Kiss Me Hard Before You Go


წარსულში მომხდარი მოვლენები სრულიად ახალ დატვირთვას იძენენ მაშინ, როცა იმ წარსულის მომავალი უკვე დამდგარი და ჩავლილია.

ყველაფერი ის რაც არ აიხსნება კონკრეტულ მომენტში, აიხსნება მაშინ როცა ეს კონკრეტული მომენტი წარსულში რჩება.

ამ სიმღერას ბოლოს 19 აგვისტოს მოვუსმინე, როცა ვერაფრით ავხსენი რატომ განვიცდიდი summertime sadness-ს. ავიკვიატე kiss me hard before you go მეთქი, ისე, რომ არც მიფიქრია ვინმე თუ აპირებდა სადმე წასვლას.

ყველა მომენტი ძვირფასია და ყველა მომენტს აქვს მნიშვნელობა.

ფინიკისა და სამყაროს უხილავი კავშირი აქვთ ერთმანეთთან და ძირითადად სიმღერებით კონტაქტობენ.

19 აგვისტოს შეტყობინება მიღებულია.

Kiss me hard before you go.

აპოკალიფსამდე შორია


პარანოია, ტოტალურ კონტროლზე შეშლილი ადამიანების სენია.

სახელმწიფოც თვითონ ვარ, მმართველიც, უშიშროების გენერალური მდივანიც, დაზვერვის თანამშრომელიც, ანალიტიკოსიც, მოსამართლეც და პროკურორიც. ღმერთი? ღმერთიც ვარ, მაგრამ ამაზე ახლა არ გვინდა. ღმერთობა რწმენასთან გადაჯაჭვული საკითხია, ხოლო ის რაზეც ახლა მინდა საუბარი, ჩემი არსებობის დაჯერება/უარყოფით არ იცვლება.

ჰო, მაინც დავაზუსტებ რომ ვარსებობ და ვისაც არ გჯერათ დიდად არ იდარდოთ, მე იმ სამყაროს ღმერთი ვარ, რომელიც თავად ვარ და სხვა ღმერთებისგან აღიარება, რომ არ დაგიმალოთ, დიდად არ მაღელვებს. თქვენს არეულ და აპოკალიფსის მიჯნაზე მისულ სამყაროებს მიხედეთ თუ შეიძლება!

რა არის აპოკალიფსი? აპოკალიფსი ღმერთის სიკვდილია, როცა სამყარო ქრება, ღმერთის არსებობაც აზრს კარგავს, შესაბამისად არ არსებობს სამყარო ღმერთის გარეშე და არ არსებობს ღმერთი სამყაროს გარეშე. სიკვდილის შემდეგ, ენერგიის სახით ვრჩებით სამყაროში, იმ სამყაროში რომლის ღმერთიც ჯერ ცოცხალია.

სამყაროები განსხვავდებიან ღმერთების აღქმით, იმიტომ რომ თავად ღმერთები განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

-ღმერთი გაგიჟდა.

-ნუ ბოდავ, ყველას ჯოჯოხეთში გვიკრავს თავს.

ჩემი სამყაროს შემადგენელი ნაწილების ჯოჯოხეთი იქ იწყება, სადაც მათი ღმერთი გაჩენილი ეჭვების საფუძველზე მრისხანებს.

ზედმეტად მესაკუთრე, ეჭვიანი და ხასიათებიანი ღმერთი ყავს ჩემს სამყაროს. როგორც ამბობენ, ასეთი ხალხი იმ სამყაროს ღმერთს არ უყვარს, რომელშიც მე ერთ-ერთი მიკრო სამყაროს ღმერთი ვარ.

ჰოდა, რას ვამბობდი? იმას რომ ადამიანების აბსოლუტური და ტოტალური ფლობა მჭირდება. მერე რა თუ ეს ადამიანებიც თავიანთი სამყაროების ღმერთები არიან და შეუძლებელია მხოლოდ მე მეკუთვნოდნენ.

ავიჭერი!

love and death

Comment Ça Va


ყველაფერი გადის.

იკარგება საათებში, დღეებში, კვირებში, თვეებში. მოკლედ ცვდება. ემოციები ასლების ასლებად იქცევიან.

სამყაროც დუმს, ის სამყარო, ერთ დროს დაშიფრულ შეტყობინებებს რომ მიგზავნიდა ახალ-ახალი სიმღერების სახით.

ისევ გამოვყოველდღიურდი (აქ თუ სხვა სიტყვას წაიკითხავთ, დიდად ნუ შეიცხადებთ და ნუ შეწუხდებით, ეგრეც შეიძლება) და მხოლოდ ის ემოციები დარჩა ცოცხალი, რომლებიც იმ ნივთების და ადგილების გახსენებისას ჩნდება, ყუთში რომ ჩავალაგე და აღარ შევხებივარ, რომ დავაკონსერვე და მეტჯერ აღარ წავსულვარ.

უსულო საგნები უფრო ერთგულად ინახავენ ემოციებს, ვიდრე ადამიანები.

ზოგჯერ იმდენად მინდა მეათასედი სიცხადით მაინც გავიხსენო ის რაც იყო და აღარ არის, რომ ყუთის გახსნა მინდება.

მენანება! ჯერ კიდევ შემრჩა რაღაცები, ყუთი მაშინ უნდა გავხსნა, როცა სრულ სიცარიელეს ვიგრძნობ.

დიდი ხანია აღარ გვისაუბრია, დიდი ხანია აღარაფერი გითქვამს და არაფერი გიკითხავს.

დღეს ახალი შეტყობინება მივიღე, ისე როგორც ადრე, მაშინ, ყუთი რამდენიმე დღის დალუქული რომ მქონდა.

ჰოდა, როგორი კითხვაც დამისვი, პასუხიც ეგეთი იქნება.

-როგორ მიდის საქმეები?

-რა ვიცი, მიდის.. ისე რა.. კარგად.. იმაზე უკეთესად ვიდრე წარმომედგინა, ჰო, იმაზე ბევრად უკეთესად. გამარჯობა.

კითხვაზე როგორ მიდის საქმეები, აწი ყოველთვის ერთნაირი პასუხი მექნება – მიდის, მიდის, მიდის. დრო არ გაჩერებულა.

იმედია შენც კარგად ხარ.

Comment ça va, ça va, ça va, ça va
Sur ma planète
J’te répondrai ça va, ça va, ça va
Comme-ci comme-ça

7 თვე


როცა რაღაც რეალურ რეალობაში არ გამოდის, გამოვა წარმოსახვითში. ან არ გამოვა, მაგრამ ვინაიდან წარმოსახვითია, ილუზიას შეიქმნი რომ გამოდის და ამ რეალობაში არსებულ შენ თავს მიეკედლები.

ვიღაცების გაზიარებულ წარმოსახვით რეალობებში დავეხეტები და თავი მათი ამბების გმირი მგონია, ან რატომ გმირი? დამკვირვებელი, პრინციპში როგორც ყოველთვის.

ორშაბათიც მივახრჩვეთ, არადა, დილიდან მგონია რომ სამშაბათია, გეგონება რამე იცვლებოდეს ამით.

წუხელ მთელი ღამე მეგონა რომ დამწვარი ხის სუნი იდგა ჩემს ოთახში, იმ დონემდე მივედი, ვიფიქრე სახლი იწვოდა. მერე, ჩავთვალე ვინაიდან თმა 2 დღის წინ შევიღებე, ე.ი. საღებავის სუნი მცემს მეთქი და ნამდვილი მანიაკივით დავიწყე თმების ყნოსვა. საღებავის სუნს, დამწვარი ხის სუნთან საერთო არაფერი აქვს.

დამწვარი ხის სუნი, სინამდვილეში ზამთრის სუნია, ე.ი. გაზაფხულის მოსვლასთან მაქვს პრობლემა, ისევე როგორც ორშაბათთან, რომელიც სამშაბათი მგონია.

ვბოდავ.. “კონსტრუქციული ელემენტები”.. რა დროს კონსტრუქციული ელემენტებია, სამშაბათი, ფუ, სამშაბათი რა იყო და ორშაბათი გავიდა.

არ მიყვარს როცა ფინიკისთან გავლებულ ზღვარს ვშლი და ფინიკის თინიკოსთან ვაიგივებ. ფინიკის და თინიკოს საერთო რომ არაფერი აქვთ, ამაზე დიდი ხნის წინ შევთანხმდით და ფინიკიმ თავისთვის დაიტოვოს ყველა ისტორია, რომელთანაც თინიკოს არავითარი კავშირი არ აქვს.

სადაც მთავარ გმირს ფინიკი წარმოადგენს, იმის ქვეშ ხელი თინიკომ არ უნდა მოაწეროს და დავიშალეთ რა!

ანტიდეპრესანტის აბს ვათამაშებ ხელში და თავი ეგზორცისტი მგონია, აი, წუთი წუთზე ცუდი განწყობის განდევნის რიტუალი რომ უნდა დაიწყოს.

თუ ანტიდეპრესანტის მიღების შემდეგ ეგრევე გეძინება, რა გამოდის? ნეგატივის განდევნის შემდეგ შენგან არაფერი რჩება?

არაფერიც არ გამოდის, ქიმიური შემადგენლობის შედეგია და თუ ბოდვას იმ ადამიანებთან ერთად გაეშვები, რომლებიც მხოლოდ ფინიკის ცხოვრების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ, ფინიკიც მოისვენებს და შენც.

ჰო, საზეიმოდ უნდა დავდო პირობა იმის თაობაზე რომ თინიკოს და ფინიკის ცხოვრებების გადაკვეთას არ დავუშვებ, მერე გიჟივით რომ არ ველაპარაკო ჭერში ფინიკის ძველ ნაცნობებს, მის ახალ ნაცნობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით.