ჩამრთველთან ახლოს


“გეუბნებოდი უცნაური ამბავი ხდება ჩვენს თავს მეთქი და აჰა” – ისევ საკუთარ თავთან ვცდილობ დიალოგის გაბმას.

დიდი ხანია აღარაფერი გამომდის, ზოგჯერ მგონია არც ადრე ვვარგოდი რამედ, ახლა კი საერთოდ წყალწაღებული გავხდი.

კიდევ უფრო დიდი ხანია საკუთარ თავს აღარ ველაპარაკები, უფრო უეცარი წამოყვირებები დამჩემდა, მოულოდნელობის ეფექტით რომ გადავფარო ხოლმე მდორედ მიმდინარე მომაბეზრებელი ფიქრები, ის ფიქრები რომლებიც მგონია ტვინის ყველა უჯრედში ჩამაკვდნენ და აწი ვეღარაფრით მოვიშორებ მეთქი.

რამდენი ხანია გადაწყვეტილება აღარ მიგიღია?

როგორც წესი ყველაზე კარგად მაშინ ვფიქრობ ხოლმე, როცა წინა საღამოს მიღებული ალკოჰოლის დოზა თავს გამთენიისას მახსენებს და არც დაძინების საშუალებას მაძლევს და არც ბოლომდე გამოფხიზლების. ჰო, მართალია გამართულად არა, მაგრამ ყველაზე კარგად მართლა ამ დროს მიჭრის გონება და გადაწყვეტილებებსაც შესაშური სიმარტივით ვღებულობ.

ბოლო გადაწყვეტილებაც ასეთი იყო, გადაწყვეტით კი გადავწყვიტე, მაგრამ ვინაიდან ამ საკითხის გადაწყვეტა არსებითად არც არაფერს ცვლიდა, გადაწყვეტილება გადაწყვეტილებადვე დარჩა, საკითხი კი კვლავ ღიაა, ან უფრო დახურული ვიდრე ღია, დახურული და გადაუწყვეტელი.

როცა მე ვწყვეტ სხვები უმოქმედობას ამჯობინებენ.

ნამთვრალევზე მიღებული გადაწყვეტილებების სიმსუბუქეს ვგრძნობ და გული მწყდება რომ სხვა მოქმედ პირებს იმდენი არ დაულევიათ რომ საბოლოოდ იგივე გადაწყვეტილებამდე მისულიყვნენ.

ვერც დალევის რიტმში ვემთხვევით ერთმანეთს.

რას ველოდები? შუქის ჩაქრობას, მერე თავიდან რომ ავანთო იმიტომ.

ისევ ავირიე როლებში, როგორც წესი შუქს თავად ვაქრობ ხოლმე, სხვები კი ანთებულს მახვედრებენ. ერთხელ აუცილებლად დავასწრებ ყველას და ვიტყვი “დაე იყოს ნათელი”, შემდეგ კი აუცილებლად დავწერ რომ იქმნა ნათელი.

ვიწყებ უკუღმა ათვლას და კარების ღრეჩოდან შემომავალი სინათლე ბნელდება.

ჩამრთველთან ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვარ.

სამამდე დათვალე!..

…და იქმნა ნათელი.

P.S. მთავარია საბოლოოდ ჩამოყალიბდე “ჩამრთველს” ჩამრთველს ეძახი თუ გამომრთველს.

tumblr_lcb8doEcaU1qb9fxeo1_500

Advertisements

3 thoughts on “ჩამრთველთან ახლოს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s