Wine


“This sublime nectar is quite simply incapable of lying.  Picked well or picked too late, it matters not, the wine will always whisper in your mouth unabashed honesty every time you take a sip.”

ღვინოს თავის ხასიათი აქვს, ზოგჯერ მძიმე და ბუზღუნა, ზოგჯერ პირიქით, მსუბუქი და პოზიტიური, ზოგჯერ კი ჰაეროვანი და ქარაფშუტა. დღეს შევურიე, დავმძიმდი და შევმსუბუქდი, მებუზღუნა და ვებუზღუნე, ზედმეტად სერიოზულიც ვიყავი და გადაჭარბებულად ბევრიც ვიცინე. დღეს ბევრნაირ ღვინოს შევხვდი და ყველასთან გამოვნახე ენა, ადამიანებისგან განსხვავებით.

ადამიანები რომ ღვინოები იყვნენ იმაზე მეტს ვიკონტაქტებდი მათთან, ვიდრე ახლა. ცოტა უფრო გულწრფელიც ვიქნებოდი და ცოტა უფრო ქარაფშუტაც, ცოტა უფრო ხშირად ვიქნებოდი ფინიკი ვიდრე თინიკო.

უხასიათო ღვინოები მიყვარს, ლაპარაკი რომ ეზარებათ, არც შენი სახელი რომ აინტერესებთ და არც გვარი, არც ის რომ ზედმეტად ცოტას ლაპარაკობ და არც ის რომ მათ მხოლოდ დასალევად შეხვდი. ორივეს გესმით რომ თქვენი ურთიერთობა მხოლოდ დღევანდელი საღამოთი შემოიფარგლება, განმეორებით შეხვედრას არც ერთი ელით და თუ ისე მოხდა რომ რამდენიმე დღეში ისევ შეხვდით ერთმანეთს, არც ერთს გექნებათ პრეტენზია იმაზე თუ რას აკეთებდა აქამდე მეორე და ამდენ ხანს რატომ არ დარეკა.

Advertisements

22.09.15.16.17


დღეს 22 სექტემბერია, 2017-ის? 2017-ს არა, 2015 წლის 22 სექტემბერია.

დღეს პირველად ვილაპარაკეთ, ველოსოპედებზე და ეკლერებზე, ეკლერებზე უფრო მეტი, მაგრამ ველოსიპედებზეც, ცოტა ბათუმზეც, ეს რა თქმა უნდა ჩემი ინიციატივით. ბათუმი რომ ყველგან არ ჩავაკვეხო ხომ არ შემიძლია. დიახ, ბათუმი და აგვისტო!

მერე პინოჩეტიზე, ჩილეზე, მიკ ჯაგერზე, ინკვიზიციაზე, პირად ჰოროსკოპზე, ტაროზე, მუსიკაზე (აბა როგორ?!), ჩემს გეგმაზე გალუთერანების შესახებ, ღვინოზე, ლუდზე, კატებზე, ისევ ველოსიპედზე, ჩემს ასაკზე, 30-ზე და ბუღალტერიაზე (ასეთზეც და ისეთზეც), ავსტრიაზე და უნგრეთზე, ბაჭიებზე და ბატებზე, ვისკიზე და პესიმიზმზე, ფეხბურთზე და გერმანიაზე, ტაქსისტებზე და ტატუებზე, მაგიაზე და კუდიანებზე..

მოკლედ რაზე არ ვილაპარაკეთ.

დღეს 22 სექტემბერია, 2017-ის? 2017-ს არა, 2016 წლის 22 სექტემბერია, თვეზე მეტია აღარ გვილაპარაკია. არც ბათუმზე და არც აგვისტოზე, არც ველოსიპედზე და არც მუსიკაზე, არც ლუდზე და არც ლუთერანობაზე, არც ჩემი კლასელების შეკრებაზე და არც იმაზე რომელ სკოლაში ვსწავლობდი. დღეს 2016 წლის 22 სექტემბერია, მე ველოსიპედებზე და ეკლერებზე ვფიქრობ. თითებზე ვითვლი რამდენი დღე გავიდა.

დღეს 22 სექტემბერია, 2017 წლის 22 სექტემბერი, წელიწადზე მეტია აღარ გვილაპარაკია და ნუ, ვეღარც ვილაპარაკებთ.

როცა ძვირფასი, შენთვის ძალიან ახლობელი ადამიანები კვდებიან, ყველა თემა რომელზეც საუბრობდით, ერთი, დახურული, ტაბუ დადებული ამბის ნაწილი ხდება, იმ ადამიანის ექსკლუზივი, რომელთანაც ამ თემებზე ვეღარასოდეს ილაპარაკებ. ილუქება წარწერებიან ყუთში იმ ნივთებთან, სუნებთან და ტანსაცმელთან ერთად, რომლებიც თქვენი ისტორიის ნაწილი იყო.

Go Gentle


თუ ცუდი ან მძიმე დღე გქონდათ.

თუ რამეზე ნერვიულობთ ან უბრალოდ დაიღალეთ.

თუ ახლა ცოტა პოზიტივი გჭირდებათ.

ჩართეთ და იფიქრეთ ადამიანებზე, რომლებიც ყოველთვის will be there for you!

მზესავით სიმღერაა.

31


ბავშვობის მეგობრებთან “ჩაჯდომის” მუღამებიდან, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი იმის გახსენებაა, როგორი წარმოგედგინა მაშინ შენი თავი ამ ასაკში.

აი, შენ რომ შვილი გეყოლება! აუ, ნათლია ხომ მე ვიქნები? – უკვე მეორე “წრეზე” მიდის. პირველის ნათლია მე ვარ.

აუ, აზრზე ხარ 30 წლისები რომ ვიქნებით?! – 31 წლისები ვართ.

სკოლას რომ დავამთავრებთ და ბოლო ზარი რომ გვექნება! – 14 წლის წინ დავამთავრეთ.

მარტოებს რომ გაგვიშვებენ დასასვენებლად! აი, 18 წლისები რომ ვიქნებით! – ჰაჰ!

რამდენ ღამესაც გვინდა იმდენს გავათენებთ. – დამაძინეთ!

არც ერთი ფილმი რომ აღარ იქნება რომელსაც ჩუმად უნდა უყურო.

ტატუს ჩუმად გაკეთება რომ აღარ გჭირდება, არც ყურზე 5 საყურის დამატებისთვის განსაკუთრებული გამბედაობა, არც სიგარეტის დამალვა და არც შეგროვილი ფულით ყველაზე იაფიანი ალკოჰოლური სასმელის ყიდვა.

სტატიებს რომ ასეივებთ რა იცვლება 40 წლის ასაკიდან, 9 წლის შემდეგ დაგვჭირდება, 30-ს გადავაბიჯეთ და.

აი, ძალიან სიმპატიურ და უტვინო ბიჭებზე რომ აღარ ბოდავთ. მაგრამ “შენი ქმარი” ისევ ღადაობა რომაა. შენი მეგობრების შვილები თქვენობით მაინც არ მოგმართავენ ^^

შვილს რომ რაღაცებს უკრძალავს და ყველაფერში რომ ეთანხმები, რა თქმა უნდა, რა სისულელეა!

აი, 18 წლის რომ ვიქნები, თმას იმ ფერად შევიღებავ, რაც მომინდება! – დიახაც!

შენთან ღამე დარჩენაზე დედაჩემის თანხმობა აღარ დამჭირდება.

რა დავარქვა ბავშვს?! – და რომ არ გეცინებათ, სერიოზულად რომ განიხილავთ.

აი, ყველაზე მაგარ ასაკში ვართ. დიახაც. ყველაზე მეტად ახლა მომწონს ჩემი თავი!

მაგარი ადამიანები არა სასიკვდილო განაჩენით


თითქმის 7 წლის წინ დავწერე პოსტი კიბოს დიაგნოზზე და ამ დიაგნოზის დასმის შემდგომ განვითარებად მოვლენებზე, ჩემი გადასახედიდან, ჩემი წარმოდგენით განვითარებად მოვლენებზე. მაშინ ალბათ განსაკუთრებული სიხშირით მიწევდა ამასთან შეხება და ფიქრი.

არ მიყვარს იმ პოსტის კითხვა, დღემდე არ ვკითხულობ, რამდენიმე წელია არ წამიკითხავს.

მაშინ, ერთი ადამიანის კომენტარი განსაკუთრებულად მომხვდა, მომხვდა იმიტომ, რომ პოსტის შინაარსიც ნაცნობი იყო ამ ადამიანისთვის და განცდებიც, თან არა მხოლოდ წარმოსახვის დონეზე. ნამდვილი იყო, ხელშესახები, გამოვლილი და მიმდინარე. მაშინ ვიფიქრე რამდენად სწორად შევეხე ამ თემას და საერთოდ უნდა შევხებოდი თუ არა.

ეს ადამიანი და მისი ისტორია არ დამვიწყებია. 7 წელი გავიდა და დღეს ვორდპრესის აპლიკაციის “ნოტიფიკაციამ” მაცნობა რომ ამავე პოსტზე, ამავე ადამიანის ახალი კომენტარი იყო. ყველაზე მაგარი კომენტარი 7 წლის შემდეგ. ბრძოლა ყოველთვის ღირს, ბრძოლა აუცილებელია და როგორც ეს ადამიანი ამბობს “ეს სასიკვდილო განაჩენი არაა!” მე არც უფლება მაქვს და არც შესაბამისი გამოცდილება ამაზე ვისაუბრო, მაგრამ ძალიან მინდა ვუთხრა: “ძალიან მაგარი ხარ! და გავიმეორებ შენს სიტყვებს იმათთვის ვისაც ეს ახლა სჭირდება “ეს სასიკვდილო განაჩენი არაა!””

Ray


პარასკევის ფიქრები:

სახლში ფეხით წავიდე?

რა სიმღერას მოვუსმინო?

მთელ დღიანი ღლიცინის შემდეგ ტვინში “პასიტო, პასიტო” ისმის.

მაღაზიაში შევიარო?

tumblr-ზე იმ ბლოგის სახელი დამავიწყდა, მგონი follow-ს დავაჭირე ბოლოს.

ეს სურათები მობილურიდან როგორ გადავიტანო ლეპტოპში.

იმან რომ მომწერა ვუპასუხე? ჯგუფში მოიწერა და დიდი პრობლემა არაა.

მაღაზიაში შევივლი.

რამდენი ხანია დესკტოპზე Ray Manzarek-ის სურათი მიყენია.

რამე ხომ არ დამავიწყდა.

აუ, ორშაბათი რა დღე იქნება, უკვე დავიღალე.

მაგარი სულელური პარასკევი საღამო მაქვს.

მაღაზიაში ისევ ლუდის ბოთლი ხომ არ გადმოვათხლიშო და გავიწუწო, გავმხიარულდები ცოტას.

პასიტო, პასიტო.

გასოლინასაც ეს დედი იანკი არ მღეროდა?

გასოლიინა

არანაირი ველოსიპედის ტარების მსწავლელი მე არ ვარ!

აუ, ამ ლაივებზე ნოტიფიკაციებმა ხო შემჭამა.

“You’re So Down To Earth and I’m up in the Stars”..

აუ, როგორ მეზიზღებიან ეგეთი ტიპები რა.

მგონი იწვიმებს.

სტოპ! რა You’re So Down To Earth and I’m up in the Stars?

google: You’re So Down To Earth and I’m up in the Stars

You’re So Down To Earth
And I’m up in the Stars
Show me the Sea
And I’ll Take you to Mars

Show me a New Beginning,
And i’ll take you somewhere Far
Nowhere you’ve ever been
We’ll Travel to Jupiter and mars.

არაპარასკევის ფიქრები:

მოკითხვა იუპიტერზე!

Ray-ს სურათი კიდევ დიდ ხანს იქნება ჩემს დესკტოპზე!

© Copyright 2013 CorbisCorporation