940-დან 2401-მდე


სასტუმროს ნომრებს თავის აურა აქვთ. თითქოს სტერილურები უნდა იყვნენ, სინამდვილეში კი ბევრი ადამიანის ემოციების ნარევს გახვედრებენ შესვლისას. სადღაც მეც ვირევი, უცნაურ ფერებად ვეხლართები სხვა ადამიანების დატოვებულ ნაწილებს. 2401-ში ჩემი აღმოჩენები, იმედგაცრუება, მოლოდინები და დაღლილობა დახვდებათ შემდეგ 2401-იანელებს (სექტასავით ჟღერს). ისიცაა, რომ უმეტესად ერთსა და იმავე ოთახებს პირველად და უკანასკნელად ვსტუმრობთ ხოლმე.

16 წლის რომ ვიყავი სლოვაკეთში წავედი დებატების პროგრამით (ისე ჟღერს თითქოს მიღწევებს ვთვლიდე, სერთიფიკატიც ხომ არ გაჩვენოთ?!), პოდბანსკში, 940-ე ნომერში ვიცხოვრე 2 კვირის განმავლობაში (ოთახის ნომერი მახსოვს, სასტუმროს სახელს ვერაფრით ვიხსენებ), ათასნაირი გარდატეხა ხდებოდა მაშინ ჩემში. ძალიან პატარა ვიყავი, 16 წლისთვისაც კი შეუფერებლად პატარა, ლამის 10 ზომით დიდი ცისფერი მაისური მეცვა, გვარიანად ჩაპუტკუნებული ვიყავი და ვმალავდი. ჰოდა, პატარა ვიყავი, ბევრი კომპლექსით, ერთ დღეს კი გავიგე რომ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ლატვიელ და ხორვატ გოგოსთან ერთად უნდა მეცხოვრა. ლატვიელს თმა წითლად ქონდა შეღებილი, ხორვატი კი მარცხენა თვალის ქვეშ ვარდისფერ ხაზს იკეთებდა ხოლმე. ისე მომეწონა ეს ვარდისფერი ხაზი, დღესაც დილაობით გავისვამ ხოლმე სახეზე.. არადა, არ მიხდება. მაშინ პირველად ვიმღერე კარაოკეში (sweet dreams are made of this), პირველად გავაცნობიერე რომ 16 წლის ადამიანები ბავშვები აღარ არიან, ვიდებატე ინგლისურად, შემიყვარდნენ ესტონელები, გავიგე რომ იატაკზე ჯდომა არ ტეხავს, ვისაუბრე გლობალიზაციის უარყოფით ფაქტორებზე, მოვხიბლე ამერიკელი ტრენერი ჩემი სამოტივაციო სიტყვით და ჩამოვიტანე ჩემპიონი გუნდის სუპერ ტაქტიკა ჯვარედინი დაკითხვისას.

2 კვირა რომ გავიდა ჩემოდანი ჩავალაგე, გამოვიხურე ოთახის კარები და შევხედე 940-ს, ვიფიქრე რომ ამ ოთახში აღარასოდეს დავბრუნდებოდი, ამიტომ დიდ ხანს ვიდექი გაუნძრევლად.

იმის შემდეგ ბევრი ნომერი იყო, მგონი არც ერთში დავბრუნებულვარ. 940-ში ისევ ცხოვრობს 16 წლის ფინიკი, ისევ ცისფერი მაისური აცვია და ისევ ადრე იძინებს.

ახლა 2401-ში ვსვამ ცხელ შოკოლადს, თეთრი ღუნღულა ხალათი მაცვია, დილით ადრე ასადგომად ვემზადები და ვეგუები რომ შემდეგი ღამის თვითმფრინავში გატარება მომიწევს. აღარც ოთახის უჯრაში ნაპოვნი ახალი აღთქმა მექაჩება, არც ვარშავას ხედები. საწოლი მიხმობს, საწოლი მეძახის. ეს 2401-ც პირველია და სუპერ მაღალი ალბათობით უკანასკნელიც. აი, 940-ში დაბრუნება კი კვლავ მიღიტინებს ტვინში, იმ ფინიკის ნარჩენების ნახვა მინდა იქ რომ დავტოვე.

ცხოვრებაში იმაზე მეტ ადამიანთან იხლართება ჩვენი გზა ვიდრე გვგონია, ყველა ვისაც ერთ ოთახში გვიცხოვრია აურებით ავიხლართეთ და ერთმანეთის ემოციების ნარჩენებში გვეძინა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s