Update 93


ცხოვრება system update-ს მთხოვს და მეუბნება, რომ new updates are available, მე ახალი სისტემის თავი არ მაქვს და remind me later-ს ვაჭერ. Update-ების დაყენებისას სისტემა გარკვეული პერიოდით ითიშება და განახლების პროცესში უფუნქციოა ხოლმე. მეც ასე ვარ, სიახლეების მიღებამდე დიდ ხანს ვფიქრობ, ტვინი კი მისაღები სიახლის მიღების პროცენტებს ითვლის. მთავარია ახალი სისტემის დაყენებით, არსებულ აპლიკაციებში არ აირიოს რამე.. აუ, არა, მაგას რა დაალაგებს მერე?!.. ახლა, ჩემი დამრიგებელი რომ მეჯდეს გვერდზე მეტყოდა: “რა კი არა, ვინო!” და მეც ცალყბად გავუღიმებდი.

სიახლეების მიღებას, ისევე როგორც სისტემის განახლებას, სამუდამოდ ვერ გადადებ, ერთ დღეს გეტყვის ან დააყენე ან სულ კარგად ბრძანდებოდეო და სხვა გზა რომ არ გექნება, დააჭერ update-ს და დაელოდები.

სისტემები ხომ ჩვენი მოგონილია და ჩვენსავით მუშაობს. სისტემების შექმნილ სისტემებს ვგავართ, ამიტომაა რომ ღმერთსაც ჩვენთან ვაიგივებთ და ვამბობთ რომ თავის ხატად შეგვქნმა, ჩვენ კი ყველაფერი ჩვენს ხატად შევქმენით, ასლების ასლებს ვქმნით და ყველა ერთი დასაბამის მიერ შექმნილი სისტემის ძირითადი საფუძვლებით ვმუშაობთ, უბრალოდ “ვაფდეითდებით” და “აფდეითდება” სამყარო ჩვენ ირგვლივ.

სიახლეების დროა, იმ სიახლეების გაზაფხულზე რომ იწყება ხოლმე.

ჰოდა, ვირჩევ install updates overnight-ს და დასაძინებლად ვემზადები.

Advertisements

სარეცხი კოსმოსიდან


სანამ ჩემი სარეცხის მანქანა კოსმოსში გასაფრენად ემზადება, მეზობლის ბავშვი პიანინოზე დაკვრას სწავლობს და გულს მიწვრილებს. ათასჯერ გადახვეულ სცენას ათასმეერთედ ვახვევ ტვინში და ახლა უკვე შენელებული კადრის ეფექტით ვუყურებ, კარგად ვიცი, ასე იქამდე მოვიქცევი სანამ აბსოლუტურ გულგრილობას არ ვიგრძნობ და საბოლოოდ არ მოვიბეზრებ.

პარალელურად ვკითხულობ რომ შფოთვითი აშლილობისკენ მიდრეკილი ადამიანები თურმე ხშირად იწიწკნიან ტუჩებს და თითებით ქვედა ტუჩს ვექაჩები. სცენა კი უკვე replay-ზე მაქვს დაყენებული და დასრულებისთანავე თავიდან იწყება.

ამასობაში სარეცხის მანქანა ახალ სიმძლავრეებს რთავს და იუპიტერის წითელ შტორმთან შეხვედრის იმედით, სარეცხის წურვას იწყებს.

მე რომ მკითხო სარეცხის მანქანებს “ნასა” უნდა აწარმოებდეს და გასარეცხად შეყრილი ტანსაცმლის ტრიალის ნაცვლად, მრგვალ ფანჯარაზე პლანეტები უნდა ტრიალებდნენ მზის გარშემო. სიჩქარეებიც პლანეტების მიხედვით უნდა იყოს დალაგებული. ხვალ, იუპიტერის ციკლონებში გატარებულ ტანსაცმელს ჩავიცვამდი და წითელ “პომადას” წავისვამდი (აირის გიგანტის, ყველაზე საყვარელი წითელი ლაქის პატივსაცემად).

მერე, ვენერაზე გარეცხილ კაბებში ჩაცმული გოგოები, მარსზე გარეცხილ წითელ, კუბოკრულ პერანგიან ბიჭებს შეხვდებოდნენ და ახალი წიგნი გამოვიდოდა “ქალები ვენერაზე რეცხავენ ტანსაცმელს, კაცები მარსზე”.

ამასობაში ვესტელის სარეცხის მანქანამ რეცხვა დაასრულა და არსადაც არ გაფრენილა.