18-ს 12.02


ახლა, როცა ტაქსის მძღოლი შუქნიშანზე დგომისას, მწვანე შუქის მოლოდინში უაზროდ აღმუვლებს მანქანას, გალაკტიონი მთაწმინდის მთვარეს კითხულობს და მე უაზრო ემოციების ნარევში ხან ყბა მიკანკალებს, ხან მეღიმება.

გალაკტიონს James Blunt ცვლის, ჰო, James Blunt, იმ სიმღერით ჩემი ფავორიტი რომ იყო პირადი ფინანსებით შეძენილი პირველი ალბომიდან. ახლაც მახსოვს ის შეგრძნება, 30 ლარი ავიღე “ხელფასის სახით” და James Blunt -ის ალბომი ვიყიდე ვაკე-საბურთალოს კუთხეში.

I’m just so relieved that it’s over! ახალი რამ რომ დაწყებულიყო კიდევ უკეთესი იქნებოდა. ისევ შორიდან ვუყურებ იმ ფილმს ჩემი ცხოვრება რომ მგონია და ერთადერთი, რაც მომწონს საუნდთრეკებია.

დღეს დედაჩემის დაბადების დღეა, ერთადერთი ზამთრის დაბადების დღე ოჯახში, დანარჩენი ყველა მზისა და ზაფხულის გოგო-ბიჭები ვართ. მე, აგვისტოს მზესავით გოგო ვარ და ზოგჯერ მგონია, რომ ფინიკი უფრო მზიანია ვიდრე თინიკო.

წლევანდელი მზე ყველაზე მცხუნვარე უნდა იყოს თინიკოს ცხოვრებაში, რაც აქამდე ყოფილა! ხელებს გავშლი, შოკოლადისფერ მკლავებს მზეს მივუშვერ, ცხელ ჰაერს შევისუნთქავ და მზის გულზე ბედნიერების რამდენიმე ბრუნს გავაკეთებ.

ზაფხული მოდის!

Advertisements

ფინიკი-ები


რა ხდება როცა ქუჩაში ნაცნობ ბლოგერს მოკრავ თვალს? სად ქუჩაში? სად და ბათუმში! შეკრების ადგილივითაა, ბლოგი, ფინიკი და ბლოგერები ბათუმში იყრიან ხოლმე თავს. ჰოდა, რას ვკითხულობდი? ა, გამახსენდა, რას და რა ხდება როცა ბათუმში უმისამართო ხეტიალისას ნაცნობ ბლოგერს მოკრავ მეთქი თვალს, რა ხდება და უღიმი (მერე რა რომ თვითონ ვერ გცნობს, ან, გცნობს და ერთმანეთს უღიმით), მერე ტვინში მის ბლოგს აცოცხლებ, არქივებში იქექები, პოსტები გახსენდება, ფრაზები, კომენტარები, მოკლედ ყველაფერი ის, რაც უფლებას გაძლევს იფიქრო რომ იცნობ, იცნობ და გიცნობს..

ანონიმური ალკოჰოლიკების კლუბივითაა, წრეზე რომ სხედხართ და ისტორიებს ყვებით, ერთმანეთს სახელითაც მიმართავთ და ტაშსაც უკრავთ, წრის მიღმა, კი ერთმანეთი არასდროს გინახავთ, იღიმით და გვერდს ისე უვლით ერთმანეთს, სამყაროში მხოლოდ თქვენ იცით, რომ ისევ შეხვდებით იქ, სადაც ისევ მეგობრებივით ისაუბრებთ. სადაც მე ისევ ფინიკი ვიქნები (ზოგჯერ თინიკოსაც შევურევ, მაგრამ მაინც ფინიკი) დანარჩენებსაც მოგონილი სახელები ერქმევათ, მაგრამ ისევე რეალურად იმეგობრებთ, როგორც დღეს თინიკო მეგობრობს თაკოებთან, სოფოებთან, ნინოებთან და ნათიებთან.

ვინაიდან ერთი ცხოვრება არ კმარა იმისთვის რომ ყველა ჩვენი განშტოება ვიცხოვროთ, რეინკარნაციას კი დიდი, მსუქანი კითხვის ნიშანი აქვს, ფინიკიების სიცოცხლე ფასდაუდებელი საჩუქარია თინიკოებისთვის.