ჰონგ-კონგი


ჰონგ-კონგში სამუშაო დღე რამდენიმე საათის წინ მიიწურა და გვარიანადაც იწვიმა. შენ დიდხნიანი მოგზაურობის შემდეგ, იქ დაბრუნდი, სადაც პირველად ჩახვედი წასვლის შემდეგ. წვიმისგან გალუმპული, სავახშმოდ, ვიწრო კიბეს დაუყევი და ჩინური პელმენების ორთქლის დერეფანში აღმოჩნდი. ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღე და შუბლზე წვიმის, ორთქლისა და ოფლის წვეთები შეიმშრალე.

დიდი ხანია ჩემს თავზე ის წარმოსახვითი მწერები აღარ დაფრინავენ, რომლებიც მატყობინებენ ხოლმე სად ხარ. ე.ი. სადღაც ახალი სახლი გაქვს და ჩვეული სასაცილო მაისურების ნაცვლად, კრემისფერი პერანგები გაცვია.

ჰონგ-კონგში პელმენების რიგში რომ შევხვდებით მე ვეღარ გეტყვი “მაიკით გიცანი” მეთქი, გვერდს აგივლი და მაჯონგის სათამაშოდ წავალ.

giphy

Advertisements

ივლისი #30


თავში მოსული არც ერთი ფიქრი ფიქრად არ ვარგა. ვცდილობ მოვიფიქრო როგორ არ ვიფიქრო და ველოდები როდის ჩამეძინება. არ ფიქრზე ფიქრი იწვევს არ ფიქრის მიზეზებზე ფიქრს და მეფიქრება იმ ყველაფერზე რაზეც არ უნდა ვიფიქრო.

უვარგისი ფიქრები მაქვს.

ახლა ვიფიქრებდი იმაზე რაზეც ვფიქრობდი ზუსტად 1 წლის წინ ან იმაზე რაზე ფიქრსაც 10 წლის წინ ჩემს თავს ვუშლიდი.

ყველაფერი ამოტრიალდა და აგვისტო ზურგიდან ცხელ ჰაერს მიბერავს, მიბერავს და არ მსიამოვნებს.

უვარგისი ფიქრებისგან დაცლას ვცდილობ და უვარგის ემოციებს განვიცდი.