Departures და Arrivals


ერთმა ადამიანმა მითხრა თუ ბედნიერი სახეების ნახვა გინდა აეროპორტის Arrivals დარბაზში უნდა წახვიდეო. ის ადამიანებიც კი რომლებიც ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ Departures-ში უგონოდ დასევდიანებულები ელოდებოდნენ მათი ფრენის გამოცხადებას, დანიშნულების პუნქტის მიღწევისას, რაღაცნაირად ბედნიერი სახეებით გამოდიან Arrivals დარბაზში. ყველაზე რთული მაინც დამშვიდობების მომენტია და არა ის, რაც მას შემდეგ მოსდევს.

ყველაზე დეპრესიული მომენტები “დამშვიდობებასთანაა” (ადამიანებთან, ადგილებთან, სიტუაციასთან) დაკავშირებული. ამ სიაშია ნაძვის ხის დაშლა, ჩემოდნის ჩალაგება და Departures დარბაზისკენ გეზის აღება. როდესაც წასვლა ახლოვდება ყველაზე მეტად მინდა ხოლმე რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგეს აფრენის მომენტი, დროზე გავეცალო მათ ან იმ სიტუაციას, რომლებთანაც დამშვიდობება ყველასთვის კარგად ნაცნობ ბურთს მაყლაპინებს და მიჩხერს ყელში. ეს “პლასტერის” ერთიანად აძრობას გავს, რაც უფრო დიდ ხანს და ნელა იძრობ, მით უფრო გტკივა.

Arrivals-ში გამოსვლისას ყველაფერი უკვე უკანაა დარჩენილი და რაღაც ახალი იწყება. გინდა, არ გინდა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, უკვე დაიწყო და შესაბამისად შენც ფეხის აწყობის გარდა არაფერი დაგრჩენია.

დღეს ეს სიმღერა იმაზე თემატური აღმოჩნდა, ვიდრე გუშინ წარმოვიდგენდი როცა ამ პოსტის დაწერა გადავწყვიტე.

დღეს დამშვიდობებების დღეა, როცა “პლასტერის” ერთიანად ახევა არ გამოდის.

Ground Control to Major Tom (Ten, Nine, Eight, Seven, Six)
Commencing countdown, engines on (Five, Four, Three)
Check ignition and may God’s love be with you (Two, One, Liftoff)

P.S. Safe flight David and may God’s love be with you.

Love Always Comes As A Surprise


დიდი ხანია ტემპერატურა მინუსს აჩვენებს და ქუჩაში გასვლა ისეთი ატრიბუტების გარეშე, როგორებიცაა ქუდი, კაშნე და ხელთათმანები წარმოუდგენელია.

მართალია პირველად სახლიდან რომ გავედი ჩამოთვლილინ ატრიბუტებიდან, მხოლოდ ჩემი “კურტკის” “კაპიშონი” მქონდა, რეალობას მალევე მოვერგე და უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში პირველად ვიყიდე და მოვირგე ხელთათმანი.

სხვა სიტუაციაში რომ გეკითხათ გადაუღებელი თოვა და გაუსაძლისი ყინვა ჩემთვის აუცილებლად იქნებოდა ჯოჯოხეთის სინონიმი, თუმცა ახლა ასე არ არის. არსად მეჩქარება, არც სადმე ვარ წასასვლელი და არც სადმე მელოდებიან, შემიძლია იმდენი ვიბოდიალო სანამ ყინვისგან თითებში მგრძნობელობა საბოლოოდ არ წამერთმევა.

მიყვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ყველა სადღაც მიდის, სხვებთან ერთად ელოდები ავტობუსის მოსვლას, ვიღაც შენ წინ გაჩერებაზე ჩავა, ვიღაც შენთან ერთად, ვიღაც ბოლო გაჩერებამდე მიყვება რომ შემდეგ ავტობუსზე გადაჯდეს. უცნობ ადამიანებთან სიახლოვეს რაღაცნაირი თავისუფლების განცდა მოაქვს. საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა და ერთი ყუთიდან, მეორემდე ტაქსით გადაადგილება ცხოვრების შეგრძნებას მაკარგვინებს. როდესაც სამყაროს ზედმეტად პატარა ჩარჩოებს უწესებ, კედლები ყველა მხრიდან იწყებს დაწოლას და პატიმრის მდგომარეობაში გაგდებს, სულს გიხუთავს.

ბუნებრივად კარგ განწყობაზე დგები, თუ კიბეზე ჩასვლისას ყველას ესალმები მიუხედავად იმისა იცნობ თუ არა, მთავარია რომ ერთ ჭერქვეშ აღმოჩნდით. ცუდი რითია თუ ერთმანეთს გაუღიმებთ და მიესალმებით?!

უცნობ ადამიანებში ხეტიალი ხელოვნურად წამოჭიმულ კედლებს არღვევს და მათავისუფლებს. ის სამყარო, რომელშიც მხოლოდ 1 პატარა ოთახი მაქვს გამოყოფილი და ჭერი ცოტაც და თავზე დამაწვება, ასეთ დროს სადღაც ქრება და მანამ არ მახსენებს თავს, სანამ ჩემს პატარა დახურულ სივრცეში არ დავბრუნდები და საკუთარ ფიქრებს თავიდან არ მივცემ გასაქანს.

არ არსებობს პოზიტივის გაცემაზე დიდი პოზიტივი, ამაზე დიდი ბედნიერების განცდა არაფერს მოაქვს. ცხოვრებაც ნაკლებ უაზრო მეჩვენება და კმაყოფილების (ოღონდ ძღომისნაირი კმაყოფილების არა) განცდა მიჩნდება. სულ რამდენიმე დღეა ახალი წელი მოვიდა, ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ ყოველი იანვრიდან რაღაც ახალი იწყება, რაღაც ახალს ვიგებთ, გადაწყვეტილებებს ვიღებთ ან რაღაცას ვცვლით. მე მივხვდი, რომ თუ მინდა ჩემს მიერვე შექმნილი კედლებიდან თავის დაღწევა და თავზე ჩამოწოლილი ჭერის ოდნავ შემსუბუქება, ამისთვის მჭირდება სრულიად უმიზეზოდ, ყოველგვარი განმარტებების გარეშე გავცე რაც შეიძლება მეტი პოზიტივი.

ბოლო პოსტში მიწერია, რომ ახალი წელი სწორედ ის დროა როდესაც სიყვარულის და სითბოს გამოხატვა ჩარჩოებში ჯდება, წესებს ემორჩილება და გვეპატიება. ჰო, სწორედ ესაა პასუხი კითხვაზე თუ რატომ მიყვარს ეს დღესასწაული ასე ძალიან. ამ დროს ირგვლივ ნაპატიები და “ბუნებრივის” იარლიყ მიწებებული პოზიტივი და ადამიანური სითბოს გამოხატვა ტრიალებს. ჰოდა, არავის უთქვამს რომ წლის სხვა დროს ამის უფლება ჩამორთმეული მაქვს, რომ სხვა დღეებში აუცილებლად უნდა ვიყო საკუთარი, მოგონილი ბუნაგის ბიდანადარი და მუდმივად რაღაც “ვამტკიცო”, გამოხატვას მოვერიდო და მხოლოდ ზრდილობის წესებით დასაშვები ქმედებების უფლება მივცე საკითარ თავს. სხვა თქვენი მიზეზით გახარებული / გაბედნიერებული / გაღიმებული ადამიანების რაოდენობა თქვენი ბედნიერების დოზის პირდაპირპროპორციულია.

ადრეც მითქვამს, რომ სამყარო გველაპარაკება, ამოუხსნელი, რთულად გასაგები ნიშნებით, მაგრამ გველაპარაკება. მოსმენას ნელ-ნელა ვსწავლობ.

გილოცავთ შობას (ეს ის შემთხვევაა როდესაც ზუსტადაც რომ თარიღს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ის პოზიტივი რომელიც ამ დროს ჰაერში ტრიალებს)!

Love, always comes as a surprise
You don’t need to close your eyes
‘Cause soon you’ll recognize
Its colors