არ დაიძინო! ანუ Sleep Paralysis


თავიდან გგონია რომ გღვიძავს, არ იცი რა მომენტში გაიღვიძე, მაგრამ ფაქტია რომ გღვიძავს, შენს ოთახში ხარ, შენს საწოლში, ჭერზე შენი მიწებებული ვარსკვლავები აღარ ანათებს (ანუ დაძინების შემდეგ არც თუ ისე ცოტა დროა გასული). შიშის შეგრძნება გაქვს, სადღაც ფიქრობ რომ კოშმარი დაგესიზმრა და ჯერ კიდევ ვერ გამოხვედი მდგომარეობიდან, თუმცა აშკარად გღვიძავს, ყველაფერს ხედავ, აცნობიერებ, გრძნობ. დამპალ შიშის შეგრძნებას რომ ვერაფერს უხერხებ, ცდილობ გადაბრუნდე, წამოჯდე, შუქის ასანთებად ადგე, წყალი დალიო, მაგრამ ვერ ინძრევი, გგონია რომ რაღაც ან ვიღაც გბოჭავს და განძრევის საშუალებას არ გაძლევს, შიშის შეგრძნება ასმაგდება, გინდება იყვირო, ვინმეს დაუძახო, მაგრამ ვერ ლაპარაკობ, აცნობიერებ რომ ვერ ლაპარაკობ და თავს ძალას ატან, გული გიჩქარდება, თავში ათასი ფიქრი გიტრიალებს, შემდეგ პანიკა…

თვალებს აქეთ-იქით აცეცებ, ცდილობ დაინახო ოთახში შენ გარდა კიდევ ვინმე არის თუ არა, გეჩვენება რომ მარტო არ ხარ, გეჩვენება რომ ეს დასასრულია, რომ მოკვდი ან მოკვდები, ისევ ყვირილის უშედეგო მცდელობა, ხელების განძრევის, წამოჯდომის მცდელობა, თავის დაჯერება რომ სიზმარში ხარ და უნდა გაიღვიძო, სიზმარში ხარ რომელშიც გესიზმრება რომ გაგეღვიძა, არადა გძინავს, ისევ პანიკა..

დრო უსასრულოდ იწელება, თავის დაწყნარებას ცდილობ, ცდილობ თვალები დახუჭო რომ დაგეძინოს ან თუ გძინავს გაგეღვიძოს, ასეთ მომენტებში ყოველთვის გეღვიძება ხოლმე, აი კოშმარში მდგომარეობა კულმინაციას რომ აღწევს აუცილებლად გეღვიძება, ახლა ასე არ არის, ამ კულმინაციას გრძნობ, გადიხარ და არაფერი იცვლება.

გგონია რომ ყველა შენი შიში უცებ გარეალურდა.

ზუსტად არასოდეს იცი ეს რამდენ ხანს გრძელდება და როგორ, რა მომენტში სრულდება. უცებ გიბრუნდება მოძრაობის საშუალება, კუნთები ცოცხლდება, პირსაც ამოძრავებ და ლაპარაკსაც ახერხებ, ოთახი ისევ ცარიელია, როგორც იქნა ისევ “მარტო” დარჩი.

დილით აღარ გახსოვს მეორედ როდის ჩაგეძინა, ზუსტად აღარ გახსოვს კოშმარი დაგესიზმრა, თუ რაც მოხდა მართლა მოხდა, ცდილობ გაიხსენო დეტალები, გაიხსენო თუ სიზმარი იყო რა მომენტში და როდის გაგეღვიძა, თუ სიზმარი არ ყოფილა, როდის ჩაგეძინა. დეტალებში ვერაფერს იხსენებ, სხეულს ახსოვს, აი კუნთებს ახსოვთ უძრაობის განცდა, ტვინს უმწეობის შეგრძნება, პირს ლაპარაკის შეუძლებლობა.

ეს ადრეც მომხდარა, როდის, როგორ არ იცი, მაგრამ ნაცნობი განცდაა და იცი რომ ეს ადრეც მომხდარა და თუ აქამდე ერთხელ მაინც მომხდარა, კიდევ მოხდება.

არ დაიძინო!

იქნებ ანტიდეპრესანტებს უნდა დაუბრუნდე, ისე გაითიშო რომ დილამდე ვერაფერმა გაგაღვიძოს, ან იქნებ ეს უარესია?!

არ დაიძინო!

***

Sleep Paralysis-ის ზუსტი ქართული თარგმანი მგონი ძილის დამბლაა, თუმცა იმდენად საშინელი სახელია მირჩევნია ისევ Sleep Paralysis გამოვიყენო.

რა არის Sleep Paralysis, ესაა მდგომარეობა როდესაც იღვიძებ, სხეულს კი ჯერ კიდევ ძინავს, შესაბამისად კუნთები მოშვებულია და მოძრაობა და საუბარი შეუძლებელი. ანუ წარმოიდგინეთ თვალებს ახელთ, აცნობიერებთ რა ხდება და ამ დროს ვერც განძრევას ახერხებთ და ვერც საუბარს/ხმის ამოღებას. ეს ის კოშმარია, რომელიც კოშმარი არ არის, ამ კოშმარს მეცნიერული ახსნა კი გააჩნია და საუკუნეების გასვლის შემდეგ არც დემონებთანაა დაკავშირებული, არც ეშმაკით შეპყრობასთან და არც ფოლკლორის სხვა პერსონაჟებთან (ინკუბუსი და სუკუბუსი), მაგრამ ზუსტი გამომწვევი მიზეზები უცნობია, უცნობია მკურნალობის მეთოდებიც და ისეთი ზოგადი სიკეთეებით შემოიფარგლება, როგორებიცაა ნაკლები სტრესი, ჯანსაღი ძილი, კვება და საერთოდაც ჯანსაღი ცხოვრება მისი ყველა შემადგენელი ნაწილით. კი, ესაა ზოგადი რჩევები, თუმცა განკურნების, ასეთი ეპიზოდების დადგომისგან თავის აცილების სრულ გარანტიას არაფერი გაძლევს.

სხვადასხვა წყაროებში განსხვავებული ინფორმაცია გვხვდება, ზოგან წერია რომ Sleep Paralysis-ით მოსახლეობის დაახლოებით 8% იტანჯება, ზოგან კი მითითებულია რომ მოსახლეობის 40% ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადის ამ კოშმარს.

ზუსტი სტატისტიკის წარმოება ალბათ შეუძლებელია, ვინაიდან არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ გათენების შემდეგ, პაციენტს მომხდარი აღარ ახსოვდეს.

რამდენიმე ჯგუფში გავწევრიანდი, სადაც ის ადამიანები არიან, რომლებსაც ეს ან ერთხელ განუცდიათ ან პერმანენტულად იტანჯებიან Sleep Paralysis-ით. სიხშირიდან გამომდინარე, ეპიზოდების სიმწვავე კლებულობს, უფრო სწორად, კლებულობს პანიკის სიმწვავე, ვინაიდან დროთა განმავლობაში მდგომარეობა ნაცნობი ხდება.

ეპიზოდი რამდენიმე წამიდან, რამდენიმე წუთამდე შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა მისი მიმდინარეობისას დრო უსასრულოდ იწელება და მისი ადეკვატურად აღქმის უნარი არ არსებობს. შესაძლოა ჩამოყალიბდეს დაძინების შიში, რაც სავსებით ლოგიკურია.

ერთის მხრივ მნიშვნელოვანია რომ დეტალურად გაეცნო ყველა მასალას Sleep Paralysis-ის შესახებ, იმისთვის რომ რაციონალური დამოკიდებულება ჩამოიყალიბო, მეორეს მხრივ, ამ თემაზე ზედმეტი კონცენტრირება შესაძლოა გახდეს მორიგი ეპიზოდის კატალიზატორი.

ამ საკითხზე შევიშალე და შესაბამისად, სანამ აბსოლუტურად ყველა წყაროს არ გავეცნობი და ყველაფერს არ გამოვიძიებ, ვერ შევეშვები.

***

მშვიდი ძილი ფინიკი!

sleep-paal-x

Advertisements

8 thoughts on “არ დაიძინო! ანუ Sleep Paralysis

  1. მე ძალიან ხშირად მჭირს მსგავსი პარალიზება. განსაკუთრებით მოზარდობაში, როცა გული ხშირად მიმდიოდა, ოღონდ ცნობიერებას ვერ ვკარგავდი. ამის გამო ერთმა გოგომ მითხრა, რომ ძლიერი ცნობიერი მაქვს ქვეცნობიერთან შედარებით. სინამდვილეში მძინავს, მაგრამ ცნობიერს რეალობა არ უნდა გამორჩეს. მეტად არ ჩავძიებივარ. მგონი შენზე ანტიდეპრესანტები ახდენენ გავლენას. პროცენტები არ ვიცოდი, მე მეგონა რომ ყველას თუ არა, უმეტესი მაინც ასე იყო, მითუმეტეს ქალები.

    Like

    1. ჰო, როგორც წავიკითხე, ძირითადად მოზარდობაში ვლინდება, შემდეგ იშვიათია, თუმცა მაინც გვხვდება. გული მე არასოდეს წამსვლია, მხოლოდ ორჯერ გავითიშე, ერთხელ სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, მეორედ ტკივილისგან. ანტიდეპრესანტებს აღარ ვსვამ დაახლოებით 5 თვეა, შეიძლება ამის ბრალი იყოს, თუმცა ზუსტად არ ვიცი. სტრესის მოსახსნელად ახლაც დანიშნული მაქვს, მაგრამ ვერ გადავწყვიტე დავუბრუნდე თუ არა.
      მეც მგონია, რომ ყველა ცხოვრებაში ერთხელ მაინც განიცდის ამას, გათენების შემდეგ კი უბრალო კოშმარი გონია. სად გადის ზღვარი კოშმარსა და რეალობას შორის ასეთ დროს ესაა საინტერესო. აქამდეც მქონია, ნაცნობი განცდა იყო, თუმცა სიხშირეს ვერ ვიხსენებ. ნეტფლიქსს აქვს ამაზე დოკუმენტური ფილმი და დასვენების დღეებში ვაპირებ ვუყურო. როგორც ამბობენ ეს ფილმი შეიძლება კატალიზატორიც გახდეს, ვნახოთ.
      პარალიზებას ჰალუცინაციებიც ახლდა შენს შემთხვევაში?

      Like

      1. ნეტფლიქსზე არ ვიცი, ჩავუჯდები მეც და განვიხილოთ. არანაირი ჰალუცინაციები, მგონია, რომ ამ დროს კარგად ვანსხვავებ რეალობას. სიზმარია თუ ცხადი მარტივად შეგიძლია გადაამოწმო თუ მარტო არ ცხოვრობ. როცა მქონდა ინტენსიურად დედასთან ვიწექი ოთახში და რასაც აკეთებდა, ყველაფერი ვიცოდი. ვსაუბრობდით ამაზე. შენ თუ ჰალუცინაციებიც გაქვს, ძალიან მიკვირს გული რატომ არ წაგსვლია უფრო ხშირად. ამ ორს ძალიან ვამჭიდროვებ ერთმანეთთან. სტრესის მოხსნის ბუნებრივ საშუალებებზე ვერ გადახვალ? ენდროფინების გამოყოფის მრავალი ხერხია.

        Like

        1. ვუყურე ნეტფლიქსის ფილმს, ჩემი აზრით ბევრი ფიქცია ან ფსიქიური აშლილობაა ფილმში, რაც მნიშვნელოვნად ცდება სტანდარტული Sleep Paralysis-ის ფარგლებს. კი, მედიკამენტთან ერთად ბუნებრივი საშუალებებიც მაქვს დანიშნული – ფეხით სიარული (რაც ძალიან მშველის), ვარჯიში, ცურვა და ა.შ. ძირითადად თავის ტკივილის მოსახსნელად, სანამ ვცურავდი მშველოდა, შემდეგ შევეშვი და ახლა უნდა განვაახლო.

          Like

  2. yourghostblog

    მეც განმიცდია ზუსტად იგივე რაც გაქვს აღწერილი,თ და არ ვიცოდი რა დამერქმია, ახლა ვიცი! :3

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s