while my guitar gently weeps


სხვა ტალღაზე ვარ.მალე დამშვიდობების დრო მოვა, მე კი უკვე რამდენიმე დღეა ვემშვიდობები, ეს წუთი რომ დადგება ყველაფერი უკვე მრავალჯერ გადაღეჭილ სცენად რომ მომეჩვენოს.

ალბათ არასოდეს შემეძლო ვყოფილიყავი იქ და მეცხოვრა იმ კონკრეტული მომენტით, რომელსაც ვცხოვრობდი. ფიქრები ყოველთვის ან უკან მრჩება ან წინ გამირბის. ანუ არასოდეს მიცხოვრია.

დავბრუნდები, ისევ ენერგეტიკული სასმელის გემო, სიგარეტის სუნი და წითლად შეღებილი ტუჩები მექნება.

წინასწარ დავიყენებ სახეს  და შევარჩევ ტონს რომლითაც ვიტყვი  “ძალიან მომენატრე! როგორ მიხარია შენი ნახვა”. მართლა გამიხარდება? რა თქმა უნდა გამიხარდება, თუმცა ახლა ამის წარმოდგენაზე my thoughts gently weep.

უკუღმა ათვლა დავიწყე.

ჰო, მიუხედავად მრავალჯერ განცდილი “არ ცხოვრებისა”, ახლა მაინც სხვანაირად “არ ვცხოვრობ”.

სხვა ტალღაზე ვარ.

გასვლამდე


დღეს წვიმს. რაც აქ ვარ აუხსნელი ფორიაქის განცდას ვებრძვი, თუმცა უშედეგოდ. მოზღვავებული და ერთმანეთში არეული ემოციებით ვცხოვრობ. ხან მძინავს და ხან მგონია რომ მძინავს. მესიზმრება ის რისგანაც უნდა დამესვენა.  მგონია რომ თუ რამდენიმე დღით უკან მოტოვებულ ფიქრებს აღარ ვიფიქრებ, თუ არ ჩავერევი იქ სადაც ჩემ მაგივრად ჩემი ავტომოპასუხე უნდა ერეოდეს, რაღაცას დავაშავებ, მგონია რომ თუ მუდმივად პულსზე არ მეჭირება ხელი, რეანიმაციაში შეკრებილი ექიმები სიკვდილის დროს დააფიქსირებენ და სახეზე თეთრ ზეწარს წამაფარებენ.

ეჭვები მღრღნის, ყველაზე მეტად კი საკუთარ თავს ვაყენებ ეჭვქვეშ. წელიწადის ამ დროს ყველაზე მეტად ვარ ადამიანი, ყველაზე კარგად მესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა, თუმცა მგონია რომ სადღაც, პარალელურ განზომილებაში ჩემთვის განაჩენი გამოაქვთ, ან უბრალოდ მე თავად გამომაქვს საკუთარი თავისთვის განაჩენი და მავიწყდება, რომ ახლა ახალი მიზნების დასახვის დროა, ფასეულობების გადაფასების, საკუთარ ცხოვრებაზე დაფიქრების, იმედების გაცრუების და ახალი იმედების გაჩენის დრო.

საკუთარი ცხოვრება (ან ის რაც ყველაზე ახლოსაა ცხოვრების განმარტებასთან) მარიონეტების თეატრია და თუ ერთხელ მაინც დამისხლტება თოკები ხელიდან, შემდეგ ვეღარაფერს შევცვლი, ყველაფერი თავის ჭკუაზე განაგრძობს არსებობას და ფარდა კი არ დაეშვება, არა, ფარდის დაშვებას ვინ ჩივის, პირიქით ნამდვილი წარმოდგენა სწოედ ამ დროს დაიწყება და მეც მაყურებლის როლში აღმოვჩნდები. არადა, რატომღაც მჯერა, რომ სცენარის ავტორიც ვარ, დამდგმელი რეჟისორიც, მუსიკალურ გაფორმებაზეც თავად ვზრუნავ, ბილეთებსაც თავად ვყიდი და პოპ–კორნის დახლთანაც თავად ვარ წამოჭიმული, ყველაფერს ვმართავ და მაინც, მგონია რომ სადღაც, პარალელურ განზომილებაში, ჩემთვის განაჩენი გამოაქვთ.

მთავარია მჯეროდეს რომ მშვიდ ძილსა და დიდ მოლოდინებს ვიმსახურებ, მთავარია სხვებთან ერთად მეც არ დავაყენო საკუთარი თავი ეჭვქვეშ, მე ხომ სადღაც მართლა მჯერა, რომ ამას ვიმსახურებ.

გასვლის დროა. დღევანდელი ფორიაქისა და ბედნიერი გულის ცემის დასაწყისი: სადგური szell kalman ter, პირველი დანიშნულების პუქნტი: Ferenc Liszt International Airport, Terminal 2B, დანიშნულების პუნქტი 2: Aéroport de Charleroi Brussels. შეხვედრის ადგილი: Bruxelles- Central. დიდი ხნის უნახავი მეგობარი და არასდროს ნანახი ბრიუსელი.

და მაინც, ბოლო 12 დღეა ბედნიერი ვარ.

პ.ს. გილოცავთ ყველაფერს ერთად!