წარსულში ძვირფას ადრესატს


მცირე შესავალი:

დღეს კვირაა, სულ მალე კი 00:00 საათი გახდება და ორშაბათიც მოვა.

ძველი წერილების კითხვით დავკავდი და სრულიად შემთხვევით, უკვე დავიწყებულ წერილს გადავაწყდი, რომელიც არც არავისთვის გამიგზავნია და დაწერის შემდეგ მეც კი დავივიწყე.

ამას რომ ვწერდი ალბათ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე გავბედავდი მის გამოქვეყნებას (გამოგზავნაზე საუბარიც ზედმეტია). იმდენი დრო გავიდა, რომ ახლა ამ წერილის კითხვისას უბრალოდ მეღიმება და რაღაცნაირად გული მწყდება, რომ მას დღის სინათლე არასოდეს უნახავს.

ჰოდა, რახან შევინახე ე.ი. მინდოდა რომ ოდესმე გადავწყდომოდი, ხოლო რას ვიზამდი მისი წლების შემდეგ წაკითხვის მერე მაშინ ნამდვილად ვერ მეცოდინებოდა (ახლაც არ ვიცი).

ბევრი რამ გადაჭარბებული, გაზვიადებული და სასაცილო მგონია, ბევრ სიტყვასაც შევცვლიდი და ჩემი ნება რომ იყოს ამ წერილს საერთოდ არ დავწერდი, მაგრამ რახან დავწერე ე.ი. როგორც მინიმუმ ყველაფრის მონელება მინდოდა.

ჰოდა, სანამ წავშლი და გავაქრობ, სანამ ამ საკითხზე ჯერ კიდევ მეცინება (წლების მერე შეიძლება არც კი გამახსენდეს საერთოდ რაზე ვწერდი და რატომ), გადავწყვიტე შეულამაზებლად, ყოველგვარი ცვლილების გარეშე გამოვაქვეყნო.

თუმცა გადავწყვიტე მაინც გადაჭარბებული ნათქვამია, ვინაიდან მაინც ეჭვი მეპარება ამ გადაწყვეტილების სისწორეში და ჯერ მხოლოდ ნიადაგს ვსინჯავ, ანუ დრაფტებში ვაგდებ, ხოლო თუ საღ გონებაზე კვლავ ჩავთვლი, რომ ეს საკითხი ამჟამად იმდენად უმნიშვნელოა რომ მისი გამოქვეყნება ჩემთვის არაფერს შეცვლის, მაშინ გამოვაქვეყნებ.

დღე მეორე – საღ გონებაზე:

ჰოდა, მაშ ასე, ვაქვეყნებ შემდეგი მიზეზით – მიყვარს როდესაც უკვე დავიწყებულ ემოციებს ვაწყდები ხოლმე და სასიამოვნოდ მეღიმება იმის წარმოდგენისას დრო როგორ შველის ყველაფერს. ვაქვეყნებ იმიტომაც რომ შესაძლოა დროთა განმავლობაში სხვა უსარგებლო ხარახურასთან ერთად შემომეშალოს (რაც არ მინდა), იმიტომაც ვაქვეყნებ რომ მგონია ოდესღაც არსებული ემოციები უკვალოდ არ უნდა გაუჩინარდნენ და იმიტომაც რომ წერის მომენტში ვიცოდი ჩემ გარდა მას არავინ წაიკითხავდა და ამიტომ აბსოლუტურად გულწრფელი ვიყავი (სხვა ასეთი პოსტი ჩემ ბლოგზე არ მოიძებნება).

ძვირფასო ადრესატო, ყოველგვარი ცვლილების გარეშე გიგზავნი ჩემ საკმაოდ ძველ და შენთვის მოწერილ უკანასკნელ წერილს, რომელიც დათარიღებულია 23.03.2011 წლით.

“სასაცილოა, გადავწყვიტე ჩემი მეგობრის რჩევა გამომეყენებინა და დამეწერა ის რისი არც თქმა შემიძლია და  შენ წარმოიდგინე არც ფიქრი.

მე დავიღალე, ჰო როგორც ადრეც აღვნიშნე დავიღალე, ჩემდა გასაკვირად კი სულ რამდენიმე თვის წინ აღმოვაჩინე, რომ შენც იცოდი ჩემი ზედმეტად გადაღლილი და გულგრილი განწყობის შესახებ, მდგომარეობას ჯოჯოხეთიც კი უწოდე. მე არ გიპასუხე, რამდენიმე მიზეზის გამო, მთავარი ის იყო რომ ვერაფრით ვიჯერებდი მე მომწერა მეთქი, ვფიქრობდი, რომ რაღაც შეცდომა იყო, ამიტომ უბრალოდ აღელვებული ვიყავი რამდენიმე დღის განმავლობაში, შემდეგ კი დავმშვიდდი, ამას შეცდომა ვუწოდე და ისიც კი ვიფიქრე დავივიწყებ მეთქი. თუმცა არც შენ დააყოვნე და მეორედ გამოჩნდი, ეს კი უკვე აღარ იყო შეცდომა, არა ეს ნამდვილად შეეფერებოდა სინამდვილეს, თუმცა კვლავ ეჭვი მღრღნიდა და ამიტომ გადავწყვიტე თავი მომეჩვენებინა, ვერაფერს ვხვდები მეთქი, ჰოდა ჩავალაგე და ბათუმში წავედი, თან ღიმილიანი სახით მივდიოდი, ისეთ განწყობაზე მხოლოდ შენ რომ შეგიძლია ჩემი დაყენება. საღამოს ვიჯექი მეგობრებთან ერთად და შენგან კიდევ ერთი წერილი მივიღე, ეს რა თქმა უნდა აღარ იყო დამთხვევა და მეც გადავწყვიტე იგივე სტილით მეპასუხა, იქნებ გონს მოეგო მეთქი, შენ დაიკარგე, მეც რა თქმა უნდა მომენტალურად ვინანე და დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ იგივე შეცდომა დავუშვი რაც წლების წინ, თუმცა შემდეგ 27 აგვისტო დადგა და მე ისევ შენი გამოჩენით გამწვეული ბედნიერება ვიგრძენი. ვერაფრით შევძელი ამის უბრალოდ დავიწყება, თუმცა ვერც ის შევძელი რომ რეალური ვყოფილიყავი, გამეკეთებინა ის რაც მინდოდა, თავი ვაიძულე მეპასუხა უხეშად, შემდეგ კი საკუთარი თავის მიმართ დაუშრეტელი ზიზღი ვიგრძენი, თუმცა 28 აგვისტო დაუვიწყარი იყო, ბედნიერი და დაუვიწყარი. სასაცილოა, ისე ჟღერს თითქოს თავდავიწყებით ვარ შეყვარებული, არადა ეს საერთოდ არ შეეფერება სინამდვილეს, უბრალოდ საუბარი მიყვარდა შენთან, მეტი არაფერი.

შენ დაიკარგე ან კი ამას რა გამოცნობა უნდოდა, ჩემი პასუხი არც კორექტული იყო, არც განსაკუთრებულად გამჭრიახი როგორც თავიდან მეგონა და არც ისეთი, რომელიც რეალობასთან კავშირში იქნებოდა. ყოველი ახალი დღის გათენებასთან ერთად ვგრძნობდი, რომ ეს შეთხზული გამოგონილი პიროვნება, რომელსაც ჩემს თავს ვეძახდი სინამდვილეში არ არსებობდა და მოგონილი წესებით ცხოვრობდა, სამწუხაროდ არაფრის გამოსწორება შემეძლო, მე ხომ შენთან მიმართებაში რაღაც აუხნელ შიშს განვიცდიდი ყოველთვის, მუდმივად ვგრძნობდი რომ გაწუხებდი, თავს გაბეზრებდი, უკანასკნელი საქციელით კი საერთოდ გადავუსვი ხაზი ყველაფერს. საკმაო დროის შემდეგ, შენი მორიგი და როგორც შემდეგ აღმოჩნდა უკანასკნელი ნაბიჯით მივხვდი, რომ ვერც შენ შეძელი ჩემი საკმაოდ თავხედური გამოხტომის ატანა და ნუ დიდად ჭკვიანურად არა, მაგრამ მაინც მიპასუხე, ისე როგორც საჭირო იყო, ზუსტად ის გააკეთე რაც იცოდი ყველაზე მეტად მომიშლიდა ნევრებს, მე კი შემდეგ იმაზე უარესი სისულელე გავაკეთე ვიდრე მანამდე, მართალია, ვერაფრით ვსწავლობ ჭკუას.

საკმაო დრო გავიდა, თითქმის უკვე მონელებულიც მქონდა ყველაფერი, როდესაც ჩემმა მეგობარმა მომწერა შენზე, საკმაოდ უსიამოვნოდ და საკმაოდ ცუდი ახალი ამბავი, მე მეწყინა, აუხსნელად მეწყინა, გული დამწყდა, მე ხომ რატომღაც მუდმივად გგულშემატკივრობდი, აი ისე ნამდვილი მეგობარი, რომ განიცდის შენს ამბავს, ჰოდა საკუთარი თავის მიმართ კიდევ უფრო დიდი ზიზღი ვიგრძენი, მივხვდი, რომ შესაძლო იყო ცუდად იყავი მე კი არ გავითვალისწინე, ჰოდა ვერაფრით მოვიშორე იდეა, რომ ბოდიში უნდა მომეხადა, უბრალოდ მეთქვა, რომ ვხვდებოდი ცუდად მოვიქეცი მეთქი, მეთქვა ეს არა იმისთვის, რომ ან პატიება მიმეღო ან თუნდაც მეგობრული ჟესტი, არამედ იმიტომ რომ საკუთარი თავის წინაშე მომეხადა ვალი, მე უბრალოდ არ შემიძლია ვიყო ცუდი, დამპალი, ცივსისხლიანი ან უბრალოდ შენთან მიმართებაში არ შემიძლია. არ ვიცი, შენ ამ ყველაფერს რა ინტერპრეტაცია მიეცი, თუმცა მე ყველანაირად ვეცადე გეგრძნო, რომ ამას ვაკეთებდი მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სიმართლე იყო და არა იმიტომ, რომ შენგან საპასუხო ჟესტი მიმეღო.

ჰოდა ყველაფერი ძალიან მარტივადაა, დღეს ამ წერილს იმიტომ ვწერ, რომ როგორც წესი, როდესაც რაღაცაზე საუბარი ან განტვირთვა მინდა, ადრესატისთვის უაზრო წერილის წერის სურვილი მიჩნდება, ადრესატი კი შენ ხარ, ყველაზე მარტივი, უპრობლემო, ის ვინც არაფერს მკითხავს და არაფერს მეტყვის, ის ვისაც არასოდეს გავუგზავნი წერილს, ჰოდა, მე დავიღალე.”

Advertisements

2 thoughts on “წარსულში ძვირფას ადრესატს

  1. აი ვზივარ და აღარც ვიცი, უნდა გამიკვირდეს, თუ აღარ… არ დაიჯერებ და გუშინ ძველი წერილები გადმოვყარე და გვიანობამდე ვქექე და ვქექე( ოღონდ ნაღდი წერილები, ფურცელზე და ზოგი კონვერტითაც კი). მერე ვიფიქრე, დავწერო ამაზე-მეთქი და როგორც უმეტეს შემთხვევაში, გონებაში დავწერე და აქ დამეზარა :). სამაგიეროდ შენ დაგიწერია 🙂

    Like

    1. მე აღარ მიკვირს 🙂

      დაწერე მერე, მიყვარს ერთდროულად და ერთსა და იმავეზე რომ ვწერთ ხოლმე 🙂

      ასე მგონია ჩემ ნაწერს ვკითხულობ მეთქი, ამას წინათ ხომ მოგწერე 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s