Hare Krishna!


-Hare Krishna! კიდევ ერთ ღერს მოვწევ.

-Hare Rama! ერთიც და მორჩა.

-My sweet Lord! ახლა ნამდვილად ჩავაქრობ.

დერეფანში ხალხის ნაკადის საპირისპირო მხარეს ვდგები, მუსიკას მაგრად ვიმაგრებ ყურებში, 30–მდე ვითვლი და პირში ჩაგუბებულ კვამლს ვუშვებ წამლის სუნით გაჟღენთილ ჰაერში. კრემისფერ, კუთხეებში ჭუჭყშეპარულ იატაკს ვუყურებ  და ამ ფონზე ჩემი წითელი ფეხსაცმელი სასაცილოდ მეჩვენება.

1 სართულით ქვემოთ.

ისევ დერეფანი, მუსიკა და კვამლისგან დამწვარი, წითლად შეღებილ ტუჩებში გამოკეტილი ენა.

-Hare Krishna! ჯობდა კიდევ ერთი ღერი მომეწია.

-Hare Rama! ერთით მეტი, ერთით ნაკლები.

-My sweet Lord! ვაგვიანებ.

თუ ნახევრად დაგლეჯილ ფურცელზე გაკეთებულ ნაჯღაბნს დავუჯერებთ, კიდევ 1 სართულით ქვემოთ, „რადიოლოგიის განყოფილებაში მოსული პაციენტები ჩადით მიწის ქვეშ.“

-Hare Krishna! მგონი მანდ ყველა ჩავალთ.

-Hare Rama! ახლა თუ გამეცინა, მერე ვეღარაფერი გამაჩერებს.

-My sweet Lord! მგონი აქ უნდა შევიდე.

ისევ დამავიწყდა! უნდა გავიხადო თუ არ უნდა გავიხადო?! მომკალი და არ მახსოვს. არადა ახლა საკუთარი სისულელეების თავი არ მაქვს, ისიც მეყოფა ვიღაც ჭკვიანმა მიწის ქვეშ რომ გამისტუმრა მხოლოდ იმიტომ რომ რენტგენი მაქვს დანიშნული.

ვიკითხავ. ვის არ მოსვლია?! ყოველ დღე კი არ დავდივარ აქ, გადაუდებელი აუცილებლობა რომ არ ყოფილიყო კიდევ რამდენ წელს არ მოვიდოდი კაცმა არ იცის.

–სიგარეტს ეწევი? – აჰა, ეგრევე შენობითი ფორმით და ეგრევე ასეთი „ჩამჭრელი“ კითხვა. ხომ ღირსია ვუთხრა არა მეთქი.

–დიახ.

–ნწუ… – თავის უაზრო ქნევა.

-Hare Krishna! თქვენ ღვიძლი უნდა ნახოთ.

-Hare Rama! მოკეტე და ილოცე.

-My sweet Lord! მგონი მართლა რაღაც დაინახა.

–მოდი კვამლი განახო. – აჰა, ისევ შენობითი ფორმა. მოიცა, რა დროს შენობითი ფორმაა, მგონი გაგიჟდა, შენი ჭირიმე, ეს თუ მანდ ახლა კვამლს ხედავს, ან ჩემი საქმე ვერაა კარგად და ან მაგისი.

ნუ თავხედობ! მიდი და შეხედე.

სასწრაფოდ მოსაფიქრებელია შეცხადების შესაფერისი ფორმა.

–უი!..

ახლა საპასუხოდ მიქიცინებს თავს და უკმაყოფილო სახით მიყურებს. მგონი უნდა შემრცხვეს!

-Hare Krishna! ცუდად ვიქცევი.

-Hare Rama! ბევრს ვეწევი.

-My sweet Lord! კიდევ უფრო მეტს ვსვამ.

–რა დღეში გაქვს ფილტვები!

ეგ ყველაფერი კარგი მაგრამ, ამ „რა დღეში“–ში კონკრეტულ დიაგნოზს გულისხმობთ თუ უბრალოდ ვიზუალით ვერ მოიხიბლეთ?!

რახან აღარაფერს ამბობს, ე.ი. ვიზუალმა დიდი ვერაფერი სასიამოვნო ეფექტი მოახდინა.

როგორც იქნა დასრულდა.

ახლა აკურატულად დახატული ისარი მანიშნებს რომ გასასვლელი ზემოთაა.

ამას ქვია მკვდრეთით აღდგომა.

დერეფანს იმავე მიმართულებით მივუყვები რა მიმართულებითაც სხვები, აღარც ჩემი წითელი ფეხსაცმელი მგონია უადგილო და ენაც დიდად აღარ მეწვის.

ისევ მუსიკა. ახლა ვედრების ნაცვლად, ფიქრებს მადლობის ტონში ვაყოლებ.

-Hare Krishna! მგონი ამჯერად გადავრჩი.

-Hare Rama! მწეველი არასოდეს უნდა გაუშვა გულმკერდის რენტგენზე.

-My sweet Lord! ერთ ღერსაც მოვწევ და წავალ.

ბინძურ საფერფლესთან ვდგები და ვუკიდებ, ასე გემრიელად არასოდეს მომიწევია.

ფიქრები უკვე სხვა მიმართულებით გამირბიან.

–იქნებ ამ წელს მაინც შეიცვალოს რამე. Hare Krishna!

–იქნებ ამ წელს მაინც ვიყო ბედნიერი. Hare Rama!

– My sweet Lord! My sweet, sweet Lord!

images

Advertisements