MRI – 33


ახლა, როცა ყველა წესის დაცვით, წინა სადაბადებისდღეო შფოთვა უნდა მქონდეს, მე ყველაფერი მახსოვს დაბადების დღის გარდა. არადა, 33 კარზეა მომდგარი.

როგორც ამბობენ გარდამტეხი ასაკია, ცვლილებების და მაგარი შეჯანჯღარების.

რისი გვეშინია? ბევრი რამის, აუ, რამდენი რამის გვეშინია, მაგრამ საკუთარ თავთან მარტო დარჩენისას ყველა შიში ერთდროულად ისხამს ხორცს და ცოცხლდება.

40 წუთი დედამიწის გარეთ, საკუთარ თავთან, პატარა სოროში გავატარე. აბსოლუტურ მარტოობაში, ერთ სარკეში მხოლოდ საკუთარ შუბლს და წარბებს ვხედავ, მეორე სარკეში საკუთარ ტანს. მთავარია არ გაინძრე, აი მთავარია მონოტონურად ისუნთქო და არ გაინძრე.

სანამ ჩემი ტვინის შრეებს, მოურიდებლად ხმაურიანი აპარატი სწავლობს, მე ფიქრებს თავს ვერ ვუყრი, სრული აჯაფსანდალი მაქვს თავში, თითები მიკანკალებს და ვგრძნობ რომ ცოტაც და კივილს დავიწყებ.

მარტოობის გვეშინია, დახურული სივრცეების, უჰაერობის, იმ მომენტში ყველაფრის გვეშინია, დიაგნოზის გარდა.

პანიკის ტალღები ზვირთდება, დამარტყამს და გადადის.

თინიკო, ისუნთქე.. ნახე წარბები რა კარგად გაქვს გაკეთებული, მაგრამ ბოლოში მგონი ზედმეტად წვრილია… შუბლზე ნაოჭები დაგემატა… ეს მრისხანების ღარიც გაღრმავებულა.. 33.. სამსახური.. ნეტა, რამდენი წუთი გავიდა.. პანიკა… 1,2,3,4,5,6,7,8,9,10 ათი წამი გავიდა, მთელი ათი წამით წინ ვართ.. ღმერთო.. თავი ასე გვერდულად არ უნდა დამედო.. აგვისტო.. შვებულება.. ნეტა ახლა ჩემი ტვინი რას შვრება? იჭმუჭნება? მოძრაობს?.. მგონი ზედმეტად ღრმად ვსუნთქავ, ტუჩები მიკანკალებს, აუ, ტუჩები მიკანკალებს, იმედი მაქვს ამის გამო დროის დამატება არ მოუწევთ.. აპარატი გრუხუნს იწყებს და ცოტა მაჯანჯღარებს. ასეთი ბედნიერი დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ, ვჯანჯღარებ, თითებს ვაყოლებ ჯანჯღარს, აუფ, ცოცხალი ვარ, ცოცხალი ვარ.. პანიკა… 

ყველა გამახსენდა, აი ყველა, ვისაც კი ოდესმე რაიმე წონა ქონია ჩემს ცხოვრებაში, ყველა გამახსენდა, მეხსიერებაში ჩამარხული ყველა გვამი ამოვთხარე და ჩამოვატარე იმის იმედით, რომ რომელიმეზე ფიქრს მაინც წამოვედებოდი და გავერთობოდი. როგორც ამოვთხარე, ისე ჩავმარხე, შენც არ მომიკვდე, არავინ მაინტერესებს, არავინ მაღელვებს.. პანიკა..

მოწოდებით ხუთოსანი ვარ, ოღონდ იცი როგორი ხუთოსანი? რასაც მეტყვიან რომ არ უნდა გავაკეთო, არ უნდა გავაკეთო იმიტომ რომ ამით სხვას გავურთულებ ცხოვრებას, სამუშაო დღეს, დავღლი, დავსტრესავ, დისკომფორტს შევუქმნი.. მოვკვდები და არ გავაკეთებ, ბოლომდე გაუნძრევლად ვიწვები, პანიკის შეტევებს წამების დათვლით გადავლახავ, მოვკვდები და არ გავინძრევი.

არადა, არ მთავრდება, დრო არ გადის. აპარატი მიჩუმდება, მგონია რომ დამთავრდა, აი დამთავრდა და ისევ თავიდან იწყებს, ახალი ძალით, ახალი ხმებით, გიჟივით ვახამხამებ თვალებს და წარმოვიდგენ როგორ გამომიყვანენ აქედან, თავი სამეცნიერო ფანტასტიკის გმირი მგონია, ყველაფერს ვიგონებ ოღონდ ახლა “პანიკის ღილაკს” არ დავაწვე და კივილი არ დავიწყო. ახლა, ცუდად რომ გავხდე, ამ ღილაკს რომ ვერ დავაწვე, ხმას ვერავის გავაგონებ, ჰაერი რომ დამიმთავრდეს ხმას ვერავის გავაგონებ.

მარტოობის და სიკვდილის გვეშინია.

ასაკი ძალიან ბევრ რამეს ცვლის, ბევრ ახალ პასუხისმგებლობას აჩენს საკუთარი თავის და სხვა ადამიანების მიმართ. პრიორიტეტებიც იცვლება, შიშებიც, დაბადების დღეებიც და  ზაფხულებიც.

***

16.07.2019 ჩავიტარე თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული კვლევა, 40 წუთი გაუნძრევლად ვიდე და გადავრჩი.

Advertisements