ანტი


უეცრად ვიფეთქებ ხოლმე და გზაზე რაც კი შემხვდება ყველაფერს თავზე დავღრიალებ, ასტროლოგები მეუბნებიან რომ ეს ბუნებრივია, კიდევ იმასაც ამბობენ რომ ამაზე უფრო ბუნებრივი უეცარი დამშვიდება და ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულებაა. მზად ვარ სათითაოდ ჩამოვურეკო ყველას და ბოდიში მოვუხადო, ვუთხრა რომ მიყვარს (მიუხედავად იმისა ასეა თუ არა, ახლა მგონია რომ ყველა მიყვარს. არა, მთვრალი არ ვარ! დიახ, შემიძლია დავიფიცო!) და დავადასტურო რომ სამწუხაროდ “ისტერიჩკა“ და ემოციურად არამდგრადი ვარ.

ჩამორეკვაზე ასტროლოგები ღიმილნარები ტონით მპასუხობენ, რომ ეს არც თუ ისე მარტივი იქნება, ჩემი უსაზღვრო “სიამაყისა“ და “თავმოყვარეობის“ გამო (რომელიც ზუსტად არ ვიცი რაში მარგია).

ჰოდა, ყველაფერზე კვერი რომ არ დავუკრა, ჩემს ვარდისფერ ანტიდეპრესანტის აბს დავციცინებ, მართალია 20 მგ. დამინიშნეს, მაგრამ 25 მგ.-ც რომ მივიღო, მგონი არაფერი მოხდება. დღეს ისეთი დღეა, 50 მგ.-ც ვერაფერს მიზამს.

ისე კი კარგად გავეჩვიე ანტიდეპრესანტებისა და ვისკის შეხამებას, წელი კი წამომტკივდება ხოლმე ზოგჯერ, მაგრამ აბა წელის ტკივილს ამ ნაერთთან რა საერთო შეიძლება ქონდეს. ყველაფერი ასაკის ბრალია, დიახ, ასაკის.

დასარეკად გამზადებულ ტელეფონსა და ვარდისფერ აბს შორის, არჩევანს ვარდისფერ აბზე ვაჩერებ.

შემდეგ იგივე სცენა მეორდება ანუ დასარეკად გამზადებულ ტელეფონსა და ვისკის შორის არჩევანს ვისკიზე ვაჩერებ. ვისკი და ვარდისფერი აბი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ტელეფონი კიდევ გამომადგება. მთავარია ყველა გამავალი ზარი და მიწერილი შეტყობინება წავშალო.

მეხსიერების წაშლაზე იმედს ვიტოვებ ეს ნაერთი იზრუნებს.

და თუ აქამდე მეგონა, რომ ასეთი აბებითა და ალკოჰოლით, უფრო გამოვდეპრესიულმწერალდებოდი, ძალიან ვცდებოდი.

საკვანძო სიტყვა აქ “ანტია“.

tumblr_m43dopI0QA1qez206o1_400