მეძინება ჰანს


დასვენების დღეებში მოწეულ სიგარეტს სხვანაირი გემო აქვს და სხვანაირად აბრუებს.

ახლა ზუსტად ისე მეძინება როგორც ჰანს კასტორფს ეძინებოდა მაშინ როცა მსოფლიოში “მეძინება”-ს ყველაზე მაგარი აღწერა შეიქმნა. მე რომ მკითხო უძილობის წამლადაც შეიძლება ამ აღწერის გამოყენება, შეუძლებელია კითხვის დროს ძილი არ მოგერიოს. აი, იმ მომენტში ქუთუთოები ტყვიასავით რომ უმძიმდება..

ძილთან პრობლემები არ მაქვს, უფრო სწორად უძილობასთან. ახლა პრობლემა სიგარეტის უგემურობასთან უფრო მაქვს.

ფონად ჩართული მუსიკა გამოსაფხიზლებლად არ გამოდგება, მაგრამ რა ვქნათ რომ დილიდან “The Virgin Suicides” ამეკვიატა?! არაფერიც არ უნდა ვქნათ, უნდა ვიჯდეთ და ვუყუროთ როგორ ზანტად გადაადგილდებიან თითები კლავიატურაზე, როგორ იდღაბნება გამოსახულება ეკრანისკენ თვალის გაპარებისას და როგორ გვაწუხებს ნახევრად მოწეული სიგარეტის სუნი, იმ სიგარეტის საბოლოოდ რომ მოგვწყვიტა კისერი და ჰანს კასტორფის გზას გაგვიყენა.

მგონი გადავიღალე.

ასე მგონია ახლა ჩემ გარდა ყველას სძინავს და უკანასკნელი ადამიანი ვარ ვინც ბოლომდე იბრძვის რომ არ დაეძინოს. აი ფილმებში რომაა “Wake up, don’t fall asleep!” და მერე ზლუქუნი.

მეძინება ჰანს!

Anytime, anyway
You’re my Playground Love

Advertisements

Don’t Hide in Your Shell


თითქმის ყოველ ღამე მესიზრმრება რომ ბათუმში ისევ ზაფხულია, რომ ისევ გადავსებულია სანაპირო ნაირ-ნაირი ადამიანებით, ისევ რაღაცები ხდება, ისევ ცხელა, ისევ კონცერტები ტარდება, ყველა ისევ იქაა.. მოკლედ ბათუმში ყველაფერი ისევ ისეა. აი, სარეკლამო კლიპები რომაა, კამერა ჯერ სანაპიროს რომ დაუყვება მხიარული მუსიკის ფონზე, მერე ბარებს რომ დაივლის, მერე ველოსიპედები და ბულვარი, ღამის ცხოვრება… ზუსტად ეგრე ვნახულობ ზაფხულს ყოველ ღამე.

შემდეგ ვიაზრებ, რომ კიდევ ერთი ზაფხული გავიდა და ჩაიარა, რომ სანაპირო ისევ ცივი და ცარიელია, ისევ შემოდგომაა და შემდეგ წლამდე ისევ დიდი დროა დარჩენილი.

ზაფხულის დადგომის მეშინია, არ ვიცი საიდან და რატომ გამიჩნდა ასეთი შეგრძნება, მაგრამ ვიაზრებ რომ ზაფხულის დადგომის და მისი თვალის ერთ დახამხამებაში გასვლის მეშინია.

გადავწყვიტე რომ წელს აუცილებლად უნდა უნდა ვისწავლო ველოსიპედის ტარება და რაც მთავარია აუცილებლად ბათუმში. ეს “სანამ 30 წლის გავხდები” გეგმის ნაწილი იყო, მაგრამ ვინაიდან არ გამოვიდა, 2017 წლის ზაფხულის ბოლომდე გამოვა. მასწავლებელიც არაფერში მჭირდება, თითქმის ყოველთვის, ყველაფერს ჩემით ვსწავლობ. თან ვინაიდან ეს ერთი კონკრეტული ადამიანის “პრივილეგია” უნდა ყოფილიყო, ახლა ამის სხვაზე გადაბარების არავითარი სურვილი არ გამაჩნია.

2016-ში ბათუმი ჭარბი რაოდენობით იყო და აქამდე თუ მხოლოდ ზაფხულში ვიყავი ნამყოფი, 2016-ში გაზაფხულზეც ჩავედი და შემოდგომაზეც, თან რამდენჯერმე, ლამის, ყოველ შაბათ-კვირას და დასვენების დღეს იქ ვიყავი. მოკლედ, ერთადერთი ზამთარი იყო დარჩენილი და ამ “უიკენდზე” ამასაც “გავაპლიუსებ” როგორც შესრულებულს.

ბათუმზე ყოველთვის შერეული შეგრძნებები მქონდა, ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე შეგრძნებების გასამძაფრებლად ან ყველაფრის მოსახარშად ვლაგდები და ბათუმში მივდივარ ხოლმე, ჰოდა, 2016-ში ეს განცდა გაათმაგდა.

2016 რთული წელი იყო, დასამახსოვრებელი და გამორჩეული ზაფხულით, 2017 სხვანაირი იქნება, ოღონდ როგორი ჯერ არ ვიცი.

რაღაც x თარიღებიდან გასული დროის გადათვლას ვერ მოვეშვი, დღესაც გავიღვიძე, თარიღს შევხედე და გამახსენდა რომ ზუსტად 5 თვის წინ ძალიან კარგი დღე იყო, საშინლად მაგარი განწყობა მქონდა და ყველაფერი მიხაროდა. ალბათ ამიტომ მესიზმრება ზაფხული და ალბათ ზუსტად ამიტომ მეშინია კიდევ ერთი ზაფხულის დადგომის, რომელსაც აუცილებლად მოყვება შემოდგომა.

არ მიყვარს როცა მეკითხებიან რა ხდება ამა თუ იმ საკითხზე, საერთოდაც კითხვები არ მიყვარს, თუ თავად მინდა რამეზე საუბარი, ვსაუბრობ, თუ არა, მაშინ კითხვების დასმა უბრალოდ გამაღიზიანებს და რა აზრი აქვს?! თან როგორც წესი, გაცემული პასუხების მიხედვით, ადამიანები ჩემს ისტორიებს საკუთარი ინტერპრეტაციით იმახსოვრებენ, ისეთით რომელიც რეალობასთან ან არის კავშირში და ან არა. ჰოდა, აბა რაში მჭირდება ჩემი ცხოვრების ნაირ-ნაირი ინტერპრეტაციები?

ახლა, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვის დრო არ არის, ძველი წესების აღდგენის დრო არ არის, 2016 ცვლილებების წელი იყო და უნდა მივიღო, აი ასე, უნდა ავდგე და გავიაზრო რომ ყველაფერი შეიცვალა. სადამდე მიმიყვანს ცვლილებები, ამას 2017 წელი გვანახებს, მანამდე კი შეგვიძლია ვიცხოვრობთ, დაგვესიზმროს ზაფხული, შეგვეშინდეს, მაგრამ მაინც დაველოდოთ.

გაეხსენით სამყაროს, ჩაიფიქრეთ ხოლმე სურვილები 11:11 საათზე, ათასი სისულელის ასრულებას დაპირდით საკუთარ თავს, ხშირად ჩალაგდით და წადით სადმე, გამიჯნეთ თქვენი ცხოვრება ყოველდღიური რუტინისგან, მიიღეთ ცვლილებები და Don’t hide in your shell!

Hear me
I know exactly what you’re feeling
‘Cause all your troubles are within you
Please begin to see that I’m just bleeding to
Love me, love you
Loving is the way to
Help me, help you
Why must we be so cool, oh so cool?
Oh, we’re such damn fools.