ძვირფასო ნელი!


სწრაფი ფიქრები ნელიზე, რამდენიმე წინასწარ კარგად დაგეგმილი ტყუილი და რითმა რომელიც ლექსზე მეტად “შაირს“ გავს (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს).

დავიწუნე და დაუდგენელი ვირუსით დაიმფიცირებული სხეულის ჯერ კიდევ მედგრად მომუშავე ტვინის, რომელიღაც უჯრედში მოვისროლე, იმ უჯრედში “სანაგვე“ რომ აწერია.

აი, ნაგავში ქექვას კი ვერაფრით გადავეჩვიე და ყველა ლპობის პროცესში მყოფი ფიქრის ამოთრევით დავკავდი (პრინციპში როგორც ყოველთვის).

დღეს ნელისთვის სურათი უნდა გადამეღო და თითების ჩქარი მოძრაობით მემცნო მსოფლიოსთვის მისი არსებობის შესახებ, ნაცვლად ამისა, როგორც მჩვევია ხოლმე, ჩქარი ფიქრებით ნელიზე სიგარეტს მოვუკიდე და ტელეფონით საკუთარ თავს დიალოგი გავუბი. რაზე ვლაპარაკობდით არც მე ვიცი და არც იმან, ვინც ყურმილის მეორე მხარეს იდგა და მპასუხობდა.

ჰო, მერე რომ არ დამავიწყდეს, აქვე ვიტყვი რომ ნელის სურათი ისევე არ უნახავს მსოფლიოს, როგორც მე არ მისაუბრია სიგარეტის ქაჩვისას ვინმესთან. სინამდვილეში ყველაფერი მოვიგონე. არადა, დიდი ხანია აღარაფერი მომიგონია, წარმოსახვის უნარი ან გავფლანგე და ან სიგარეტისა და ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზის მიღებით მიყენებულ ზიანს შევწირე. ჰო, გავფლანგე, დავლიე, ფილტვებში ჩავუშვი და გავანიავე.

ფილტვები ხველებით მეთანხმება, ღვიძლი დუმს და ვიღაც ისევ დასალევად მეპატიჟება.

სიგარეტის ახალ ღერს ვიღებ, “ნელი”–ს ვაწერ და საზეიმო ვითარებაში ვაგიზგიზებ სანთებელის ნელ ცეცხლზე.

ფილტვებში კუპრთან, ნიკოტინთან და მხუთავ აირთან ერთად მელანსაც ვუშვებ და საკუთარი ტუჩები მეუგემურება.

ძვირფასო ნელი, ვჩქარობ გაცნობო, იმის მაგივრად რომ სურათი გადამეღო, მოგწიე.

I felt nothing

Advertisements