თაფლის თბილი სუნი


სახლში გვიან მოვედი. კარი გავაღე თუ არა, მაშინვე თაფლის თბილი სუნი მეცა. ე.ი. 2017 სადღაც აქვეა, დედაჩემის გამომცხვარ თაფლის ნამცხვარში, ნაძვის ხეზე ჩემს ყურმოტეხილ გარმონიან დათუნიაში, იმ ბოთლებში ძლივს რომ მოვათრიე სახლამდე, ღვინის ჭიქაში ამაყად რომ წამოვჭიმე წიგნების თაროზე.. მოკლედ აქაა.

დღეს იმდენი დავლიე, ლამისაა დავიფიცო ამდენი არასოდეს დამილევია მეთქი, მაგრამ დამილევია და მოდი ახლა ამაზე ნუ შევჩერდებით!

რაღაცით მოვიწამლე და სასოწარკვეთილმა გადავწყვიტე ალკოჰოლი კარგს არაფერს მომიტანს და მოდი ზრდილობისა და იმიჯისთვის მხოლოდ ერთ ჭიქას დავლევ მეთქი. ჯერ “როზეს” მივეპარე, ჰოდა, აბა მე რა ფინიკი ვიქნებოდი დამატებაზე რომ არ მეფიქრა და ერთ ჭიქაზე გავჩერებულიყავი, თან პარასკევს, 30 დეკემბერს?! “როზე” რომ აღარ დამხვდა, დიდი მსჯელობის შედეგად მივედი დასკვნამდე “ტვიში” ლოგიკური გაგრძელება იქნება მეთქი და ორი ჭიქა წრუპვა-წრუპვით დავამატე. ცოტა დრო რომ გავიდა, სადღესასწაულო განწყობისთვის შუშხუნა ღვინოსაც წავეპოტინე, ბოლოს კი ვისკიანი ჭიქა მედგა და კოკა-კოლაში ვაზავებდი (ცუდი კი არაფერი იფიქროთ, მითხრეს მოწამლულზე კარგიაო და ვმკურნალობდი). ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღის ბოლოს ლუდხანაში ამოვყავი თავი და საღამო გაუფილტრავი პაულანერით დავაგვირგვინე. ჰო, არ გინდათ ახლა ეს თავის ქნევა, ახალი წელი მოდის და მეპატიება, თან ხომ ვთქვი ვმკურნალობდი მეთქი.

ეს პოსტი დალევაზეა? ეშმაკმა უწყის რაზეა, რაზეც მომინდება იმაზე იქნება!

8 საათზე ფილარმონიაში ვიყავი დაბარებული, დიდი ხნის ნანატრ კონცერტზე. ერთი პირობა კი ვიფიქრე ისე მაცვია ასეთ “ვიდზე” ფილარმონიაში კი არა, პურის რიგში დასადგომად არ უნდა მივდიოდე მეთქი, მაგრამ მუსიკის მოსმენა მინდოდა და აი, სულ ფეხებზე მეკიდა რა ვიდზე ვიყავი.

მსოფლიო კინო-მუსიკის შედევრების კონცერტზე (ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესრულებით) ხომ გსმენიათ?! ჰოდა, რამდენიმე წლის შემდეგ, როგორც იქნა მოვახერხე დასწრება. ბევრი რომ არ გავაგრძელო, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმარისზე მეტად ვაღვარღვარე ცრემლები, ბოლოსკენ მრცხვენოდა თვალებიდან ცრემლების ისტერიულად წმენდა და იქამდე დავიკიდე, სანამ ლამის ჭიპამდე არ დავსველდი. არადა, კაცმა რომ თქვას გულჩვილი არ ვარ, არც სახალხოდ ტირილი მჩვევია, აქ კი თავი ვერ შევიკავე. ყველაფერი მაინც ალკოჰოლის ბრალი მგონია მე (არ დაიწყოთ ახლა ეგ რა შუაშია იმასთან შენ რომ ასაკში შეხვედიო!).

გამიმართლა რომ მესამე რიგში ვიჯექი და ორკესტრის ყველა წევრს მაქსიმალური სიზუსტით ვხედავდი (რაღაცას ვბოდავ). ორკესტრის თითოეული წევრის ხელის (ერთი შეხედვით უმნიშვნელო) მოძრაობა რომ მუსიკას ქმნის, ნამდვილი სასწაულია. კიდევ უფრო საინტერესოა იმაზე დაკვირვება ვინ იღებს სიამოვნებას ამ პროცესისგან და ვინ იხდის ვალს. ჩემგან მარცხნივ, ახალგაზრდა ბიჭი უკრავდა ვიოლინოზე, არ ვიცი მუსიკა ყელში ქონდა თუ არა ამოსული, მაგრამ დაკვრა რომ სიამოვნებდა ამაში ეჭვსაც კი არ შევიტან. საშინლად მაგარია იმ ადამიანების ყურება, რომლებიც საკუთარი საქმით “კაიფობენ”! მიყვარს განსხვავებული და მასიდან ამოვარდნილი ადამიანები, აი ისეთები, შავ კლასიკურ შარვალ-კოსტუმზე (ვიცი რომ სწორი არაა) ჭრელი წინდები (თუ გინდათ “ნასკები” რომ აცვიათ). ეს კონცერტი მუსიკად ხომ ღირს, მაგრამ ამ ბიჭის და მისი დაკვრის ნახვად ცალკე ღირს. მართლა! არ ვბოდავ! გადაეცით რომ ვგიჟდები!

ახალი წლის განწყობას სულ სხვადასხვა რამეები გვიქმნის, ძირითადად კი ჩვენთვის უჩვეულო რამეების კეთება.

მთვრალი და გულაჩუყებული ვარ, ღრმად ვისუნთქავ თბილი თაფლის სუნს და მიხარია ახალი წელი.

Smile though your heart is aching!

Give a Little Bit of Your Love in 2017


წლის ბოლომდე სულ რამდენიმე დღეღაა დარჩენილი, ამიტომ სუფთა სინდისით ვიწყებ წლის შემაჯამებელი და წინასაახალწლო პოსტის წერას.

საჩუქრების კეთებაზე ვგიჟდები, ასე ძალიან მგონი არაფერი მიყვარს. რამდენად გამომდის ეს მეორე საკითხია. იქიდან გამომდინარე რომ ყოველთვის ვცდილობ ადამიანებს ის საჩუქარი გავუკეთო, რაც მათ ყველაზე მეტად გაუხარდებათ, ლამის თვეებით ადრე ვიწყებ ფიქრს ვის რა ვუყიდო.

წელს, ჩემთვის თითქმის სრულიად უცნობი ადამიანისთვის მიწევს საჩუქრის ჩუქება, ამიტომ წარმოდგენა არ მაქვს რა გაუხარდება. შაბათ-კვირას ლამის ყველა მაღაზია მოვიარე შესაფერისი საჩუქრის ასარჩევად. უკვე დანებებას ვაპირებდი რომ “ბიბლუსში” ფამუქს და მის მუზეუმს გადავეყარე. როდესაც არ იცი კონკრეტულ ადამიანს რა გაუხარდება, ისეთი რამ უნდა აჩუქო რაც შენთვისაა განსაკუთრებული და საყვარელი. ცოტა უცნაურად კი ჟღერს მაგრამ ასეა. საჩუქარი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს იმის გამო რომ ის ვინც ამ საჩუქარს გჩუქნის, ასაბუთებს ამ საჩუქრის უნიკალურობას.

კარგი, დიდად რომ არ ჩავხლართოთ, ორჰან ფამუქის “ნივთების უმანკოება” ვიყიდე, თანაც 2, ისე მომეწონა ვერც ჩემ თავს ვუთხარი უარი ამ საჩუქარზე. წინგი უმანკოების მუზეუმის კატალოგივითაა, თითოეული ნივთის მნიშვნელობა და ისტორიაა აღწერილი. მოკლედ, ესაა წიგნი უმნიშვნელო ნივთებისა და უმნიშვნელო მოვლენების მნიშვნელობაზე. ჰოდა, ეს საჩუქარი ჩუქების შემდეგ თავის მხრივ ზუსტად ასეთი ნივთი გახდება, ნივთი რომელსაც საკუთარი უმნიშვნელო ისტორია ექნება.

2016 სწორედ უმნიშვნელო მოვლენებისა და უმნიშვნელო ნივთების მნიშვნელობების აღმოჩენის წელი იყო ჩემთვის.

აგვისტოს მიწურულს სწორედ ასეთი ნივთები ჩავალაგე ერთ პატარა ყუთში, ნივთები, რომლებიც ერთი შეხედვით უმნიშვნელოა, ნივთები რომლებსაც ერთმანეთთან არაფერი აქვთ საერთო, მაგრამ პატარა ისტორიებს ყვებიან, ისტორიებს რომლებიც ერთი დიდი ისტორიის ნაწილს წარმოადგენენ, იმ ისტორიის, რომლის დასაწყისიც უმნიშვნელო და არაფრით გამორჩეული მოვლენა იყო, საბოლოოდ კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ყუთი, რომელშიც მაგალითად სანახევროდ გამოცლილი Jack Daniel’s-ის ბოთლი დევს, რომელიც იმ დღეს დავლიე, როცა ცოტა მეტი გამბედაობა მჭირდებოდა თინიკო რომ ფინიკიდ მექცია. მოკლედ წელს მეც ნივთების უმანკოება აღმოვაჩინე.

გადავწყვიტე თითოეული ისტორიის დასასრულს ასეთი ყუთები გავაკეთო. ნივთები რომლებიც კონკრეტულ ისტორიას ყვებიან ყუთში უნდა ჩავალაგო და შევინახო, იმისთვის რომ შემდეგ, ოდესმე ამოვალაგო და თავიდან განვიცადო ისტორიები რომლებიც ამ ნივთებმა შეინახეს. ნივთების უმანკოება და ნივთების მეხსიერება იმით უნდა შევინარჩუნო, რომ ეს ნივთები სხვა ისტორიებით არ დავამძიმო, არ გავაუფერულო და უმანკოება არ წავართვა.

ახლა ისევ 2016-ს დავუბრუნდეთ. ჰო, როგორც აქამდეც ვთქვი, 2016 ნამდვილად მაიმუნური წელი იყო, მაგრამ არ შემიძლია აქვე არ ვაღიარო, რომ ყველა ამ მაიმუნობამ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. 2017-ს სრულიად ახალი ადამიანი ხვდება, ადამიანი, რომელიც წინა წლებში ბლოგზე “ფინიკის” სახელს ამოფარებული იმალებოდა.

ბევრი ისეთი ნაბიჯი გადავდგი, რასაც არასოდეს გადავდგამდი, ბევრი ისეთი ემოცია განვიცადე, რომელიც არასოდეს განმიცდია. ჰოდა, ხომ იცით, ერთ ნაბიჯს რომ გადადგამ, მერე უკან დაბრუნება უფრო რთულია, ვიდრე წინ წასვლა, ჰოდა, მივდივართ წინ.

წელს სხვანაირი ახალი წელია, მე არ მაქვს თვითმფრინავის ბილეთი ბუდაპეშტის მიმართულებით. არც იმ განცდის დადგომას ველოდები, რომელიც მხოლოდ მაშინ დგება როცა გაფრენის ღამეს ტაქსი მოგაკითხავს, მანქანაში ჩაჯდები და აი, უცებ ყველაფერი უკან დარჩება. წელს სხვანაირი წელი იყო და ახალი წელიც სხვანაირი იქნება.

აკვიატებული მაქვს რომ 2007 წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყო. აი, წარმოდგენა არ მაქვს ნამდვილად ასეა თუ არა, მაგრამ ასე მჯერა და მორჩა. ნუმეროლოგიის მიხედვით მე 7 ვარ, წინ კი 2017 წელია, ძალიან რთული 2016 წლის შემდეგ მოდის 7 და მე, სრულიად შეცვლილი ვხვდები წელს, როდესაც ბედნიერების 10 წლის თავი უნდა ვიზეიმო.

უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, ყველა საახალწლო პოსტს კონკრეტული სიმღერის მოტივებზე ვწერ და ასე გამოვხატავ მოლოდინებს მომავალი წლის მიმართ. 2014 რომ დგებოდა my sweet lord-ს ვღიღინებდი, 2015-ს ground control-ითა და სასურველი ცვლილებების დადგომის უიმედობით ველოდებოდი, 2016-ს remember-ს ვმღეროდი და ისე გამოვიდა რომ ეს წელი, თავისი პატარა ისტორიებით, მართლა ყველაზე მნიშვნელოვან მოგონებად იქცევა მომდევნო წლების განმავლობაში.

რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი რომ წლევანდელი ახალი წლის სიმღერა Other lives – End of the year უნდა ყოფილიყო და უნდა მეთქვა this time of the year, won’t bring us tears, მაგრამ გადავიფიქრე, ეს სიმღერა უკვე იყო, იყო აგვისტოში, როდესაც 30 წლის დადგომა ჩემთვის სწორედაც რომ ახალი წლის მოსვლას ნიშნავდა. ახლა, სხვა რამ გვჭირდება, არ უნდა გავმეორდეთ, წინ მნიშვნელოვანი წელი გვაქვს და პოზიტიური, ენერგიული განწყობით უნდა შევხვდეთ.

ჰოდა, წარმოგიდგენთ 2016 წლის დეკემბრის სიმღერას, რომლითაც ველოდებით 2017 წელს. Supertramp 2016 წელს აღმოვაჩინე, რაც ძალიან დიდ აღმოჩენად იქცა ჩემთვის (ბევრი მიზეზის გამო), ამიტომ ლოგიკური იქნება რომ წლევანდელი დეკემბრის ჰიმნად სწორედ Supertramp-ის სიმღერა იქცეს.

Give a little bit of your love to me
I’ll give a little bit of my love to you
There’s so much that we need to share
Send a smile and show you care.

ძალიან ბევრ პოზიტივს, დადებით ემოციას, სიყვარულს და ბედნიერებას გისურვებთ 2017 წელს!

ისტორიები


როცა შენი ცხოვრება ზედმეტად ბევრი ადამიანის პირადი ცხოვრებისგან შედგება, შენ ცარიელი ხარ და საკუთარი არაფერი გაგაჩნია.

ერთ დღესაც, აუცილებლად გამოგფენენ ნაირ-ნაირი ადამიანები, გამოგფენენ იმიტომ რომ შენი ისტორიები შენ არ გეკუთვნის და ვიღაცების პირად მოგონებებს წარმოადგენს.

ერთ ისტორიად უნდა ავკინძო ყველა მოსმენილი ამბავი, თავებად დავყო და თითოეულ თავს მისი მთხრობელის სახელი დავარქვა.

მერე მკითხველი დადგება და მესამე ან მეოთხე თავის წაკითხვისას იტყვის, ეს ხომ უკვე იყო? და სადღაც შუაში შეწყვეტს კითხვას.

ადამიანები ისტორიებს არ უნდა ყვებოდნენ.

tumblr_lck7f8mnog1qa9u6ko1_500

Just a Normal Day


საკუთარ თავთან tête-à-tête დალევა დეპრესიული აქტია.

ადამიანები როგორც წესი პრობლემების დასავიწყებლად სვამენ.

მეხსირების აღსადგენად დაგილევიათ?

ის რისი გახსენებაც მინდა, ბევრი მიზეზითაა ტვინის ყველაზე ბნელ კუთხეში მიჩქმალული.

საკუთარ თავთან tête-à-tête დალევისას თავდაცვის მექანიზმი სუსტდება. გუშინ, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში პირველად შევძელი დეტალების გახსენება.

ამ გზით ამოტივტივებული მოგონებები, ალკოჰოლის აორთქლებასთან ერთად უნდა ბრუნდებოდნენ მეხსიერების იმ ბნელ კუთხეში, სადაც დიდხნიანი მცდელობის შედეგად მოათავსე.

არსადაც არ ბრუნდებიან.

Eat a lot, sleep a lot, passing the time away,
Maybe I’ll find my way,
Who am I kidding? Yes, it’s just myself.

A Taste of Honey (Whipped Cream & Other Delights)


აგვისტოს შემდეგ Jack Daniel’s Honey-ს დალევა დავიწყე, გაცნობისთანავე შემიყვარდა და ავიკვიატე. პრინციპში რა გასაკვირია, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციით სიყვარულიც ხომ ჩვევა და აკვიატებაა, კოდით F63.9 (დაუზუსტებელ ჩვევათა და სურვილთა აშლილობა). აწი სინონიმებად გამოვიყენებ.

სწორედ ამ აკვიატების შედეგად გამოჩნდა A Taste of honey ჩემს ცხოვრებაში.

A Taste of honey-ს გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე, Love Potion # 9-ს შევხვდი. მახსოვს სად და რა ვითარებაში ვნახე, მაგრამ გადამოწმებისას აღმოვაჩინე, რომ ჩემი ისტორია მის გაცნობასთან დაკავშირებით სამწუხაროდ, ვერ დასტურდება. ბოლო პერიოდში, ჩემი არც ერთი მოგონება აღარ ედრება ფაქტებს, ამიტომ ჩამოვაყალიბე თეორია რომ XXI საუკუნის ცხოვრება, ყველა სისტემასთან თავსებადი მობილური აპლიკაციაა, რომელსაც “ბაგები” აქვს და ხშირად “ჭედავს”. იმედი მაქვს აპლიკაციის დეველოპერები იზურნებენ ხარვეზების დროულ აღმოფხვრაზე.

Love Potion # 9 იმ ადამიანთან დავლიე, რომლის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციით განსაზღვრული კოდიც დღეს გავიგე – ადამიანი გულმკერდის ტრავმა, აწი ასე მოვიხსენიებ.

რა მაგის პასუხია და სამყაროში სისტემამ აშკარად აურია და დიდი ხანია შეტყობინებებს აღარ მიგზავნის.

ვინაიდან დღეს გულმკერდის ტრავმის დღეა, გადავწყვიტე დილა Love Potion # 9-ით გამეფორმებინა.

მოსმენისას დაახლოებით მეასედ შევავლე თვალი ეკრანს და პირველად დავაფიქსირე წარწერა A Taste of honey.

სამყარომ პროგრამა გადატვირთა და შეტყობინებების გამოგზავნის ფუნქცია გასწორდა. წრე შეიკრა.

თქვენი აზრით, ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, მის დაბადების დღეს მისი ახლობლები (მეგობრები, ნაცნობები და ა.შ. რა მნიშვნელობა აქვს?!) ვის უნდა ულოცავდნენ? მას თუ საკუთარ თავს იმიტომ რომ დაიბადა და იცნობდნენ? მე მგონია, რომ საკუთარ თავს, აბა, მისთვის მილოცვას რა აზრი აქვს? ცოტა სასაცილოდაც კი მეჩვენება.

გილოცავ ფინიკი!

I will return, yes I will return
I’ll come back for the honey and you

დაბადებები


მალე ორშაბათი გათენდება. ყველაზე მეტად არ მიყვარს კვირისა და ორშაბათის გასაყარზე დაძინება. ძალიან ბანალური მიზეზით არ მიყვარს.

დაბადება I

მომკალით და წარმოდგენა არ მაქვს რატომ მახსოვს ამდენი წლის განმავლობაში, რომ 4 დეკემბერს ჩემი პირველი დამრიგებლისა და მათემატიკის მასწავლებლის დაბადების დღეა. სკოლა დაახლოებით 6 წლის დამთავრებული მქონდა, მორიგ 4 დეკემბერს რომ გამახსენდა ეს დღე, ავიღე ტელეფონი და ძველ ნომერზე დავრეკე, ავდექი და მივულოცე. ცხოვრებაში არ დამავიწყდება რა შოკი ქონდა… ასეთი ბედნიერი არავინ, არასოდეს ყოფილა ჩემ მიერ დაბადების დღის მილოცვით. აი, სიყალბისა და ვალის მოხდის ნატამალი რომ არ ერია მის მადლობაში. იმის შემდეგ კიდევ 7 წელი გავიდა (ჰო, მგონი სკოლა 13 წლის წინ დავამთავრე), ყოველ წელს მახსოვს, მაგრამ აღარ მიმილოცავს, წესით, ისედაც იცის რომ მახსოვს და აი ის პირველი მილოცვა როგორიც იყო, ვერც ერთი დანარჩენი ვეღარ იქნება.

ჰო, რატომღაც სულ მგონია რომ ჩემი ყოველი მომდევნო ნაბიჯი, წინაზე ეფექტური უნდა იყოს, მნიშვნელობა უნდა ქონდეს და ჩვეულებრივ და მორიგ მოვლენად არ უნდა იქცეს ის, რაც ერთ დროს ლამის, სასწაულის ტოლფასი იყო.

დაბადება II

ნიკოლოზი 199 წლის გახდა, ნუ, გახდა რა, გახდებოდა, 26 წლის ასაკში რომ არ გარდაცვლილიყო. გარდაცვალებაზე არ გვინდა ახლა, ეს პოსტი დაბადებებს ეხება, სიცოცხლის ხანგრძლივობის მიუხედავად.

ნიკოლოზის ცხოვრებაზე სკოლის ასაკიდან შევიშალე, ლექსებზე მეტად, მისი წერილები მიყვარს. ჰო, კაი, უნდა ვაღიარო რომ მის ლექსებზე დიდად არ ვგიჟდები (რამდენიმე გამონაკლისის გარდა).

ახლა უფრო მეტად მიყვარს და მაინტერესებს ვიდრე ადრე, ძალიან სუბიექტური და არა ბანალური მიზეზით.

დაბადებებს შორის

სანამ ვიღაცის სახელს ავიღებთ (მოგინილის თუ რეალურის, ცოცხალის თუ გარდაცვლილის) კარგად უნდა დავფიქრდეთ რამდენად შეგვეფერება ეს სახელი ჩვენ, რა საერთო გვაქვს ამ ადამიანთან და გვინდა თუ არა საერთოდ რომ ვგავდეთ.

მე რომ მკითხო, მეოთხე დაბადებას, ძალიან შეეშალა როცა დაუბადებელი, უთარიღო და ჩემი აზრით ძალიან შეუფერებელი ადამიანის სახელი დაირქვა.

მე არავინ მეკითხება.

დაბადება III

მე რომ მკითხო აგვისტოს ადამიანი უფრო იყო, ვიდრე ნოემბრის, მაგრამ ნოემბერში დაიბადა. წარმოდგენა არ მაქვს უყვარდა თუ არა ნოემბერი, ანაც აგვისტო, ან შეიძლება გამორჩეულად არც ერთი თვე უყვარდა ან საერთოდაც იქნებ აპრილში დაბადებაზე ოცნებობდა. არ ვიცი, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ზაფხულის ტემპერამენტითა და სახელით დაიბადა ნოემბერში, რამდენიმე დღეში კი 10 წელი გახდება მისი გარდაცვალებიდან.

მეოთხე დაბადებისთვის მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო, ნოემბერში დაბადებული აგვისტო, წინასაახალწლო გარდაცვალებით.

დაბადება IV

მგონია რომ მეორედ დაბადებისას გვარი შეეშალა. თუ სხვა ადამიანად დაბადება იყო, ყველაზე მეტად მის მოთხოვნებს მესამე დაბადება აკმაყოფილებდა… ლამის ყველაფერი საერთო ქონდათ, გვარის გარდა.

ხასიათებით კი უფრო მეორე დაბადებას გავდა. ან რატომ მხოლოდ ხასიათებით? სხვა ბევრითაც ძალიან გვანან ერთმანეთს.

დედა მე არ ვარ. არც სახელი შემირჩევია, არც გვარი და არც ვინაობა.

***

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ორი დაბადება და ორი ვინაობა აქვთ. ერთი ფაქტად მიიღეს, მეორე კი აირჩიეს.

ძალიან დიდი სხვაობაა იმ ადამიანებს შორისაც, რომლებიც ერთსა და იმავე ადამიანს მიღებული ან არჩეული ვინაობით იცნობენ. მათი წარმოდგენებიც ამ ადამიანზე რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ჰო, სულ დამავიწყდა, კიდევ არსებობენ ჩემნაირები, რომლებმაც მიღებულ ვინაობაზე არაფერი იციან, არჩეულს კი იწუნებენ. მაგრამ აბა არჩევანი, რა არჩევანი იქნებოდა, ამ არჩევანსაც სხვა დედა რომ ყავდეს და პირველის შემდეგ, მეორე დაბადების ფაქტად მიღება რომ უწევდეს იმას, ვინც საკუთარი თავი თავად უნდა დაბადოს?!

აი, ისევ ვხლართავ ყველაფერს. მეოთხე დაბადების მეორე დაბადება მომწონდა, პირველს არ ვიცნობდი. ჩემი ჩამოთვლილი დაბადებებიდან მეორეს გავდა, მესამესთან ბევრი ფაქტობრივი საერთო ქონდა, ოღონდ ისევ მის მეორე (არჩეულ) დაბადებას, იმიტომ რომ მის პირველ (მიღებულ) დაბადებას აქ მოხსენიებულ მეორე დაბადებასთან უფრო მეტი აკავშირებდა.

დაბადების დღის მისალოცი პოსტია ეს? ალბათ უფრო წინასადაბადებისდღეო. მეოთხე დაბადების მეორე დაბადებას უკვე ქონდა დაბადების დღე და არ მიმილოცავს, პირველ დაბადებას მალე ექნება, მაგრამ არ ვიცნობდი.

P.S. ეს მუსიკალური გაფორმება მეოთხე დაბადების არც პირველს მოეწონებოდა და არც მეორეს.

მე მომწონს!

Sana ne oldu?