მუმბაი – ბარსელონა


მუმბაი

ალბათ არ იქნება გასაკვირი რომ ვთქვა ყველაფერი თბილისში დაიწყო მეთქი, ჰო, თბილისში დაიწყო და თბილისშივე დასრულდა, ან თბილისი-მუმბაის რეისის გამოცხადებისას (მართალია პირდაპირი რეისი თბილისსა და მუმბაის შორის არ არსებობს და ამიტომ ვვარაუდობ რომ თბილისი-სტამბულის რეისზე უნდა იყოს საუბარი, თუმცა მთავარი მაინც საბოლოო დანიშნულების პუნქტია, ამიტომ იყოს მუმბაი), ან მუმბაიში დაშვებისას, ანაც დაშვებიდან რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ დასრულდა, ნუ როგორც მინიმუმ „პირველი სეზონი“ მაინც.

პრინციპში, იმას თუ რომელ ქალაქში დაიწყო ან რომელ ქალაქში დასრულდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ამ ისტორიას ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ერქვას მუმბაი, არა იმიტომ თუ სად მოხდა, არამედ იმიტომ თუ სად უნდა გაგრძელდეს.

თვითმფრინავის აფრენისას, აი იმ მომენტში ბოინგმა (არ ვიცი ზუსტად ბოინგი იყო თუ არა, მაგრამ ახლა არც ამას აქვს მნიშვნელობა) ცხვირი რომ ასწია ჰაერში ასაფრენად, კადრი შენელდა და ფერმკრთალი ასოებით, ისე როგორც ჰოლივუდურ ფილმებშია, დაიწერა „to be continued”-ო. ისე კი უნდა ითქვას, გემრიელი დრამის გამოსაცხობად, ჯობდა “The End” დაწერილიყო, თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი ტიტრებით არ სრულდება.

ჰო, ვიცი, ვიცი ეს თვითმფრინავის, აეროპორტებისა და დამშვიდობების სცენები იმდენად ბანალური, გადაღეჭილ-გადმოღეჭილი და გვარიანად მობეზრებულია, რომ ისტორიის ამგვარად დაწყება, ერთის მხრივ ალბათ ყველანაირ ინტერესს დაუკარგავს ადამიანს, თუმცა ვინაიდან ყველაფერი ასე იყო, ახლა დასასრულის შეცვლას ვერ დავიწყებ, ხოლო კითხვაზე „ისტორიის ბოლოდან დაწყება რა მანერაა?“, მოგახსენებთ რომ არ ვიცი, ასე იყო საჭირო და მორჩა.

ახლა ორი სიტყვით ისიც ვთქვათ თუ ვიზეა ეს ისტორია, სულ ორი მთავარი გმირი ყავს – ატმისფერ კაბაში გამოწყობილი მომცრო ზომის, ასაკით არც თუ ისე პატარა ქალბატონი და შოკოლადისფერი, ასოციაციურად წითელ ღვინოსთან დაკავშირებული, წვერმოშვებული და ასაკით კიდევ უფრო დიდი მამაკაცი.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ როდესაც ცდილობ ყველაფერი ფილმის სცენარით წაიყვანო, საბოლოო ჯამში ასეც გამოდის ხოლმე, არა იმიტომ რომ ფილმებს რეალური ცხოვრების მსგავსად იღებენ, არამედ იმიტომ რომ ცხოვრების დამდგმელი რეჟისორები, ხშირად უკვე კარგად ნაცნობი ფილმების სიუჟეტებით გეგმავენ ხოლმე მოვლენებს.

ბარსელონა

ოჰ, ბარსელონა სულ სხვა რამეზეა, სულ სხვა მოქმედი პირები ყავს და სულ სხვაგვარად ვითარდება.

მუმბაი

აი შოკოლადისფერი მამაკაცის მუსიკალური გემოვნება დიდად არ მხიბლავს, მაგრამ ატმისფერს მოსწონდა და აბა მე ვინ რას მეკითხება.

პირველი დღე არყითა და დიდი ემოციებით იყო გაჯერებული, აკი, ვამბობდი ყველაფერი ფილმის სცენარით წარიმართა მეთქი, ჰოდა, ახლა კიდევ უფრო მეტად დარწმუნდებით ამაში და კიდევ უფრო მეტად შეგეპარებათ ეჭვი ამ ისტორიის ნამდვილობაში. იმას ვამბობდი რომ პირველი დღე არყითა და დიდი ემოციებით იყო გაჯერებული, ატმისფერი საკუთარი სახელისთვის შეუფერებლად ბევრს სვამდა, მე კი, ვინაიდან ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ შუამავალის როლი მეკისრებოდა თავი არ მომიკლავს ბევრს ვერ დავლევ მეთქი, შეიძლება ითქვას რომ ამდენი არასოდეს დაგვილევია, ან კი დაგვილევია მაგრამ ასე არასოდეს დავმთვრალვართ (ნუ ატმისფერი მაინც).

მერე, ეს ისტორია რა ისტორია იქნებოდა, პატარა სანაძლეოც რომ არ გარეულიყო სიუჟეტში… შოკოლადისფერი არც დაბნეული ჩანდა და არც მარტოსული, თუმცა მაინც ვერ ვიჯერებდი რომ შეიძლებოდა ასეთ საღამოს და ასეთ ადგილას სულ მარტო ყოფილიყო, ჰოდა ვინაიდან ატმისფერი თვალს არ აშორებდა, ავუხირდი მარტო არ იქნება, ალბათ ვინმეს ელოდება მეთქი, ეს კიდევ თავს იკლავდა ნამდვილად მარტოაო, ჰოდა, მთელ საღამოს ასეთ კამათში ხომ არ გავატარებდით, სანაძლეოს პირობებზე შევთანხმდით და მე დაუფიქრებლად გავეშურე გამარჯვებულის გამოსავლენად.

დიდ ხანს ხვეწნა არ დამჭირვებია ჩვენ მაგიდასთან რომ აღმოჩენილიყო, მე შევეცადე მაქსიმალურად შორს დავმჯდარიყავი, სათვალე გავიკეთე და ტელევიზორში საკმაოდ მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩის ყურება დავიწყე. ჰო, სულ დამავიწყდა მეთქვა რომ სანაძლეო წავაგე.

ატმისფერი იფიცება იმ საღამოს რა მოხდა არაფერი მახსოვსო, აი მე კი ყველაფერი მახსოვს, ცოტა ჩავარდნები კი მაქვს, მაგრამ ჯამში ყველაფერი მახსოვს.

ხოლო ვინაიდან ატმისფერს არაფერი ახსოვს, შოკოლადისფერის მოგონებებს ბევრი არაფერი წონა აქვთ.

ე.ი. ყველაფერ მესამე დღეს და მეორე შეხვედრისას დაიწყო.

მაშინ დაერქვა ატმისფერს ატმისფერი (შოკოლადისფერი ყოველთვის შოკოლადისფერი იყო), დიდ ხანს რომ იკოხტავა სარკის წინ ატმისფერ კაბაში გამოწყობილმა და შოკოლადისფერმაც ეს სახელი რომ შეარქვა.

დაუვიწყარი 1 კვირა, აფეთქებული ემოციები და დამშვიდობების წარმოდგენაზე ყელში გაჩხერილი ბურთი, მოკლედ, ყველაფერი ისე როგორც ფილმებშია.

აეროპორტი, ემოციები, აეროპორტი და სიჩუმე.

***

ყველაზე იაფი ფრენები მუმბაიში, როგორც ვნახე qatarairways-ს აქვს, თუმცა სხვა ვარიანტების მოფიქრებაც შეიძლება, იქამდე 5 წელია. რატომ 5 წელი? ატმისფერმა გადაწყვიტა ასე და იმიტომ.

ცხოვრებაში აუცილებელია გქონდეს ერთი დაუვიწყარი, ყველა ცუდ დეტალ ჩამოშორებული მოგონება და მისი გაგრძელების სავარაუდო თარიღი – თან იმედი რომ გაქვს იქამდე გადამივლისო და თან პირიქით, რომ იმედოვნებ ისევ ისე მენდომებაო.

ბარსელონა

აქ 5 წელზე მეტიც კი გავიდა, ვადა არცერთს დაგვითქვამს, განსხვავებით მუმბაისგან, ბარსელონამ საკუთარი თავი დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, ბევრ ქალაქს მიედ-მოედო და ბევრი წლის მერე დაირქვა ბარსელონა.

ბარსელონაზე სასაუბროდ არც არასოდეს მცხელა და არც დიდი სურვილით ვიწვი ხოლმე, თუმცა როცა მუმბაიზე ვსაუბრობ, ჯერ ბარსელონას ბილეთებს ვათვალიერებ, გეგონება ვინმე მელოდებოდეს. მუმბაი? მუმბაი უფროა მოლოდინის რეჟიმში ვიდრე ბარსელონა, ბარსელონამ არც იცის რომ თარიღებს ვარჩევ.

არადა, ამ ორ ისტორიას არაფერი აქვს საერთო, არც გეოგრაფიულად, არც ხანგრძლივობით, არც სიმძაფრით და არც პერსონაჟებით.

ბარსელონაში არც ატმისფერი კაბებია, არც შოკოლადისფერი და წითელი ღვინოსავით მამაკაცი, არც სიმთვრალე და არც სანაძლეო. ბარსელონა უფრო ძველია და თბილისთან მუმბაიზე ახლოსაა.

მუმბაის აუცილებლად გაუხარდება. ბარსელონა უბრალო აკვიატებაა, თუმცა დასასრულისთვის არც თუ ისე ურიგო.

 angel & devil

Advertisements

წამო, მოვწიოთ


დღეს დაახლოებით სამჯერ მაინც გამიელვა თავში ფიქრმა რომ „დროა“. არ ვიცი კონკრეტულად რის დროს ვგულისხმობდი, მაგრამ უკვე ნათლად ვხვდები რომ დროა, დროა და მორჩა.

სინამდვილეში ზღვართან დიდი ხნის წინ აღმოვჩნდი, ერთი ეგაა ვერაფრით შევძელი ნაბიჯის გადადგმა და ახლა ერთ ადგილზე გაყინული ყოველ დღე ვუმეორებ საკუთარ თავს რომ „დროა“.

დღეს ყველაფერმა თავი ამოწურა, ჩქარმა ნელიმაც კიდევ ერთხელ გადაუსვა საკუთარ თავს ხაზი ან კი არ გადაუსვა, ერთხელ გადასმული ხაზი გაამუქა და თავის თავს მსუქანი წერტილიც დაუსვა.

მე ვიცი, რომ როცა ნელისნაირები საკუთარ თავს წერტილს უსვამენ, ახალი აბზაცი უნდა დავიწყო, ისიც ვიცი რომ როცა ნელი ბარიკადების მეორე მხარესაა და მისგან მტრის ხატი მყავს შექმნილი, ეს უკვე დასასრულია და ვიცი რომ „დროა.“

ერთი შეხედვით ყველაფერი ვიცი და „დროას“ ძახილში აუტანლად ვწელავ დროს. პატარა ბავშვივით ვარ, კიდეზე რომ დადგება უნდა გადავხტეო და ნახტომამდე დარჩენილ წამებს რომ ითვლის „ერთი, ორი და სააამი“, გადამწყვეტ მომენტში კი გადახტომას ვერ ბედავს და შემდეგ ისევ თავიდან იწყებს დათვლას.

ოდესმე მეც გადავხტები.

ყველაფერში იმდენად „ზედმეტად…“ ვარ,რომ საბოლოო ჯამში ყველგან ზედმეტი ვხდები ხოლმე. ეს ოხერი ემოციების მართვაც რომ ვერ ვისწავლე, ვერც ბოლო სიტყვის თქმის სიამოვნებაზე რომ ვამბობ უარს? ჰო, სიამოვნება აქ აშკარად ზედმეტი იყო, ბოლო სიტყვის თქმით სიამოვნება არასოდეს განმიცდია, უფრო პირიქით, ყოველთვის მე მაქვს ეს პატივი და ყოველთვის ერთნაირი დამპალი შეგრძნება მრჩება ხოლმე.

არადა, დროა.

მაინც როდის გადავედით შენობით ფორმაზე, ნელი?

წამო, მოვწიოთ.

tumblr_lwbk0xtuEt1qk0ftso1_500