Supergirls Don’t Cry


ყველაფერი ძალიან კარგადაა, მეტიც, შეიძლება ითქვას რომ ყველაფერი არის super! სამყაროში, სადაც ბევრი Supergirl-ია, ყველაფერი ყოველთვის არის super!

ფინიკის სუპერ მიკრო სამყაროში, ბევრი სხვა სუპერ მიკრო სამყაროა. ჰოდა, what can go wrong? აუჰ, ძალიან ბევრი რამ, მაგრამ Supergirls don’t cry.

ყველა supergirl სუპერ მიკრო სამყაროს ღმერთია, ღმერთები არ ტირიან და არც უხასიათოდ არიან.. რასაც არ უნდა ამბობდნენ ერეტიკოსები.

სუპერ მიკრო სამყაროების სუპერგმირი ღმერთების დღეა დღეს და სუპერგმირი ღმერთების ზაფხული მოდის. ჰოდა, what can go wrong? I’m a supergirl and supergirls just fly!

Advertisements

სარეცხი კოსმოსიდან


სანამ ჩემი სარეცხის მანქანა კოსმოსში გასაფრენად ემზადება, მეზობლის ბავშვი პიანინოზე დაკვრას სწავლობს და გულს მიწვრილებს. ათასჯერ გადახვეულ სცენას ათასმეერთედ ვახვევ ტვინში და ახლა უკვე შენელებული კადრის ეფექტით ვუყურებ, კარგად ვიცი, ასე იქამდე მოვიქცევი სანამ აბსოლუტურ გულგრილობას არ ვიგრძნობ და საბოლოოდ არ მოვიბეზრებ.

პარალელურად ვკითხულობ რომ შფოთვითი აშლილობისკენ მიდრეკილი ადამიანები თურმე ხშირად იწიწკნიან ტუჩებს და თითებით ქვედა ტუჩს ვექაჩები. სცენა კი უკვე replay-ზე მაქვს დაყენებული და დასრულებისთანავე თავიდან იწყება.

ამასობაში სარეცხის მანქანა ახალ სიმძლავრეებს რთავს და იუპიტერის წითელ შტორმთან შეხვედრის იმედით, სარეცხის წურვას იწყებს.

მე რომ მკითხო სარეცხის მანქანებს “ნასა” უნდა აწარმოებდეს და გასარეცხად შეყრილი ტანსაცმლის ტრიალის ნაცვლად, მრგვალ ფანჯარაზე პლანეტები უნდა ტრიალებდნენ მზის გარშემო. სიჩქარეებიც პლანეტების მიხედვით უნდა იყოს დალაგებული. ხვალ, იუპიტერის ციკლონებში გატარებულ ტანსაცმელს ჩავიცვამდი და წითელ “პომადას” წავისვამდი (აირის გიგანტის, ყველაზე საყვარელი წითელი ლაქის პატივსაცემად).

მერე, ვენერაზე გარეცხილ კაბებში ჩაცმული გოგოები, მარსზე გარეცხილ წითელ, კუბოკრულ პერანგიან ბიჭებს შეხვდებოდნენ და ახალი წიგნი გამოვიდოდა “ქალები ვენერაზე რეცხავენ ტანსაცმელს, კაცები მარსზე”.

ამასობაში ვესტელის სარეცხის მანქანამ რეცხვა დაასრულა და არსადაც არ გაფრენილა.

Time


გაღვიძების მომენტიდან თავი სიზმარში მგონია, სიგარეტთან ერთად მოსული დეჟა ვუს შეგრძნებაც სიზმარია, ტაქსიში ჩართული Pink Floyd-იც, გადაკეტილი გზაც, სკოლაც, ბავშვებიც, კოკა კოლაც, რომელსაც ახლა ვსვამ და მუსიკაც რომელსაც ახლა ვუსმენ.

ადამიანები, რომლებსაც მხედველობის პრობლემა აქვთ სამყაროს ისევე აღიქვამენ როგორც ისინი, ვისაც 100%-ანი მხედველობა აქვთ? სამყაროს “წყალქვეშ” აღქმა, დამოკიდებულებებს არ ცვლის? როცა ადამიანების სახეებს ხშირად ვერ ხედავ, გიწევს წარმოიდგინო.

მოგიხსნიათ სათვალე იმის გამო რომ ისევ “წყალქვეშ” დაგენახათ ადამიანები, რომლებიც “ხმელეთზე” აღარ მოგწონთ?

სათვალიანი ადამიანებისთვის წარმოსახვითი სამყარო სათვალის მოხსნის მომენტიდან იწყება.

ჰოდა, იმას ვამბობდი რომ გაღვიძების მომენტიდან თავი სიზმარში მგონია და ცხოვრება ფილმი ან სერიალი რომ იყოს, დღევანდელი სერია Pink Floyd-ის Time-ით დაიწყებოდა, აი იმ მომენტიდან აივანზე რომ გავედი, სიგარეტს რომ მოვუკიდე და დეჟა ვუს შეგრძნებამ კუპრზე და მხუთავ აირზე მეტად რომ მომგუდა.

ვბოდავ.

You are young and life is long and there is time to kill today.