When I’m 64


დღე რომელიც ათას სისულელეზე ნერვიულობით იწყება. ისეთ სისულელეებზე, როგორებზეც 7 წლის წინაც ნერვიულობდი, 5 წლის წინაც, გუშინაც და დღესაც. დრო გავიდა, ნერვიულობად არ ღირდა. მაინც ვერაფერი ვისწავლე.

უცნაური რაღაცები გვშველის.

დღეს ეს სიმღერა გამახსენდა. ზუსტად ისეთი ხასიათის სიმღერაა მე რომ მიყვარს, ერთდროულად ძალიან პოზიტიურიც და ძალიან დეპრესიულიც.

youtube-ზე ამ სიმღერის კომენტარებში ძირითადად იმათ გადააწყდებით, ვინც ან უკვე გახდა 64-ს ან კომენტარის წერისას ხდება. ძალიან უცნაური, სევდიანი საკითხავი კომენტარებია, თან პოზიტიური, ანუ ისეთი როგორიც სიმღერაა.

ვიღაც წერს:

I was 15 when I first heard this song. In 6 days I turn 64. Who would’ve thunk it? 🙂

წარმოგიდგენიათ?

ჰოდა, ასე გადის დრო და არ ღირს 64 წლის რომ გავხდები და სადმე, არ ვიცი ზუსტად სად, ჩავრთავ ამ სიმღერას და დავწერ დღეს 64 წლის გავხდი მეთქი, ყველაფერი ისე იყოს როგორც 7 წლის წინ, 5 წლის წინ, გუშინ და დღეს.

ცხოვრება უფრო მეტ რამეზეა, ვიდრე სისულელეებზე ნერვების შლაა.

პოზიტიურ დღეს გისურვებთ.

Send me a postcard, drop me a line
Stating point of view
Indicate precisely what you mean to say
Yours sincerely, wasting away
Give me your answer, fill in a form
Mine for evermore
Will you still need me, will you still feed me
When I’m sixty-four?

 

ფ(თ)ინიკი(ო)


უნდა წავიდე. დიახ, აი ასე, უნდა ავდგე და გადავცხოვრდე სადმე, სადმე არა ბათუმში. დიდი გასაქანი არც ისეა და ბარემ იმ ქალაქს მივაშურებ სადაც არც “ცხოვრების უფლება” დამჭირდება და რომელიც მიყვარს. და რომ ვერ გადავცხოვრდები? ისე, რომ წავიდე? ცოტა ხნით, 2 დღით, 1 დღით, ნუ 1 ღამით, ღამე დარჩენის გარეშე წასვლას რა აზრი აქვს? მარტო ხომ უნდა წავსულიყავი ისედაც, ნუ, წავსულიყავი რა, უნდა წავიდე, ჯერ დრო მაქვს. 1,5 თვე. 1,5 თვეში იმდენი რამ შეიძლება მოხდეს, ბათუმში 2 დღით (ნუ 1 დღით.. ნუ 1 ღამით) წასვლა რა პრობლემაა. და თან რომ რაღაცნაირად არ ვარ დარწმუნებული მარტო წასვლა მინდა თუ არა? აი, კი მომწონს წარმოდგენის დონეზე, მაგრამ პროცედურულად თუ პროცესის სახით, თუ როგორცაა, ხანგრძლივად რომ წარმოვიდგენ, არ ვარ დარწმუნებული რომ მინდა. მარტო ყოფნა თან მიყვარს და თან არ მიყვარს. საერთოდაც სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ რამეში ვარ დარწმუნებული. ისევ სისულელეების ხლართვა უნდა დავიწყო ახლა.

ისევ ისტერიკა რომ დამემართოს? ნუ ისტერიკა რა, ჯერ რომ ვიცინო და მერე ვიტირო? ან პირიქით ჯერ ვიტირო და მერე ვიცინო? არა ეგრე არ მომსვლია, სიცილიც იყო და ტირილიც, მაგრამ მთლად ერთდროულად არა. იქნებ ენერჯაიზერების ბრალია ეს ყველაფერი და მე გადაცხოვრებას, ნუ გადაცხოვრებას რა 2 დღით წასვლას, ჰო, კაი 1 დღით წასვლას.. ნუ 1 ღამით წასვლას ვაბრალებ.

ვბოდავ. პრინციპში, ეს დიდი ხანია ასეა და სიახლეს არ წარმოადგენს, შესაბამისად უბრალოდ აღვნიშნე, ვინმეს თუ ეჭვი ეპარებოდა “ეს ხომ არ ბოდავსო”, ვუდასტურებ რა. ყველაფერი შეიცვალა მაგრამ ეს სისულელეების ბჟუტური ვერ მოვიშალე, წავალ, გადავალ, გადმოვალ, აი ამას ვიზამ, იმას ვიზამ, შევცვლი, გადავცვლი, გადმოვცვლი, 1 დღით წავალ, 1 ღამით, სამუდამოდ, 2 საათით.

ვერსადაც ვერ წავალ.

ვერ რა, უფრო არ, იმიტომ რომ აი ეგრე ვიქცევი ხოლმე. ფინიკია, ფინიკო თუ თინიკო, სამივე ეგრე ვიქცევით ხოლმე. ანუ დაუსრულებლად ვბოდავთ, ბოდვის იქით არაფერს ვაკეთებთ და რა მნიშვნელობა აქვს რომელმა მობოდა რა უნდა გაეკეთებინა დანარჩენ ორს. ისე სამნი როდის აქეთ გავხდით? ბოლოს მახსოვს თინიკო და ფინიკი ვიყავით. არ ვართ სამნი, არც ორნი, ნუ მეორეზე კიდევ შეიძლება ფიქრი, მაგრამ ეს მესამე მეტისმეტია.

ისე, ისტერიკა არაა მგონი სწორი ფორმა, ისტერიაა ხომ? ისე რა არის ეს ისტერია? ისტერია ფრიად ნაირსახოვან კლინიკურ სურათს ავითარებს: ავადმყოფი ფანტაზიორობს, ახდენს ორგანული დაავადების კლინიკური სურათის ინსცენირებას და ამით გარშემო მყოფთა ყურადღების ცენტრში ხვდება. – ეგ ყოფილა. რა ბჟუტურია, ვერაფერი გავიგე და მაინც არაფერში ვეთანხმები. ნუ ფინიკის. ფინიკოს თუ თინიკოს ისტერიას ამასთან კავშირი არ აქვს. მოიცა, ახლა რა გამოდის, ე.ი. მე ვიგონებ ისტერიას, რომელიც განხილულია როგორც დაავადება/დიაგნოზი (ისტერიული ნევროზი), ვიჯერებ რომ ეგაა და სინამდვილეში არაა, ანუ მაინც ისტერიაა, იმიტომ რომ ისტერიის კლინიკური სურათია ავადმყოფი ფანტაზიორობს, ახდენს ორგანული დაავადების კლინიკური სურათის ინსცენირებას. დასკვნა: ჯერ ვიგონებ ისტერიას, მერე ვარკვევ და უარვყოფ ისტერიას და ამ უარყოფის გამო, ვადასტურებ ისტერიას.

ხომ ვამბობ უნდა წავიდე მეთქი?! უნდა გადავცხოვრდე. ნუ გადავცხოვრდე რა, 2 დღით წავიდე, ნუ კაი 1 დღით, ჰო, ჯანდაბას 1 ღამით. მარტო? მარტო რატომ მინ. 2 ვართ და მესამეც დაგვიმატებია ამასობაში. ფინიკი და თინიკო უნდა წავიდნენ? არა ჯერ თინეიჯერობამდე არ მისული ფინიკის თავი, 30 წლის (ნუ კაი ჯერ 29) თინიკოს არ ექნება. ხუმრობ? მინ. 36 საათი ერთმანეთს რომ ვუყუროთ, ისტერიას მოვიგონებთ, მერე უარვყოფთ და მერე დიაგნოზს დაგვისვამენ.

ანუ არ უნდა წავიდე. არ რა ვერსადაც ვერ წავალ.

სანამ ისევ ამიხლართავს, ვიყიდი 2 მატარებლის ბილეთს და სადგურზე ვინმეს ვაჩუქებ, ჰო, ერთს, აბა ორივე რომ ვაჩუქო მე ვერსადაც ვერ წავალ.

წითელი კაბა და სულელური სიმღერების სამშაბათი


დღევანდელ დღეს ოფიციალურად სულელური სიმღერების სამშაბათად ვაცხადებ.

დილა სხვა განწყობით და სხვა სიმღერით დავიწყე, წესით ახლა უნდა ვწერდე Christ, to think I gave you all my heart and you put it on the shelf მეთქი, მაგრამ ეს მერე იყოს, როცა ცოტა უფრო შესაფერისი განწყობა მექნება, დღეს ამის ხასიათზე არ ვარ, იმიტომ რომ სულელური სიმღერების სამშაბათია.

დილა ტრადიციების დარღვევით დავიწყე, BMW-ს ტაქსის არასოდეს ვაჩერებ, არ მიყვარს BMW-ს მძღოლები და იმიტომ (კი, კი ვიცი რომ რაღაც სულელური სტერეოტიპია), მაგრამ დღეს დიდად არ მიფიქრია ამ საკითხზე. ამაზე კი არ მიფიქრია ბევრი, მაგრამ “ზატო” ბევრი ვიფიქრე რა ჩამეცვა, ყველაფერი გადმოვალაგე და გადავალაგე, საბოლოოდ კი არჩევანი ცოტა დავიწყებულ წითელ კაბაზე შევაჩერე. რატომ ვყვები ამას? კი, გადასარევად ვიცი რომ ეს არავის აინტერესებს, ამას იმიტომ ვყვები, რომ ტაქსიში პირველი სიმღერა რაც დაიწყო იყო “Red Dress”, ხო სასაცილოა? სასაცილოა.

ჰოდა, სიმღერა კი უკიდურესად სულელურია, ძალიან სულელური ლირიკით, მაგრამ დღეს სულელური სიმღერების სამშაბათია და გადავიტანთ.

რაც არ უნდა ეწეროს თქვენს ყოველდღიურ ასტროლოგიულ პროგნოზში, ყველაფერი მაინც კარგად იქნება. იმისთვის კი ვინც to think you gave her/him all your heart and she/he put it on the shelf მერეც მოიცლით.

როცა ცხოვრებაში განსაკუთრებულად სახალისო არაფერი ხდება და აი ქვეყნის ზურგზე არავის ახსოვხარ, მაინც სასიამოვნოა სამყარო რომ გაგეხუმრება ხასიათზე მოსაყვანად.

იპოვეთ თქვენი სულელური სიმღერა და გაერთეთ. კარგ და ხალისიან დღეს გისურვებთ.

jessica_rabbit___may_22__2014__by_colorfulartist86-d7jgg16.png

118


განწყობის აღწერა რომ დავიწყო მომაბეზრებელი და არაფრის მთქმელი იქნება. თუ მაინც ძალიან გაინტერესებთ პულსი წუთში 118-ჯერ მირტყამს. მოკლედ სპორტული მანქანასავით ძვირფასი და სწრაფი ვარ (რა საშინელი შედარებაა).

ადამიანურ ენაზე გული მაქვს ცუდად, ცოტა უფრო მეცნიერულად ტაქიკარდია მაქვს.

ისე ბუკოვსკის სურათს ვუყურებ და ვფიქრობ ფეხსაცმელი ლურჯად შევღებო (მერე რა რომ არანაირი young man მე არ ვარ და სხვა პუნქტების შესრულება რომც მოვინდომო მინ. ცალფეხა ქალბატონს ვერ მოვიყვან ცოლად. ჰო, კარგი ვიცი, რომ ასე უაპელაციოდ ყველა პუნქტის შესრულება არ მოიაზრება და საერთოდ სულ სხვა რამეზეა ეს ყველაფერი. კბილები რომ ბენზინით გამოვიხეხო? არც ეგ?).

აი, ხომ საგიჟეთია, ერთი შეხედვით ხომ არაფერი გამოდის, გულის მდგომარეობა ხომ უკეთესის სურვილს ტოვებს, ხომ მძიმე პერიოდია, კალიებიც ხომ შემოვიდნენ უკვე, ხომ დაცხა კიდეც, აგვისტოც ხომ მალე მოვა? ახლა, საერთოდ არაფერი მადარდებს.

P.S. ახლა აღმოვაჩინე, 118 ანუ 11/8 ანუ 11 აგვისტო, ანუ რაღაც არსებობს ან მე ვერ ვარ კარგად.

636016364877206636732772._SX540_SY540_

წრეში ბურთი


ყველაფერი წრეზე ტრიალებს.
ერთსა და იმავე წრეში ვდგავარ, ბურთს სხვადასხვა ადამიანები მესვრიან, ოღონდ ერთნაირად. ტრიალისას ახალ სახეებს რომ ვხედავ, ილუზია მაქვს რომ რაღაცები იცვლება. ბურთი იგივეა, სათამაშო მოედანიც და ჩემი თამაშის სტილიც. დიდი ხნის წინ უნდა გავსულიყავი წრიდან, თამაშის წესია ასეთი, როცა ბურთი მოგხვდება უნდა გახვიდე. ჰოდა, მერამდენედ მოგხვდა ფინიკი ბურთი, “ნუ ჟილკობ”! ახლა სხვა უნდა ჩადგეს ამ წრეში, შენ გვერდზე ეზოს ბავშვები გელოდებიან, ვინც არ უნდა იყვნენ, როგორი მიედანიც არ უნდა ქონდეთ და როგორ მაგრადაც არ უნდა ისროდნენ.
ის რომ დედამიწა მრგვალია სულაც არ ნიშნავს რომ წრეზე სიარული მაქვს გამოწერილი.
Fuck it all! მე გავდივარ, გმადლობთ, არ გამაცილოთ, ამბობენ ცუდი ნიშანიაო.

image

ძვირფასო სუპერმენ!


იმ სტატიებს, რომლებსაც ნახვის მომენტში ვერ ვკითხულობ და რომელთა წაკითხვაც მოგვიანებით მინდა facebook-ზე ვინახავ ხოლმე და შემდეგ თვითონ მახსენებს, რომ წასაკითხად რაღაცები მაქვს გადადებული და არ უნდა დამავიწყდეს. დღეს შეხსენება მივიღე იმის თაობაზე რომ “NASA wants you to work on Mars” უნდა წავიკითხო. ცხადია არც მე ვაპირებ წითელ პლანეტაზე აღმოჩენილი ვაკანსიისთვის შევავსო განაცხადი და არც ნასას ქონია განზრახვა ფინიკის ხე გადაერგო იქ, თუმცა მაინც მაინტერესებს რა შესაძლებლობებია მზის სისტემაში ჩემთვის (შენიშვნა: ადამიანი საკუთარი ცხვირისა და მზის სისტემის იქით რიმ ვერ იხედება იმას რა უნდა ელაპარაკო?!).

საუკუნეა საკუთარი მიზეზით არ მიტირია, ძირითადად ტელეშოუებზე, სერიალებზე, ფილმებზე და რეკლამებზე მეტირება ხოლმე. გუშინ უმიზეზოდ ვიტირე, თან იმდენი რომ მომავალი 1 წლის განმავლობაში მაინც მეყოფა. მიზეზი არ მქონია, ნერვული შეტევა მქონდა, რომელიც უკიდურესი გადაღლისა და სტრესისგან მემართება ხოლმე. აი ისე უმიზეზოდ და არსაიდან დამეწყო ისეთი ისტერიკა რომ თან ვტიროდი და თან გაოცებული ვიყავი. მოკლედ, სერიოზულად ავიჭერი. მაშინვე გამოვიწერე დროებითი, სიმპტომური მკურნალობა – ფეხით გასეირნება, 10 მგ. ანტიდეპრესანტი და 100 გრამი ჯეკი ყინულის გარეშე. ისტერიკა კი ჩამიწყნარდა, მაგრამ დროსა და სივრცეში დაკარგვას ვერაფერი უშველა.

უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში სად აღარ ვიყავი, ჯერ იყო და 4 ღამიდან 2 თვითმფრინავში გავატარე, ორ ფრონტზე ერთდროულად ვიბრძოლე, ისე რომ დასვენებითაც კი არ დამისვენია, შემდეგ დავბრუნდი და უკვე ნაცნობ “ფრონტზე”, ნაცნობ “სანგარში” ამოვყავი თავი. შაბათ-კვირას დასვენების მიზნით, ისევ სადღაც გავეშურე და საბოლოოდ გადავედი რელსებიდან. სად ვარ, ვინ ვარ, რა დღეა, რომელი წელია?

ბევრი რამ ვცადე კიდეც, მთის წვერზე, ტყეში აშენებული სახლის ეზოში ადამიანის ჭაჭანება რომ არ იყო “ტოპლეს” გარუჯვიდან (სხვათაშორის სტანდარტულ გარუჯვასთან შედარებით ბევრად სასიამოვნოა) დაწყებული, გამქრალ სიგარეტის კოლოფებზე ნადირობით დამთავრებული (ვერავინ დამაჯერებს რომ როგორც არ უნდა გამეგიჟებინა თავი 2 დღეში 5 კოლოფ სიგარეტს მოვწევდი. აი, შეუძლებელია).

ბავშვობის მეგობრებთან 2 დღიანი უწყვეტი კომუნიკაცია საერთოდ ცალკე პოსტის თემაა. ყველა სამეგობროს რომელიც 2-ზე მეტი ადამიანისგან შედგება, აუცილებლად აქვს საკუთარი ტრადიციები, უნიკალური მახასიათებლები, რომელთა აღმოჩენაც და რომლებზე დაკვირვებაც სასწაულია.

ჰოდა, სანამ მარსზე გადავრგავდე ფინიკის, დედამიწის დროით დამდგარი ორშაბათისთვის უნდა შევემზადო, რომელთან შეხვედრაც რელსებიდან გადასულსა და დროსა და სივრცეში არეულს მიწევს. მძიმე კვირა იწყება ჩემს მიკრო სამყაროში. ჰოდა, სხვა რომ აღარაფერი დამრჩენია: “I’m not normally a praying man, but if you’re up there, please save me, Superman”. სანამ მარსზე გადავიდოდე, დამეხმარე სუპერმენ!

giphy

შოპენი სიზმარში


უძილობის დროს ვერასოდეს ვიგებ სად ვარ და რას ვაკეთებ. რეალობასა და სიზმარს შორისაც ვერ ვპოულობ ზღვარს და მგონია რომ ყველაფერი რაც მიმდინარე მომენტში ხდება მესზიმრება და მალე გამეღვიძება, რის შემდეგაც თავიდან უნდა დაიწყოს სიზმარი.

ვიღაცასთან ერთად მოგზაურობას, უფრო სწორად კი მგზავრობას მიჩვეული არ ვარ. როგორც წესი მარტო მიწევს ხოლმე ხანგრძლივი მგზავრობა, აეროპორტები, გადაჯდომა, თვითმფრინავები და ის სიზმრები, რომლებიც ამ დროს “მესიზმრება”.

ვინაიდან ძირითადად მარტო ვრ ხოლმე ვერასოდეს ვაფიქსირებ როგორ ეწყობა ჩემი ტვინი და როგორ აზროვნებას იწყებს, შენელებულად ვფიქრობ თუ უბრალოდ მე მგონია ასე. დღეს მივხვდი რომ საერთოდ გაუაზრებლად ვმგზავრობ ხოლმე და შეიძლება ითქვას რომ სასწაულად მიმართლებს, ვინაიდან აქამდე არასოდეს და არსად დავკარგულვარ.

პოსტი აეროპორტიდან და ასეთ მდგომარეობაში არასოდეს დამიწერია, თუმცა არც ახლა ვარ დარწმუნებული რომ რაც ახლა ხდება მართლა ხდება და ამ ყველაფერს, რეალობის დაწყებამდე სიზმრად არ ვხედავ.

ახლა, ვარშავას აეროპორტში ვარ, 1 წლის წინაც ვიყავი აქ, მაშინაც ასეთივე გამოუძინებელი და მაშინაც დიდი ხნით, მარტო ვიყავი და ვინაიდან ახლა უფრო ვიაზრებ რომ ვარაუდით დავბოდიალობ, საოცარია რომ მაშინ ქალაქში გასვლაც მოვახერხე, 2 ავტობუსის გამოცვლაც, დროულად უკან დაბრუნებაც და შემდეგ სახლში გაფრენა.

მოგზაურობა ზოგადად ძალიან მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად ასე დროსა და სივრცეში დაკარგულად ყოფნას ვერ ვიტან. რომ ვერ გამიგია სად ვარ, რა მინდა აქ, სად მივდივარ და საერთოდ მართლა ხდება ეს ყველაფერი თუ მეჩვენება/ვბოდავ.

ახლა ჩემს საწოლში ძილს არაფერი მირჩევნია. წინ დაძაბული და დატვირთული კვირაა, რომელიც წუხელ დაიწყო, მაშინ ჩემს საწოლს დანანებით რომ ვუყურებდი და მზად ვიყავი ყველაფერი ფეხებზე დამეკიდებინა და დამეძინა.

ყველაფერი შემიძლია გადავდო გვერდზე, შემიძლია გიჟივით, გონების დაკარგვამდე ვიმუშავო და ამაზე არასოდეს ვიწუწუნო, ერთადერთი რაც არ შემიძლია უძილობაა და ჰო, კიდევ ჩემთვის უჩვეულო გარემოში აღმოჩენა. გარემოს ძნელად და დიდი ხნის განმავლობაში ვეგუები, თუმცა თუ დრო შესაგუებლად ცოტაა, სადღაც მოსაცდელ “ზონაში” ვიწყებ ცხოვრებას და შემდეგ ვერაფრით ვიგებ ამ ზონიდან საით უნდა გავიდე.

ავიხლართე, გონზე მოსასვლელად დაძინება და რაღაც რეალობასთან პირისპირ შეხვედრა მჭირდება, ფორსირებულ რეჟიმში რომ გადავიდე ახალ რელსებზე.

არ მიყვარს ჩემი კომფორტის ზონის დატოვება, კიდევ უფრო მეტად ვერ ვიტან, როდესაც მნიშვნელოვან მოვლენებზე კონტროლს ან ვკარგავ და ან დიდი მანძილიდან, რომელიღაც მოსაცდელი ზონიდან მიწევს ვაკონტროლო ის, რასაც საღი გონება სჭირდება, ანუ ის რაც არ მაქვს და ყოველთვის ვრისკავ რომ მოსაცდელ ზონაში ყოფნისას, სიზმარში ვაკეთებ ყველაფერს.

მძიმე კვირა იქნება, 2 მოსაცდელი ზონით და ბევრი სიზმრებით.

გაიღვიძე ფინიკი.

ვარშავა, შოპენის აეროპორტი. მოსაცდელი ზონა.

კონიაკიანი შოკოლადი


ვინაიდან საშინელ ხასიათზე გავიღვიძე და ვერაფერზე მოვახდინე კონცენტრირება, გადავწყვიტე გავცნობოდი რჩევებს პოზიტიური განწყობის შექმნასთან დაკავშირებით (სეირნობა (გასეირნება რომ შემეძლოს, რჩევების ნეტში ძებნას არ დავიწყებდი), ცურვა, ხტუნვა, ცეკვა და ა.შ.). ჰოდა, 100-ზე მეტი რჩევის წაკითხვის შემდეგაც კი რომ ვერაფერს მივაკვლიე რაც გამომადგებოდა, ისევ საკუთარ თავს ვენდე და ვინაიდან მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა გაგიზიარებთ: ცუდ ხასიათზე ყოფნისას მიირთვით კონიაკიანი შოკოლადი ყავასთან ერთად.

პ.ს. კონიაკიანის ნაცვლად კინაღამ კოკაინიანი დავწერე (ფონად ჩართული სიმღერის გავლენით – Cocaine Socialism). არ იქნებოდა კარგი და სავარაუდოდ ძალიან “სასიამოვნო” განვითარება მოყვებოდა ამ რჩევას.

და თუ ისე “გამიმართლებდა” რომ დაკითხვაზეც ამოვყოფდი თავს, აუცილებლად გავუწვდიდი ყურსასმენებს, ჩავურთავდი სიმღერას და ვეტყოდი: Doin’ fine, yeah! Buzzin’ all the time, Just one hit and I feel great and I support the Georgian Dream.

სიმღერა ბონუსად.

 

Countdown


Keep very still, for the strangest things are about to happen.

დილები მეზიზღება. ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მძულს ყველა და ყველაფერი. პირველი ღერი სიგარეტიც მეუგემურება, პირველი სიმღერაც სხვანაირად უკრავს, პირველი გამარჯობისა და პირველი დილა მშვიდობისას ავტორებსაც ვერ ვიტან. მეზიზღება პირველი სიცილი რომელიც მესმის, პირველი ხუმრობა, ყველაფერი პირველი, რაც დილაობით ხდება.

I wasted all my time on all those stupid things that only get me down.

ცხოვრებაში რაც უფრო მაღალია გადაწყვეტილების მიღებისთვის გასათვალისწინებელი გარემოებების სია, მით უფრო დაბალია „ბედნიერების“ დონე.

საკუთარ ცხოვრებასთან ხელშეკრულების შედგენა გიფიქრიათ? ხელშეკრულებაში ყოველთვისაა გაწერილი მხარეთა უფლება-მოვალეობანი. როგორც წესი ერთ-ერთ მხარეს  ნაკლები უფლება და მეტი მოვალეობა აქვს. ჰოდა, დაჯექით და გაწერეთ, თუ გნებავთ ნებისმიერ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, თუ გნებავთ ზოგადად და ნახეთ პროპორცია უფლებებსა და მოვალეობებს შორის. შემდეგ შეგიძლიათ მარტივად გადაიყვანოთ ციფრებში ან პროცენტებში და გამოიყვანოთ თქვენი ბედნიერების კოეფიციენტი.

ახლა ნახეთ ვალდებულებების დარღვევისთვის რა ჯარიმები გეკისრებათ თქვენ და შეამოწმეთ მეორე მხარე როგორ აგებს პასუხს და საერთოდ აგებს თუ არა.

რა მნიშვნელობა აქვს რისთვის და როდის ირთვება countdown.

ვალდებულებების რაოდენობის ზრდასთან ერთად იკლებს მოსაყოლი ისტორიები. აი, თქვენ მიერ ვალდებულებების პირნათლად შესრულების შესახებ არსებული რუტინული ამბების მოსმენა კი არავის აინტერესებს, მათ შორის (ან პირველ რიგში) არც თქვენ.

No strange things ever happen to ordinary people.

Ok,

You don’t have to care

Really, oh, oh really, I swear!