დიალოგი 365-ე დღეს


– რას ნიშნავს სხვა ადამიანების სიკვდილი?

– რას და პირადი სივრცის მოსპობას. მარტო რომ ვეღარასოდეს დარჩები იმას, ყველა შენი მიჩქმალული საიდუმლოს გამჟღავნებას.

– კიდევ?

– კიდევ იმას რომ თუ მოჩვენებების მთელი ცხოვრება გეშინოდა, ამის შემდეგ ოცნებობ რომ სადმე გადაეყარო.

დიალოგი დავასრულეთ. მე ფიქრები სხვა მიმართულებით გამექცა, გამახსენდა რომ ზღვაზე იმაზე ადრე მომიწევს ჩასვლა ვიდრე ვგეგმავდი, მაგრამ ეს სულაც არ იქნება გაქცევა, შარშან ზუსტად ამ დროს გავიქეცი ორჯერ, შემოჩენილი ბედნიერების მისაჩქმალად, ახლა არ ვიცი რისთვის მივდივარ. არა, ვიცი, იმიტომ რომ სხვა გზა არ მაქვს, საქმე, საქმეა და აქ ვერაფერს გააწყობ.

ისე ამოისუნთქა, მივხვდი რაღაცის თქმას აპირებდა და გადაიფიქრა. მომინდა მცოდნოდა რაზე უნდოდა ლაპარაკი, მაგრამ ხმა არ ამომიღია, იმიტომ რომ ლაპარაკი სხვაგვარადაც შეიძლება, მიღებული სტანდარტების დაცვის გარეშე, ჰო, ნუ ლაპარაკის გარეშეც.

– ხვალ საინტერესო დღე იქნება. – მაინც განაგრძო საუბარი.

– შარშან უფრო საინტერესო იყო, ოღონდ ეს შარშან არ ვიცოდი. ესაა ცხოვრების მთავარი პრობლემა, ვერასოდეს აფასებ მიმდინარე მომენტების მნიშვნელობას.

– ანუ ცხოვრება სინამდვილეში წარსულია და არა აწმყო?

– ჰო, თითქმის ასეა.

ისევ გავჩუმდით. მე ისევ ვბოდავდი, ის ისევ მიძვრებოდა ფიქრებში.

tumblr_llulawuihp1qzjqrio1_r2_500

უმნიშვნელო სისულელეების მნიშვნელობა


არასოდეს ვიცით და ვერასოდეს წარმოვიდგენთ რომ თითოეულ ჩვენს, ერთი შეხედვით აბსოლუტურად რუტინულ და არაფრით გამორჩეულ ქმედებას, შეუძლია ისეთ მოვლენებს დაუდოს სათავე, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლიან.

არასოდეს არაფერს დაუძახოთ უმნიშვნელო, ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე და ყველაფერს მოყვება შედეგი. შეიყვარეთ თითოეული მომენტი.

ეს შენ გეხება ფინიკო, მოისმინე და დაიმახსოვრე.

tumblr_nvrweieigs1soop08o1_500
სამყარო შენ ხარ!

ჩილე და ჩინეთი იუპიტერზე


ახლა როცა დივანზე წოლისას წარმოსახვითი მწერები დამტრიალებენ თავზე, შენ ჩინეთში ხარ.

ასეა, როცა ჩილე არ გამოდის, გამოდის ჩინეთი. ჩინეთში არავინ გყავს, არც მე ვიცნობ მანდ ვინმეს. ალბათ გაუკვირდათ შენი ჩასვლა, უვიზოდ და დაუპატიჟებლად ჩაადგებოდი შენი ამბავი რომ ვიცი.

საინტერესო მუსიკა ექნებათ, ისეთი არა, მე რომ მიგზავნის ხოლმე სამყარო დილაობით. ჰო, მასეთ წყობებს საინტერესო და იდეოლოგიიდან გამომდინარე დატვირთული მუსიკა აქვთ ხოლმე.

ახლა ალბათ ყურსასმენებით დაბოდიალობ ჩინეთის რომელიღაც ქალაქის ქუჩებში და გეუცნაურება რომ არავინ გიცნობს. კარგია ხომ? შენი სახელიც რომ არავინ იცის. ჰო, კარგი უნდა იყოს, არც მოგონილი მწერების გაბმული წუილი შეგაწუხებს სიმღერებს შორის. მწერებს ისინი იგონებენ ვინც ჯერ ვერც ჩინეთში წავიდა და ვერც ჩილეში.

როცა წავალ გეტყვი “შენ ერთ მხარეს, მე მეორე მხარეს.” ადრე ვწერდი მუმბაი უფრო შორსაა ვიდრე ბარსელონა მეთქი, როცა მუმბაის ბილეთებზე ფიქრისას, ბარსელონას ბილეთებს ვეძებდი. ახლა გეტყვი, რომ ჩილე უფრო შორსაა ვიდრე ჩინეთი და ჭირსაც წაუღია ბარსელონა, ვიღაცების მუმბაისთან ერთად.

ჩილეში რომ წავალ წერილს ესპანურად მოგწერ, შენ ჩინურად მიპასუხე, რომ გკითხო “აჰ, თქვენ ჩინურიც იცით ბატონო?“. გეგონება ვიცოდე კიდევ რა ენებზე წერ და საუბრობ. ჰო, არაფერი ვიცი, ისიც კი ვერ გამიგია ახლა თავზე რომ გადამიფრინა ის მწერიც მოგონილი იყო თუ ნამდვილი. ჯანდაბას! როცა ფრენები იაფი იქნება იუპიტერზე შევხვდეთ. ახლა არ მკითხო რატომ იუპიტერზეო, მზეზე ცხელა და იმიტომ!

Burn the Witch


მას შემდეგ რაც თილისმა, რომელმაც უდარდელობასა და ემოციურ სიგიჟესთან ერთად, ყველაზე ცუდი დღეები მოიტანა ჩემს ცხოვრებაში, სანიაღვრე ჭის ძირზე აღმოჩნდა, გუშინ პირველად იწვიმა. ჰო, გუშინ წაიღებდა წყალი, წალეკავდა იქ საიდანაც აღარასოდეს დაბრუნდება, აღარასოდეს აღმოჩნდება ჩემი სამკაულების ყუთში და აღარ შემახსენებს, რომ ყველაფერი ცუდი გადადის და შემიძლია კიდევ ერთი შანსი მივცე.

ტაროს კოლექცია შავ ყუთში მოთავსდა და ისე შეიკრა, როდის იხილავს დღის სინათლეს არავინ იცის. თუ ისე მოხდა რომ ჩემი უეცარი სიკვდილის შემდეგ გადააწყდა ვინმე ამ ერთი შეხედვით ფრიად “საშიში” ნივთებით სავსე ყუთს, აუხსენით რომ ალქაჯი არ ვყოფილვარ და არც გზაჯვარედინზე გამიფორმებია ხელშეკრულება ეშმაკთან. თუ იკითხავს როგორ შეიძლება ერთ ადამიანს სწამდეს ერთდროულად ყველაფრის, აუხსენით რომ რწმენა აი, ეგეთი უცნაური რამაა, თუ ერთხელ, ერთ რამეს მაინც იწამებ, შემდეგ თოვლის გუნდასავით გადიდდება და ზვავად ჩამოწვება, თან ისევ შენ თავზე.

ყუთები


განვიკურნე. რას ნიშნავს განკურნება გიფიქრიათ? იმ მდგომარეობაში დაბრუნებას, რომელშიც დაავადებამდე იყავით. ჰოდა, განვიკურნე.

დგება დღე, როცა მაღვიძარაზე ადრე ახელ თვალს და იგებ რომ ჯანმრთელი ხარ, ხვდები რომ როგორც იქნა შენც გეშველა, შენი დაავადებაც დასრულდა, შენი მდგომარეობაც დასტაბილურდა.

ყოველთვის მინდოდა სტაბილურად ვყოფილიყავი, ამოვარდნების გარეშე მეცხოვრა, სანდო და სტატისტიკურად პროგნოზირებადი ვყოფილიყავი, ჩამოშლის საფრთხე არასოდეს დამმუქრებოდა.

არ მიყვარს როდესაც წარმოდგენილ დიაგრამებზე ჩემი სახელობის მრუდი დაწესებული ზღვრებიდან გამოსვლის პირასაა და ზიგზაგებს ხატავს. გავსწორდი.

კვირას საკუთარი ემოციური ტვირთის გადმოლაგების ნაცვლად უჯრები დავასუფთავე, ნივთები დავახარისხე და ყუთებში გავანაწილე. დიდ ხანს ვუყურე ამ ყუთებს, ყუთებს, რომელთა შიგთავსიც მხოლოდ მე ვიცი, რომლებში ჩალაგებული ნივთების ურთიერთკავშირიც მხოლოდ ჩემთვისაა ცნობილი, ვუყურე და საკუთარი თავი ერთ მთლიანობად ვერ წარმოვიდგინე. დანაწევრებული, ყუთებში ჩალაგებული ადამიანი ვარ, ადამიანი რომელმაც საკუთარი ნაწილები ფეხსაცმლის ყუთებისთვის დაანაწევრა და “დასკოჩა”.

თავს ვიტყუებ. ჰო, თავს ვიტყუებ, მე ხომ კარგად ვიცი, რომ სინამდვილეში ის ვარ, ვისაც საერთო ამ ყუთებთან არ აქვს. ეს ჩემ პარალელურად მცხოვრები არსებების პატარა ისტორიებია, რომლებიც მათ ისე გადახდათ და ისე განიცადეს, რომ მე მხოლოდ ჭურჭლად გამომიყენეს.

ფინიკისა და თინიკოს შორისაც უზარმაზარი უფსკრულია და ვერანაირი ყუთებისგან გაკეთებული ხიდი მათ ვერ დააკავშირებს.

ცხოვრებით კი რეალურად მხოლოდ თინიკო ცხოვრობს, ფინიკისნაირებისთვის ფეხსაცმლის ყუთებს ინახავს, შემდეგ ანაწევრებს, პატარ-პატარა ამბებად ყოფს, “სკოჩავს” და მტვრიანი სათავსოს ყველაზე ქვედა თაროზე ჩურთავს.

ცარიელი ყუთი დამრჩა, სადაც თინიკო უნდა “ჩავალაგო”, ანუ ასეთივე ცარიელ მდგომარეობაში შემოვაკრა სკოჩი ყველა მხრიდან და ამავე სათავსოს ყველაზე ბნელ ადგილზე შევინახო.

გამოვჯანმრთელდი, ისევ კლავიატურაზე თითებით მიწებებულ არსებად ვიქეცი, რომელსაც ზოგჯერ გონია რომ ფინიკი არსებობს.

tumblr_lte4h3G1TR1qg4z24o1_r2_500

აგვისტოს დასასრული


ახლა არაფრის არც დაწერა მინდა და არც შემიძლია, ნუ, ცოტა ხანში ალბათ შემეძლება, იმიტომ რომ სათქმელი ბევრი მაქვს, აი ქაოტურად რომ ირევა თავში ყველაფერი.

რაღაცნაირი ზიზღი გამიჩნდა აქაურობის მიმართ, ფინიკის მიმართაც, მოკლედ, არ მინდა ამაზე საუბარი.

საერთოდ რატომ ვწერ ამას ვერ ვიგებ, ვისთვის ვწერ ვერც ეს გამიგია, მაგრამ უნდა დავწერო, ისე რომ დიდად არ მინდა საერთოდ ვინმემ წაიკითხოს.

ახლაც არ ჩამოვუშვა ცხვირი? ისევ პოზიტიური განწყობა უნდა შევინარჩუნო?

ძალიან გაბრაზებული ვარ, ჯერ ამან უნდა გადამიაროს.

ერთადერთი რისი თქმაც ახლავე მინდა ისაა, რომ აი, როგორც იქნა, ამდენი ხნის შემდეგ მიაღწიე იმას რომ მეზიზღება აგვისტო, ხომ ვერაფრით იგებდი რატომ მიყვარდა, ჰოდა, აღარ მიყვარს, მინდა რომ დროზე წავიდეს და წარმოდგენაც არ მინდა რომ კიდევ მოვა. ჩემი დაბადების დღეც მეზიზღება და ის ადგილიც სადაც სულ გავრბოდი ხოლმე, ყველაფერი რაც მიყვარდა მეზიზღება. ხომ მითხარი ეს დაბადების დღე შენ ცხოვრებაში საუკეთესო უნდა იყოსო, მე კიდევ გიპასუხე საუკეთესო არ ვიცი, დასამახსოვრებელი უნდა იყოს მეთქი. ჰოდა, არასოდეს დამავიწყდება.

დანარჩენი მერე, ცოტა დრო რომ გავა.

Violet


სულელურ ხასიათზე ვარ! ნუ, სულელური რამდენად შეესაბამება არ ვიცი, შესაფერის სიტყვას ვერ ვპოულობ და ამაზე ფიქრი მეზარება.

აი იცი როგორზე? The Peanuts ხომ იცი? ჩარლი ბრაუნი და სნუპი, ნუ მოკლედ..

მარტივად ავხსნი:

Violet and Patty are walking down the lane. Patty asks:

“Why are you mad at Charlie Brown, Violet?”

“Because!”

“Because why?”

“Just because!”

Patty says: “I understand…and here he told me that you had no reason!”

ჰოდა, აი ეგეთ ხასიათზე ვარ.

პ.ს. აგვისტო დაიწყო.

Violet_peanuts (1).jpg

ცუდი გოგო


მაღაზიაში რომ შევბოდიალდი არ ვიცოდი რას ვეძებდი. არც მიფიქრია გზაში რამე წამეკითხა, ჩემი მხედველობის გადამკიდეს თვალები საშინლად მტკივდება ხოლმე. უკვე გამოვდიოდით და თუ რამის ყიდვას ვაპირებდი, უნდა მეყიდა. ცუდ გოგოს წამოვედე, წიგნი გადავატრიალე, საინტერესო ჩანდა და ვინაიდან წინ შაბათ-კვირა იყო, რაც ნიშნავდა რომ შემეძლო ერთი ამოსუნთქვით წამეკითხა და თავი ისტორიის ნაწილ-ნაწილ დაგლეჯვის გამო არ მელანძღა, ვიყიდე და მანქანაში ჩაჯდომისთანავე დავიწყე კითხვა.

ისე კი კარგი იქნება თუ არ ენდობით უკანა ყდაზე წარმოდგენილ ქება-დიდებას “ამ წიგნში მარიო ვარგას ლიოსა ბოლომდე არღვევს რომანტიკული სიყვარულის ყველა ნაცად კლიშეს, გამოცდილებას და მკითხველს კიდევ ერთხელ აყენებს სამყაროსავით ძველი და მარადიული კითხვის წინაშე: “როგორია სიყვარულის ნამდვილი სახე?”” – არ შემიძლია გულიანად არ გადავიხარხარო. უკაცრავად, ცუდად კი არ ვამბობ, მაგრამ ეს რა ბოდვაა?! წიგნი აგებულია სასწაულზე, რომელიც რომანის მთავარ გმირებს მთელი ცხოვრების განმავლობაში დასდევთ და ერთმანეთს ახვედრებთ. თან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კარგი ბიჭი, მართლა კარგი ბიჭია და ასეთივე კარგი ბებერი წიგნის ბოლოს, მაგრამ ისეთია მხოლოდ თანაგრძნობის განცდა შეიძლება გაგიჩნდეს მკითხველს, რამდენადაც ამაზრზენია “ცუდი გოგო”, იმდენად საცოდავია “კარგი ბიჭი” და საბოლოოდ, მიუხედავად ყველაფრისა, გგონია რომ ეს აბსოლუტურად უუნარო არსება იმსახურებს ისეთ მოქცევას, როგორც ექცევიან.

არ ვიცი “სიყვარულის ნამდვილ სახეში” რას გულისხმობენ და რატომ გონიათ რომ ამ წიგნით რაღაც ახალი სახე შეიქმნა. სულაც არა. ძალიან სტანდარტული სახე აქვს, მთელი სამყარო კრავს პირს იმისთვის რომ ამ ორმა ერთმანეთი არ დაკარგოს, კარგი ბიჭი გადარეულია სიყვარულით და მიუხედავად ამისა, რატომღაც საერთოდ არ უნდა რაიმე გააკეთოს იმისთვის, რომ ეს სიყვარული საბოლოოდ მოიპოვოს, მეორე მხარე კი მზადაა მიიღოს ეს სიყვარული, სანამ თავადაც არ შეუყვარდება (ამასობაში კი მოიაროს ყველა კაცი ვინც გზაზე გადაეყრება). ჰა, აბა როგორია? არის რამე ახალი? ისეთი რაც არ წაგიკითხავთ. კარგი რა.

საინტერესო აღმოჩენებს კი გააკეთებთ, მაგ. ენებთან დაკავშირებით. მეც ყოველთვის მეგონა რომ ენების შესწავლა რაღაც ცალკეულ ნიჭზე იყო დამოკიდებული, რაც ან გაქვს ან არ გაქვს.

ძალიან საინტერესოა რიკარდიტოს ურთიერთობა მეგობრებთან. აი უნარი არ შესწევს ცხოვრების ერთ ეტაპზე ერთზე მეტი მეგობარი ყავდეს. ამდენად საინტერესო პერსონაჟია, სულ ვიღაცას უნდა მიეკედლოს და თან მუდმივად უბედურია, აი როცა ბედნიერია, მაშინაც.

ცუდი გოგო, ერთი შეხედვით რაღაც მოფერებით მიმართვად იხმარება, თუმცა ვინაიდან ამის უკან კარგი არაფერი დგას, საბოლოოდ შეგძულდებათ ეს მიმართვა.

დასასრული საშინლად ბანალური აქვს, საერთოდაც წიგნის მეორე ნახევარი ძალიან უინტერესოა. დამიჯერეთ, ძალიან გაგიჭირდებათ ჩამოყალიბება იმაზე თუ რომელი უფრო ამაზრზენია “კარგი ბიჭი” თუ “ცუდი გოგო”, თან სულ სხვადასხვა მიზეზით.

ცუდი გოგოსა და კარგი ბიჭის ურთიერთობის გარდა რაცაა ის უფრო საინტერესოა და იქ უფრო შეგიძლიათ გააკეთოთ აღმოჩენები, რომლებიც მოგეწონებათ.

როცა ვკითხულობ, ემოციებს ხმამაღლა ვაჟღერებ ხოლმე, ამიტომ ყოველთვის მირჩევნია მარტო ვიყო კითხვის დროს. რამდენჯერ წამოვიყვირე “აუ კარგი რა”, “ეს რა სისულელეა”, “აუ, ეს რა სირია” ზუსტად არ ვიცი. თუმცა ეს თავის მხრივ ნიშნავს რომ ისტორია ჩაგითრევთ და აუცილებლად გაერთობით.

ჩემი მოკრძალებული აზრით, წიგნი ცოტა გაწელილია და ჯობდა დროულად დაემთავრებინა ავტორს.

ილოცებთ რომ “ცუდ გოგოს” არასოდეს შეუყვარდეს “კარგი ბიჭი”. სასაცილო ისაა რომ კარგი ბიჭიც გაუცნობიერებლად ამისკენ მიილტვის, იმიტომ რომ შეყვარებული “ცუდი გოგო”, სულაც არაა ის ვინც ამ აბსოლუტურად უუნარო არსებას უნდა. მოკლედ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ იდეაში, ემოციების შადრევანი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ შეინარჩუნოთ, თუ ერთად არასოდეს იქნებით. ეს კარგია? სულაც არა, იმიტომ რომ ეს არავის სჭირდება.

თუ გადაწყვეტთ, წაკითხვად ნამდვილად ღირს.

6a00d8341c627153ef014e87ddf4a8970d

ძილი


ავირიეთ.

ერთდროულად იმდენ რამეზე გვეფიქრება რომ თითოეულ საკითხზე ერთი წამითაც ვერ ვჩერდებით. კონცენტრაციის დარღვევა გვაქვს და უძილობა.

უძილობის მიუხედავად სიზმრები მაინც გვესიზმრება. გუშინ ბარში მეძინა, მაგიდაზე მედო თავი და ჩამეძინა. რა არ მიქნია, მაგრამ ბარში არასოდეს დამძინებია. თან ისე ჩამეძინა, ბავშვობაში ტელევიზორთან რომ მეძინებოდა და გონში ვერ მაგდებდნენ ხოლმე.

ეს ზაფხული რაღაცით 9 წლის წინანდელ ზაფხულს მაგონებს. ყველაფერი სხვანაირადაა, მაგრამ ქმედებებს ვიმეორებ. აი, განწყობას კი მომკალით და ვერაფრით ვიხსენებ პარალელები რომ გავავლო.

საბოლოო ჯამში ყველანაირ ცვლილებაზე უარს ვამბობ, იმიტომ რომ უკიდურესად მეზარება და ის პერიოდი მაქვს, სულ სადღაც რომ უნდა ვიყო, ცვლილებებზე რომ არ მომიწიოს ფიქრი.

ტელეფონი არ ჩერდება, არც ელ.ფოსტა ისვენებს, ყველაფერი ცოცხალია, ოღონდ სადღაც ციფრულ და კავშირგაბმულობის სამყაროში, რეალობაში მხოლოდ მე და ჩემი ყურსასმენები ვართ და ნაირ-ნაირი აკვიატებული სიმღერები.

სანამ მე ბარებში ვიძინებ, სამყარო ფეთქავს და ყოველი გამოღვიძებისას ყველაფერი შეცვლილი მხვდება.

მგონი რეჟისორსაც ჩაეძინა და სცენარს ისე გადავუხვიეთ კაციშვილი მომკითხავი არაა. ცხოვრება თავის ნებაზე მაქვს მიშვებული და ძილებს შორის მივჩანჩალებ უკვე მომხდარი მოვლენების კვალდაკვალ.

მეძინება.

in the cafe

სამხრეთელი


პოსტის წერას სათაურით არასოდეს ვიწყებ. პირიქით, როგორც წესი სათაურს ყველაფრის დასრულების შემდეგ ვარჩევ ხოლმე და ზოგჯერ იმდენს ვფიქრობ მთლიან პოსტსაც ვისვრი სანაგვეზე.

ეს პირველი პოსტია როცა ჯერ სათაური გაჩნდა და თან ისეთი სათაური, რომელიც tag-ადაც იქცევა. დავაკვირდები როგორ გაიზრდება სამხრეთელი და როგორ დაჩრდილავს სხვებს.

სამხრეთელი რაღაც ახალია, ან იქნებ უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, ვიღაც მეთქი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული რომ უფრო ვიღაცაა ვიდრე რაღაც.

ზაფხულივითი სახელია და წესით ძალიანაც უნდა მომწონდეს, მაგრამ არ მომწონს. ზაფხული კი მიყვარს, მაგრამ სამხრეთი და სამხრეთელები არა.

ორი დღის წინ გამოჩნდა. გაცნობამდე სრულიად სხვა წარმოდგენის ვიყავი და სულ სხვა ვინმე შემრჩა ხელში. ანუ ეს ის შემთხვევაა როდესაც ვიღაცაზე (ან უფრო რაღაცაზე) წინასწარ გაქვს შექმნილი გარკვეული შთაბეჭდილება და გაცნობისას აღმოაჩენ რომ შენი წინასწარი დამოკიდებულება ძალიან აცდენილი იყო რეალობას.

კომედიური პერსონაჟი არ უნდა იყოს, უფრო პირიქით, მაგრამ ყველაფერი რაც მასთანაა დაკავშირებული ისეთი კომიკურია რომ გახსენების დროსაც კი ვერ ვიკავებ სიცილს.

არადა საერთო ბევრი გვაქვს. უფრო სწორად მე და სამხრეთელის მეგობარს გვაქვს ბევრი საერთო, მაგრამ ვინაიდან სამხრეთელი ხშირად ეთანხმება მისი მეგობრის მოსაზრებებს, ე.ი. საერთო სამხრეთელთანაც მაქვს, რაოდენ კომიკურად უნიათოც არ უნდა იყოს თავად სამხრეთელი.

იცი როგორია? ზედმეტი უსაქმურობისგან ფილოსოფიას რომ მიჰყოფენ ხოლმე ხელს ეგეთი. არადა, აი ეგეთებს ვერ ვიტან. დიდი ფუფუნებაა მუდმივად ცხოვრების ამაოებაზე და საკუთარ რაობაზე ფიქრი.

მისი მეგობარი კი იმიტომ მომწონს, რომ უფრო მარტივია, მარტივი პასუხებით და ისეთი მარტივი “სიყვარულებით” მე რომ მახასიათებს. ჰოდა, რახან ესეც ეთანხმება, მაშინ როცა ის ამ ყველაფერს ფილოსოფიურად ფუთავს, ე.ი. არც ჩვენ ვართ ერთმანეთს დიდად აცდენილი.

თან საცოდავია, ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით და სამხრეთელის არც არაფერი სცხია.

მთელი შეგნებული ცხოვრება მარტივ ჩვევებსა და ფილოსოფიაში დახარჯა, ცხოვრების კი არაფერი გაეგება და ისეთ სისულელეებს აკეთებს, მოგინდება მაგრად შეაჯანჯღარო.

მაგრამ ორი დღის წინ გაცნობილი სამხრეთელი, რომელიც იდეაში სულ სხვა არასამხრეთელის გასაცნობად მჭირდებოდა, ძალიანაც არ გავს იმ არასამხრეთელს ან მე მგონია რომ არ გავს, იმიტომ რომ ძალიან არ მინდა გავდეს.

ისევ ყველაფერი ავხლართე. თუმცა ვინაიდან სამხრეთელის გაცნობა მნიშვნელოვან მოვლენად შევრაცხე, ამ თემაზე ბოდვის კორიანტელი რომ არ დამეყენებინა ფინიკის სახელით, ვერ მოვითმენდი.

კეთილი იყოს სამხრეთელო შენი გაჩენა ჩემი თეგების ღრუბელში.

Strategist-Shadow-System