1995 – Disco 2000


1995-ში, Pulp-ის Disco 2000 რომ გამოვიდა 9 წლის ვიყავი. არ ვიცი ვინმეს გახსოვთ თუ არა, მაგრამ ძალიან პოპულარული იყო. თუ არ ვცდები ეს პირველი სიმღერა იყო, რომელიც მოვისმინე PULP-ის შესრულებით. მაგ პერიოდიდან სულ რამდენიმე სიმღერა მახსოვს:

  1. Fugees – Fu-Gee-La (უშუალოდ სიმღერას/მელოდიას საერთოდ ვერ ვიხსენებ, უნდა ჩავრთო მოვისმინო. უცნაურია, Fu-Gee-La-ც 1995 წელს ყოფილა გამოსული);
  2. Joan Osborne – One of Us (ესეც 1995 წელს გამოსულა) – ეს სიმღერა მაშინ ისე ამოვიდა ყელში, დღემდე ვერ ვუსმენ;
  3. 2Pac featuring Dr. Dre – California Love (Released December 28, 1995);
  4. Kylie Minogue & Nick Cave – Where the Wild Roses Grow (Released 2 October 1995) – კაილისთვის ეს ყველაზე მაგარი პერიოდი იყო, მგონი ამ დროს იყო Confide in Me-ც, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა კაილის სიმღერებში (შენიშვნა – 1994 წელს გამოსულა). ამავე პერიოდში ქონდა კაილის რომანი INXS-ს ვოკალისტთან და სიმღერებზე აშკარად ძალიან კარგი გავლენა ქონდა. 1997 წელს ჩამოიხრჩო თავი Hutchence-მა, ძალიან კარგად მახსოვს ეს მოვლენაც;
  5. Alanis Morissette – Ironic (1995) – არ გახსოვთ კლიპი? მანქანაში, 5 Alanis Morissette რომაა;
  6. Coolio – Gangsta’s Paradise (August 8, 1995) – ამ სიმღერაზე უფრო ფილმი (Dangerous Minds)და Michelle Pfeiffer მახსენდება;
  7. Pulp – Disco 2000 (1995);
  8. Pulp – Common People (1995) – ეს ცალკე პოსტის თემაა.

დღემდე წარმოდგენა არ მქონდა რომელი სიმღერა ზუსტად რომელ წელს გამოვიდა. უცნაურია, როგორც აღმოჩნდა, სიმღერების თვალსაზრისით ჩემთვის ყველაზე დასამახასოვრებელი 1995 წელი იყო.

Pulp-ის Disco 2000 1995 წლის შემდეგ არ დამვიწყებია და ამდენი წლის განმავლობაში (20 წელი გავიდა) არ მომბეზრდა. ჩემს აბსოლუტურად ყველა ფლეილისთში იყო (კასეტებიდან დაწყებული, მობილურის ფლეილისთებით დამთავრებული).

ნუ, ვინაიდან მაშინ 9 წლის ვიყავი, ძირითადად კლიპითა (მართლა ძალიან კარგი კლიპი აქვს მგონი, ან ძალიან მიკერძოებული ვარ) და სიმღერით მოვიხიბლე, ისე რომ შინაარსი არც მესმოდა და არც დავინტერესებულვარ.

გარდა იმისა რომ ერთადერთი სიმღერაა რომელიც არ მომბეზრდა, ასევე ერთადერთია რომელიც ყველანაირ განწყობაზე ყოფნისას მიდის.

წლების შემდეგ, სრულიად შევიშალე Pulp-ზე (Common People, Cocaine Socialism, I spy ა.შ. და ა.შ.), თუმცა სხვა სიმღერებზე მერე მოვყვები.

მგონი ამ სიმღერით გავიაზრე მაშინ რომ 2000 წელი მართლა მოდიოდა და არც ისე შორი იყო. მახსოვს სრულიად წარმოუდგენლად მეჩვენებოდა რომ ახალი საუკუნე უნდა დაწყებულიყო და მე ამ დროს არათუ ცოცხალი, სულ 14 წლის ვიქნებოდი.

სიმღერა დებორაზეა, რეალურ ბავშვობის მეგობარზე, რომელიც გადავიდა სხვაგან, გათხოვდა და ა.შ. ანუ ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც სიმღერაშია.

Pulp-ის სიმღერებში ყველაზე მეტად ისტორიები მიყვარს.

You were the first girl at school to get breasts.
Martyn said that yours were the best.
The boys all loved you but I was a mess.
I had to watch them trying to get you undressed.
We were friends but that was as far as it went.
I used to walk you home.
Sometimes it meant nothing to you cause you were so very popular.

Ah Deborah do you recall.

ყვავილები ფინიკისგან


დღეს, ცოტა ხნის წინ გაწერილი გეგმის (სანამ 30 წლის გავხდები) ერთ-ერთი პუქნტის აღსრულება დავიწყე. ერთი შეხედვით ყველაზე მარტივის. პირველი თაიგული გავაგზავნე. სულ 2 მაქვს გასაგზავნი (მსურველებს ვთხოვე გამოჩენილიყვნენ და 2 გამოჩნდა).

იშვიათად კარგი შეგრძნებაა, შერჩევა, ბარათის ტექსტის მოფიქრება, სასურველი დროის მითითება დ ა.შ. რთული სათქმელია ვინ უფრო დიდ სიამოვნებას იღებს, ის ვისაც უგზავნიან თუ ის ვინც აგზავნის.

სხვა ადამიანებისთვის პოზიტივის ჩუქებით გამოწვეულ სიხარულზე მაგარი მგონი არაფერია.

ადრე ვიჩემებდი ყვავილები არ მიყვარს მეთქი, მათი ჩუქების აზრი არ მესმის და ვინაიდან გამოყენება არ გააჩნია, მათი ჩუქება ძალიან არაპრაქტიკულია მეთქი. ჰოდა, სისულელეებს ვროშავდი. ყველაფერს თავის დანიშნულება და აზრი აქვს. ალბათ ჩუქებით გამოწვეულ სიამოვნებას, მიღებით გამოწვეული ემოცია არაფრით ჩამოუვარდება.

აქ კიდევ ერთი მომენტია, განსაკუთრებული შეგრძნებაა ყვავილების გაგზავნა და არა მათი ყიდვა და ადრესატისთვის მირთმევა.

სასიამოვნო განწყობაზე გაყენებს მოლოდინის შეგრძნება, როცა შენ იცი რომ სულ ცოტა ხანში მიუტანენ, ადრესატს კი წარმოდგენა არ აქვს. როცა იცი, რომ ვიღაცის დღე აუცილებლად გახალისდება, ვიღაც შენი მიზეზით გაიღიმებს და ა.შ. ალბათ ესაა ე.წ. „სამყაროს შეცვლა“, როდესაც შენი წვლილი შეგაქვს სხვა ადამიანების ცხოვრების გახალისებაში, რომლებიც თავის მხრივ პოზიტივს გაავრცელებენ მათ ირგვლივ და მართალია, პატარა, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვან ჯაჭვს დაუდებ სათავეს.

მართალია თაიგული ჯერ არ მისულა ადრესატამდე, თუმცა მე უკვე მივიღე პოზიტივის ის დოზა, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია კვირის დასაწყისში. როდესაც დადებითი მუხტით იწყებ დღეს, პრობლემები და დაბრკოლებები პატარავდება და ის მღელვარება, რომელიც სხვა ნებისმიერ შემთხვევაში საბოლოოდ მოგიშხამავდა განწყობას, დღეს უმნიშვნელოა.

წინ კიდევ ერთი თაიგულია. სხვა თუ არაფერი, საკუთარ თავს ასეთ სიამოვნებაზე არასოდეს უნდა ვუთხრა უარი და წესად დავნერგო.

(c) “მეყვავილე ფინიკი”

Chosing-the-right-variety

ფილტრი


როგორც ამბობენ, თუ კარგის თქმა არ შეგიძლია, ჯობია არაფერი თქვა. შეიძლება ამაზე ფილოსოფიური მსჯელობა, თუმცა ზედაპირულად აბსოლუტურად ვეთანხმები, ასე ვიქცევი თუ არა, სხვა საქმეა.
ამ წესის დანერგვა პირველ რიგში საკუთარი კეთილდღეობისთვისაა საჭირო. ნეგატივის გამოხატვისას, ეს ნეგატივი ყველაზე დიდი დოზით ისევ მე მიბრუნდება და შემდეგ საათები გადის იმაზე ფიქრში რა ამაზრზენი ვარ. თუ პოზიტიური გარემოს შექმნას ვცდილობ, ნეგატივის ფრქვევა ამის მისაღწევად ნამდვილად არ გამოდგება. სწორედ ის ადამიანები უნდა გაფილტროთ თქვენი ცხოვრებიდან, რომლებთანაც ვერც კარგს ამბობთ და ვერც გაჩუმებას ახერხებთ.
დღეს ძალიან არ მიყვარს ჩემი თავი.
ცუდი გოგო ხარ შენ ფინიკო!

image

You can tell your mom I moved to Arkansas


შაბათს დილით, დიდი ხნის მივიწყებული ანტიდეპრესანტის მიღების შედეგად სახეზე გვაქვს უკიდურესი ძილიანობა და შემაწუხებელი სიმშვიდე. სიარულითაც ისე დავდივარ, მიწას ვერ ვგრძნობ. ადრე თუ 20 ან 25 მგ.-ს ვსვამდი, ახლა ერთჯერადად მიღებულმა 10 მგ.-მა დამარწმუნა რომ გრავიტაცია არ არსებობს და ესეც დიდი შეთქმულების ნაწილია. ე.ი. შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ აშკარა გაუმჯობესებასთან გვაქვს საქმე, ხომ ასეა? პრინციპში გააჩნია რას ვეძახით გაუმჯობესებას.

ანტიდეპრესანტებზე საუბარი არ მინდა (მაგრამ კარგია, რომ ისეთ დროს გადავწყვიტე მათ გარეშე ცხოვრება, როცა რამდენიმე ფირფიტა ჯერ კიდევ მქონდა დარჩენილი, საჭიროების შემთხვევაში (ანუ ისეთ ხასიათზე ყოფნისას, როგორზეც შაბათს ვიყავი) შემიძლია მივადგე „მარაგას“).

ანტიდეპრესანტების მიღებისას, ალკოჰოლის მიღება რეკომედებული არ არის, თუმცა რამდენიმე უცხოურ ფორუმზე წავიკითხე რომ ეგ არაფერი. რეალურად ერთადერთი რაც ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაგემართოთ არის ზღვარგადასული სიმშვიდის გაათმაგება, ძილთან ბრძოლის უუნარობა, სეირნობის სურვილი და ტუჩების დაბუჟება.

ჰოდა, რახან მაინც კარგ ხასიათზე ვართ და ისედაც უაზროდ ვიღიმით, რამე კარგი სიმღერა არ გვაწყენდა.

აბა, დაფიქრდით ვის უმღერებდით ამ სიმღერას? ფანჯრების ქვეშ უნდა ჩაურთოთ „You can tell your dog to bite my leg“.

 

You can tell the world you never was my girl

You can burn my clothes up when I’m gone

You can tell your friends just what a fool I’ve been

And laugh and joke about me on the phone

You can tell your mom I moved to Arkansas

You can tell your dog to bite my leg

Or tell your brother Cliff whose fist can tell my lip

He never really liked me anyway

 

გიჟივით მეცინება, თუმცა სიგიჟისთვის შეუფერებლად მშვიდი ვარ.

გეგმა “სანამ 30 წლის გავხდები” – ნაწილი I


საქმე არც ბედნიერებაშია და არც სხვა რამეში, რეალურად საქმე არაფერშია, ეს ყველაფერი ჩემი მორიგი აკვიატებაა და მეტი არაფერი. ცუდია ეს თუ კარგი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც საკუთარ თავს რაღაც ვადას უწესებ გარკვეული „დავალებების“ შესასრულებლად, ისეთი განცდა ჩნდება რომ ყველაფერი ამ ვადაში უნდა ჩაატიო, ყველაფერი რისი გაკეთებაც გინდოდა და გამბედაობა არ გყოფნიდა, იმიტომ რომ შემოსაზღვრული ვადები, რაღაც „ჯადოსნურ“ ატმოსფეროს ქმნის. იცი რას გავს? რომ გგონია ვადის ამოწურვის შემდეგ არაფერი იქნება და თითქოს, თვალის გასწორება მიღებული გადაწყვეტილებებისა თუ განხორციელებული ქმედებების შედეგისთვის არ მოგიწევს. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდე სად გადის ზღვარი და რომელი ქმედების შედეგი იქნება დესტრუქციული, ვინაიდან ამ პერიოდის ჯადოსნური დატვირთვა დასრულება კი არა დასაწყისია. ჰო, ანუ ყველაფერი რასაც გადაწყვეტ და აღასრულებ, რაღაცას ჩაუყრის საფუძველს, რაღაც ახალს, შესაბამისად, მიუხედავად კონკრეტული მომენტებით მიღებული წარმოსახვითი სიამოვნებისა, მთავარი მაინც ალბათ შედეგი იქნება, ჰოდა, მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო.

მეორე სირთულეს მაშინ აწყდები, როცა იაზრებ რომ ეშმაკმა უწყის რატომ, მაგრამ გადაწყვიტე რომ ყველაფერი, ყველა გადაწყვეტილება თუ ქმედება საქვეყნოდ გამოგეფინა (მერე რა თუ ეს „საქვეყნოდ გამოფენა“ შესაძლოა სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელ ადამიანს გულისხმობდეს). შენც ხომ იცი რომ სინამდვილეში არავითარი ზღვარი ფინიკისა და თინიკოს შორის არ არსებობს და როგორ მონდომებითაც არ უნდა აკიდო ყველა სამომავლო ქმედებაზე პასუხისმგებლობა ამ მოგონილ არსებას, შედეგებს მაინც შენ იწვნევ.

ჩვენს შორის რომელიღაცამ (ფინიკიმ ან თინიკომ) ყურები (თუ ხელები) ჩამოყარა, ისევ Other Lives ჩართო და დეპრესიულ უმოქმედობაში გადაეშვა. მოტყუებით უდარდელობას მიეცა და „მიმიფურთხებია“ პოზაში მიაწვა სკამის საზურგეს.

როდესაც საკუთარ გადაწყვეტილებებს საჯარო სივრცეში აქვეყნებ, პასუხისმგებლობა მათ შესრულებაზე გიათმაგდება, რაც მათი შესრულების ერთგვარ გარანტს წარმოადგენს, ეს იმიტომ ხდება რომ შენნაირებისთვის საჯაროდ დადებული პირობების შესრულებაზე მნიშვნელოვანი არაფერია (საკუთარი თავი რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ გააცურე, ამას გადაიტან). „გაგიკვირდებათ“ და ამ განცხადებაში ასტროლოგები უცნაურს ვერაფერს დაინახავდნენ და ერთხმად მოყვებოდნენ იმის მტკიცებას, ნამდვილად ასეა, აგვისტოში დაბადებულები აი, ეგეთები არიანო.

ახლა წარმოიდგინეთ რაოდენ რთულია შემოსაზღვრული ვადით გაჩენილი ჯადოსნურობის გამო გაჩენილი გიჟური იდეების გადარჩევა, როდესაც ის ვინც, შენს წარმოსახვაში ძალიან გგავს და აჟიტირებული დახტუნავს ყველა ამ იდეის გაჟღერებაზე, უნდა მოთოკო და აუხსნა რომ რაღაცების დაგეგმვას აზრი არ აქვს, ვინაიდან განხორციელება მაინც არ უწერია, შენ, ანუ იმას, ვისაც ამ გადარეულივით მოხტუნავე არსებასთან საერთო თითქმის არაფერი გაქვს და თუ მას მუხრუჭები არ უჭერს, შენ გადასარევად აკონტროლებ სად არ ღირს გიჟივით მიაწვე გაზს. მეორეს მხრივ, თუ ყველაფერს დაბლოკავ და ისევ იმ ჩარჩოებში მოაქცევ, რომელ ჩარჩოებშიც აქამდეც გადასარევად ცხოვრობდით, ყველაფერი „გამოჩვეულებრივდება“ და აზრს დაკარგავს. ჰოდა, სადაა ზღვარი?!

ჰო, ეს ყველაფერი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. კონტროლზე შეშლილი არსებისგან, ეს სულაც არაა გასაკვირი.

რა მინდა? ერთი შეხედვით წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ესეც იმ ჩემი იდიოტური დამოკიდებულების ბრალია, რომელიც მკარნახობს რომ ზოგჯერ სურვილები არ უნდა გავამჟღავნო (მათ შორის არც ჩემ თავთან), საკუთარი თავის რომ არ შემრცხვეს.

ასეთი განწყობით არაფერი გამოვა. საკუთარი თავი უნდა „დავარესტარტო“. ისევ ვადების შემჭიდროვებით გაჩენილ მაგიურ ატმოსფეროს დავუბრუნდე და საკუთარ თავს ის ვალდებულებები დავუწესო, რომელიც ერთი შეხედვით შესასრულებლად წარმოუდგენელი გონია, თუმცა მეორეს მხრივ აიძულებს გიჟივით იხტუნავოს ერთ ადგილზე.

წარმოდგენაც კი არავის შეუძლია, რამხელა ბრძოლასთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული. ჩამოვწერო გეგმა? კი ჩამოვწერდი მაგრამ ხომ არ აჯობებს X თარიღამდე (ანუ 30-ე დაბადების დღემდე) ყოველი დღე მოულოდნელობებით დავტვირთო და ისეთი რამეები ვაკეთო, რასაც იმ დღეს ჩავთვლი სასურველად და 30 წლამდე მოსასწრებად? არა, მეც ხომ კარგად მესმის, რომ ეს თავშივე კრახისთვისაა განწირული, ასეთ შემთხვევაში არაფრის გამკეთებელი მე არ ვარ და ყველაფერი ისე ჩაივლის, არც კი დაიწყება. ახლა მეორე ვარიანტი განვიხილოთ – წინასწარ გავწერო გეგმა, რის გაკეთებას ვაპირებ – ეს ნიშნავს რომ ისეთ რაღაცებში უნდა „გამოვუტყდე“ საკუთარ თავს, ისეთი რაღაცები უნდა ვაღიარო საჯარო სივრცეში, რომ ამის წარმოდგენაზე სხეულის ყველა კუნთი მეჭიმება.

ცოტა მარტივით რომ დავიწყოთ?

მაშ ასე, 11 აგვისტომდე ანუ მანამ, სანამ 30 წლის გავხდები უნდა მოვასწრო/გავაკეთო:

  1. მარტო წავიდე ბათუმში – ამის გაკეთება ყოველთვის, ყოველთვის მინდოდა, ჰოდა, მგონი წინ არაფერი უდგას, ავდგები ერთ შაბათ-კვირას, დავჯდები მატარებელზე და ვნახოთ რა იქნება;
  2. ვისწავლო ველოსიპედზე ჯდომა – არ ვიცი ვის მივმართავ დასახმარებლად, მაგრამ უკვე იმდენი წელია მინდა, სანამ ჩემი ასაკი 3-იანით დაიწყება, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო;
  3. ვისწავლო მანქანის მართვა – ამისთვის ვიცი ვისაც უნდა მივმართო, ვის და პროფესიონალ მასწავლებელს;
  4. 24 საათით გამოვრთო ტელეფონი და არ შევამოწმო არც ელ.ფოსტა, არც სოც. ქსელების ანგარიშები – ვნახოთ თუ დაიქცევა ქვეყანა. რომელიმე არასამუშაო დღეს ავიღებ ამისთვის;
  5. ყვავილები გავუგზავნო ვინმეს – ყოველთვის მინდოდა ამის გაკეთება (მსურველები გამომეხმაურეთ);
  6. ვიყიდო მუსიკალური ყუთი, რომელშიც იცეკვებს (იტრიალებს) ბალერინა – მგონი მთელი ცხოვრებაა ეს მინდა, რატომღაც ოცნებების ასრულებასთან ასოცირდება.

ეს დასაწყისისთვის, ნელ-ნელა გავზრდი ამ სიას და თითოეული პუნქტის განხორციელებასთან დაკავშირებით დავწერ პოსტებს.

30-before-30 (1).jpg

სანამ 30 წლის გავხდები


შესავალი – მგონი, ზედმეტად გულახდილი გამომივიდა და იქნებ მაინც მეკითხა საკუთარი თავისთვის – ნამდვილად მინდა ამის გამოქვეყნება?! (მერე რა რომ ღამეა და ღამით ისე ვიქცევი როგორც მთვრალი, დარწმუნებული ვარ რომ დილით არ ვინანებ?!).

მაშასადამე, გათენდა, აზრი მომეკითხება და მიმიფურთხებია რომ ზედმეტად გულახდილი ვარ.

ვინც იცის ვინაა ფინიკი – კითხულობს და არ იმჩნევს. Just smile and wave boys, just smile and wave!

ვისაც აქ შემოცდენია ფეხი, ყველამ იცის როგორ ველოდები ხოლმე ჩემს დაბადების დღეს და როგორი გრანდიოზული გეგმები თუ მოლოდინები მაკავშირებს ამ თარიღთან. ასევე ფრიად უჩვეულო დამოკიდებულება მაქვს ასაკის მიმართ, მით უფრო თუ ეს ასაკი ზოგადად გარდამტეხად ითვლება. 5 წლის წინ, 25 წლის რომ ვხდებოდი, დაბადების დღემდე 10 დღით ადრე დავგეგმე თითოეული დარჩენილი დღე და ჩამოვთვალე რა უნდა გამეკეთებინა სანამ „მეოთხედი საუკუნის“ გავხდებოდი (აკვიატებული მქონდა რომ ეს მეოთხედი საუკუნე დიდი ამბავი იყო), რაღაცები ისე გამოვიდა როგორც მინდოდა, რაღაცები არა. მოკლედ ასე თუ ისე, წარმატებული და რაც მთავარია გასართობი „პროექტი“ იყო. ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ პუნქტს „წერილი 30 წლის ფინიკის“ წარმოადგენდა, რომელიც დავწერე და ახლა წარმოდგენა არ მაქვს რა წერია შიგნით, თუმცა დაახლოებით ვხვდები რა შეიძლებოდა მქონოდა აკვიატებული. წერილს 11 აგვისტოს გავხსნი, როგორც იყო ჩაფიქრებული და ვნახოთ, როგორ წარმოედგინა 25 წლის ფინიკის, 30 წლის ფინიკი და საერთოდ ეგონა თუ არა, რომ 30 წლის თინიკოს ცხოვრებაში კვლავ იარსებებდა ფინიკი.

3 თვეში 30 წლის ვხვდები (ნუ 3 თვეზე ოდნავ ნაკლები დროა დარჩენილი). 30 როგორც სუბიექტურად, ისე ობიექტურად მნიშვნელოვან დამრგვალებად ითვლება და ადრე თუ არ მჯეროდა რომ ასაკთან ერთად რაღაცები იცვლებოდა, ახლა ძალიანაც მჯერა.

დღეს, ჟურნალ „გლამურის“ 1997 წლის სტატიას (ანუ მე რომ 11 წლის ვიყავი) წამოვედე სათაურით „30 რამ, რაც ყველა ქალს უნდა ქონდეს და ყველა ქალმა უნდა იცოდეს როცა 30 წლის გახდება“. ასეთი სისულელეები ზოგადად არ მიზიდავს, მაგრამ ვინაიდან ამჟამად აკვიატებულ აზრებს ძალიან დაემთხვა, გადავწყვიტე გავცნობოდი და ცხადია გაცნობასთან ერთად, გაჩნდა იდეა იმის თაობაზე, რომ ახლა ოდნავ უფრო დიდი ხნით ადრე უნდა დავიწყო ამ ასაკისთვის „მზადება“. როგორც ემილი გიფინის “something borrowed”-ში რეიჩელი ამბობს, რაღაც უნდა გავაკეთო ჩემი “twenty-somethingness”-ის ბოლო დღეებში/თვეებში. არ მგონია, რომ ასეთ საკითხებში ვიღაცის „სიას“ უნდა მოვერგოთ, მაგრამ ჯერ ეს ზოგადი სია ჩავიაროთ და შემდეგ ჩამოვაყალიბებ დარჩენილი თვეების გრანდიოზულ გეგმას.

მაშ ასე, სტატიის მიხედვით, 30 წლისთვის უნდა გქონდეს/გყავდეს:

  1. ერთი ყოფილი შეყვარებული, რომელთან დაბრუნებაც თეორიულად წარმოგიდგენია და ერთი ისეთი, ვისი გახსენებაც გაგრძნობინებს როგორ შეიცვალე/რამდენად გამოცდი მაშინდელ რეალობას; – აქედან ერთ-ერთ პუნქტში დიდი მსუქანი მინუსი უნდა დავსვა, რომელში არ დავკონკრეტდები. ან პრინციპში, ალბათ ორივეში უნდა გავმინუსდე. ინგლისურ ვერსიაში boyfriend წერია, ჰოდა, ადექი და გაიმინუსე თავი (ქართული ვერსიაც დიდი ვერაფერი შვებაა). თუმცა ახლა, ამის შეცვლას არ ვაპირებ;
  2. ერთი ფრიად რიგიანი ავეჯის ნაწილი, რომელიც შენამდე არავის ქონია/უხმარია (და მემკვიდრეობით არავისგან გადმოგეცა); – ოჰ, მოიცა, მოიცა, მოიცა… ნწ, არა, არაფერი;
  3. ტანსაცმელი, რომელიც შეგიძლია ჩაიცვა თუ დამქირავებელს ან შენი ოცნების მამაკაცს, შენი 1 საათში ნახვა უნდა; – პრინციპში გააჩნია სად მივდივართ, მაგრამ აქ დიდ, მსუქან პლიუსს დავუწერ საკუთარ თავს;
  4. ჩანთა, ჩემოდანი და ქოლგა, რომელიც შეგიძლია ისე დაიჭირო რომ არ შეგრცხვეს; – კმაყოფილი ვიღიმი. დიახაც;
  5. კმაყოფილების მომგვრელი ახალგაზრდობა, რომელიც შეგიძლია უკან მოიტოვო; – პრინციპში რატომაც არა?! მაგრამ სულაც არ ვტოვებ ახალგაზრდობას უკან. რა მანერაა ეს?!
  6. ისეთი გემრიელი წარსული, რომლის მოყოლაც მოგინდება დიდ ასაკში; – ჰმმ, ცოტა პირობითია არა?! კი, ალბათ არის რაღაცები;
  7. უნდა გქონდეს გააზრებული, რომ რატომღაც (გაუგებარია რატომ) მოხუცდები და იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყო პენსიაზე გასვლის შემდეგ, ამაზე ზრუნვა უნდა დაიწყო; – ჰო, კაი, ვიცი რომ მოვხუცდები (მგონი), ზრუნვა გარკვეულწილად დაწყებული მაქვს;
  8. ელ.ფოსტის მისამართი და საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელზეც წვდომა არავის აქვს; – კარგი ახლა, კი ვიცი რომ 1997 წლის სტატიაა, მაგრამ კარგი რა. ერთიც მაქვს და მეორეც, თან 10 წელზე მეტია;
  9. სივი/რეზიუმე, რომელიც ოდნავ, აი სულ ოდნავადაც კი არ არის „გაბერილი“; – კიდევ ერთი ფუმფულა პლიუსი ჩემს ანგარიშზე;
  10. ერთი მეგობარი, რომელიც მუდმივად გაცინებს და მეორე, რომელიც პირიქით ხშირად ეხება შენს გრძნობებს ისე რომ გეტირება; – ნუ, ახლა მუდმივად მაცინებს ცოტა უტრირებულია, ისევე როგორც ზე-მგრძნობიარე და ტირილს მოწყურებული არსება, მაგრამ ერთიც მყავს და მეორეც. თან არა ერთი. მაგრამ მაინც გამოდით „სუსტი“ და „მომეფერე“;
  11. სახრახნისების ნაკრები, უკაბელო დრელი (ჰა?) და შავი, მაქმანებიანი ლიფი; – პირადი არც სახრახნისების ნაკრები მაქვს და არც უკაბელო დრელი. პრინციპში, სასაცილოა მაგრამ, მგონი არც შავი მაქმანებიანი ლიფის „ამაყი მფლობელი“ ვარ (ოღონდ, მოიცადეთ, მხოლოდ იმიტომ რომ უფრო წითელ ფერს ვანიჭებ უპირატესობას). გაწითლება რომ შემეძლოს, ახლა ნამდვილად გავწითლდებოდი;
  12. სასწაულად ძვირი ნივთი, რომელიც მხოლოდ იმიტომ იყიდეთ, რომ ამას იმსახურებთ; – ჰმმ, სასწაულად ძვირი, სასაცილოა. ძირითადად მოგზაურობასა და დასვენებაში ვხარჯავ ხოლმე ფულს, მაგრამ, არა, გამახსენდა, კი საკუთარი თავი ამგვარად ნამდვილად დამიფასებია და აი 30 წლის რომ გავხდები აუცილებლად დავაფასებ კიდევ ერთხელ (ჩაწერე ფინიკი გეგმაში);
  13. იმის რწმენა, რომ შენ ამას იმსახურებ; – დიახაც;
  14. კანის მოვლის რეჟიმი, ვარჯიშის რუტინა და იმ საკითხებთან/ასპექტებთან გამკლავების გეგმა, რომლებიც 30 წლის შემდეგ არ გაუმჯობესდება; – რაც შეეხება პირველს, გარკვეული რეჟიმი მაქვს, თუმცა რამდენადაა ასაკთან შესაფერისი არ ვიცი (ასაკთან შედარებით გადასარევად გამოვიყურები), ვარჯიშის რუტინა – სასაცილოა, მაგრამ სწორედ 30-ს მოახლოებისას მივხვდი ამის საჭიროებას და დავიწყე კიდეც (მერე რა რომ ახლა ცოტა ხნიანი პაუზა მაქვს), ხოლო რაც შეეხება მესამეს, მომიწევს დავფიქრდე;
  15. კარგი კარიერის სოლიდური საწყისი, კმაყოფილების მომგვრელი ურთიერთობა და ყველაფერი ის, რაც 30 წლის შემდეგ გაუმჯობესდება; – კარგი. პირველ პუნქტში ისევ მსუქანი პლიუსი დამიწერეთ, მეორეში გამამინუსეთ და ახლა ახსნა არ დამაწყებინოთ რა.

მეორე ნაწილი ანუ სტატიის მიხედვით 30 წლისთვის უნდა იცოდე:

  1. როგორ შეგიყვარდეს ისე, რომ თავი არ დაკარგო; – თავი რა? დაკარგო? ჰა? დავიშალეთ!
  2. როგორი დამოკიდებულება გაქვს შვილების ყოლის მიმართ; – აქ ჩამოყალიბებული ვარ (არაა სასაცილო!);
  3. როგორ წამოხვიდე სამსახურიდან, დაშორდე პარტნიორს და „შეეჯახო“/დაუპირისპირდე მეგობარს ისე რომ არ გააფუჭო მეგობრობა; – “როგორ”-ში იურიდიულ ნაწილს არ გულისხმობთ ალბათ ხომ?! ვინაიდან აბსოლუტურად ყველაფერში ძალიან, ძალიან, ძალიან ერთგული ვარ, ეს ძალიან მერთულება. დაშორდე პარტნიორს? აუ, წინა პუნქტებს გაეცანით რა და ნუ დამღალეთ;
  4. როდის ღირს ბრძოლა და როდის უნდა დანებდე და წამოხვიდე; – დანებება ძალიან მიჭირს რადიკალური მიდგომებიდან გამომდინარე, თუმცა ალბათ გარჩევა შემიძლია;
  5. როგორ აკოცო ისე, რომ ამ კოცნით მოახდინო შენი განზრახვების კომუნიკაცია – რა გინდა რომ მოხდეს კოცნის შემდეგ და რა არა; – გავაკეთო კომენტარი?! კვნესა თქვენ!
  6. შემდეგი პირების სახელები: პრემიერ-მინისტრი (ჩვენს რეალობაში), შენი დიდი ბებია და ქალაქში საუკეთესო მკერავი; – პრემიერი კვირიკაშვილია ხომ?! დიდი ბებიები – ანეტა (ორივე მხრიდან იყო ერთი ანეტა, ამიტომ 2 ჩაწერეთ ჩემს ანგარიშზე) და… ვაიმეე! წარმოდგენა არ მაქვს ბაბუების დედებს რა ერქვათ. ზინათი, დედაჩემის ბებიის დით რომ ჩავანაცვლო, არ გამოვა? მკერავებზე არაფერი ვიცი, არ მაინტერესებს, არც გავიკითხავ და საერთოდ ეს რა მონაჩმახია?!
  7. როგორ იცხოვრო მარტომ, მიუხედავად იმისა გინდა თუ არა მარტო ცხოვრება; – უფ, გადასარევად ვიცი;
  8. როგორ დაგეგმო/კონტროლზე აიყვანო შენი დაბადების დღე; – სულ ასე არაა?! რას გულისხმობთ აქ?! პატარა ინსტრუქციაც რომ მოეყოლებინათ არ იქნებოდა ურიგო.
  9. იცოდე რომ შენ ვერ შეცვლი შენი წვივების სიგრძეს, მენჯის სიგანეს და შენი მშობლების ბუნებას; – კაი;
  10. რომ შესაძლოა შენი ბავშვობა არ იყო იდეალური, თუმცა დასრულდა; – იდეალური ნამდვილად არ იყო, მაგრამ ეს დღეს დიდად არ მაწუხებს. არც ის მაწუხებს დიდად, რომ დასრულდა და მშვენივრად მაქვს გაცნობიერებული;
  11. რას გააკეთებ და რას არ გააკეთებ ფულისა და სიყვარულისთვის; – მშვენივრად ვიცი, თუმცა გარემოებათა ერთობლიობა და ემოციური დამოკიდებულებები ხშირად რაღაცებს ცვლის ხოლმე, ამიტომ ეს არც 30 წლის ასაკში იცის ვინმემ და არც შემდეგ. ამიტომ არ გვინდა ეს “ბულშითი”;
  12. რომ მოწევით, დალევით, ნარკოტიკების მიღებითა და კბილების წმენდის გარეშე შორს ვერავინ მიდის; – გადავიხარხარე. ვეწევი (ამ ეტაპზე არ ვაპირებ დანებებას და როგორც ადრე, არც ახლა ვქადაგებ რომ სიგარეტი კარგია, თუმცა ეს გაცნობიერებული არჩევანია), ვსვამ (თუმცა სერიოზულ თრობამდე წლებია აღარ დამილევია), მიყვარს წრუპვა და მგონია რომ ამაშიც ზომის ცოდნაა საჭირო. კბილებს თავს ვევლები საკმაოდ დიდი ხანია (ისევე როგორც თმას). ნარკოტიკულ საშუალებებზე კომენტარს არ გავაკეთებ, ეს ის სივრცეა რომელთანაც არასოდეს მქონია გადაკვეთა.
  13. ვისი ნდობა შეგიძლია, ვისი არა და რატომ არ უნდა მიიღო ყველაფერი პირადულად; – კარგი. დაახლოებით ვიცი ვისი ნდობა შემიძლია, ზუსტად ვიცი ვისი არა და მიჭირს პირადულთან ზღვარის გავლება (nothing personal და რამე (თვალების ატრიალება)).
  14. არ მოიხადო ბოდიში იმისთვის რაც შენი ბრალი არაა; – ვინაიდან სამართლიანობაზე სრულიად შეშლილი ვარ, მიუხედავად იმისა რომ ზოგჯერ ბოდიშის მოხდა ძალიან მარტივი გამოსავალია, ბოდიშს არასოდეს ვიხდი იმისთვის, რისთვისაც თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ;
  15. რატომ ამბობენ რომ ცხოვრება 30-ს შემდეგ იწყება; – ამაზე კარგი მოკვლევა უნდა ჩავატარო.

როგორც იქნა გავედით ბოლოში. ახლა შევაჯამოთ – გარკვეულ საკითხებში ფუმფულა პლიუსები მაქვს, გარკვეულ საკითხებში გრანდიოზული მინუსები და რაღაცებს საერთოდ არ ვეთანხმები.

ჩემი აზრით, ყველას აქვს პერსონალური სია, რამდენ პუნქტიანი არ ვიცი, მაგრამ ყველას აქვს.

ჰოდა, ახლა დროა ფინიკიმ ჩამოაყალიბოს ეს სია და დავიწყოთ პროექტი „ჩემი twenty-somethingness-ის ბოლო თვეები ანუ სანამ 30 წლის გავხდები.“ მგონი ბევრი რამ მაქვს მოსასწრები. ამ დღეების ქრონიკას კი ბლოგზე ვაწარმოებ.

30-before-30

დარსი


სანამ ვეტყოდი, რომ ქალის მიერ შექმნილი კაცი პერსონაჟივით იქცეოდა, რამდენიმე ღამე გავათენე. ამ განცხადების არც სექსისტურ გამოხდომად შერაცხვა მინდოდა და არც სხვა ობიექტურ სიბრტყეზე განხილვის შედეგად გამოტანილი დასკვნების მოსმენა, უბრალოდ მაქვს თეორია, რომ ქალების მიერ შექმნილი კაცი პეროსნაჟები, მეტად გვანან ქალების მიერ წარმოდგენილ იდეალებს (უმრავლეს შემთხვევაში მაინც). ამ წესიდან, როგორც ზოგადად ყველა წესიდან, ცხადია, არსებობს რამდენიმე გადახვევა.

ციფრულ ეპოქაში, ყოველ დილით, დაახლოებით 11-ს 10 წუთისთვის მობილურზე მენთება შეხსენება რომ დღეს ვიღაცის დაბადების დღეა და უნდა მივულოცო. იმ დღესაც იბღუილა ჩემმა ტელეფონმა, ასეთივე შეხსენებით, თუმცა როცა დავხედე, მივხვდი რომ ეს წელიწადის ის დღე იყო, როცა ჩემი ერთადერთი გარდაცვლილი მეგობრის (ცოტა უტრირებულად ჟღერს მეგობარი, უფრო სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ვინაიდან ოფიციალური სახელი ასეთი აქვს, ამავე სახელით მოვიხსენიებ) დაბადების დღე უნდა შეეხსენებინა, შეეხსენეებინა მილოცვის აუცილებლობის გარეშე. გული მომეკუმშა, სასწრაფოდ გავაქრე ეს შეხსენება ტელეფონის ეკრანიდან და ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნება ვცადე.

ჰოდა, იმას ვამბობდი ისე იქცეოდა, როგორც ქალის მიერ შექმნილი კაცი პერსონაჟი მეთქი, რაღაცები კი არ მომწონდა (ან ვინ თქვა რომ ყველა ქალის მიერ შექმნილი, ყველა კაცი პერსონაჟი მომწონდა), მაგრამ ჯამში, სწორედ ასეთი იყო.

მანამ სანამ ამის ხმამაღლა გაჟღერებას გადავწყვეტდი, ფიქრი იმაზე დავიწყე ეს კარგი იყო თუ ცუდი. რეალურად, ქალის მიერ შექმნილი ასეთი პერსონაჟების რეალობასთან შესაბამისობაში ძალიან ეჭვი მეპარება, აქ სამი ვარიანტია – 1) თავად ავტორი/კაცის შემოქმედია დაბრმავებული ამ კაცისადმი არსებული გრძნობით და იმ თვისებებს მიაწერს, რაც სინამდვილეში არ აქვს; 2) წერს იმაზე, რაც ძალიან უნდა, მაგრამ არ არის; 3) ქალის მიერ შექმნილმა კაცმა, იცის როგორ პერსონაჟებს ქმნიან ქალები და იქცევა შესაბამისად.

აქედან არც ერთი ალტერნატივა მომწონს, თუმცა სიღრმისეულად რომ განვიხილოთ, მესამე ვარიანტი ცუდი არ უნდა იყოს, საბოლოო ჯამში რა მნიშვნელობა აქვს ძალიან ღრმა მოტივებს, თუ ზედაპირულ რეალობაში, იმას იღებ რაც გინდა?!

წესით, არც პირველი უნდა იყოს მიუღებელი, თუმცა ფიასკოსთვისაა განწირული, ვინაიდან ცნობილია რომ ადრე თუ გვიან ყველაფერზე გვეხილება თვალები, აქედან ერთადერთ გამოსავალს, ამ კაცთან რეალურ ცხოვრებაში ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტა წარმოადგენს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ვერაფრით შეძლებს საკუთარი ქმედებით, რაიმე ჩრდილი მიაყენოს, ჩემს მიერ შექმნილ იდეალს, ვინაიდან მისი ქმედებების მომსწრე არასოდეს ვიქნები და ეს ქმედებები ჩემი მისამართით არასოდეს იქნება განხორციელებული (ეს იდეა ჩემი არ არის, დარწმუნებული ვარ გსმენიათ იმ თეორიის შესახებ, რომლის მიხედვითაც იდეალებთან ურთიერთობა არ ღირს, თუ მათთვის ამ ტიტულის შენარჩუნება გვინდა).

მეორე ვარიანტი ამ შემთხვევაში არ განიხილება, ვინაიდან ამ ალტერნატივის გავრცობისას, აუცილებელი პირობაა რომ პერსონაჟი თავიდან ბოლომდე მოგონილი იყოს და მას რეალური პროტოტიპი არ ყავდეს.

დასვენების დღეებში “რედ ბულს” არ ვსვამ, დღეს გამონაკლისია, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ფიქრებში გართულმა, ხელი გავკარი და მაგიდაზე გადავასხი, რეაქცია სწრაფი მქონდა, თუმცა ისე მშვიდად შევხვდი ამ ამბავს და ისე აუღელვებლად ავწმინდე სითხე მაგიდიდან, ნერვებამდე არც კი მისულა საქმე.

ჩემი სიმაღლიდან გამომდინარე (დავაკონკრეტებ, ჩემი არც თუ ისე დიდი სიმაღლიდან გამომდინარე (მსუბუქად რომ ვთქვათ)) თუ ერთადერთი ვარ, ვისაც ქოლგა აქვს და მეორეც უნდა შეეფაროს ხოლმე, ქოლგის ჭერის „პრივილეგია“ ყოველთვის მეორეს აქვს. ეს კი არც თუ ისე კარგია, ვინაიდან ის, ვისაც ქოლგა უჭირავს, თითქმის ყოველთვის თანდაყოლილი ეგოიზმის გამოვლინებას იწყებს და ვერასოდეს საზღვრავს, როგორ უნდა დაიჭიროს ის ისე, რომ მის გვერდით მდგომ ადამიანს წვიმაში არ მოუწიოს დგომა/სიარული. ჰოდა, მუდმივად ვსველდები, ამიტომ თუ მარტომ არ უნდა ვიხეტიალო, ქოლგის ქონას დიდი აზრი არასოდეს აქვს (შესაძლოა ოდნავ უადგილო ჩართვა – მოძებნეთ ადამიანი, რომელიც ქოლგას ისე დაიჭერს არც მხარი დაგისველდეთ და არც თმა).

დღეს ყველაფერს მივედ-მოვედები და თუ თავიდან მეგონა რომ საქთმელი მქონდა, ახლა, ამ მოსაზრების ჭეშმარიტებაში ეჭვი ძალიან მეპარება.

ალბათ უფრო ლაყბობა მინდა, ვიდრე რაიმე კონკრეტულზე საუბარი.

მე პერსონაჟები არ შემიქმნია, ყოველ შემთხვევაში ისეთი, რომლებსაც იდეალურის სტატუსს სხვებიც მიანიჭებდნენ. ან არა, მოიცა, დავფიქრდები.. კი, შევქმენი, ოღონდ საჯარო სივრცეში არ გამომიტანია, იმ ფრომით, რა ფორმითაც სხვებსაც ისე აუფართხალდებოდათ გული, როგორც მე. ეს არც ცუდია, არც კარგი, პრინციპში, ეს საერთოდ არაფერს ნიშნავს.

პოსტის დასაწყისში მიწერია „სანამ ვეტყოდი” მეთქი, ჰოდა, ჯერ არაფერი მითქვამს, ამიტომ ისევ „სანამ ვეტყოდი“-ს ფაზაში ვარ გაჭედილი.

დაბადება (ადამის არა)


ჩემთვის და ფინიკისთვის მაისი მნიშვნელოვანი თვეა, ფინიკისთვის იმიტომ რომ დაბადების დღე აქვს, თინიკოსთვის კი ამასთან ერთად ბევრი სხვა მიზეზიც არსებობს.

ფინიკი 6 წლისაა, ნუ აქაური ფინიკია 6 წლის, ისე კი პირველად 9 წლის წინ გა(მო)ჩნდა, თუმცა მისი პირველი დაბადების გახსენება დიდად არ მიყვარს, ისეთ რაღაცებს მახსენებს, რითიც არც თინიკო ამაყობს და არც ფინიკი.

მიყვარს ფინიკიზე განყენებულად საუბარი, ამ დროს მართლა მგონია რომ საერთო თითქმის არაფერი გვაქვს და სანამ თინიკო, თინიკოა, ფინიკი თავისთვის აგრძელებს ცხოვრებას, სადღაც პარალელურ განზომილებაში.

ეს სახელი ისეთი ჩემი გახდა რომ პირვანდელი დატვირთვა დაკარგა და უფრო საზოგადოდ იქცა, ისეთი აღარაა როგორიც მაშინ იყო, როდესაც 1 კონკრეტული პიროვნებისთვის შექმნა. ახლა, ამ პიროვნების გახსენება არც მე მინდა და არც ფინიკის, ვინდაინ ფინიკი მართალია ისევ მოგონილია, მაგრამ ერთი ადამიანის ექსკლუზივს აღარ წარმოადგენს.

შეიძლება ითქვას რომ 2007-სა და 2010 წლებს შორის ფინიკი საერთოდ არ არსებობდა და შემდეგ ისე გაცოცხლდა რომ ვისთვისაც თავდაპირველად შეიქმნა, მას არაფერი გაუგია, რაც კარგია, ვინაიდან სანამ ფინიკის ჯერ კიდევ ქონდა ამ ადამიანზე ბოდვის სურვილი, ამ სურვილს ისე იკმაყოფილებდა, ადრესატი ვერაფერს იგებდა. შემდეგ კი ერთი ადრესატი შეცვალა მეორემ, მესამემ და ასე გადაიქცა ფინიკი დამოუკიდებელ განშტოებად.

ფინიკის და მას, ვის ექსკლუზივსაც ფინიკი წარმოადგენდა, ერთ დროს აქვთ დაბადების დღე, თუმცა ეს სრულიად გაუაზრებლად და დაუგეგმავად მოხდა, ამიტომ როდესაც ერთს ვულოცავ, მინდება მეორესაც მივულოცო, მაგრამ ვინაიდან მეორეს ჩემთან არაფერი აქვს საერთო, ფინიკიმ მიულოცოს თუ ასე ჩათვლის საჭიროდ, მე მაგ ტერიტორიაზე არაფერი მესაქმება.

ძალიან მაგარი შეგრძნებაა პასუხისმგებლობის მთლიანად მოხსნა და მოგონილ, ციფრულ სივრცეში მცხოვრებ არსებაზე გადაბარება. ყველაფერი რაც ფინიკის 2010 წლის ხელახალ დაბადებამდე მოხდა, ყველაფერი რისი გახსენებაც არ მიყვარს, ფინიკის საკუთრება გახდა, ხოლო ფინიკიმ საკუთარ თავს უკვე ყველაფერი „აპატია“ და ყველა მოვლენა თუ პერსონა ისე ჩამოწერა, მათ აღარც მე ვიხსენებ და აღარც ფინიკი (ჰო, დღეს გამონაკლისია).

Goodnight Moon


არსებობენ ადამიანები რომლების შეცოდებაც მჭირდება. ეს არანაირად არაა დაკავშირებული იმასთან, ეს ადამიანები რეალურად, ობიექტურ სიბრტყეზე იწვევენ თუ არა ასეთ განცდას (ხშირად პირიქითაა ხოლმე).

წუხელ არეულმა დავიძინე. ეს ნაწილობრივ შეიძლება იმის ბრალიც იყოს, რომ უსაზღვროდ დაღლილი და მზისგან დამწვარი დავბრუნდი უკვე გადაჩვეულ სივრცეში. მთელი დღე მწველი მზის გულზე ჯდომასაც თავის როლი უნდა ეთამაშა, თუმცა გარემოებათა ერთობლიობაა ხოლმე სწორედ ის, რაც საბოლოო ჯამში ქმნის კონკრეტულ შედეგს. მოცემულ შემთხვევაში კი უძილო ღამეს.

ღამე რთული იყო, არეული ვფიქრობდი და დამწვრობისგან გავარვარებულ სახეზე ცივ საფენებს ვიდებდი. პარალელურ რეჟიმში კი მეფიქრებოდა „ძვირფასო D12.5, ეს რა მოგსვლია?!“ (როგორ ყალბად ჟღერს ეს „ძვირფასო“).

ჰოდა, რა მოგსვლია?

არაფერ პოზიტიურს აღარ ასხივებ, შენგან რეალურად არაფერი დარჩა. რაღაც ახალ მასად იქეცი, რომელიც ისეთი უფერულია, დაინახავ და მაშინვე დაგავიწყდება.

საერთოდაც უკვე ეჭვი მეპარება იმაში რომ მართლა არსებობდი ისეთი ფორმით, როგორი ფორმითაც მე „გიცნობდი“ და მახსოვხარ. შეიძლება მე მჭირდა რაღაც და შენთან ყველაფერი ძველებურადაა. როგორც ცნობილია, ზოგადად არ მიჭირს ხოლმე რაღაცების და ვიღაცების გამოგონება და შემდეგ მათთვის, რეალურის დარქმევა. ჰოდა, თუ ეს ყველაფერი, ანუ ადრინდელი შენ, ჩემი მოგონილი იყო და გუშინ რეალობა დავინახე, ე.ი. მე მოგკალი, იმ ფორმით, რა ფორმითაც აქამდე ცოცხლობდი და შენს ნამდვილ სახესთან გაგათანაბრე. აქაურ ენაზე რომ ვთქვათ, D12.5-ს ქვეშ არსებული hyperlink, რომელზეც შენი მოგონილი სურათი მქონდა მიბმული, რეალურით ჩავანაცვლე და დამთავრდა.

ყველაფერს აქვს ლოგიკური დასასრული და ეს D12.5-ს დასასრულია, ვინაიდან მის უკან, უკვე ძალიან რეალური და არაფრით გამორჩეული ადამიანი დგას, აქაურობისთვის სრულიად შეუფერებელი, ის ვისაც არ ვიცნობ, გამარჯობასაც არ ვეტყვი და საერთოდ ვინაა ამის თქმაც კი გამიჭირდება.

ერთ დღეს, რამდენიმე საათიანი დაშორებით მოკვდით შენ და ნელი. ძალიან არ მინდოდა, აქ სადმე ნელი მომეხსენიებინა, მაგრამ ვინაიდან განუყოფელი და ერთი მთლიანი მოვლენის ნაწილად იქეცით გუშინ, სხვაგვარად არ გამოვა. წესით ჩემი კოჭლი მაცნე უნდა გამოჩენილიყო მანამდე, წინასწარ რომ შევმზადებულიყავი, მაგრამ იმდენი ხანია აღარსად მინახავს, არც კი ვიცი ცოცხალია თუ არა.

ერთი ასეთი მკვდარი უკვე გვყავს აქ, კოდური დასახელებით ორემათე. ასეა თუ ისე ყველაფერი მთავრდება, მათ შორის მანიაკებისთვისაც.

პ.ს. ეს პირველი პოსტია სადაც თეგებში ერთდროულად არიან D12.5, ნელი, კოჭლი და ორემათე. ყველაფერი ხდება.

ჩემი, შენი, სხვისი


იმდენ რამეზე მინდა დაწერა, ეს ყველაფერი ერთმანეთს როგორ შეეთავსება წარმოდგენა არ მაქვს. თემები ცალსახად განსხვავებულია, მათი ცალკე პოსტებად დაყოფა კი არც თუ ისე კარგი იდეა მგონია.
ადრეც დამიწერია, საზოგადოს ვერაფერს ვიტან, პერსონალური მირჩევნია. საზიარო მილოცვების ადრესატიც საკუთარი თავი არასოდეს მგონია, ჩემი მხრიდან მათი მოწონების ერთადერთ საფუძველს კი როგორც წესი, საერთო პოზიტივის გამოხატულება წარმოადგენს.
ადამიანთა საკმაოდ მოზრდილმა ჯგუფმა, ეს პერიოდი მოძღვრების გაზიარების პერიოდად აქცია და არ შემიძლია არ ვიფიქრო რომ დღეს და ახლა მეც ამ ჯგუფის ნაწილი ვხდები. რაც ერთის მხრივ სამწუხაროა, მეორეს მხრივ კი ვინაიდან რაღაცის თქმა მინდა და ვამბობ, ეს ცუდი არ უნდა იყოს.
დროთა განმავლობაში, საკუთარი „ტრადიციების“ (საკუთარში პერსონალურს, „ჩემსას“ და „შენსას“ ვგულისხმობ) „გაპრავების“ აუცილებლობის წინაშე დავდექით. სიტყვებსაც და აზრებსაც ათასჯერ ვწონით, იმისთვის რომ შემთხვევით ჩვენთვის საყვარელი საქმიანობის გაზიარებით, სხვების საყვარელ საქმიანობას, რომელიც ჩვენსას არაფრით გავს, შეურაცხყოფა არ მივაყენოთ. დავკომპლექსდით და ამ კომპლექსის გამო, ორ თანაბრად რადიკალურ, თუმცა საშინლად იდიოტურ პოზიციაში აღმოვჩნდით. ამ შემთხვევაში რატომღაც, არ ვავრცელებთ, იმ ზოგად პრინციპს, რომელიც გარკვეული ჯგუფისთვის ყველაზე ღირებულად იქცა – „ჩემი ჩემია, სხვისი სხვისი. და ის რაც ჩემი არაა, ლოგიკურია რომ არც ჩემი საქმეა.“ უცნაურია, როდესაც ვწერთ რომ ყველას, ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ და მანდვე ვაყოლებთ, რომ ისინი ვინც „საუკეთესოს“ ჩვენი დეფინიციის გამზიარებლები არ არიან, ჯანდაბამდე გზა ქონიათ. მეორეს მხრივ, ვცდილობთ დავმალოთ ის რაც ჩვენთვის, ჩვენი გაგებით საუკეთესოა და იმ ადამიანების ადვოკატებად ვიქცეთ, ვისაც ჩვენი გაგებით კომპლექსი აქვთ და როგორმე უნდა დავიცვათ „დისკრიმინაციისგან“, რაც იდეაში ყველაზე დიდ დისკრიმინაციას წარმოადგენს. მოკლედ ავიხლართეთ და კიდევ ერთხელ ვერ მოვდუნდით.

სხვა თემებისთვის არც დრო დამრჩა და არც ადგილი.