Arrivals


ცაში ღრუბლები ატომური აფეთქების იმიტირებას ახდენენ, მე გვერდზე მჯდომს ვუტრიალდები, მხარზე ხელს ვადებ და ვეუბნები: “ნახე, სოკო ამოსულა.”

აფრენისას მაგრად შეგვაჯანჯღარებს და ვარშავაში, წვიმის შემდეგ, სოკოებივით ამოსულ ყველა ფიქრს გამოგვიფერთხავს თავიდან. მოსახარშად შემოდგმულ ფიქრებში ვერცხლის კოვზს ჩავაგდებ, გაშავებას დაველოდები და თუ აღმოჩნდა რომ შხამიანი შემყვა, მთელ პარტიას სანაგვეზე მოვისვრი. სახლში ისევ სახსრების ჭრაჭუნით მივალ, მშობლიურ ლოგინში შევწვები და თითქმის გათენებულ ოთხშაბათზე ფიქრით დამეძინება.

როგორც ამბობენ ყველაზე მეტი ბედნიერი სახის ერთდროულად ნახვა მხოლოდ აეროპორტის arrivals დარბაზშია შესაძლებელი.

ცუდ ხასიათზე ყოფნისას უცხო ადამიანებს უნდა დავხვდე ხოლმე ბუშტებით.

აფრენამდე დარჩა 3 საათი
Advertisements

940-დან 2401-მდე


სასტუმროს ნომრებს თავის აურა აქვთ. თითქოს სტერილურები უნდა იყვნენ, სინამდვილეში კი ბევრი ადამიანის ემოციების ნარევს გახვედრებენ შესვლისას. სადღაც მეც ვირევი, უცნაურ ფერებად ვეხლართები სხვა ადამიანების დატოვებულ ნაწილებს. 2401-ში ჩემი აღმოჩენები, იმედგაცრუება, მოლოდინები და დაღლილობა დახვდებათ შემდეგ 2401-იანელებს (სექტასავით ჟღერს). ისიცაა, რომ უმეტესად ერთსა და იმავე ოთახებს პირველად და უკანასკნელად ვსტუმრობთ ხოლმე.

16 წლის რომ ვიყავი სლოვაკეთში წავედი დებატების პროგრამით (ისე ჟღერს თითქოს მიღწევებს ვთვლიდე, სერთიფიკატიც ხომ არ გაჩვენოთ?!), პოდბანსკში, 940-ე ნომერში ვიცხოვრე 2 კვირის განმავლობაში (ოთახის ნომერი მახსოვს, სასტუმროს სახელს ვერაფრით ვიხსენებ), ათასნაირი გარდატეხა ხდებოდა მაშინ ჩემში. ძალიან პატარა ვიყავი, 16 წლისთვისაც კი შეუფერებლად პატარა, ლამის 10 ზომით დიდი ცისფერი მაისური მეცვა, გვარიანად ჩაპუტკუნებული ვიყავი და ვმალავდი. ჰოდა, პატარა ვიყავი, ბევრი კომპლექსით, ერთ დღეს კი გავიგე რომ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ლატვიელ და ხორვატ გოგოსთან ერთად უნდა მეცხოვრა. ლატვიელს თმა წითლად ქონდა შეღებილი, ხორვატი კი მარცხენა თვალის ქვეშ ვარდისფერ ხაზს იკეთებდა ხოლმე. ისე მომეწონა ეს ვარდისფერი ხაზი, დღესაც დილაობით გავისვამ ხოლმე სახეზე.. არადა, არ მიხდება. მაშინ პირველად ვიმღერე კარაოკეში (sweet dreams are made of this), პირველად გავაცნობიერე რომ 16 წლის ადამიანები ბავშვები აღარ არიან, ვიდებატე ინგლისურად, შემიყვარდნენ ესტონელები, გავიგე რომ იატაკზე ჯდომა არ ტეხავს, ვისაუბრე გლობალიზაციის უარყოფით ფაქტორებზე, მოვხიბლე ამერიკელი ტრენერი ჩემი სამოტივაციო სიტყვით და ჩამოვიტანე ჩემპიონი გუნდის სუპერ ტაქტიკა ჯვარედინი დაკითხვისას.

2 კვირა რომ გავიდა ჩემოდანი ჩავალაგე, გამოვიხურე ოთახის კარები და შევხედე 940-ს, ვიფიქრე რომ ამ ოთახში აღარასოდეს დავბრუნდებოდი, ამიტომ დიდ ხანს ვიდექი გაუნძრევლად.

იმის შემდეგ ბევრი ნომერი იყო, მგონი არც ერთში დავბრუნებულვარ. 940-ში ისევ ცხოვრობს 16 წლის ფინიკი, ისევ ცისფერი მაისური აცვია და ისევ ადრე იძინებს.

ახლა 2401-ში ვსვამ ცხელ შოკოლადს, თეთრი ღუნღულა ხალათი მაცვია, დილით ადრე ასადგომად ვემზადები და ვეგუები რომ შემდეგი ღამის თვითმფრინავში გატარება მომიწევს. აღარც ოთახის უჯრაში ნაპოვნი ახალი აღთქმა მექაჩება, არც ვარშავას ხედები. საწოლი მიხმობს, საწოლი მეძახის. ეს 2401-ც პირველია და სუპერ მაღალი ალბათობით უკანასკნელიც. აი, 940-ში დაბრუნება კი კვლავ მიღიტინებს ტვინში, იმ ფინიკის ნარჩენების ნახვა მინდა იქ რომ დავტოვე.

ცხოვრებაში იმაზე მეტ ადამიანთან იხლართება ჩვენი გზა ვიდრე გვგონია, ყველა ვისაც ერთ ოთახში გვიცხოვრია აურებით ავიხლართეთ და ერთმანეთის ემოციების ნარჩენებში გვეძინა.

მათე 6:7


საშინლად გრძელი და უძილო ღამის შემდეგ სიცივე ძვალ-რბილში მაქვს გამჯდარი და ასე მგონია სახსრები მომეყინა და ვჭრიალებ.

სასტუმროს 24-ე სართულიდან ვარშავა ხელის გულზე მეშლება, თუმცა მე ფარდებს ვაფარებ და ვოცნებობ რომ ძილი მომერიოს.

უზარმაზარ და მსოფლიოში ყველაზე რბილ ლოგინში ვწვები და თვალებს მაგრად ვხუჭავ ჩაძინების იმედით. აღარ მეძინება!

საწოლის გვერდზე მდგარი “კომოდის” პირველივე უჯრაში აღმოჩენილი ახალი აღთქმა ტვინში მიღიტინებს, გვერდს მაცვლევინებს და თავისკენ მექაჩება.

ვერ ვისვენებ! თავში ათასნაირი ფილმის სცენა მიტრიალებს, ამ დროს კი ჩაბნელებულ ოთახში მხოლოდ ცენტრალური გათბობის სისტემის ხმა  და საწოლში მოუსვენარი ტრიალისგან, ნახევრად გამლღვარი სახსრების ჭრიალი ისმის.

საწოლის გვერდზე, ხელის ერთ გაწვდენაზე მოთავსებულ სანათს ვანთებ, კომოდისკენ ვტრიალდები, ახალ აღთქმას ვიღებ და ვამბობ: შემთხვევით არაფერი ხდება! თვალებს ვხუჭავ, ვშლი და თითს გაუაზრებლად ვადებ რომელიღაც აბზაცს. “And when you pray, do not use vain repetitions as the heathen do. For they think that they will be heard for their many words!” მათე 6:7 (ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად, რომელთაც ჰგონიათ, რომ სიტყვამრავლობის გამო შესმენილ იქნებიან).

შემთხვევით არაფერი ხდება მეთქი! ხუთოსანივით ვიცი ხოლმე ლოცვა, პრინციპში როგორც ყველაფერი. პერფექციონიზმის მანიით შეპყრობილი “ღმერთთან (აქ რაც გინდათ ის იგულისხმეთ თქვენი რწმენის შესაბამისად) სალაპარაკოდაც” წინასწარ ვამზადებ სიტყვას და მერე სარკეში ვვარჯიშობ. არც ძირითადი “ფოინთები” მავიწყდება და არც სავარაუდო წინააღმდეგობების განეიტრალების გეგმის წინასწარ დამუშავება. შემაწუხებელი ვარ!

მე რომ მწერალი ვიყო, ფინიკი კი ჩემი პერსონაჟი, დავწერდი: ვარშავაში ნისლიანი და ცივი დღეა, ფინიკი სასტუმროში დაბინავდა, ფარდები ჩამოაფარა და დასაძინებლად მოემზადა.

“ძვირფასო ღმერთო, ისევ მე ვარ, ფინიკი, რაზეც ახლა უნდა გველაპარაკა, შენთვის უკვე ცნობილია. ყველაფერი კარგად იქნება! დროებით.”

Suck It Up!


დღევანდელი დღის მოკლე შინაარსი.

We suck it up უკეთესი დღეების იმედით. ასეთიც ყოფილა, ისეთიც, უარესიც და უკეთესიც. კიდევ იქნება. ვითვლით სამამდე და მივდივართ წრეზე!