ფერადი აგვისტო


15 აგვისტო – დღე როდესაც გადავწყვიტე ელ. ფოსტა აღარ შემემოწმებინა. ზოგჯერ უბრალოდ უნდა იცხოვრო, რაც არ უნდა მოხდეს მერე… დაე, მოხდეს მერე.
თქვენი ბედნიერება თქვენზე მეტად თქვენს საქმეებს სჭირდება, უბედური და ნაცრისფერი ადამიანები საქმეს ან ვერ აკეთებენ და ან უფერულ შედეგს გაძლევენ. ირგვლივ ყველა და ყველაფერი სძულთ. მე კი უბრალოდ მინდა მადლობას ვიხდიდე და მიყვარდეს, ბედნიერი ვიყო და ადამიანების მიმართ აგრესიის ნატამალიც არ გამაჩნდეს.

რაც მადლობების გადახდა დავიწყე ბევრ რამეს მივხვდი, მათ შორის იმასაც რომ უბედურება და ზღვარგადასული ნერვიულობა სწორედ იმას აყენებს ყველაზე დიდ ზიანს რაზეც ვნერვიულობ.
ფერად დღეებს გისურვებთ! ამას ყველა იმსახურებს.

Advertisements

11/08


არ ვიცი ამ პოსტის წერა რატომ დავიწყე, რას ემსახურება და რისი თქმა მინდა. უბრალოდ აგვისტოს „განვიცდი“, ჰო, განვიცდი და ვინც როგორც უნდა ეს ისე გაიგოს, განვიცდი პოზიტიურადაც, შიშითაც, შფოთვითაც და ყველა ძლიერი ემოციით.

თავს ვერაფერზე დავდებ, თუმცა მგონია რომ აგვისტოს ადამიანები ყველაზე მეტად განიცდიან აგვისტოს, სხვანაირი თვეა, ყოველთვის ძალიან დატვირთული და სხვანაირად ბედნიერი. ჩემთვისაც კი გაუგებარია რას ვგულისხმობ ამ „ბედნიერებაში“, მაგრამ ფაქტია რომ ეს შერეული, ერთმანეთში გადახლართული ემოციები ყველაზე მეტად გავს ბედნიერებას ან იმას რაც მე მგონია ბედნიერება.

ყოველთვის ვიცი, დაუსაბუთებლად, ჩემთვის და აუხსნელად, როდის ვიყავი ბედნიერი, როდის და აგვისტოში, ამიტომაცაა რომ ყოველი აგვისტოს დადგომა მოლოდინებთან ასოცირდება და როგორც არ უნდა გავიზარდო, როგორ კარგადაც არ უნდა გავიაზრო, რომ მოლოდინები „კლავს“, თავს მაინც ვერაფერს ვუხერხებ.

ხვალ 11 აგვისტოა, ის დღე ვერაფრით რომ გამიგია ძალიან მიყვარს, თუ უბრალოდ ავიკვიატე, მართლა გარდამტეხია, თუ უბრალოდ მე მინდა რომ ასე იყოს, მოკლედ ის დღეა ძალიან რომ ველოდები და რომ ვერ გამიგია რატომ.

თითქმის მთელი ბავშვობის განმავლობაში 11 აგვისტოს მამაჩემის მანქანაში ვატარებდი ხოლმე, ხან მივდიოდი დასასვენებლად და ხან ვბრუნდებოდი, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მანქანაში ვიჯექი და ყოველთვის გზასთან ასოცირდებოდა. გზა კი ყველაზე მეტად მიყვარს, ამიტომ ყოველთვის გზისკენ მიჭირავს თვალი როდესაც ეს თარიღი ახლოვდება. მამაჩემიც „აგვისტოს ადამიანია“, მისთვისაც ზუსტად ისეთია აგვისტო როგორიც ჩემთვის, თუმცა ამაზე არასოდეს გვისაუბრია.

მოკლედ, 11 აგვისტო ყოველთვის იყო თარიღი, ასეთი თუ ისეთი, არ აქვს მნიშვნელობა, თარიღი იყო და ერთგვარი “milestone” ჩემთვის. დღე როდესაც ან რაღაც იწყებოდა და ან რაღაც მთავრდებოდა, დღე რომლის მოსვლასაც ყოველთვის ველოდებოდი.

ისეც ხდებოდა, რომ მამაჩემს „დასასვენებლად“ ვყავდით დატოვებული და შანსი რომ არ იყო სამსახურიდან გამომდინარე 11 აგვისტოს ჩამოსულიყო, მაინც ჩამოსულა, მითქვამს ჩამოვა მეთქი და ჩამოსულა. შეიძლება ამიტომაც, დღესაც მუდმივად ველოდები რაღაცას, „მამაჩემის ჩამოსვლის“ მსგავსს.

მამაჩემი კი ჩამოდიოდა, მაგრამ ახლა გაჩენილ მოლოდინებს ზუსტად რა ბედი ეწევა წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, მოლოდინებში მთავარი ის დღე და მომენტი კი არ არის რომელსაც ელოდები, მთავარი ამ მოლოდინით გამოწვეული, ბედნიერების მსგავსი „შფოთვაა“. ეს შეგრძნება იმ იმედგაცრუებებსაც გადაწონის, რომლებიც მოლოდინებისა და რეალობის გადაკვეთისას ჩნდება.

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რა იცვლება წელს, რა იცვლება აგვისტოს დადგომასთან ერთად, რა იცვლება 11 აგვისტოს და რა იცვლება 29 წლის ასაკში, მნიშვნელობა იმ ემოციების ნაზავს აქვს, ახლა რომ განვიცდი.

no-idea