სასრიალოს კიბეზე


ნდობის კოეფიციენტი (ჰო, მგონი ასე მოიხსენიებენ ხოლმე) ყოველდღიურად უფრო და უფრო ეცემა და ისევ იმ ნიშნულს ვუბრუნდებით, კაპიკის ფასი რომ იყო ჩვენი მეგობრობა.

აღფრთოვანების ობიექტებთანაც მხოლოდ საქმიანი საუბრებით შემოვიფარგლები.

დაღლილობისგან ზედმეტად გავნაზდი.

ინტერესიც გამინელდა და სიგარეტის შეცვლაზეც დავფიქრდი.

გამარჯობასაც ვამბობ და ენასაც აღარ ვიწვავ მოწევისას. ჰოდა, ის დრო ჯობდა გამარჯობას რომ არ ვამბობდი და სიგარეტის კვამლი რომ მახრჩობდა ამის გამო.

ის დრო ნამდვილად ჯობდა, ყველაფრის მოყოლა რომ შემეძლო და რაღაც ნდობასავით გრძნობა რომ მქონდა.

ის დრო მენატრება, შენი ნახვა რომ მყოფნიდა, ჩვენ ორ წინადადებიან საუბრებს რომ ვატრიალებდი გონებაში დაუსრულებლად, არაფერი რომ რაღაც მეგონა და შენზე კითხვა რომ მიყვარდა.

აი ის დრო, რომ მეგონა გაქცევით თავს ვუშველი მეთქი, წასული რომ არ ვიყავი და დაბრუნება რომ მეჩქარებოდა (გეგონება მელოდებოდა ვინმე).

შენი ზოგადი დახასიათება რომ მიყვარდა და წარმოდგენა რომ არ მქონდა კონკრეტულად შენ როგორი იყავი.

შენთან შეხვედრისას სათვალეს რომ ვიხსნიდი ხოლმე, შენი სახე რომ ვერ გამერჩია.

გაღვიძება რომ მიხაროდა და რომ მეგონა საღამოს მოსაყოლი მექნებოდა რამე, იმისთვის ვისთან მეგობრობაც ახლა კაპიკის ფასია.

ცხოვრება ხომ აღმართებისა და დაღმართებისგან შედგება? ადრე ხომ მეგონა რომ დაღმართი აუცილებლად ცუდს ნიშნავდა და კისრის მოტეხვის სინონიმი იყო, ხომ მინდოდა სულ ზემოთ მევლო?! ჰოდა, ძალიან ვცდებოდი!

ძვირფასო ფინიკი, ცხოვრება “სასრიალოა”, ასვლა დიდი ვერაფერი ხალისია, ერთი სული გაქვს დროულად აიარო კიბე და სუნთქვაშეკრული ჩამოჯდე კიდეზე, მთელი მუღამი ხომ ჩამოსრიალებაშია?

ჰოდა, ბედნიერ სრიალს გისურვებ! ეს სიამოვნება შეიძლება კისრის მოტეხვადაც ღირდეს. მთელი ცხოვრება სასრიალოს კიბეზე ჩემმა მტერმა გაატარა.

Help me if you can, I’m feeling down
And I do appreciate you being ‘round.

tumblr_lw1nbcsfwv1qd9woto1_400

Advertisements

ჩამრთველთან ახლოს


“გეუბნებოდი უცნაური ამბავი ხდება ჩვენს თავს მეთქი და აჰა” – ისევ საკუთარ თავთან ვცდილობ დიალოგის გაბმას.

დიდი ხანია აღარაფერი გამომდის, ზოგჯერ მგონია არც ადრე ვვარგოდი რამედ, ახლა კი საერთოდ წყალწაღებული გავხდი.

კიდევ უფრო დიდი ხანია საკუთარ თავს აღარ ველაპარაკები, უფრო უეცარი წამოყვირებები დამჩემდა, მოულოდნელობის ეფექტით რომ გადავფარო ხოლმე მდორედ მიმდინარე მომაბეზრებელი ფიქრები, ის ფიქრები რომლებიც მგონია ტვინის ყველა უჯრედში ჩამაკვდნენ და აწი ვეღარაფრით მოვიშორებ მეთქი.

რამდენი ხანია გადაწყვეტილება აღარ მიგიღია?

როგორც წესი ყველაზე კარგად მაშინ ვფიქრობ ხოლმე, როცა წინა საღამოს მიღებული ალკოჰოლის დოზა თავს გამთენიისას მახსენებს და არც დაძინების საშუალებას მაძლევს და არც ბოლომდე გამოფხიზლების. ჰო, მართალია გამართულად არა, მაგრამ ყველაზე კარგად მართლა ამ დროს მიჭრის გონება და გადაწყვეტილებებსაც შესაშური სიმარტივით ვღებულობ.

ბოლო გადაწყვეტილებაც ასეთი იყო, გადაწყვეტით კი გადავწყვიტე, მაგრამ ვინაიდან ამ საკითხის გადაწყვეტა არსებითად არც არაფერს ცვლიდა, გადაწყვეტილება გადაწყვეტილებადვე დარჩა, საკითხი კი კვლავ ღიაა, ან უფრო დახურული ვიდრე ღია, დახურული და გადაუწყვეტელი.

როცა მე ვწყვეტ სხვები უმოქმედობას ამჯობინებენ.

ნამთვრალევზე მიღებული გადაწყვეტილებების სიმსუბუქეს ვგრძნობ და გული მწყდება რომ სხვა მოქმედ პირებს იმდენი არ დაულევიათ რომ საბოლოოდ იგივე გადაწყვეტილებამდე მისულიყვნენ.

ვერც დალევის რიტმში ვემთხვევით ერთმანეთს.

რას ველოდები? შუქის ჩაქრობას, მერე თავიდან რომ ავანთო იმიტომ.

ისევ ავირიე როლებში, როგორც წესი შუქს თავად ვაქრობ ხოლმე, სხვები კი ანთებულს მახვედრებენ. ერთხელ აუცილებლად დავასწრებ ყველას და ვიტყვი “დაე იყოს ნათელი”, შემდეგ კი აუცილებლად დავწერ რომ იქმნა ნათელი.

ვიწყებ უკუღმა ათვლას და კარების ღრეჩოდან შემომავალი სინათლე ბნელდება.

ჩამრთველთან ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვარ.

სამამდე დათვალე!..

…და იქმნა ნათელი.

P.S. მთავარია საბოლოოდ ჩამოყალიბდე “ჩამრთველს” ჩამრთველს ეძახი თუ გამომრთველს.

tumblr_lcb8doEcaU1qb9fxeo1_500