Meet me, in the evening, for a kiss, in Taksim square


აშკარად რაღაც გამოვტოვე, ბოლოს რომ ვნახულობდი სტამბული სტამბული იყო და არა სტამბოლი, ახლა სტამბოლი გამხდარა, ის არ კმაროდა ყველა რომ ასე მოიხსენიებდა განსაკუთრებული “მხატვრულობის მისანიჭებლად“ (ყოველშემთხვევაში მე ასე მეგონა), აეროპორტშიც გადაურქმევიათ სახელი და როგორც აღმოჩნდა სტამბულში კი არა, სტამბოლში მივფრინავ, კარგი არც ერთი და არც მეორე, იყოს Istanbul და კითხვებიც მოიხსნება.

ისე მივდივარ ქალაქს ვერაფერი გავუგე, ვერ აღვიქვამ და მომკალი, ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი როგორც კი ჩავალ ეს ქაოსი უნდა დავალაგო, საერთოდ თუ შეიძლება სტამბულის დალაგება.

მეტრო – დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თუ ვინმეს უნდა იგრძნოს ქალაქი აუცილებლად უნდა გამოიყენოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ტაქსით ერთი ადგილიდან მეორეში ციმციმ მიბრძანებით, ქალაქს პულსს ვერ გაუსინჯავ.

ჰო, ქალაქს ვერაფერი გავუგე, აი მეტროსთან კი პრობლემა არ მქონია, ოდნავ ირიჟრაჟა და ჩემს გაჩერებამდეც მივედი – Şişhane (როგორც ქალის ხმა მაუწყებს სწორედ ესაა – შიშჰაანე), მრავალი ამოსასვლელიდან ერთ-ერთს რომ ავუყევი, მივხვდი რომ ჩემი ფრაგმენტული რუქა სრულიად გამოუსადეგარი იყო და ერთადერთი გალათას დანახვამ დამამშვიდა, ე.ი. სადღაც ძალიან ახლოს ვარ და ბოლოს და ბოლოს ყველა ვიწრო ქუჩის დავლა რომ მომიწიოს სასტუმროს მაინც მივაგნებ, აი მერე რა იქნება ჯერ არ ვიცი.

ალბათ სხვებიც ჩემსავით იქცევიან ახალ ქალაქში ჩასვლისას, ანუ წინასწარ დიდ სიას აკეთებენ რა აქვთ სანახავი და დღეებზე ანაწილებენ აუცილებლად მოსანახულებელ ადგილებს. ასეთი სია მეც მაქვს, მაგრამ უბედურებაა ისაა რომ ვინაიდან ქალაქს ვერც თავი გავუგე და ვერც ბოლო, მგონი უაზრო ხეტიალის იქით არაფერი მიწერია, ისე დავბრუნდები თბილისში ბოლომდე მაინც ვერ გავიგებ სადაა ფატიჰი, სად ბეიოღლუ, რამხელა მანძილია აია სოფიასა და სულთანაჰმეთის მეჩეთს შორის და საერთოდ როგორ უნდა მოვხვდე ამ “სულთანაჰმეთში“.

ისეთი წვიმა დამხვდა რომ თაქსიმამდე მხოლოდ ქვაფენილის დათვალიერება შევძელი და იქამდე ვიბოდიალე სანამ თავიდან ფეხებამდე არ გავილუმპე, დიდი ვერაფერი დასაწყისია, იმის გათვალისწინებით რომ სანახავი ძალიან ბევრია, ქალაქის გონში კი ვერა და ვერ ვარდები, გზააბნეულივით დაეღეტები და ისიც კი ვერ გაგიგია სად ხარ (არადა თურმე ისთიქლალის გამზირი ამივლია და ჩამივლია).

პროგნოზს თუ ვენდობით, ხვალიდან გამოიდარებს. გამოდარებით კი გამოიდარებს მაგრამ აი მე რა მეშველება სტამბულის მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში მხოლოდ წრეებზე სიარული რომ “დავამუღამე“, არ ვიცი.

ჩემს ნალოლიავებ რუქაზე მხოლოდ გამზირებია დატანილი, პატარა ქუჩები კი უსახელოდ კვეთენ ერთმანეთს, ერთადერთი რაც მაიმედებს ისაა რომ თუ გამზირს ვერ ვიპოვი, მეჩეთების მიხედვით მაინც დავადგენ ჩემს ადგილმდებარეობას (ამაზე მაინც იზრუნეს რუქის შედგენისას და ყველა პატარა მეჩეთიც აღნიშნეს რუქაზე).

ჰოდა, ახლა წარმოიდგინეთ რომ ვარ ქალაქში რომელსაც ვერც შორიდან ვუგებდი რამეს, ვერც შიშჰაანედან, ვერც რუქით და ვერც მეჩეთებით.

და თუ პირველ დღესაც ვერ დალადგა, ოდესმე დალაგდება? რა თქმა უნდა დალაგდება, ისე დალაგდება თითქმის წასულ ტრამვაისაც კი შეახტები და რუქაზე დახედვაც კი აღარ დაგჭირდება.

არეულად ვწერ, დაბრუნებიდან 2 დღის შემდეგაც ვერ გამიგია სად ვარ, დავბუნდი თუ ჯერ კიდევ იმ ქაოსში ვარ ძალიან რომ შემიყვარდა, ყველაზე მაგარ სიტუაციაში, ანუ მაშინ როდესაც ყველაფერი რაც “აუცილებლად სანახავთა“ კატეგორიაში იყო ვნახე და ახლა შემიძლია იმდენი ვიბოდიალო რამდენიც მინდა, იმდენჯერ დავიკარგო რამდენჯერაც მინდა, იმდენი ახალი სიმღერა მოვისმინო რამდენიც მინდა და თურქულის გახსენებასაც იმდენი დრო დავუთმო რამდენიც მინდა, ანუ iki tavuk şiş-ის ნაცვლად, ვთქვა iki tane tavuk şiş.

რა არის სტამბული მუსიკის გარეშე?! არაფერი! თუ სტამბულთან 1 სიმღერა მაინც არ ასოცირდება ე.ი. მთელმა მოგზაურობამ ფუჭად ჩაიარა და მხოლოდ აია სოფიას, სულთანაჰმეთის მეჩეთისა და სხვა ისტორიული ძეგლების გასწვივ შეგიძლია პატარა “პწიჩკის“ მონიშვნა, სტამბულს პულსი ისტორიულ ძეგლებზე არ ესინჯება. ეს მხოლოდ იმისთვის გჭირდება რომ საკუთარი დაბნეულობა გაამართლო, არ შეიძლება სრულად აღიქვამდე ქალაქს, რომელიც კონტრასტების დედაქალაქია, სადაც ერთი ხიდის გადაკვეთით შეიძლება სხვა სამყაროში მოხვდე, სადაც ერთი ისტორიული ძეგლის ნახვისას სტამბულსაც ნახულობ, კონსტანტინოპოლსაც, რომის იმპერიასაც და ვიკინგების “მინაჯღაბნსაც“.

თანამედროვე სტამბულს არ “უტყდება“ იყოს სტამბული და საღამოს ყველა ბარიდან „Blue Suede Shoes”-ის ხმა არ გამოდის.

თუ აქამდე არ მოგისმენიათ აუცილებლად დაიწყებთ Kayahan-ის ღიღინს – Mektupları okudum seçip seçip

ან Haluk Levent-ის დისკს იყიდით კიდევ ერთხელ რომ აყვეთ “neler, neler yapıyoursun bensizken Ankarada?“

უაზრო ხეტიალისას ისეთ ანტიკვარიატს გადააწყდებით ჯოხით ვერ გამოგაგდებენ მაღაზიიდან, გამყიდველთან ლაპარაკსაც გააბამთ და თითოეული ნივთის ისტორიასაც მოისმენთ.

ისთიქლალის ყველა გასახვევს ათასჯერ დაივლით ახალი ქუჩის აღმოჩენის მიზნით და შემდეგ ისევ ხალხით სავსე გაზირზე დაბრუნდებით, სადაც იგრძნობთ რომ რაღაც ცოცხალი ორგანიზმის ნაწილი გახდით.

და რაც მთავარია, ყველას, უკლებლივ ყველას, ჩამოსვლისას აქვს თავისი სტამბული, ვიღაცისთვის ცვხრის სუნით აყროლებული, ვიღაცისთვის ისტორიული ძეგლებით დახუნძლული, ვიღაცისთვის საყვარელი სიმღერების ქალაქი და ვიღაცისთვის ცოცხალი ორგანიზმი, თავისი უნიკალური თვისებებით.

ჩემი სტამბული ისეთია წრეებზე სიარულის გარეშე რომ ვერ ნახავ, ხალხით სავსე ტრამვაიში თუ არ შეეჭეჭყები, საღამოს თურქული სიმღერების მოსასმენად თუ არ წახვალ და თუ არ უყურებ როგორ ცეკვავენ, თუ ყვავილების გვირგვინს არ დაიდგამ და თუ დაბრუნებისას ყოველ ფეხის ნაბიჯზე “ბუიურუნ მადამ“ არ მოგენატრება.

ესაა იმ იშვიათ ქალაქთაგანი, რომლის შემთხვევაშიც არგუმენტი “იმდენი რამ მაქვს სანახავი, რომ ორჯერ ერთი და იგივე ადგილზე ჩასვლა გაუმართლებელია“ არ ჭრის, არათუ არ ჭრის სანაგვეზეა მოსასროლი, მზად ვარ ყოველი ახალი შანსის გამოჩენისას 5 წუთში ჩავბარგდე და სტამბულში მიმავალთა რიგში ჩავდგე.

ახლა თმას აწეულს ვატარებ და იმ სიმღერას ვუსმენ ბოხხმიანი ბიჭი რომ მღეროდა ერთ-ერთ ძალიან მაგარ ღამეს სტამბულში, იმ ღამეს ისთიქლალის გამზირზე გასხივოსნებული რომ დავბოდიალობდი ნაჩუქარი ყვავილების გვირგვინით თავზე.

სტამბულში ფინიკი მომენატრა.

“Meet me, in the evening, for a kiss, in Taksim square”.

11013016_841619009242553_5932324444906806692_n

Advertisements