გავაფუჭოთ რამე


ეს არ არის “გამოსამშვიდობებელი” ან RIP პოსტი. არც იმის მტკიცებას ვაპირებ, რომ ამ მომღერლის თავგადაკლული “ფანი” ვარ/ვიყავი. ეს პოსტი იმაზეა, რომ Prince-ს გარდაცვალების ამბავმა, ეს მომღერალი გამახსენა (ბოლოს როდის მოვისმინე მისი რომელიმე სიმღერა არც მახსოვს), ამ მომღერალზე კი რა თქმა უნდა მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტი Kiss, ჰოდა, voila, განწყობა შექმნილია.

აი, იცი როგორ ხასიათზე დამაყენა?! აივანზე რომ უნდა გახვიდე, სიგარეტს მოუკიდო, ყურში ყურსასმენები გაიკეთო, ბოლო ხმაზე აუწიო და ტუჩების მოძრაობით აყვე ამ საშინლად მაგარი განწყობის სიმღერას, რაღაცის გაფუჭების ხასიათზე რომ მოყავხარ. მთელი დღე repeat-ზე უნდა უსმინო და საღამოს დალევის გეგმები დააწყო.

Advertisements

Y & X ღრუბლებში


წარმოიდგინეთ თქვენი ფიქრის ძირითადი სუბიექტები, მოვლენები და საკითხები იარლიყებად რომ გეკიდებოდნენ ტანზე. თითოეული იარლიყის მოცულობა მასზე ფიქრის სიხშირით რომ იზრდებოდეს ზომაში, რა იარლიყები გექნებოდათ ჩამოკიდებული ბოლო 1 წლის მანძილზე?

რთული სათქმელია ხომ?!

იარლიყებით სიარული რომ დავიწყე მოხიბლული ვიყავი ადამიანი X-თ და სხვა საკითხებთან ერთად, ფიქრის ძირითად სუბიექტს, სწორედ X წარმოადგენდა. ყოველ დილით, გაღვიძებისას, ვკვირდებოდი როგორ იზრდებოდა X-ს იარლიყი ზომაში და როგორ უმნიშვნელოდ გამოიყურებოდნენ მის ფონზე სხვები.

დროთა განმავლობაში, X-თან არსებულმა მომაბეზრებელმა ერთფეროვნებამ, გააჩინა Y, ან კი არ გააჩინა, დააბრუნა.

Y-ზე ფიქრის სიხშირისა და მისი იარლიყის ზომის ზრდა, პირდაპირპროპორციულად ამცირებდა X-სას, ბოლოს კი გათანაბრდნენ. ჰოდა, ეს გათანაბრება, სინამდვილეში X-ს სრულ გაქრობაზე მიუთითებს, იმიტომ რომ ზომაში მათი გათანაბრება, ნიშნავს იმას რომ X დარჩა სადღაც, ფიქრის ღრუბლების მიღმა, Y კი გამუდმივდა.

უკან ვბრუნდებით ფინიკო?! უკან ვბრუნდებით.

***

ახლა წარმოიდგინეთ რომ გაქვთ ბლოგი და გაქვთ TAG-ების ღრუბელი. ჰოდა, voilà! არაფრის წარმოდგენა აღარ გჭირდებათ.

687474703a2f2f6661726d372e7374617469632e666c69636b722e636f6d2f363032332f353934343232383033355f336264353765386462325f622e6a7067

“კუკურუზნიკი”


გაშლილ მდელოზე, ისეთზე უსაზღვრო რომ გგონია, მოკლე „შორტით“, თეთრი ნაჯღაბნიანი „მაიკითა“ და კარგად დაგლეჯილი, მტვრიანი კედებით რომ გარბიხარ, აუჩქარებლად, აუღელვებლად, სიამოვნებისთვის. ბალახი, რომ წელამდე გწვდება, ორივე ხელი გაშლილი რომ გაქვს, გასაფრენ პოზაში რომ ხარ და სირბილისას ბალახის წვეტიან თავებს რომ უსვამ  ხელის გულებს.

ზაფხულის ცხელი დღის 6 საათი რომაა, არსაიდან ამოვარდნილი ქარი რომ უბერავს, ცაზე შავი ღრუბლები რომ იკრიბება და წუთი წუთზე რომ უნდა იგრუხუნოს.

შენ მაინც არსად რომ გეჩქარება.

მდელოს მიმდებარედ, სადღაც არც თუ ისე შორ მანძილზე სახლი რომ გეგულება, სადაც საჭმელს დაგახვედრებენ.

სირბილით გულამომჯდარი რომ მიხვალ ახალგაწვიმებულზე და ტანსაცმელზეც წვიმის ერთი-ორი მსხვილი წვეთი გექნება.

შესასვლელში ფეხებს სწრაფად და ისეთი ძალით რომ გაიწმენდ მტვრის კორიანტელს დააყენებ. დაღლილობისგან სახეზე გაჩენილ ოფლს ტალახიანი ხელით რომ მოიწმენდ და მეორე კარიდან ეზოში რომ გავარდები ხელების დასაბანად.

სამზარეულოში ყველა ქვაბს რომ დაერევი, იმის გასარკვევად რა დაგახვედრეს და მაგიდისკენ რომ მიგითითებენ, ჩამოჯდები და ფეხების ჰაერში ქანაობას დაიწყებ. სანამ ჭამას დაიწყებ გაბზარული, გამჭვირვალე ჭიქიდან მურაბიან წყალს რომ დალევ.

წვიმის გადაღებას რომ დაელოდები, მერე შენი, უკვე დაგლეჯილი კედებით რომ იხტუნავო გუბეებში და თუ მოასწრებ, იქნებ დაბნელებამდე კიდევ ერთხელ გადაუფრინო “კუკურუზნიკივით” მდელოს, იქნებ კიდევ ერთხელ დაერიო ხელის გულებით მდელოზე ამოსულ ბალახებს.

დაღამებულზე თანავარსკვლავედების ძებნას რომ დაიწყებ – „ეს დიდი დათვია“, „ეს პატარა“, „თუ პირიქით?“.

ბაყაყების ხმა რომ შემოგესმება და დარწმუნებით იტყვი „ხვალ იწვიმებს“.

აი მაგ თავისუფლებას არაფერი შეედრება. აი, ეგ თავისუფლება მინდა.

***

ეს სიმღერა ჩართე, თვალები დახუჭე და წამრმოიდგინე, რომ გაწვიმებამდე რამდენიმე წუთით ადრე (ჰაერში უკვე წვიმის სუნი რომაა), ხელებგაშლილი, „თვითმფრინავის პოზაში“, გარბიხარ უსაზღვრო მდელოზე და ხელის გულებით, წელამდე ბალახს ეთამაშები.