Melissa Explains it All – მიჩიგანიდან


ბავშვობაში ალბათ ყველას გვყავდა ამოჩემებული პერსონაჟი, მსახიობი, მომღერალი ფეხბურთელი… მოკლედ ამოჩემებული პერსონა, თუ გავაზვიადებთ კუმირი. ჩემთვის ასეთი კლარისა (იგივე Melissa Joan Hart) იყო. 90-ან წლებში და ალბათ 2000-ანების დასაწყისში Clarissa explains it all ჩემს ფავორიტ არხზე Nickelodeon-ზე გადიოდა. მგონი დღემდე ზეპირად ვიცი რამდენიმე სერია.

კლარისას ჩაცმის სტილი, პატარ-პატარა ამბები, სემი, რომელიც კლარისას ოთახში ფანჯრიდან შედიოდა, ახალი დილემები და ძალიან სასაცილო სიტუაციები. მოკლედ, ჩემთვის ძალიან ფერადი მოგონებაა და ალბათ დღესაც სიამოვნებით ვუყურებდი.

შემდეგ Sabrina the Teenage Witch-ის ყურება დავიწყე, ესეც Melissa Joan Hart-ს ხათრით. თინეიჯერი ჯადოქრის ყოველდღიური ცხოვრება და მოლაპარაკე შავი კატა სალემი (დიდი უხასიათო ვინმე იყო).

ჩემი პირველი შეხება ინტერნეტთან ბიბლიოთეკაში მოხდა, როცა კომპიუტერის საწყისების შესწავლა დავიწყე. მარტო რომ დავრჩი პირველი რაც დავსერჩე Melissa Joan Hart იყო. აი, ახლა ხომ ძალიან სასაცილოა რომ წლები დასჭირდა იმის გაგებას, ვინ იყო Melissa Joan Hart, რამდენი წლის იყო, კიდევ რომელ ფილმებში და/ან სერიალებში შემეძლო ნახვა და ა.შ. კი, ახლა ამის წარმოდგენა ძალიან სასაცილოა, აიღე ტელეფონი და გაიგე რაც გინდა, მაშინ წლები დამჭირდა ამისთვის.

შემდეგ იყო ძალიან საყვარელი ფილმი Drive me Crazy, ერთხელ, შემთხვევით გადავრთე რომელიღაც არხზე და ფილმის დასაწყისში Melissa Joan Hart რომ დაეწერა, ბევრი არ მიფიქრია მეყურებინა თუ არა. შუა ფილმის მსვლელობისას შუქი ჩაქრა (თუ დენი წავიდა.. თუ როგორც ვამბობ(დი)თ ხოლმე). ჰოდა, მაშინ არც გადახვევის საშუალება იყო და არც ონლაინ ყურების (პრინციპში არც კომპიუტერი მქონდა, ასეთი საშუალება ხელმისაწვდომიც რომ ყოფილიყო). მგონი, დაახლოებით ერთი წელი ვეძებდი ტელევიზორში ამ ფილმს, აი ახალი ფილმი რომ იწყებოდა, სულ იმის მოლოდინი მქონდა რომ Melissa Joan Hart დაიწერებოდა. მაშინ (ახლა არ ვიცი და არ მგონია) ქართული არხების (და შეიძლება რამდენიმე რუსული არხისაც) ტელეპროგრამა გაზეთში იბეჭდებოდა ხოლმე. ჰოდა, მორიგად რომ ვეცნობოდი მომავალი კვირის სატელევიზიო სივრცეს, ერთ-ერთ არხზე ამ ფილმს გადავაწყდი. 17:45 საათზე იწყებოდა (ესეც კი მახსოვს), 17:45-ზე ინგლისურის გაკვეთილზე უნდა ვყოფილიყავი და ვერაფერსაც ვერ ვუყურებდი. ძალიან ვინერვიულე (აი, ხომ ძალიან სასაცილოა), სახლში რომ მოვედი ტელევიზორი ჩავრთე (ფილმი უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო) და ალბათ დაგეგმილზე გვიან დაიწყო და ზუსტად შუიდან ვუყურე. წარმოგიდგენიათ როგორი გრანდიოზული მოვლენა იყო მე-9 კლასელი ფინიკისთვის ეს, ასეთ დეტალებში რომ მახსოვს?!

ჰოდა, ძალიან ბევრი წელი გავიდა, მაგრამ დღემდე საშინლად მიყვარს ეს ფილმიც და ბავშვობის ქერა “კუმირიც”. აი, ისე, დღემდე აქტიურად რომ ვეცნობი მის ფბ ფეიჯზე პოსტებს. გრანდიოზული კარიერა არ გაუკეთებია და უფრო უშუალო და კარგ რაღაცებს წერს.

ცოტა ხნის წინ, მელისას ფეიჯზე აღმოვაჩინე რომ ავტობიოგრაფიული წიგნი აქვს დაწერილი Melissa Explains it All. იმ წლებზე წერს მე რომ ბავშვობაში კლარისაზე და საბრინაზე ვგიჟდებოდი. მერე ქმარზე, შვილებზე, ქველმოქმედებაზე და ა.შ. ყველაფერი კლარისას სტილში. წიგნი გამოვიწერე და დღეს ჩამოვიდა.

ჩემი ერთ-ერთი აკვიატებაა რომ ამაზონიდან ყოველთვის ნახმარ წიგნებს ვიწერ (ყველას თავის ისტორია აქვს. ამერიკიდან საქართველოში). Melissa Explains it All-ის (აწ უკვე) ჩემი მყარ ყდიანი წიგნი Muskegon Area District Library-ს მფლობელობაში ყოფილა. იცით სად არის Muskegon Area District Library? არც მე ვიცოდი. თურმე მიჩიგანშია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი ყოფილა მიჩიგანის ტბასთან. როგორც ვიკიპედია ამბობს 170 000 ადამიანი ცხოვრობს და ქალაქის მერი Stephen J. Gawron ყოფილა (აი, ცხოვრებაში ხომ არ დავინტერესდებოდი ამით). Muskegon Area District Library-ს მოვლენათა კალენდარს ჩავხედე, დღეს ჭიქებზე ხატვის დღე აქვთ. აი, ამიტომაა ცხოვრება საინტერესო, თან ძალიან. არასოდეს იცი საღამოს რას “დაგუგლავ”.

მოკლედ ჩემთან დღეს მიჩიგანის ბიბლიოთეკაში ნამყოფი წიგნი ჩამოვიდა, ბევრი ბავშვობის მოგონებაც გააცოცხლა და ბევრი სახალისო ისტორიაც მელოდება წიგნში სადაც Melissa will explain it all.

 

Advertisements

Well..


ახლა, ჰო, ზუსტად ახლა, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტია. როცა ყველაფერი მომეშვა, ის ყველაფერი რაც ლამის მთელი ცხოვრებაა მაწუხებს. ყველაფერი აიხსნა და ყველაფერს დაერქვა სახელი. ერთდროულად მეტირება და მიხარია. მიხარია იმიტომ, რომ როგორც იქნა მივაგენი სათავეს და მეტირება იმიტომ რომ გამოსავალი ძალიან რთულია.

21-ე საუკუნის ყველაზე დიდი მიღწევა “შენნაირების” პოვნის სიმარტივეა ალბათ. როცა, 31 წლის ასაკში გადაწყვეტ საკუთარ მდგომარეობას საბოლოოდ დაარქვა სახელი და შემდეგ ამ სახელიანი ადამიანების ჯგუფი მოძებნო, ask to join-ს დააჭირო და დაელოდო როდის მიგიღებენ.

ყველა ისტორია რომელსაც ამ ჯგუფში წაიკითხავ, ისეთი ახლობელია, ისეთი ნაცნობი, ისეთი შენი… მარტო არ ხარ. ალბათ ეს გვჭირდება ყველაზე მეტად – არასოდეს ვიყოთ მარტო. ესმოდეთ ჩვენი, არსებობდნენ ადამიანები იგივე დიაგნოზით, ადამიანები იგივე “წიკებით”, იგივე “უბედურებით” როგორც შენ.

გუგლის შესახებ რომ წლებია ვიცი, ამის მტკიცება ალბათ არ დამჭირდება, თუმცა ამ წლების მანძილზე ვერც ერთხელ გავბედე მომეძებნა ჩემი თანდაყოლილი ავადმყოფობის სახელი. 31 წლის ისე გავხდი, ერთხელაც არ “დამისერჩავს”. დღეს “დავსერჩე” და ახლა უკვე ზუსტად ვიცი რა ქვია ამას სამედიცინო ენაზე. 606 მომხმარებლიანი ჯგუფიც ვიპოვნე და გავერთიანდი. იშვიათი ვარ, იშვიათი დიაგნოზით, მსოფლიო მასშტაბით სულ 607 კაცი რომ შეგვკრიბა სოციალურ ქსელში.

გავთავისუფლდი, თავისუფლება სიმართლის გააზრებას მოაქვს. აღარაფერს მივედ-მოვედები, ზუსტად ვიცი და არ ვიცი როგორ მოვისროლო სანაგვეზე ის ქმედებები, რომლებითაც ძირითადი პრობლემის გადაფარვას ვცდილობდი და ამ ქმედებების შედეგად გაჩენილი ილუზიები.

პ.ს. ჰო, ჩვენ ნამდვილად არასოდეს ვიცით ვის რა ბრძოლის გადატანა უწევს. არც უნდა ვიცოდეთ! საკმარისია ამ ადამიანებისთვის დამატებითი დაბრკოლებები არ შევქმნათ და უბრალოდ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

ზაფხული


როცა ძალიან ვიღლები, ადამიანები განსაკუთრებულად მიყვარს. უცნაური კორელაციაა ღმერთმანი.

როცა ძალიან ვიღლები, ლუდს ვსვამ. – ნუ, ეს უფრო გასაგებია..

ძალიან დაღლილზე რომ ვსვამ ლუდს, ადამიანები განსაკუთრებულად მიყვარს. – აჰა, მგონი ეგაა!

ჰოდა, ძალიან მიყვარს ადამიანები და კიდევ უფრო მიყვარს ადამიანები, რომლებსაც უყვართ ადამიანები და ზრუნავენ სხვებზე.

გაიღიმეთ, რაც არ უნდა ხდებოდეს. ზაფხული მოდის!