინოზე, ლუდზე, კატებზე, ისევ ველოსიპედზე, ჩემს ასაკზე, 30-ზე და ბუღალტერიაზე (ასეთზეც და ისეთზეც), ავსტრიაზე და უნგრეთზე, ბაჭიებზე და ბატებზე, ვისკიზე და პესიმიზმზე, ფეხბურთზე და გერმანიაზე, ტაქსისტებზე და ტატუებზე, მაგიაზე და კუდიანებზე..

მოკლედ რაზე არ ვილაპარაკეთ.

დღეს 22 სექტემბერია, 2017-ის? 2017-ს არა, 2016 წლის 22 სექტემბერია, თვეზე მეტია აღარ გვილაპარაკია. არც ბათუმზე და არც აგვისტოზე, არც ველოსიპედზე და არც მუსიკაზე, არც ლუდზე და არც ლუთერანობაზე, არც ჩემი კლასელების შეკრებაზე და არც იმაზე რომელ სკოლაში ვსწავლობდი. დღეს 2016 წლის 22 სექტემბერია, მე ველოსიპედებზე და ეკლერებზე ვფიქრობ. თითებზე ვითვლი რამდენი დღე გავიდა.

დღეს 22 სექტემბერია, 2017 წლის 22 სექტემბერი, წელიწადზე მეტია აღარ გვილაპარაკია და ნუ, ვეღარც ვილაპარაკებთ.

როცა ძვირფასი, შენთვის ძალიან ახლობელი ადამიანები კვდებიან, ყველა თემა რომელზეც საუბრობდით, ერთი, დახურული, ტაბუ დადებული ამბის ნაწილი ხდება, იმ ადამიანის ექსკლუზივი, რომელთანაც ამ თემებზე ვეღარასოდეს ილაპარაკებ. ილუქება წარწერებიან ყუთში იმ ნივთებთან, სუნებთან და ტანსაცმელთან ერთად, რომლებიც თქვენი ისტორიის ნაწილი იყო.

11-ები


დღეს ზაფხულის ბოლო დღეა. აგვისტომდე 11 თვე დარჩა. 11 იღბალთან და ბედნიერებასთან ასოცირდება, 11:11-ზე სურვილებსაც ვიფიქრებ ხოლმე. ყველა დასასრული დასაწყისია, დასაწყისი კი სიახლეს ნიშნავს, სიახლე კარგია. ყველაფერი დალაგდა!

მოკლედ, ახლა ნამდვილ ახალ წელზე უფრო ნამდვილი ახალი წელია!

ველოდებით 00:00 საათს, ვხუჭავთ თვალებს და ვიფიქრებთ სურვილს!

არ ვიცი გიფიქრიათ თუ არა, მაგრამ სურვილების ჩაფიქრება, სურვილების ასრულებაზე მაგარი რამეა. ყველაზე სასიამოვნო პროცესი ასრულების მოლოდინია. მოლოდინებით ვცხოვრობთ და მოლოდინები ასწორებს.

ძვირფასო აგვისტო, 11 თვეში შევხვდებით, შევხვდებით ახალი სურვილების ასრულების მოლოდინით და შესაძლოა იმ ახალი ტატუთი, იუპიტერელებს რომ მოსწონთ.

You Decide!


დღეს ლუდის და დიდი ხნის უნახავი მეგობრის საღამო მოვიწყვე. დავბრუნდი, ეს არც კარგია და არც ცუდი, ფაქტია და უნდა აღინიშნოს.

დაბრუნებები არ მიყვარს, დასასრულებთან ასოცირდება, ერთადერთი შარშან მიხაროდა დაბრუნება და შარშანაც ზუსტად დაბრუნების დღეს აღმოვაჩინე რომ აბსოლუტურ სიცარიელეში მოვდიოდი, გაუსაძლის, დამპალ სიცარიელეში, იმაზე დიდ სიცარიელეში ვიდრე ნებისმიერი სიცარიელე შეიძლება იყოს. ერთი წლის განმავლობაში ამოივსო ეს სიცარიელე, შეხორცდა, გაქრა, წავიდა და დაბრუნება ისევ არ მიხარია, ოღონდ ახლა, ის ადგილი სადაც ვბრუნდები ათასი სიცარიელითაა სავსე.

ახლა არ მაქვს განცდა რომ ახალი რაღაც იწყება, არაფერს ვგეგმავ და არაფერი ვიცი, მაგრამ სამყარომ ასანთის კოლოფი გამომიგზავნა, სიგარეტზე მომიკიდა და მითხრა რომ ყველაფერს მე ვწყვეტ! ჰო, დავბრუნდი და ახლა მთავარია გადავწყვიტო სად.

ფინიკო, you decide!

wp-image-1704412182

You Don’t Own Me


საკუთარი თავის გარდა არავის ეკუთვნი. გადაწყვეტილებებს მხოლოდ შენ იღებ.  მხოლოდ შენ შეიძლება იცოდე რა არის შენთვის კარგი და რა არა. წესებსაც თავად იგონებ და ჩარჩოებსაც თავად იქმნი. იმპერატიულ ტონში ანაც ბრძანებით კილოში მოცემული რჩევები არ არსებობს. რჩევებს ან ითვალისწინებ და ან არა. შენზე საკუთრების უფლება არც საზოგადოებას აქვს, არც ოჯახს და არც მეგობრებს. გიხარია ის რაც გიხარია, არ მოგწონს ის რაც არ მოგწონს, გიყვარს ის რაც გიყვარს, ფიქრობ იმას რაც გინდა, სწავლობ იმას რაც გაინტერესებს, კითხულობ იმას რაც გისწორდება, სამყაროც შენ ხარ და ღმერთიც და არავის ეკუთვნი, ღმერთი ღმერთია და არ შეიძლება ვინმეს საკუთრება იყოს.

ყველა და ყველაფერი რაც ცდილობს საპირისპიროში დაგარწმუნოს ნაგავია და მისი ადგილი სანაგვეზეა.

ერთხელ ცხოვრობ? არ ვიცი! მილიონჯერაც რომ იცხოვრო, ყველა ცხოვრებაში სამყაროც თავად იქნები და ღმერთიც.

იფიქრე ლურჯად


როცა ქვაფენილზე სიარულისას ხაზებს ფეხს არ ვადგამ და გიჟივით მივაბოტებ, ე.ი. კარგად ვარ.

ყველაფერი ერთდროულად ირევა თავში და მაინც მგონია რომ ახლა არაფერზე ფიქრის დროა. ხაზებზე ფეხის არ დადგმის დრო.

შეგიძლია ის იყო რაც გინდა, შეგიძლია ის ისწავლო რაც გინდა, შეგიძლია “სერფერი” იყო ან ზვიგენების ექსპერტი, ან ძილის დარღვევების სპეციალისტი ან რაც გინდა ის.

ჰო, ნუ მომღერალი ვერ იქნები, ხმა არ გაქვს, მაგრამ ვის რად უნდა მომღერლობა?!

ყველაფერი შეგიძლია იყო, შეგიძლია “ლურჯი გონება” გქონდეს და წყალთან ახლოს დაიწყო ცხოვრება.

მზე და წყალი აბედნიერებს, ჰო, ზუსტადაც რომ აბედნიერებს და არა მ-აბედნიერებს. წყალთან ახლოს ყოფნისას ლურჯად ვფიქრობთ და მზისგან შოკოლადივით ვხდებით.

ზოგჯერ ჩვენი საყვარელი ცივი ყავა კატასტროფულად მწარეა, მაგრამ რას დავეძებთ?!

ახალი ქალაქები, შუა ქუჩაში გამოდგმული საზღვრები, მზე, ზღვა, ნავსადგომები, ჩამოსასხმელი ლუდი და აივანი, რომელზეც საღამოობით ვცხოვრობ. მგონი მართლა მოვდუნდი და იმას რაც თბილისშია იმაზე იშვიათად ვიხსენებ ვიდრე მეგონა, იმას კი რაც ერთი წლის წინ იყო, ტვინის ყველაზე მტვრიან თაროებზე ვალაგებ.

რაც არ უნდა იყოს წინ, აუცილებლად იქნება რაღაც კარგი, ისეთი თუ ასეთი, სერფერები გავხდებით თუ ზვიგენების ექსპერტები, ბიოლოგები ვიქნებით თუ ისევ შეთქმულების თეორიებს მივაწვებით, იუპიტერზე წავალთ თუ დედამიწაზე დავრჩებით, ისევ უცხოპლანეტელად ვიგრძნობთ თავს ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების მეგობრებში თუ ადგილობრივებად.. რაღაც იქნება, რაღაც კარგი!

26.08.2017

Happy Cyprus Days


ახალი ადგილები მაბედნიერებს. ხალხმრავალ ადგილებში ვიკარგები და მუსიკის ხმა ფარავს ყველა იმ ფიქრს, რომელიც თბილისში დატოვებული საკითხების მოგვარების გეგმის შედგენისკენ მექაჩება. ახლა ამის დრო არაა!

ზღვა, მზე და აგვისტო, ძალიან მარტივია ბედნიერების ფორმულისთვის, მაგრამ გულწრფელად მეტი არაფერი მჭირდება.

ზუსტად ერთი წლის წინ ყველაზე საშინელი დღე გათენდა, დღე, რომლის გამოც გადავწყვიტე აგვისტოს შეზიზღება და ვერ შევძელი. აგვისტო, აგვისტოა! რა გინდა რომ ქნა?! მე ზაფხულის, მზის, ზღვის და აგვისტოს გოგო ვარ.

რა გვიხდება? “ზაგარი”? გახდომა? ფერადი კაბები? არა, ბედნიერება გვიხდება.

წელს ბედნიერება კვიპროსის ბევრ მზეში, ეგზოტიკურ პლაჟებსა და ზღვის პროდუქტებშია.