სანამ 30 წლის გავხდები


შესავალი – მგონი, ზედმეტად გულახდილი გამომივიდა და იქნებ მაინც მეკითხა საკუთარი თავისთვის – ნამდვილად მინდა ამის გამოქვეყნება?! (მერე რა რომ ღამეა და ღამით ისე ვიქცევი როგორც მთვრალი, დარწმუნებული ვარ რომ დილით არ ვინანებ?!).

მაშასადამე, გათენდა, აზრი მომეკითხება და მიმიფურთხებია რომ ზედმეტად გულახდილი ვარ.

ვინც იცის ვინაა ფინიკი – კითხულობს და არ იმჩნევს. Just smile and wave boys, just smile and wave!

ვისაც აქ შემოცდენია ფეხი, ყველამ იცის როგორ ველოდები ხოლმე ჩემს დაბადების დღეს და როგორი გრანდიოზული გეგმები თუ მოლოდინები მაკავშირებს ამ თარიღთან. ასევე ფრიად უჩვეულო დამოკიდებულება მაქვს ასაკის მიმართ, მით უფრო თუ ეს ასაკი ზოგადად გარდამტეხად ითვლება. 5 წლის წინ, 25 წლის რომ ვხდებოდი, დაბადების დღემდე 10 დღით ადრე დავგეგმე თითოეული დარჩენილი დღე და ჩამოვთვალე რა უნდა გამეკეთებინა სანამ „მეოთხედი საუკუნის“ გავხდებოდი (აკვიატებული მქონდა რომ ეს მეოთხედი საუკუნე დიდი ამბავი იყო), რაღაცები ისე გამოვიდა როგორც მინდოდა, რაღაცები არა. მოკლედ ასე თუ ისე, წარმატებული და რაც მთავარია გასართობი „პროექტი“ იყო. ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ პუნქტს „წერილი 30 წლის ფინიკის“ წარმოადგენდა, რომელიც დავწერე და ახლა წარმოდგენა არ მაქვს რა წერია შიგნით, თუმცა დაახლოებით ვხვდები რა შეიძლებოდა მქონოდა აკვიატებული. წერილს 11 აგვისტოს გავხსნი, როგორც იყო ჩაფიქრებული და ვნახოთ, როგორ წარმოედგინა 25 წლის ფინიკის, 30 წლის ფინიკი და საერთოდ ეგონა თუ არა, რომ 30 წლის თინიკოს ცხოვრებაში კვლავ იარსებებდა ფინიკი.

3 თვეში 30 წლის ვხვდები (ნუ 3 თვეზე ოდნავ ნაკლები დროა დარჩენილი). 30 როგორც სუბიექტურად, ისე ობიექტურად მნიშვნელოვან დამრგვალებად ითვლება და ადრე თუ არ მჯეროდა რომ ასაკთან ერთად რაღაცები იცვლებოდა, ახლა ძალიანაც მჯერა.

დღეს, ჟურნალ „გლამურის“ 1997 წლის სტატიას (ანუ მე რომ 11 წლის ვიყავი) წამოვედე სათაურით „30 რამ, რაც ყველა ქალს უნდა ქონდეს და ყველა ქალმა უნდა იცოდეს როცა 30 წლის გახდება“. ასეთი სისულელეები ზოგადად არ მიზიდავს, მაგრამ ვინაიდან ამჟამად აკვიატებულ აზრებს ძალიან დაემთხვა, გადავწყვიტე გავცნობოდი და ცხადია გაცნობასთან ერთად, გაჩნდა იდეა იმის თაობაზე, რომ ახლა ოდნავ უფრო დიდი ხნით ადრე უნდა დავიწყო ამ ასაკისთვის „მზადება“. როგორც ემილი გიფინის “something borrowed”-ში რეიჩელი ამბობს, რაღაც უნდა გავაკეთო ჩემი “twenty-somethingness”-ის ბოლო დღეებში/თვეებში. არ მგონია, რომ ასეთ საკითხებში ვიღაცის „სიას“ უნდა მოვერგოთ, მაგრამ ჯერ ეს ზოგადი სია ჩავიაროთ და შემდეგ ჩამოვაყალიბებ დარჩენილი თვეების გრანდიოზულ გეგმას.

მაშ ასე, სტატიის მიხედვით, 30 წლისთვის უნდა გქონდეს/გყავდეს:

  1. ერთი ყოფილი შეყვარებული, რომელთან დაბრუნებაც თეორიულად წარმოგიდგენია და ერთი ისეთი, ვისი გახსენებაც გაგრძნობინებს როგორ შეიცვალე/რამდენად გამოცდი მაშინდელ რეალობას; – აქედან ერთ-ერთ პუნქტში დიდი მსუქანი მინუსი უნდა დავსვა, რომელში არ დავკონკრეტდები. ან პრინციპში, ალბათ ორივეში უნდა გავმინუსდე. ინგლისურ ვერსიაში boyfriend წერია, ჰოდა, ადექი და გაიმინუსე თავი (ქართული ვერსიაც დიდი ვერაფერი შვებაა). თუმცა ახლა, ამის შეცვლას არ ვაპირებ;
  2. ერთი ფრიად რიგიანი ავეჯის ნაწილი, რომელიც შენამდე არავის ქონია/უხმარია (და მემკვიდრეობით არავისგან გადმოგეცა); – ოჰ, მოიცა, მოიცა, მოიცა… ნწ, არა, არაფერი;
  3. ტანსაცმელი, რომელიც შეგიძლია ჩაიცვა თუ დამქირავებელს ან შენი ოცნების მამაკაცს, შენი 1 საათში ნახვა უნდა; – პრინციპში გააჩნია სად მივდივართ, მაგრამ აქ დიდ, მსუქან პლიუსს დავუწერ საკუთარ თავს;
  4. ჩანთა, ჩემოდანი და ქოლგა, რომელიც შეგიძლია ისე დაიჭირო რომ არ შეგრცხვეს; – კმაყოფილი ვიღიმი. დიახაც;
  5. კმაყოფილების მომგვრელი ახალგაზრდობა, რომელიც შეგიძლია უკან მოიტოვო; – პრინციპში რატომაც არა?! მაგრამ სულაც არ ვტოვებ ახალგაზრდობას უკან. რა მანერაა ეს?!
  6. ისეთი გემრიელი წარსული, რომლის მოყოლაც მოგინდება დიდ ასაკში; – ჰმმ, ცოტა პირობითია არა?! კი, ალბათ არის რაღაცები;
  7. უნდა გქონდეს გააზრებული, რომ რატომღაც (გაუგებარია რატომ) მოხუცდები და იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყო პენსიაზე გასვლის შემდეგ, ამაზე ზრუნვა უნდა დაიწყო; – ჰო, კაი, ვიცი რომ მოვხუცდები (მგონი), ზრუნვა გარკვეულწილად დაწყებული მაქვს;
  8. ელ.ფოსტის მისამართი და საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელზეც წვდომა არავის აქვს; – კარგი ახლა, კი ვიცი რომ 1997 წლის სტატიაა, მაგრამ კარგი რა. ერთიც მაქვს და მეორეც, თან 10 წელზე მეტია;
  9. სივი/რეზიუმე, რომელიც ოდნავ, აი სულ ოდნავადაც კი არ არის „გაბერილი“; – კიდევ ერთი ფუმფულა პლიუსი ჩემს ანგარიშზე;
  10. ერთი მეგობარი, რომელიც მუდმივად გაცინებს და მეორე, რომელიც პირიქით ხშირად ეხება შენს გრძნობებს ისე რომ გეტირება; – ნუ, ახლა მუდმივად მაცინებს ცოტა უტრირებულია, ისევე როგორც ზე-მგრძნობიარე და ტირილს მოწყურებული არსება, მაგრამ ერთიც მყავს და მეორეც. თან არა ერთი. მაგრამ მაინც გამოდით „სუსტი“ და „მომეფერე“;
  11. სახრახნისების ნაკრები, უკაბელო დრელი (ჰა?) და შავი, მაქმანებიანი ლიფი; – პირადი არც სახრახნისების ნაკრები მაქვს და არც უკაბელო დრელი. პრინციპში, სასაცილოა მაგრამ, მგონი არც შავი მაქმანებიანი ლიფის „ამაყი მფლობელი“ ვარ (ოღონდ, მოიცადეთ, მხოლოდ იმიტომ რომ უფრო წითელ ფერს ვანიჭებ უპირატესობას). გაწითლება რომ შემეძლოს, ახლა ნამდვილად გავწითლდებოდი;
  12. სასწაულად ძვირი ნივთი, რომელიც მხოლოდ იმიტომ იყიდეთ, რომ ამას იმსახურებთ; – ჰმმ, სასწაულად ძვირი, სასაცილოა. ძირითადად მოგზაურობასა და დასვენებაში ვხარჯავ ხოლმე ფულს, მაგრამ, არა, გამახსენდა, კი საკუთარი თავი ამგვარად ნამდვილად დამიფასებია და აი 30 წლის რომ გავხდები აუცილებლად დავაფასებ კიდევ ერთხელ (ჩაწერე ფინიკი გეგმაში);
  13. იმის რწმენა, რომ შენ ამას იმსახურებ; – დიახაც;
  14. კანის მოვლის რეჟიმი, ვარჯიშის რუტინა და იმ საკითხებთან/ასპექტებთან გამკლავების გეგმა, რომლებიც 30 წლის შემდეგ არ გაუმჯობესდება; – რაც შეეხება პირველს, გარკვეული რეჟიმი მაქვს, თუმცა რამდენადაა ასაკთან შესაფერისი არ ვიცი (ასაკთან შედარებით გადასარევად გამოვიყურები), ვარჯიშის რუტინა – სასაცილოა, მაგრამ სწორედ 30-ს მოახლოებისას მივხვდი ამის საჭიროებას და დავიწყე კიდეც (მერე რა რომ ახლა ცოტა ხნიანი პაუზა მაქვს), ხოლო რაც შეეხება მესამეს, მომიწევს დავფიქრდე;
  15. კარგი კარიერის სოლიდური საწყისი, კმაყოფილების მომგვრელი ურთიერთობა და ყველაფერი ის, რაც 30 წლის შემდეგ გაუმჯობესდება; – კარგი. პირველ პუნქტში ისევ მსუქანი პლიუსი დამიწერეთ, მეორეში გამამინუსეთ და ახლა ახსნა არ დამაწყებინოთ რა.

მეორე ნაწილი ანუ სტატიის მიხედვით 30 წლისთვის უნდა იცოდე:

  1. როგორ შეგიყვარდეს ისე, რომ თავი არ დაკარგო; – თავი რა? დაკარგო? ჰა? დავიშალეთ!
  2. როგორი დამოკიდებულება გაქვს შვილების ყოლის მიმართ; – აქ ჩამოყალიბებული ვარ (არაა სასაცილო!);
  3. როგორ წამოხვიდე სამსახურიდან, დაშორდე პარტნიორს და „შეეჯახო“/დაუპირისპირდე მეგობარს ისე რომ არ გააფუჭო მეგობრობა; – “როგორ”-ში იურიდიულ ნაწილს არ გულისხმობთ ალბათ ხომ?! ვინაიდან აბსოლუტურად ყველაფერში ძალიან, ძალიან, ძალიან ერთგული ვარ, ეს ძალიან მერთულება. დაშორდე პარტნიორს? აუ, წინა პუნქტებს გაეცანით რა და ნუ დამღალეთ;
  4. როდის ღირს ბრძოლა და როდის უნდა დანებდე და წამოხვიდე; – დანებება ძალიან მიჭირს რადიკალური მიდგომებიდან გამომდინარე, თუმცა ალბათ გარჩევა შემიძლია;
  5. როგორ აკოცო ისე, რომ ამ კოცნით მოახდინო შენი განზრახვების კომუნიკაცია – რა გინდა რომ მოხდეს კოცნის შემდეგ და რა არა; – გავაკეთო კომენტარი?! კვნესა თქვენ!
  6. შემდეგი პირების სახელები: პრემიერ-მინისტრი (ჩვენს რეალობაში), შენი დიდი ბებია და ქალაქში საუკეთესო მკერავი; – პრემიერი კვირიკაშვილია ხომ?! დიდი ბებიები – ანეტა (ორივე მხრიდან იყო ერთი ანეტა, ამიტომ 2 ჩაწერეთ ჩემს ანგარიშზე) და… ვაიმეე! წარმოდგენა არ მაქვს ბაბუების დედებს რა ერქვათ. ზინათი, დედაჩემის ბებიის დით რომ ჩავანაცვლო, არ გამოვა? მკერავებზე არაფერი ვიცი, არ მაინტერესებს, არც გავიკითხავ და საერთოდ ეს რა მონაჩმახია?!
  7. როგორ იცხოვრო მარტომ, მიუხედავად იმისა გინდა თუ არა მარტო ცხოვრება; – უფ, გადასარევად ვიცი;
  8. როგორ დაგეგმო/კონტროლზე აიყვანო შენი დაბადების დღე; – სულ ასე არაა?! რას გულისხმობთ აქ?! პატარა ინსტრუქციაც რომ მოეყოლებინათ არ იქნებოდა ურიგო.
  9. იცოდე რომ შენ ვერ შეცვლი შენი წვივების სიგრძეს, მენჯის სიგანეს და შენი მშობლების ბუნებას; – კაი;
  10. რომ შესაძლოა შენი ბავშვობა არ იყო იდეალური, თუმცა დასრულდა; – იდეალური ნამდვილად არ იყო, მაგრამ ეს დღეს დიდად არ მაწუხებს. არც ის მაწუხებს დიდად, რომ დასრულდა და მშვენივრად მაქვს გაცნობიერებული;
  11. რას გააკეთებ და რას არ გააკეთებ ფულისა და სიყვარულისთვის; – მშვენივრად ვიცი, თუმცა გარემოებათა ერთობლიობა და ემოციური დამოკიდებულებები ხშირად რაღაცებს ცვლის ხოლმე, ამიტომ ეს არც 30 წლის ასაკში იცის ვინმემ და არც შემდეგ. ამიტომ არ გვინდა ეს “ბულშითი”;
  12. რომ მოწევით, დალევით, ნარკოტიკების მიღებითა და კბილების წმენდის გარეშე შორს ვერავინ მიდის; – გადავიხარხარე. ვეწევი (ამ ეტაპზე არ ვაპირებ დანებებას და როგორც ადრე, არც ახლა ვქადაგებ რომ სიგარეტი კარგია, თუმცა ეს გაცნობიერებული არჩევანია), ვსვამ (თუმცა სერიოზულ თრობამდე წლებია აღარ დამილევია), მიყვარს წრუპვა და მგონია რომ ამაშიც ზომის ცოდნაა საჭირო. კბილებს თავს ვევლები საკმაოდ დიდი ხანია (ისევე როგორც თმას). ნარკოტიკულ საშუალებებზე კომენტარს არ გავაკეთებ, ეს ის სივრცეა რომელთანაც არასოდეს მქონია გადაკვეთა.
  13. ვისი ნდობა შეგიძლია, ვისი არა და რატომ არ უნდა მიიღო ყველაფერი პირადულად; – კარგი. დაახლოებით ვიცი ვისი ნდობა შემიძლია, ზუსტად ვიცი ვისი არა და მიჭირს პირადულთან ზღვარის გავლება (nothing personal და რამე (თვალების ატრიალება)).
  14. არ მოიხადო ბოდიში იმისთვის რაც შენი ბრალი არაა; – ვინაიდან სამართლიანობაზე სრულიად შეშლილი ვარ, მიუხედავად იმისა რომ ზოგჯერ ბოდიშის მოხდა ძალიან მარტივი გამოსავალია, ბოდიშს არასოდეს ვიხდი იმისთვის, რისთვისაც თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ;
  15. რატომ ამბობენ რომ ცხოვრება 30-ს შემდეგ იწყება; – ამაზე კარგი მოკვლევა უნდა ჩავატარო.

როგორც იქნა გავედით ბოლოში. ახლა შევაჯამოთ – გარკვეულ საკითხებში ფუმფულა პლიუსები მაქვს, გარკვეულ საკითხებში გრანდიოზული მინუსები და რაღაცებს საერთოდ არ ვეთანხმები.

ჩემი აზრით, ყველას აქვს პერსონალური სია, რამდენ პუნქტიანი არ ვიცი, მაგრამ ყველას აქვს.

ჰოდა, ახლა დროა ფინიკიმ ჩამოაყალიბოს ეს სია და დავიწყოთ პროექტი „ჩემი twenty-somethingness-ის ბოლო თვეები ანუ სანამ 30 წლის გავხდები.“ მგონი ბევრი რამ მაქვს მოსასწრები. ამ დღეების ქრონიკას კი ბლოგზე ვაწარმოებ.

30-before-30

Advertisements

4 thoughts on “სანამ 30 წლის გავხდები

  1. რატომღაც დიდი მოუთმენლობით ველოდი 30 წელს. ასე ველოდი19-ს და 21-ს. რიცხვების ამოჩემებაც კი ვიცი, მაგრამ ამ 30-ს რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი ქონდა. თითქოს ახალი ეტაპი იწყება ცხოვრების, ბალზაკის ასაკი ქალის ცხოვრებაში ყველაზე ტკბილი და საინტერესოაო და მჯეროდა რატომღაც. 😀 ახლა 31-ს დიდი ინტერესით აღარ ველი, 40-მდე ან 50-მდე მგონია რომ ყველა წელს მსგავსი ემოციური დატვირთვა ექნება. მერე კი ცხოვრების სხვა ეტაპია. ყველა ეტაპი კი თავისებურად საინტერესოა.

    Liked by 1 person

    1. კი, ჩემთვისაც ბევრი ემოცია ახლავს ასაკებს. 30-ს კი რაღაც განსაკუთრებულად ველოდები. მინდა/არ მინდა სხვა თემაა, თუმცა ველოდები. 25-ს მერე, იყო 28 რომელსაც ველოდი, ერთი სიმღერის გამო, რომელიც მაშინ მოვისმინე 25-ს რომ ვხდებოდი. ახლა 30-ა, შემდეგშიც იქნება ასეთი ასაკები, რომლებსაც ექნება განსაკუთრებული დატვირთვა 🙂 გეთანხმები, რომ ყველა ასაკს თავის ემოციური დატვირთვა აქვს, ეტაპები იცვლება და ყველა ეტაპი ძალიან საინტერესოა 🙂

      Liked by 1 person

    1. ყოველთვის რაღაცას ველოდები ხოლმე ჩემი დაბადების დღის დადგომასთან და ახალი ასაკის შესრულებასთან ერთად, ხოლო თუ ასაკი, რაღაცით გამორჩეული და “მრგვალია”, მაშინ მით უფრო მიჩნდება მოლოდინის განცდა და იმის სურვილი რომ რაღაც “მოვიმოქმედო” ამასთან დაკავშირებით. ძალიან სწრაფად გადის დრო და ყველაზე ცუდი ისაა თუ არაფერი იცვლება, ეს ურყევობა არ მიყვარს და ამიტომ ვიგონებ ხოლმე მიზეზებს, რომ გამოვიდე არსებული ჩარჩოებიდან. დროთა განმავლობაში აუცილებლად იცვლება რაღაც და თუ რამის შეცვლა გინდა, ხელოვნური ჩარევა, აზარტის ელემენტებით კარგი იდეაა 🙂

      Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s