Give a Little Bit of Your Love in 2017


წლის ბოლომდე სულ რამდენიმე დღეღაა დარჩენილი, ამიტომ სუფთა სინდისით ვიწყებ წლის შემაჯამებელი და წინასაახალწლო პოსტის წერას.

საჩუქრების კეთებაზე ვგიჟდები, ასე ძალიან მგონი არაფერი მიყვარს. რამდენად გამომდის ეს მეორე საკითხია. იქიდან გამომდინარე რომ ყოველთვის ვცდილობ ადამიანებს ის საჩუქარი გავუკეთო, რაც მათ ყველაზე მეტად გაუხარდებათ, ლამის თვეებით ადრე ვიწყებ ფიქრს ვის რა ვუყიდო.

წელს, ჩემთვის თითქმის სრულიად უცნობი ადამიანისთვის მიწევს საჩუქრის ჩუქება, ამიტომ წარმოდგენა არ მაქვს რა გაუხარდება. შაბათ-კვირას ლამის ყველა მაღაზია მოვიარე შესაფერისი საჩუქრის ასარჩევად. უკვე დანებებას ვაპირებდი რომ “ბიბლუსში” ფამუქს და მის მუზეუმს გადავეყარე. როდესაც არ იცი კონკრეტულ ადამიანს რა გაუხარდება, ისეთი რამ უნდა აჩუქო რაც შენთვისაა განსაკუთრებული და საყვარელი. ცოტა უცნაურად კი ჟღერს მაგრამ ასეა. საჩუქარი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს იმის გამო რომ ის ვინც ამ საჩუქარს გჩუქნის, ასაბუთებს ამ საჩუქრის უნიკალურობას.

კარგი, დიდად რომ არ ჩავხლართოთ, ორჰან ფამუქის “ნივთების უმანკოება” ვიყიდე, თანაც 2, ისე მომეწონა ვერც ჩემ თავს ვუთხარი უარი ამ საჩუქარზე. წინგი უმანკოების მუზეუმის კატალოგივითაა, თითოეული ნივთის მნიშვნელობა და ისტორიაა აღწერილი. მოკლედ, ესაა წიგნი უმნიშვნელო ნივთებისა და უმნიშვნელო მოვლენების მნიშვნელობაზე. ჰოდა, ეს საჩუქარი ჩუქების შემდეგ თავის მხრივ ზუსტად ასეთი ნივთი გახდება, ნივთი რომელსაც საკუთარი უმნიშვნელო ისტორია ექნება.

2016 სწორედ უმნიშვნელო მოვლენებისა და უმნიშვნელო ნივთების მნიშვნელობების აღმოჩენის წელი იყო ჩემთვის.

აგვისტოს მიწურულს სწორედ ასეთი ნივთები ჩავალაგე ერთ პატარა ყუთში, ნივთები, რომლებიც ერთი შეხედვით უმნიშვნელოა, ნივთები რომლებსაც ერთმანეთთან არაფერი აქვთ საერთო, მაგრამ პატარა ისტორიებს ყვებიან, ისტორიებს რომლებიც ერთი დიდი ისტორიის ნაწილს წარმოადგენენ, იმ ისტორიის, რომლის დასაწყისიც უმნიშვნელო და არაფრით გამორჩეული მოვლენა იყო, საბოლოოდ კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ყუთი, რომელშიც მაგალითად სანახევროდ გამოცლილი Jack Daniel’s-ის ბოთლი დევს, რომელიც იმ დღეს დავლიე, როცა ცოტა მეტი გამბედაობა მჭირდებოდა თინიკო რომ ფინიკიდ მექცია. მოკლედ წელს მეც ნივთების უმანკოება აღმოვაჩინე.

გადავწყვიტე თითოეული ისტორიის დასასრულს ასეთი ყუთები გავაკეთო. ნივთები რომლებიც კონკრეტულ ისტორიას ყვებიან ყუთში უნდა ჩავალაგო და შევინახო, იმისთვის რომ შემდეგ, ოდესმე ამოვალაგო და თავიდან განვიცადო ისტორიები რომლებიც ამ ნივთებმა შეინახეს. ნივთების უმანკოება და ნივთების მეხსიერება იმით უნდა შევინარჩუნო, რომ ეს ნივთები სხვა ისტორიებით არ დავამძიმო, არ გავაუფერულო და უმანკოება არ წავართვა.

ახლა ისევ 2016-ს დავუბრუნდეთ. ჰო, როგორც აქამდეც ვთქვი, 2016 ნამდვილად მაიმუნური წელი იყო, მაგრამ არ შემიძლია აქვე არ ვაღიარო, რომ ყველა ამ მაიმუნობამ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. 2017-ს სრულიად ახალი ადამიანი ხვდება, ადამიანი, რომელიც წინა წლებში ბლოგზე “ფინიკის” სახელს ამოფარებული იმალებოდა.

ბევრი ისეთი ნაბიჯი გადავდგი, რასაც არასოდეს გადავდგამდი, ბევრი ისეთი ემოცია განვიცადე, რომელიც არასოდეს განმიცდია. ჰოდა, ხომ იცით, ერთ ნაბიჯს რომ გადადგამ, მერე უკან დაბრუნება უფრო რთულია, ვიდრე წინ წასვლა, ჰოდა, მივდივართ წინ.

წელს სხვანაირი ახალი წელია, მე არ მაქვს თვითმფრინავის ბილეთი ბუდაპეშტის მიმართულებით. არც იმ განცდის დადგომას ველოდები, რომელიც მხოლოდ მაშინ დგება როცა გაფრენის ღამეს ტაქსი მოგაკითხავს, მანქანაში ჩაჯდები და აი, უცებ ყველაფერი უკან დარჩება. წელს სხვანაირი წელი იყო და ახალი წელიც სხვანაირი იქნება.

აკვიატებული მაქვს რომ 2007 წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყო. აი, წარმოდგენა არ მაქვს ნამდვილად ასეა თუ არა, მაგრამ ასე მჯერა და მორჩა. ნუმეროლოგიის მიხედვით მე 7 ვარ, წინ კი 2017 წელია, ძალიან რთული 2016 წლის შემდეგ მოდის 7 და მე, სრულიად შეცვლილი ვხვდები წელს, როდესაც ბედნიერების 10 წლის თავი უნდა ვიზეიმო.

უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, ყველა საახალწლო პოსტს კონკრეტული სიმღერის მოტივებზე ვწერ და ასე გამოვხატავ მოლოდინებს მომავალი წლის მიმართ. 2014 რომ დგებოდა my sweet lord-ს ვღიღინებდი, 2015-ს ground control-ითა და სასურველი ცვლილებების დადგომის უიმედობით ველოდებოდი, 2016-ს remember-ს ვმღეროდი და ისე გამოვიდა რომ ეს წელი, თავისი პატარა ისტორიებით, მართლა ყველაზე მნიშვნელოვან მოგონებად იქცევა მომდევნო წლების განმავლობაში.

რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი რომ წლევანდელი ახალი წლის სიმღერა Other lives – End of the year უნდა ყოფილიყო და უნდა მეთქვა this time of the year, won’t bring us tears, მაგრამ გადავიფიქრე, ეს სიმღერა უკვე იყო, იყო აგვისტოში, როდესაც 30 წლის დადგომა ჩემთვის სწორედაც რომ ახალი წლის მოსვლას ნიშნავდა. ახლა, სხვა რამ გვჭირდება, არ უნდა გავმეორდეთ, წინ მნიშვნელოვანი წელი გვაქვს და პოზიტიური, ენერგიული განწყობით უნდა შევხვდეთ.

ჰოდა, წარმოგიდგენთ 2016 წლის დეკემბრის სიმღერას, რომლითაც ველოდებით 2017 წელს. Supertramp 2016 წელს აღმოვაჩინე, რაც ძალიან დიდ აღმოჩენად იქცა ჩემთვის (ბევრი მიზეზის გამო), ამიტომ ლოგიკური იქნება რომ წლევანდელი დეკემბრის ჰიმნად სწორედ Supertramp-ის სიმღერა იქცეს.

Give a little bit of your love to me
I’ll give a little bit of my love to you
There’s so much that we need to share
Send a smile and show you care.

ძალიან ბევრ პოზიტივს, დადებით ემოციას, სიყვარულს და ბედნიერებას გისურვებთ 2017 წელს!

Advertisements

2 thoughts on “Give a Little Bit of Your Love in 2017

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s