თავდაყირა


სათქმელი არაფერი მაქვს, უბრალოდ აქ შემობოდიალება მომინდა. დიდი ხანია აღარავის დაუძახია ჩემთვის ფინიკი, მომენატრა.

ჰო, სხვაგვარადაც საუკუნეა აღარ მოუმართავთ, არადა, ძალიან მომბეზრდა ეს “თინიკო” და “თინა”.

ვბოდავ. პრინციპში, ბოლო პერიოდში ბოდვის მეტს არაფერს ვაკეთებ. ფიქრებშიც კი ვბოდავ, საღამოები მავიწყდება და დილით ვლოცულობ, რომ ყველაფერი რასაც ფიქრებში ვბოდავ, სადმე ვინმესთან არ მეყრანტალა.

დროა ენას კბილი დავაჭირო, ყველაფერი რაც დახურულ არქივშია მოსათავსებელი, მოვათავსო და გავიარო. რაც უფრო ბევრს ვლაპარაკობ, მით უფრო ვაუფასურებ. გაითვალისწინეთ რისთვისაც ფასის დაკლება არ გინდათ, თქვენთვის შეინახეთ, დღის შუქზე გამოფენილი ემოციები მიდრეკილი არიან გახუნებისკენ.

რაც უფრო მეტს ვილაპარაკებ შენზე, მით უფრო ნაკლებად მომენატრები, რაც უფრო მეტ სისულელეს ჩავიდენ, მით უფრო ნაკლებს ვიფიქრებ.

ჰოდა, რელსებზე დაბრუნების დროა ფინიკი, ფინიკო, თინი..

Give a little bit
Give a little bit of your love to me
I’ll give a little bit
I’ll give a little bit of my love to you
There’s so much that we need to share
So send a smile, and show you care

 

Advertisements

დრელის ხმა ზემოდან


ახლა ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც წიგნების კითხვისას და ფილმების ყურებისას წარმომედგინა რომ იქნებოდა. არა, იმას კი არ ვამბობ რომ ოდესმე ასეთი დროის დადგომა მინატრია ანაც დამიშვია, მაგრამ წარმოდგენით ბევრჯერ წარმომიდგენია.

ახლა ზუსტად არ ვიცი რომელი საათია და შეხედვა მეზარება, მიუხედავად იმისა რომ ეს მზერის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანას მოითხოვს მხოლოდ, არც ის ვიცი რა დღეა და ზუსტად იმასაც ვერ ვიხსენებ რა რიცხვია. დროსა და სივრცეში გაუჩინარებულივით ვგრძნობ თავს და მინდა დამივიწყოს იმ ცხოვრებამ, რომლისგანაც პატარა პაუზა მაქვს აღებული.

ნაცრისფერი ამინდია, მე ემბრიონის პოზაში ვწევარ საწოლში და გარკვეული პერიოდულობით ვახელ თვალებს. გამჭვირვალე ფარდის მიღმა, აივნის კუნჭულიდან ზღვა მოჩანს, ზღვის თვალუწვდენელი ჰორიზონტი. ადგომა არ მინდა, არც ფიქრი მინდა და არც კითხვა, მუსიკის ხმაც კი მაწუხებს როცა ვცდილობ მის მოსმენას. მინდა იმ მდუმარებაში ჩავიძირო, რომელსაც ალაგ-ალაგ ზედა სართულიდან მომავალი დრელის ხმა არღვევს. ეს ხმაც ჰარმონიულად ერწყმის ჩემს განწყობას და როგორც ყოველთვის, ახლაც თავი ფილმის პერსონაჟი მგონია. იცი როგორი ფილმის? როგორიც Lost in Translation-აა.

მიყვარს სასტუმროები, ასეთ დროს ყველაზე მეტად ვიკმაყოფილებ გაქცევისა და გადაკარგვის ჟინს.

ფიქრები ერთმანეთს ისე ენაცვლებიან, საბოლოოდ ვხვდები რომ არაფერზე ვფიქრობ, მხოლოდ ვგრძნობ ფიქრის პროცესს, რომელიც ერთნაირია, ფიქრების შინაარსის მიუხედავად. ვგრძნობ რომ ყველაფერი მიდის ერთ ფიქრამდე, კულმინაციას აღწევს და საწოლში გვერდს მაცვლევინებს.

ეს ის სიმშვიდეა, რომლის დადგომაც არა ერთხელ ყოფილა ჩემი წარმოსახვის ნაყოფი. ის სიმშვიდეა, რომელშიც ისე იძირები, სხეულის მასისგან ხელის გაბუჟებასაც ვერ გრძნობ. მძიმედ ვდევარ საწოლზე და ბალიშზე მიკვრისგან ამოწეული ლოყა თვალს მიხუჭავს, ამიტომ ცალი თვალით გავყურებ გარედან შემომავალი დღის ნაცრისფერ სინათლეს.

მარტოობისნაირი შვება არაფერს მოაქვს, ასეთ დროს, ზუსტად ისე ვიკარგები სამყაროში, როგორც წარმომედგინა.

საკუთარი სხეულის საწოლზე ასე მიგდება იმის აღიარებას ნიშნავს, რომ აუცილებელია საკუთარი თავისთვის მწუხარების უფლების მიცემა. მშვიდი და აბსოლუტურად უემოციო მწუხარების.

ახლა ფიქრებზე კონტროლის დამყარების დრო არ არის, ახლა ფინიკის დიქტატორული რეჟიმის ჩამოშლის დროა, დრო როცა ფიქრები თავისას მიერეკებიან და მე ვნებდები.

მონატრების განცდაც სადღაც გაუჩინარდა, ყველაფრის გამორკვევის სურვილი ბალიშის ქვეშ ამოვდე და ემბრიონის პოზაში მწოლიარემ, გვერდზე ის მარტოობა მივიწვინე, რომელსაც დაჟინებით უარვყოფდი.

ჩ(ვ)ემ(ნ)ზე


ადრეც მითქვამს, ვერ ვიტან როდესაც იმ მასის ნაწილად წარმომიდგენენ, რომელსაც “ყველა”-თი მოვიხსენიებთ. ჰო, ყოველთვის ვიჟინებდი რომ მე ამ მასის ნაწილი არ ვარ და არც მინდა რომ ვიყო. ეს განდიდების მანიაა? რაც გინდათ ის დაარქვით, დიდად არ მაინტერესებს, კიდევ ბევრი სხვა მანია მაქვს და ამ ერთსაც გადავიტან.

იცი რითი განვსხვავდებით? იმით რომ სხვები შენზე საუბრისას ყვებიან შენზე, მე კი ვსაუბრობ და ვყვები ჩემზე. ჰო, იმის უფლება ნამდვილად გაქვს ამის გამო ეგოცენტრიკი და ნარცისი დამიძახო, კიდევ ბევრი სხვა გადაპრანჭული ეპითეტითაც შეგიძლია მომიხსენიო, მაგრამ რა ვქნა, ეს ახლა სულ არ მადარდებს.

არადა, თუ ამ ზედაპირულობას მოვეშვებით, მიხვდები რატომაა ეს კარგი და არა ცუდი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. გიფიქრია რომ ადამიანებს მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრის უფლება გვაქვს? რომ მხოლოდ საკუთარი ისტორიების მოყოლის უფლება გვაქვს და სხვებისას მანამ არ უნდა შევეხოთ, სანამ ისინი არ მოგვცემენ ამის უფლებას? მეტიც, იმაზეც კი არ ვსაუბრობ რაც შეიძლება “ჩვენის” სტატუსით განვიხილოთ, იმიტომ რომ ესეც საერთოა, ორი ადამიანის საკუთრებას წარმოადგენს და მხოლოდ ერთ მხარეს არ აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება მის გასაჯაროებაზე.

როცა ვსვამ, ან უფრო სწორი იქნება ვთქვა, როცა ბევრს ვსვამ და შენზე ლაპარაკის სურვილი მიჩნდება, ვსაუბრობ მხოლოდ ჩემზე, მხოლოდ იმაზე რაც მომწონს ან რაც მომწონდა.

როცა ვყვები შენზე, რეალურად ვყვები მხოლოდ ჩემ თავზე, ვცდილობ არასოდეს შევეხო იმას რაც შენია, რაც შენ გეხება, რაც შენი ისტორიაა, რისი უფლებაც არ მოგიცია.

შესაძლოა დანარჩენები (აი, ის დანარჩენები, რომელთა ნაწილადაც არ მინდა მოვიაზრებოდე) ფიქრობენ, რომ აუცილებელია ვისაუბროთ სხვებზე, მით უფრო თუ მათზე მხოლოდ კარგს ვსაუბრობთ, ვინაიდან შეუძლებელია კარგის საუბრით რამეს ვაშავებდეთ, არადა, ვაშავებთ. ამ სხვებისგან მოსმენილი “კარგით” იმდენი არც თუ ისე კარგი რამ გავიგე შენზე, რომ ამას ვერც ამ ისტორიების მთხრობელები წარმოიდგენენ და ვერც შენ. როცა ერთ ადამიანზე, ბევრი სხვადასხვა წყაროდან ისმენ ისტორიებს, შემდეგ კი ამ ყველაფერს აერთიანებ, იმ ყველაფერთან რაც შენ გაქვს მოსმენილი პირველი წყაროდან, უნებურად გამოგაქვს დასკვნები, რომლებიც არც საჭიროა და არც სასიამოვნო.

ბოლოს და ბოლოს, კარგსაც იმ ადამიანებთან და იმ დოზით ვამჟღავნებთ, ვისთანაც და როგორც საჭიროდ ვთვლით, სწორედ იმ დაშვებით, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ამ ადამიანთან დარჩება და იმ ისტორიის ნაწილი იქნება რომელსაც “ჩვენ” ქვია.

სინამდვილეში კარგი იცი რა არის? ის რაც შენ გამო მე ჩემ თავზე უნდა ვილაპარაკო. კარგი მხოლოდ ისაა, რითაც მე არ დავარღვევ შენს პირად სივრცეს.

გადარჩეულ და შელამაზებულ ამბებს ვყვები ჩემზე, ისიც მხოლოდ იმათთან, ვინც შენზე არაფერი იცის.

რა მაგის პასუხია და ეს სიმღერა ავიკვიატე, ძალიან გგავს, მაგრამ ესეც ჩემი ისტორიაა მხოლოდ.

ახლა არაფერში მჭირდება სხვების ისტორიები, არაფერში მჭირდება ჩემი, ჩვენი, შენი, თქვენი ისტორიების ერთმანეთში არევა, იმიტომ რომ ყველას უნდა გვჯეროდეს იმის რისიც გვჯერა.

I hear only what I want to hear
But, I have to believe in something
Have to believe just one thing

Oh, Sister Robinson, you’re all washed up,
Collecting teardrops in a paper cup,
Can someone tell me what I need to know?
Can someone help me to get on with the show?

6-10-15-16


ახლა თითქმის ყოველი დღე მრგვალი თარიღია.

ჰო, ახლა ისეთი პერიოდია, ყოველი გათენება “ზუსტად ერთი წლის წინ..” ფიქრით რომ იწყება.

მომავალ წელს ცოტა უფრო ადრე დადგება ეს დრო, მაისიდან დაიწყება და შემოდგომამდე გაგრძელდება, შემოდგომიდან კი გავორდები და დავიწყებ ფიქრს იმაზე თუ რა ხდებოდა ზუსტად ორი წლის წინ. საინტერესო ისაა, ცხოვრების რა ეტაპამდე იქნება ასე, რამდენ ხანს არ მომბეზრდება თვლა, როდის გამომრჩება მხედველობიდან რომ მაგ. “ზუსტად 10 წლის წინ” იყო რაღაც.

ალბათ დადგება დღე როცა ამ პერიოდში ვიფიქრებ “ზუსტად 30 წლის წინ, როცა 30 წლის ვხდებოდი” და თუ დადგება ეს დღე, საინტერესოა სად იქნება ის ყუთი, რომელშიც ყველა ეს დღე მაქვს ჩალაგებული ერთმანეთთან დაუკავშირებელი ნივთების სახით.

ახლა ის პერიოდია, როცა ვფიქრობ რა იდიოტი ვიყავი ზუსტად 1 წლის წინ, ის პერიოდია რომლის შეცვლაზეც ვერასოდეს ჩამოვყალიბდები, ის პერიოდია რომელზეც ვერასოდეს გადავწყვეტ მინდა თუ არა უკან დაბრუნება, მინდა თუ არა რამის შეცვლა.

ის პერიოდია, რომელიც მომავლიდან უნდა ვიცხოვრო წარსულში, იმიტომ რომ ამ პერიოდის აწმყოში სულ სხვა პერიოდს ვცხოვრობდი, თან ისევ მომავლიდან წარსულში.

დღეს 6 ოქტომბერია, უკანასკნელი დღე რომელზეც შემონახული მაქვს ჩემი მოგონებების ნამდვილობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დღეს 6 ოქტომბერია, დღე როდესაც ზღვარი მოვშალე და იქ გადავედი, სადაც მხოლოდ ჩემი მეხსიერების იმედი შეიძლება მქონდეს. იმ მეხსიერების იმედი უნდა მქონდეს, რომლის სანდოობის გადამოწმების დაწყებისთანავე, წარმოსახვასა და რეალობას შორის არსებული, უმცირესი საზღვარიც კი მოვშალე. ხვალიდან ის პერიოდი იწყება, რომელზეც მგონია, რომ ორი პარალელური ფინიკის მოგონებები შემომრჩა, რომელიც ყოველი წლის გასვლასთან ერთად, უფრო და უფრო ბუნდოვანი გახდება.

ახლა ის მრგვალი თარიღებია, რომლებიც ყოველი წლის გასვლასთან ერთად, შემონახულ მოგონებებს გააცამტვერებს და ყველა ემოციას საბოლოოდ უხარისხო ქსეროასლის, ქსეროასლად აქცევს.

ის პერიოდია, ბავშვობაში ვიდეოზე ნანახი “სუპერმენი” რომ მახსენდება, ის პერიოდია, როცა ვიხსენებ როგორ ატრიალებდა სუპერმენი დედამიწას უკუღმა.

Don’t leave me now
All alone in this crazy world
When I’m old and cold and grey and time is gone

Acceptable, Respectable, Presentable, a Vegetable!


ახლა კითხვების პერიოდია, იმ კითხვების, რომლებიც ცვლილებებს ახლავს თან. ასეა, ცვლილებები უპასუხო კითხვების ორომტრიალში დგება.

ცვლილებები საკუთარი თავის დაკარგვას ნიშნავს? ან კი რა არის ეს “საკუთარი თავი” ან “მე”, ჯამში რისგან შევდგებით? თუ ცხოვრების მანძილზე ჩვენ ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გამო ტრანსფორმაციას განვიცდით, საბოლოოდ ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ?

რამდენიმე სიტყვით რომ დაგვახასიათონ, რა იარლიყებს მოგვაწებებენ? ჩვენ რა იარლიყებს ვიწებებთ და რისგან გვინდა რომ შევდგებოდეთ? როგორ უნდა აღვწეროთ საკუთარი თავი? ის უნდა ვთქვათ ვინ ვართ თუ ის ვინ გვინდა რომ ვიყოთ?

დაჟინებით ვცდილობ ცხოვრებას ის პასუხები გამოვგლიჯო, რომლებიც სინამდვილეში აღარ არსებობს. ჰო, ვცდილობ დავიჯერო, რომ სადღაც პარალელური სამყაროს მიმდინარე რეალობაში ყველა ამ კითხვას პასუხი უკვე გაცემული აქვს, რომ სადღაც ის ამოუხსნელი ამოცანები უკვე ამოიხსნა, რომლებზეც თავს ყოველ დილით, საწოლში წოლისას ვიმტვრევ. იმ ფინიკის მშურს, რომელიც ახლა იქაა, სადაც სხვა მოვლენები ხდება, სადაც კითხვებს პასუხები აქვს, მშურს და ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ ისიც ზის ახლა და წერს პოსტს იმაზე, რომ ჯობია ზოგ კითხვას არასოდეს გაეცეს პასუხი, რომ ზოგჯერ ჯობია პასუხები თავად მოიგონო და ის დაიჯერო რისი დაჯერებაც გინდა.

ყოველი დღე ახალ პასუხს მაფეთებს სახეში, რომელიც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს.

ზოგ კითხვაზე პასუხის ცოდნა არ მინდა, ან არა, მინდა, უბრალოდ მინდა ჯერ გავიგო და შემდეგ გადავწყვიტო გავუცვალო თუ არა რეალობა იმ ფინიკის, რომელიც ჯერ კიდევ კითხვებზე პასუხების ძებნითაა დაკავებული და ოცნებობს იმასთან როლის გაცვლაზე, ვისაც პასუხები უკვე აქვს.

ზოგ კითხვაზე ჯობდა პასუხი არ მიმეღო.

Watch what you say or they’ll be calling you a radical,
Liberal, fanatical, criminal.
Won’t you sign up your name, we’d like to feel you’re
Acceptable, respectable, presentable, a vegetable!

გამარჯობა ამღვრეულო


-ისევ შევხვდით ერთმანეთს! – მინდა ვუთხრა და გაბუტულივით ავარიდო თვალი.

ვერაფერს ვეუბნები. ამღვრეულია და ღელავს. მერე რა რომ ამინდი გამოვიდა?! გუშინ წვიმდა, 2 დღის წინაც, მზის აღქმა ვერ მოასწრო ისე წამოვადექი თავზე. დამპატიჟა? მეტი დარდი არ ჰქონდა! დაუპატიჟებლად ჩამოვჩაქჩაქდი. ჰოდა, როგორც ჩამოვჩაქჩაქდი, ისე წავჩაქაჩაქდები!

-არადა ასახსნელი ბევრი გაქვს! – ოდნავ ნაწყენი ტონით ვეუბნები მე.

მეტი საქმე არ აქვს მიპასუხოს. თავისთვის ბუტბუტებს რაღაცებს და ისე იქცევა, თითქოს პირველად მხედავდეს.

პასუხად, მეც აუღელვებლად ვალაგებ ფეხებს აივნის მოაჯირზე და სიგარეტის ქაჩვისას ვფიქრობ მოსალოდნელ სიმთვრალეზე.

მოსალოდნელი რომ მიმდინარე ხდება ყველაფერს ფეხებზე ვიკიდებ.. არადა, ჯობდა დამეძინა.

ცუდი გოგო ხარ ფინიკო და ზედმეტად ცელქობ! არ ვარგა ეს და ასე არაფერი გამოვა! ეს ფეხებიც რამდენჯერ ახსენე წინა ორ აბზაცში? გვარიანად უნდა გაგტყიპოს კაცმა რა! მაგრამ რას ვიზამთ რომ პატრონი არ გყავს?

ჰაჰ, რას ვიზამთ? რას და ერთ კვირაში ისევ ჩამოვალთ და აგერ ნახავ თუ არ დაველაპარაკებით! თავხედი კია, მაგრამ ყურის აწევა არ გაგვიჭირდება.

მანამდე კი შეუძლია მოეხეთქოს ნაპირებს.

მაინც გეტყვი რომ ნაწყენი ვარ შენზე და არ მგონია მარტივად შევრიგდეთ!

fb_img_1475475227675
სიგარეტი, სასმელი და ფონად Supertramp Live to love you. 02.10.2016