ახალი 30-ე სეზონი


წუხელ მძიმე ღამე იყო.

იცი როგორი? აი ფილმებში რომაა. ლეპტოპი, ღია ფანჯარა, მბჟუტავი სინათლე, სიგარეტი და გაშლილი ლოგინი, რომელშიც 15 წუთით წვები რომ თვალები დაასვენო.

ასეთ დროს არასოდეს იცი რა შეგიმსუბუქებს მდგომარეობას, მაგრამ თუ წუხელ ერთი დეპრესიული ფილმის სცენა შევქმენი, მუსიკალური გაფორმება იდეალური ქონდა. ჰო, არადა მუსიკის მოსმენა აღარ შემეძლო, უკვე სიგიჟის ზღვარზე ვიყავი და სიმღერის სახელმა მიმიზიდა, შეეფერებოდა ჩემს მდგომარეობას და იმიტომ.

მძიმე აგვისტო მოდის. მგონი სულ ასეა ხოლმე, რასაც მიზანმიმართულად არ ვიმახსოვრებ, იმისთვის რომ ყოველ წელს მქონდეს ის მოლოდინი რომელიც სადღაც, მიჩქმალულ რეალობაში ვიცი რომ გამიცრუვდება.

ყველაფერი შენელდა და სრულიად ახალ რელსებზე გადაეწყო. ჩვენი სერიალის ახალი სეზონის პირველი სერია იყო წუხელ, ვნახოთ როგორი რეიტინგი გვექნება.

პ.ს. სერიის საუნდთრეკისთვის მადლობა პერეს.

tumblr_l8gl2mGjGM1qccskho1_500

Advertisements

Come On Baby, Light My Fire


რა მნიშვნელობა აქვს გამოძინებული ხარ თუ თვალები გეწვის უძილობისგან, გაქვს ენერგია თუ არა, შეგიძლია კონცენტრირება თუ იქ გაგირბის ფიქრები სადაც არ უნდა გაგირბოდეს. ასეთ დროს არაფერს აქვს მნიშვნელობა, როცა სხვა გზა არ არსებობს, ე.ი. სხვა გზა არ არსებობს.

ამ კვირასაც გადავიტანთ, შემდეგსაც და კიდევ ბევრს და თუ ვერ გადავიტანთ, მნიშვნელოვანი მხოლოდ ის იქნება რასაც ჩვენ თავად მივანიჭებთ მნიშვნელობას. ვინანებთ რამეს? რა თქმა უნდა ვინანებთ და არავითარ შემთხვევაში არ დავიწყებთ იმ სისულელის მტკიცებას, რომელიც გვასწავლის რომ არაფერი უნდა ვინანოთ.

მთავარია დაპატარავება ვისწავლოთ, ანუ საკუთარი სიმცირის აღქმა სამყაროსთან მიმართებაში, დაახლოებით მაინც წარმოვიდგინოთ რამდენად არაფერს წარმოვადგენთ. ასეთი შვება არაფერს მოაქვს. იმდენად მცირე ვხდებით ჩვენ, რომ ჩვენთან დაკავშირებული სხვა კიდევ უფრო მცირე მოვლენები საერთოდ არაფერს წარმოადგენს. ჰო, არაფერს, ისე, უბრალოდ არ მომითრევია ეს სიტყვა.

ჰოდა, ახლა როცა ვპატარავდები, იმისთვის რომ მივხედო იმ არაფერს, მე რომ დიდი არაფერი მგონია (არაფერი გინდ დიდი იყოს, გინდაც პატარა, არაფერი არაფერია), ვაბნელებ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, ვიჯერებ რომ სამყარო მე ვარ, ის სამყარო რომელშიც უთვალავი გალაქტიკაა, სადაც კიდევ უთვალავი ვარსკვლავი და პლანეტაა და ამ ვარსკვალვებსა და პლანეტებზე, საკუთარ ნამდვილობაში დარწმუნებული სიცოცხლის ფორმები მათ ცხოვრებაში მიმდინარე არაფერს, ყველაზე დიდ არაფრად მიიჩნევენ და თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ ისე, რომ არ ფიქრობენ სამყაროზე, რომელიც მე ვარ და რომელთან მიმართებაშიც თავად იმხელა არაფერი არიან, მათი არაფერი ჩემთვის რომ არაფერს წარმოადგენს და ჩემზე, როგორც სამყაროზე არავითარი გავლენა არ აქვს.

სამყარო ისევ აიხლართა, ცუდ ხასიათზეა დღეს სამყარო.

სამყაროც თავად ვარ და ღმერთიც, იმათთვის ვინც ჩემს სამყაროში ცხოვრობენ.

და სანამ სამყაროს ჩამოეძინება, თქვენ, ამ სამყაროში მოფუთფუთე სიცოცხლის ფორმებს გაძლევთ უფლებას დაივიწყოთ თქვენი არაფერი, მოდუნდეთ, გაიაზროთ თქვენ არარაობა, დახუჭოთ თვალები და დაელოდოთ სამყაროს გამოფხიზლებას, რომელიც ახლა თავისთვის იმეორებს come on baby, light my fire.

 

Stupid Girl


ძილის წინ ამეკვიატა ეს სიმღერა. გაუგებარი სულაც არაა რატომ. ყველაფერი მარტივია, ახლა ზუსტად ის დროა საკუთარ თავს რომ უნდა ვუმღერო stupid girl.

პატარა და დიდი დასასრულების პერიოდია you stupid girl.

ასეთ დროს თუ აბსოლუტურ მრისხანებაში ვიქნებოდი, ახლა ფეხებზე მკიდია. ყველაფერი რაც სანაგვეზეა მოსასროლი, წავა სანაგვეზე. დაიკიდე რა, you stupid girl!

You stupid girl, all you had you wasted.

გამოფხიზლდი you stupid girl?

What drives you on
Can drive you mad
A million lies to sell yourself
Is all you ever had

ეს რომელს გვეხება ფინიკი? მე თუ შენ?

მე მეხება, მე, და ის რაც მეხება მე, გეხება შენც. იქნებ ერთხელ მაინც ვთქვათ ყველაფერი ისე როგორც სინამდვილეშია, ბოდვის გარეშე.

Don’t believe in fear
Don’t believe in pain
Don’t believe in anyone
That you can’t tame

ცოტაც და თავიდან დაიბადები you stupid girl. ისევ ისეთი, როგორიც იყავი, ოღონდ ზედმეტი ხარა-ხურის გარეშე, რომლებიც რომელიღაც ილუზიაში რაღაცას წარმოადგენდნენ.

You stupid girl, all you had you wasted.

დიდი დრო დაგჭირდა, მაგრამ ვის რაში ედარდება დრო.

Don’t believe in anything
That you can’t waste

ჩემნაირების ცხოვრებაში ყველაზე საშიში ის მომენტია, როდესაც ჩხუბისა და ყველაფრის თავზე დამხობის სურვილი არ არსებობს, ე.ი. ყველაფერი გადაწყვეტილია და როცა ყველაფერი გადაწყვეტილია, აღარაფერი შეიცვლება. წელს განსაკუთრებით ბევრი ილუზია მოვისროლეთ სანაგვეზე you stupid girl. ხომ გინდოდა განსაკუთრებული წელი you stupid girl? ჰოდა, what you need, is what you get! ამაში ძალიან ნიჭიერი ხარ you stupid girl.

გამარჯობა ფინიკო


ნამდვილი ანგელოზი ვარ.

დღეს? არა, რატომ მხოლოდ დღეს, ზოგადად, მაგრამ შესაძლოა დღეს უფრო.

ისევ რაღაცები უნდა ვიბოდიალო, თუმცა ამ პერიოდში მეპატიება, იმიტომ რომ მიმდინარე პერიოდში ყველაფერი მეპატიება.

ყველა ადამიანს აქვს გამორჩეულად საყვარელი პერიოდი, სულ სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ყველას აქვს, ჰოდა, ახლა ჩემი მზიანი ზაფხული დაიწყო, მერე რა რომ ზაფხულის 2 თვე უკვე გასულია, ჩემთვის ახლა დაიწყო მზიანი პერიოდი, რომელსაც ველოდები ხოლმე.

25 წლის რომ ვხდებოდი, 30 წლის თინიკოსთვის წერილი დავწერე, დავლუქე და დავივიწყე, ვიფიქრე რომ 5 წელი უსაშველოდ დიდი დრო იქნებოდა.

5 წელი დიდი დროა, თუმცა არ ვიცი ზუსტად რა მოხდა და რა შეიცვალა ამ პერიოდში. ერთი ეგაა, რატომღაც მგონია რომ ის მოლოდინები რომლებიც მქონდა 30 წლის მე-სთან ბოლომდე ვერ გამართლდა და არ მინდა წერილში ისეთ პუქნტებს გადავეყარო, რომლებისთვისაც ხელი არ მიხლია და ისევ ისეა მიგდებული.

ფრაგმენტულად მახსოვს რაზე ვაკეთებდი აქცენტებს, ამიტომ ვფიქრობ ნაყოფიერად გამოვიყენო დარჩენილი დღეები და ისეთი რამეები შევცვალო, რაც 5 წლის მანძილზე ვერ შევცვალე.

სასაცილოა ხომ 17 დღეში იმის შეცვლა, რაც თითქმის 5 წლის მანძილზე არ შეცვლილა? სასაცილოა, მაგრამ ეს ის პერიოდია როდესაც თავს ვაძლევ უფლებას სასაცილო იყოს და თან სულაც არ ეხამუშებოდეს ეს.

ცვლილებების დროა. ან იქნებ დღეს ვარ ასეთ ხასიათზე? ასეთზე როგორზე? აი ისეთზე, როცა ვამბობ რომ ნამდვილი ანგელოზი ვარ.

წავიდეთ წრეზე? ოღონდ ახლა არ ამახსნევინო რომელ წრეზე, იმ წრეზე არა რომ გეზიზღება, იმ წრეზე თავს გადამეტებული მოლოდინების ქონის უფლებას რომ აძლევ და იმედგაცრუებებეის რომ არ გეშინია.

დღეს არაფრის მეშინია.

ნამდვილი ანგელოზი ხარ და იმიტომ? – არა, აი ასე, უბრალოდ, არაფრის მეშინია. ეს ნამდვილი ანგელოზი ვარ, იმ ოპერიდანაა სადაც ვიღაცებს “დამპალ ნაბიჭვრებად” მოვიხსენიებ. ანუ თავი პერსონაჟი მგონია და საკუთარ თავს სულაც არ ვაიგივებ ფინიკისთან, რომელიც რატომღაც ბოლო პერიოდში უარს აცხადებს საკუთარი, თინიკოსგან განცალკევებული ცხოვრებით ცხოვრებაზე.

კიდევ ერთი აღმოჩენა, თუ წლის ნებისმიერ დროს მჯერა, რომ ფინიკისა და თინიკოს საერთო არაფერი აქვთ, ამ დროს ყოველთვის ერთი ცხოვრებით ვცხოვრობთ, ოღონდ მე გადავდივარ ფინიკის რელსებზე და არა პირიქით, რაც არის კიდეც ამ პერიოდის მაგიურობის მთელი აზრი.

Hello-August

ცუდი გოგო


მაღაზიაში რომ შევბოდიალდი არ ვიცოდი რას ვეძებდი. არც მიფიქრია გზაში რამე წამეკითხა, ჩემი მხედველობის გადამკიდეს თვალები საშინლად მტკივდება ხოლმე. უკვე გამოვდიოდით და თუ რამის ყიდვას ვაპირებდი, უნდა მეყიდა. ცუდ გოგოს წამოვედე, წიგნი გადავატრიალე, საინტერესო ჩანდა და ვინაიდან წინ შაბათ-კვირა იყო, რაც ნიშნავდა რომ შემეძლო ერთი ამოსუნთქვით წამეკითხა და თავი ისტორიის ნაწილ-ნაწილ დაგლეჯვის გამო არ მელანძღა, ვიყიდე და მანქანაში ჩაჯდომისთანავე დავიწყე კითხვა.

ისე კი კარგი იქნება თუ არ ენდობით უკანა ყდაზე წარმოდგენილ ქება-დიდებას “ამ წიგნში მარიო ვარგას ლიოსა ბოლომდე არღვევს რომანტიკული სიყვარულის ყველა ნაცად კლიშეს, გამოცდილებას და მკითხველს კიდევ ერთხელ აყენებს სამყაროსავით ძველი და მარადიული კითხვის წინაშე: “როგორია სიყვარულის ნამდვილი სახე?”” – არ შემიძლია გულიანად არ გადავიხარხარო. უკაცრავად, ცუდად კი არ ვამბობ, მაგრამ ეს რა ბოდვაა?! წიგნი აგებულია სასწაულზე, რომელიც რომანის მთავარ გმირებს მთელი ცხოვრების განმავლობაში დასდევთ და ერთმანეთს ახვედრებთ. თან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კარგი ბიჭი, მართლა კარგი ბიჭია და ასეთივე კარგი ბებერი წიგნის ბოლოს, მაგრამ ისეთია მხოლოდ თანაგრძნობის განცდა შეიძლება გაგიჩნდეს მკითხველს, რამდენადაც ამაზრზენია “ცუდი გოგო”, იმდენად საცოდავია “კარგი ბიჭი” და საბოლოოდ, მიუხედავად ყველაფრისა, გგონია რომ ეს აბსოლუტურად უუნარო არსება იმსახურებს ისეთ მოქცევას, როგორც ექცევიან.

არ ვიცი “სიყვარულის ნამდვილ სახეში” რას გულისხმობენ და რატომ გონიათ რომ ამ წიგნით რაღაც ახალი სახე შეიქმნა. სულაც არა. ძალიან სტანდარტული სახე აქვს, მთელი სამყარო კრავს პირს იმისთვის რომ ამ ორმა ერთმანეთი არ დაკარგოს, კარგი ბიჭი გადარეულია სიყვარულით და მიუხედავად ამისა, რატომღაც საერთოდ არ უნდა რაიმე გააკეთოს იმისთვის, რომ ეს სიყვარული საბოლოოდ მოიპოვოს, მეორე მხარე კი მზადაა მიიღოს ეს სიყვარული, სანამ თავადაც არ შეუყვარდება (ამასობაში კი მოიაროს ყველა კაცი ვინც გზაზე გადაეყრება). ჰა, აბა როგორია? არის რამე ახალი? ისეთი რაც არ წაგიკითხავთ. კარგი რა.

საინტერესო აღმოჩენებს კი გააკეთებთ, მაგ. ენებთან დაკავშირებით. მეც ყოველთვის მეგონა რომ ენების შესწავლა რაღაც ცალკეულ ნიჭზე იყო დამოკიდებული, რაც ან გაქვს ან არ გაქვს.

ძალიან საინტერესოა რიკარდიტოს ურთიერთობა მეგობრებთან. აი უნარი არ შესწევს ცხოვრების ერთ ეტაპზე ერთზე მეტი მეგობარი ყავდეს. ამდენად საინტერესო პერსონაჟია, სულ ვიღაცას უნდა მიეკედლოს და თან მუდმივად უბედურია, აი როცა ბედნიერია, მაშინაც.

ცუდი გოგო, ერთი შეხედვით რაღაც მოფერებით მიმართვად იხმარება, თუმცა ვინაიდან ამის უკან კარგი არაფერი დგას, საბოლოოდ შეგძულდებათ ეს მიმართვა.

დასასრული საშინლად ბანალური აქვს, საერთოდაც წიგნის მეორე ნახევარი ძალიან უინტერესოა. დამიჯერეთ, ძალიან გაგიჭირდებათ ჩამოყალიბება იმაზე თუ რომელი უფრო ამაზრზენია “კარგი ბიჭი” თუ “ცუდი გოგო”, თან სულ სხვადასხვა მიზეზით.

ცუდი გოგოსა და კარგი ბიჭის ურთიერთობის გარდა რაცაა ის უფრო საინტერესოა და იქ უფრო შეგიძლიათ გააკეთოთ აღმოჩენები, რომლებიც მოგეწონებათ.

როცა ვკითხულობ, ემოციებს ხმამაღლა ვაჟღერებ ხოლმე, ამიტომ ყოველთვის მირჩევნია მარტო ვიყო კითხვის დროს. რამდენჯერ წამოვიყვირე “აუ კარგი რა”, “ეს რა სისულელეა”, “აუ, ეს რა სირია” ზუსტად არ ვიცი. თუმცა ეს თავის მხრივ ნიშნავს რომ ისტორია ჩაგითრევთ და აუცილებლად გაერთობით.

ჩემი მოკრძალებული აზრით, წიგნი ცოტა გაწელილია და ჯობდა დროულად დაემთავრებინა ავტორს.

ილოცებთ რომ “ცუდ გოგოს” არასოდეს შეუყვარდეს “კარგი ბიჭი”. სასაცილო ისაა რომ კარგი ბიჭიც გაუცნობიერებლად ამისკენ მიილტვის, იმიტომ რომ შეყვარებული “ცუდი გოგო”, სულაც არაა ის ვინც ამ აბსოლუტურად უუნარო არსებას უნდა. მოკლედ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ იდეაში, ემოციების შადრევანი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ შეინარჩუნოთ, თუ ერთად არასოდეს იქნებით. ეს კარგია? სულაც არა, იმიტომ რომ ეს არავის სჭირდება.

თუ გადაწყვეტთ, წაკითხვად ნამდვილად ღირს.

6a00d8341c627153ef014e87ddf4a8970d

ძილი


ავირიეთ.

ერთდროულად იმდენ რამეზე გვეფიქრება რომ თითოეულ საკითხზე ერთი წამითაც ვერ ვჩერდებით. კონცენტრაციის დარღვევა გვაქვს და უძილობა.

უძილობის მიუხედავად სიზმრები მაინც გვესიზმრება. გუშინ ბარში მეძინა, მაგიდაზე მედო თავი და ჩამეძინა. რა არ მიქნია, მაგრამ ბარში არასოდეს დამძინებია. თან ისე ჩამეძინა, ბავშვობაში ტელევიზორთან რომ მეძინებოდა და გონში ვერ მაგდებდნენ ხოლმე.

ეს ზაფხული რაღაცით 9 წლის წინანდელ ზაფხულს მაგონებს. ყველაფერი სხვანაირადაა, მაგრამ ქმედებებს ვიმეორებ. აი, განწყობას კი მომკალით და ვერაფრით ვიხსენებ პარალელები რომ გავავლო.

საბოლოო ჯამში ყველანაირ ცვლილებაზე უარს ვამბობ, იმიტომ რომ უკიდურესად მეზარება და ის პერიოდი მაქვს, სულ სადღაც რომ უნდა ვიყო, ცვლილებებზე რომ არ მომიწიოს ფიქრი.

ტელეფონი არ ჩერდება, არც ელ.ფოსტა ისვენებს, ყველაფერი ცოცხალია, ოღონდ სადღაც ციფრულ და კავშირგაბმულობის სამყაროში, რეალობაში მხოლოდ მე და ჩემი ყურსასმენები ვართ და ნაირ-ნაირი აკვიატებული სიმღერები.

სანამ მე ბარებში ვიძინებ, სამყარო ფეთქავს და ყოველი გამოღვიძებისას ყველაფერი შეცვლილი მხვდება.

მგონი რეჟისორსაც ჩაეძინა და სცენარს ისე გადავუხვიეთ კაციშვილი მომკითხავი არაა. ცხოვრება თავის ნებაზე მაქვს მიშვებული და ძილებს შორის მივჩანჩალებ უკვე მომხდარი მოვლენების კვალდაკვალ.

მეძინება.

in the cafe

You Don’t Fool Me


ოთხშაბათი დილის ორი დასკვნა:

  1. ადამიანები მეკვიატება მათი აკვიატებული სიმღერების აკვიატებით;
  2. ერთგულებას ხშირად არც თუ ისე კარგი საფუძველი აქვს – ძირითადად ერთგულება გამომდინარეობს ცვლილებების განხორციელების უუნარობისა და შიშისგან ან უარეს შემთხვევაში სიზარმაცისგან.

პ.ს. ვიკვიატებ ახალ სიმღერას.

You don’t fool me – those pretty eyes
That sexy smile – you don’t fool me

Play ▻


ვერ ვიტან როდესაც სხვებზე ვარ დამოკიდებული, აი, ყველაზე მეტად ეს მდგომარეობა მეზიზღება. საკუთარი თავისგან ყველაფრის იდეალურად შესრულებას და გადაწყვეტას მოვითხოვ, აბსოლუტურად ყველა საკითხში პერფექციონისტი ვარ და ყველაზე მეტი მოთხოვნა სწორედ რომ საკუთარი თავის წინაშე მაქვს დაწესებული. საშინლად ვღიზიანდები როდესაც თავს მოდუნების საშუალებას ვაძლევ, როდესაც ჩემივე მოფიქრებული წესების დარღვევის ვიწყებ, მინდა საკუთარი ფეხით მივიდე კუთხეში და დავდგე.

დღეს დილით გამოვაცხადე რომ რაც კი რამე კარგი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ივლისი-აგვისტოს პერიოდში მოხდა. აი, სრულიად გაუცნობიერებლად გავაკეთე ეს დასკვნა და შემდეგ დავფიქრდი რომ არც თუ ისე უსაფუძვლოდ. მიუხედავად იმისა რომ როგორც წესი, ამ დროს ყველაზე რთული პერიოდი მაქვს ხოლმე და ყველაზე მეტი საკითხი გადასაწყვეტი, ყველაფერი კარგი მაინც ამ დროს ხდება.

ჰოდა, თუ რამე გამოვა, გამოვა ახლა, უახლოესი 1,5 თვის განმავლობაში, ან კიდევ 1 წელი გადავა “მოლოდინის რეჟიმზე”. როცა ჩემი ცხოვრება გადადის მოლოდინის რეჟიმზე, მე, როგორც წესი ყოველდღიური რუტინით ვარ დაკავებული და არაფერს ველოდები და როცა ცხოვრება ისევ “ფლეის” ღილაკს აწვება, მე გადავდივარ იმ რეჟიმზე, რომელზეც მთელი 10 თვის განმავლობაში უნდა ვყოფილიყავი.

კონტროლზე შეშლილი მანიაკი ვარ.

ადამიანურ ენაზე რომ ავხსნათ, ესაა პერიოდი როდესაც საკუთარი თავისგან ვიღებ შვებულებას და ველოდები ცვლილებებს, რომლებსაც მიმდინარე პერიოდში ნაკლებად აღქვიქვამ და ძირითადად მაშინ ვაფასებ, როცა უკვე წარსულშია დარჩენილი.

მოკლედ, მხოლოდ კონტროლზე შეშლილი კი არ ვარ, აწმყოს აღქმა მაქვს დაქვეითებული.

ჰოდა, მგონი დღეს გადავიდა ჩემი ცხოვრება “ფლეის” რეჟიმზე, რაც ავტომატურად ნიშნავს რომ ჩემი თავისგან შვებულება ავიღე.

ფინიკი, კეთილი იყოს შენი დაბრუნება სამყაროში, სადაც წესები არ არსებობს.

მეშვიდე წელია, ამ პერიოდის დაწყებას, Lorene Scafaria-ს ამ სიმღერით ვაფორმებ.

თითქმის მარტო, თითქმის გამორთული ტელეფონით


ასე აქ არასოდეს მისეირნია. კარგია მუსიკის მოსმენა და მარტო ხეტიალი, როცა არავინ გელაპარაკება და იქ მიდიხარ სადაც გინდა.

აუ, ახლა მარტო უნდა ვიყო? ზღვიდან რომ ამოვალ ხმის გამცემიც არავინ მეყოლება.

მგონი მეძინება, აი ახლა ჩამეძინება და არავინ გამაღვიძებს. რომ დავიწვა? ასე მარტივად არ ვიწვები ხოლმე… მგონი … წკაპ.. მძინავს.

მგონი მოიღრუბლა. აუ, არ იწვიმოს რა.

ისევ მძინავს, ვიღვიძებ მზე მაჭერს სახის ნახევარზე, ძილში ვერ გავაკონტროლე. ახლა ნახევარი სახე უნდა გამიწითლდეს და ასეთი სასაცილო შესახედაობით უნდა დავბრუნდე თბილისში?! აუჰ, უნდა დავბრუნდე ხომ? სულ დამავიწყდა.

რაღაც დამესიზმრა, არ მახსოვს რა.

კარგია მარტო ყოფნა.

არა მარტო ბათუმში არ უნდა იყო.

ტელეფონი რომ უნდა გამომერთო? არა, ახლა ვერ გამოვრთავ, ორ ძალიან მნიშვნელოვან მეილს ველოდები და აბა როგორ?!

ჰო, მეილიც მოვიდა.. ახლა საქმე. საოფისე საუბარი, ტალღების ქვებზე მოხეთქების ხმის ფონზე.სასაცილო რეაქცია იქითა მხრიდან.

უფ, მაინც კარგია.

არა, მარტო ბათუმში არ ჩამოვალ, დამლაპარაკებლის გარეშე ყოფნა არ შემიძლია. თან ბათუმი ისეთია, კარგად ყოფნის გაზიარების სურვილს რომ გიჩენს.

აუ, არადა რა კარგია თითქმის ცარიელი ზურგჩანთით, უაზრო ბოდიალი, არავინ რომ გელაპარაკება და ანგარიშს მხოლოდ საკუთარ თავს რომ უწევ.

რა ჭირად უნდა უწევდე ანგარიშს მხოლოდ საკუთარ თავს. ურთიერთობა მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანი არა ის, რას ბოდავ, მნიშვნელოვანი საკუთარ თავთან დარჩენა და მუსიკის რიტმზე აწყობილი ნაბიჯით სიარულია.

აი, საღამოსაც რომ მარტო ვიყო გავგიჟდები. იქნებ ბინა არ მომწონს? აი რა ეშმაკი შემომიჩნდა სასტუმროს ბინა რომ ვარჩიე?!

და რატომ არ უნდა მომწონდეს, შენ თუ მარტო ყოფნა არ შეგიძლია, ეგრე თქვი რა.

ჰო, არ შემიძლია. არა, როგორ არ შემიძლია, შეიძლება ხალხმრავალ ბათუმში არ ღირს მარტო ყოფნა.

აუ, მოდი ნუ ბოდავ რა!

257e0cd9-52d0-4478-8077-a5e23af2aaa1

გეგმა 30 – ბათუმში ტელეფონის გარეშე


ბილეთებიც ავიღე და ჯავშანიც გავაკეთე. ჩემი გეგმის ყველაზე რთულ ნაწილად (რომელიც ბათუმში მარტო წასვლას გულისხმობს) მარტო მგზავრობას მოვიაზრებდი. დარწმუნებულიც ვიყავი რომ არ წავიდოდი, ვინაიდან ასეთი “გადაწყვეტილებები” სისრულეში არასოდეს მომყავს ხოლმე. ჰოდა, ყველაფერი შეიცვალა. ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებზე დაკვირვება, ძალიან საინტერესო შედეგებს იძლევა. ზოგჯერ, გარემოებათა ერთობლიობა გაიძულებს მიხვდე რომ შენგან მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო, დანარჩენი კი თავისით მოგვარდება.

გზაში მარტო არ ვიქნები. ვიპოვე ადამიანი, რომელიც ასევე მარტო მიდიოდა ბათუმში თავის საქმეზე და მასაც ისევე ეზარებოდა როგორც მე. ჰოდა, ასეთი შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.

დღის განმავლობაში მე ჩემს საქმეს მივხედავ (არადა საქმე მართლა გამოვნახე) ის თავისას. ვიბოდიალებ და ყველაფერ იმას გავაკეთებ, რასაც წარმომედგინა რომ გავაკეთებდი, ხოლო ის რაც პროცესის სახით აღარ მომწონდა, პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან ნებისმიერ დროს შემიძლია არ ვიყო მარტო, უფრო სწორად არ ვიქნები მარტო.

ძალიან მინდა, რომ ამავე დროს დავამთხვიო გეგმის კიდევ ერთი პუნქტის შესრულება, კერძოდ 24 საათის განმავლობაში გამოვრთო ტელეფონი, არ შევამოწმო ელ.ფოსტა და სოციალური ქსელები. მოკლედ ციფრული სამყაროდან ავორთქლდე და მისაწვდომი არავისთვის ვიყო. ახლა, ეს უფრო რთულად განსახორციელებელი მგონია, ვიდრე წასვლა.

ის რომ მგონია, მე თუ გამოვეთიშები სამყაროს, ყველაფერი დაიქცევა, ალბათ “განდიდების მანიაა” ხომ? ჰოდა, გადავამოწმებთ, თუ ამის შესაძლებლობა მართლა ისე მომეცემა, რომ ორშაბათს აპოკალიფსი არ დაიწყოს.

მოკლედ, მიუხედავად ჩემი ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულებისა, განსაკუთრებული სიმჩატისას შედგენილი გეგმის კიდევ ერთ ნაწილს შევასრულებ, მართალია ოდნავ სახეცვლილი ფორმით, მაგრამ მაინც შევასრულებ.

უკვე ვფიქრობ, კიდევ რა მოვასწრო 11 აგვისტომდე.

i-can-t-keep-calm-because-i-m-almost-30-years-old