არ დაიძინო! ანუ Sleep Paralysis


თავიდან გგონია რომ გღვიძავს, არ იცი რა მომენტში გაიღვიძე, მაგრამ ფაქტია რომ გღვიძავს, შენს ოთახში ხარ, შენს საწოლში, ჭერზე შენი მიწებებული ვარსკვლავები აღარ ანათებს (ანუ დაძინების შემდეგ არც თუ ისე ცოტა დროა გასული). შიშის შეგრძნება გაქვს, სადღაც ფიქრობ რომ კოშმარი დაგესიზმრა და ჯერ კიდევ ვერ გამოხვედი მდგომარეობიდან, თუმცა აშკარად გღვიძავს, ყველაფერს ხედავ, აცნობიერებ, გრძნობ. დამპალ შიშის შეგრძნებას რომ ვერაფერს უხერხებ, ცდილობ გადაბრუნდე, წამოჯდე, შუქის ასანთებად ადგე, წყალი დალიო, მაგრამ ვერ ინძრევი, გგონია რომ რაღაც ან ვიღაც გბოჭავს და განძრევის საშუალებას არ გაძლევს, შიშის შეგრძნება ასმაგდება, გინდება იყვირო, ვინმეს დაუძახო, მაგრამ ვერ ლაპარაკობ, აცნობიერებ რომ ვერ ლაპარაკობ და თავს ძალას ატან, გული გიჩქარდება, თავში ათასი ფიქრი გიტრიალებს, შემდეგ პანიკა…

თვალებს აქეთ-იქით აცეცებ, ცდილობ დაინახო ოთახში შენ გარდა კიდევ ვინმე არის თუ არა, გეჩვენება რომ მარტო არ ხარ, გეჩვენება რომ ეს დასასრულია, რომ მოკვდი ან მოკვდები, ისევ ყვირილის უშედეგო მცდელობა, ხელების განძრევის, წამოჯდომის მცდელობა, თავის დაჯერება რომ სიზმარში ხარ და უნდა გაიღვიძო, სიზმარში ხარ რომელშიც გესიზმრება რომ გაგეღვიძა, არადა გძინავს, ისევ პანიკა..

დრო უსასრულოდ იწელება, თავის დაწყნარებას ცდილობ, ცდილობ თვალები დახუჭო რომ დაგეძინოს ან თუ გძინავს გაგეღვიძოს, ასეთ მომენტებში ყოველთვის გეღვიძება ხოლმე, აი კოშმარში მდგომარეობა კულმინაციას რომ აღწევს აუცილებლად გეღვიძება, ახლა ასე არ არის, ამ კულმინაციას გრძნობ, გადიხარ და არაფერი იცვლება.

გგონია რომ ყველა შენი შიში უცებ გარეალურდა.

ზუსტად არასოდეს იცი ეს რამდენ ხანს გრძელდება და როგორ, რა მომენტში სრულდება. უცებ გიბრუნდება მოძრაობის საშუალება, კუნთები ცოცხლდება, პირსაც ამოძრავებ და ლაპარაკსაც ახერხებ, ოთახი ისევ ცარიელია, როგორც იქნა ისევ “მარტო” დარჩი.

დილით აღარ გახსოვს მეორედ როდის ჩაგეძინა, ზუსტად აღარ გახსოვს კოშმარი დაგესიზმრა, თუ რაც მოხდა მართლა მოხდა, ცდილობ გაიხსენო დეტალები, გაიხსენო თუ სიზმარი იყო რა მომენტში და როდის გაგეღვიძა, თუ სიზმარი არ ყოფილა, როდის ჩაგეძინა. დეტალებში ვერაფერს იხსენებ, სხეულს ახსოვს, აი კუნთებს ახსოვთ უძრაობის განცდა, ტვინს უმწეობის შეგრძნება, პირს ლაპარაკის შეუძლებლობა.

ეს ადრეც მომხდარა, როდის, როგორ არ იცი, მაგრამ ნაცნობი განცდაა და იცი რომ ეს ადრეც მომხდარა და თუ აქამდე ერთხელ მაინც მომხდარა, კიდევ მოხდება.

არ დაიძინო!

იქნებ ანტიდეპრესანტებს უნდა დაუბრუნდე, ისე გაითიშო რომ დილამდე ვერაფერმა გაგაღვიძოს, ან იქნებ ეს უარესია?!

არ დაიძინო!

***

Sleep Paralysis-ის ზუსტი ქართული თარგმანი მგონი ძილის დამბლაა, თუმცა იმდენად საშინელი სახელია მირჩევნია ისევ Sleep Paralysis გამოვიყენო.

რა არის Sleep Paralysis, ესაა მდგომარეობა როდესაც იღვიძებ, სხეულს კი ჯერ კიდევ ძინავს, შესაბამისად კუნთები მოშვებულია და მოძრაობა და საუბარი შეუძლებელი. ანუ წარმოიდგინეთ თვალებს ახელთ, აცნობიერებთ რა ხდება და ამ დროს ვერც განძრევას ახერხებთ და ვერც საუბარს/ხმის ამოღებას. ეს ის კოშმარია, რომელიც კოშმარი არ არის, ამ კოშმარს მეცნიერული ახსნა კი გააჩნია და საუკუნეების გასვლის შემდეგ არც დემონებთანაა დაკავშირებული, არც ეშმაკით შეპყრობასთან და არც ფოლკლორის სხვა პერსონაჟებთან (ინკუბუსი და სუკუბუსი), მაგრამ ზუსტი გამომწვევი მიზეზები უცნობია, უცნობია მკურნალობის მეთოდებიც და ისეთი ზოგადი სიკეთეებით შემოიფარგლება, როგორებიცაა ნაკლები სტრესი, ჯანსაღი ძილი, კვება და საერთოდაც ჯანსაღი ცხოვრება მისი ყველა შემადგენელი ნაწილით. კი, ესაა ზოგადი რჩევები, თუმცა განკურნების, ასეთი ეპიზოდების დადგომისგან თავის აცილების სრულ გარანტიას არაფერი გაძლევს.

სხვადასხვა წყაროებში განსხვავებული ინფორმაცია გვხვდება, ზოგან წერია რომ Sleep Paralysis-ით მოსახლეობის დაახლოებით 8% იტანჯება, ზოგან კი მითითებულია რომ მოსახლეობის 40% ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადის ამ კოშმარს.

ზუსტი სტატისტიკის წარმოება ალბათ შეუძლებელია, ვინაიდან არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ გათენების შემდეგ, პაციენტს მომხდარი აღარ ახსოვდეს.

რამდენიმე ჯგუფში გავწევრიანდი, სადაც ის ადამიანები არიან, რომლებსაც ეს ან ერთხელ განუცდიათ ან პერმანენტულად იტანჯებიან Sleep Paralysis-ით. სიხშირიდან გამომდინარე, ეპიზოდების სიმწვავე კლებულობს, უფრო სწორად, კლებულობს პანიკის სიმწვავე, ვინაიდან დროთა განმავლობაში მდგომარეობა ნაცნობი ხდება.

ეპიზოდი რამდენიმე წამიდან, რამდენიმე წუთამდე შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა მისი მიმდინარეობისას დრო უსასრულოდ იწელება და მისი ადეკვატურად აღქმის უნარი არ არსებობს. შესაძლოა ჩამოყალიბდეს დაძინების შიში, რაც სავსებით ლოგიკურია.

ერთის მხრივ მნიშვნელოვანია რომ დეტალურად გაეცნო ყველა მასალას Sleep Paralysis-ის შესახებ, იმისთვის რომ რაციონალური დამოკიდებულება ჩამოიყალიბო, მეორეს მხრივ, ამ თემაზე ზედმეტი კონცენტრირება შესაძლოა გახდეს მორიგი ეპიზოდის კატალიზატორი.

ამ საკითხზე შევიშალე და შესაბამისად, სანამ აბსოლუტურად ყველა წყაროს არ გავეცნობი და ყველაფერს არ გამოვიძიებ, ვერ შევეშვები.

***

მშვიდი ძილი ფინიკი!

sleep-paal-x

Advertisements