ჩამოფერთხილი


„ყველაზე საინტერესო ისტორიები არაფრით გამორჩეული ადამიანების, არაფრით გამორჩეულ დღეებზე იწერება.“ – ვაჟღერებ იდეას და წამის მეათსედში ვიწყებ საკუთარი თავის ლანძღვას (რაც, კაცმა რომ თქვას ყველაზე კარგად მეხერხება). ცხადია რომ საუბრის დაწყება მინდა და ისიც ცხადია, რომ ამ საქმეში უკიდურესად უნიჭო ვარ. დასანანია!

დუმილი.

ვფიქრობ – “ეს თანხმობის დუმილია, თუ წინააღმდეგობის გაწევის თავი არ აქვს?!” როგორც მჩვევია, არჩევანს მეორე ვარიანტზე ვაჩერებ, პირველი ზედმეტად ოპტიმისტურია, რაც ჩემ ხასიათში სრულიადაც არ ჯდება.

ასეთ მომენტებში ნათქვამის გამოსწორების საოცარი ჟინი მიპყრობს, რაც ძირითადად კიდევ უფრო მეტი სისულელის წამოყრანტალებაში გამოიხატება ხოლმე.

„გრანდიოზული და მნიშვნელოვანი დღეები ყველა ადამიანის ცხოვრებაში თითქმის ერთნაირად მიმდინარეობს, ერთსა და იმავე მოვლენას ეხება და არაფრით გამოირჩევა ხოლმე“. – აქ კი უკვე პლაგიატით ვკავდები და ყველა ძაღლისა თუ მამაძაღლისთვის ცნობილი, მე რომ მკითხო არც თუ ისე ბრძნული აზრის ერთგვარ პერიფრაზს ვაკეთებ.

დუმილი.

პირველი წინადადება გავანეიტრალე, დროა კიდევ რამე წამოვაყრანტალო.

„ადამიანების უნიკალური ხასიათი, ის რის გამოც შეიძლება მათ მიმართ რაიმე ემოცია გაგიჩნდეს, ჩვეულებრივი დღეების რუტინაში, არაფრით გამორჩეულ დეტალებში ჩნდება ხოლმე.“ – აქ ვერც აზრი დავალაგე და ვეჭვობ ვერც წინადადების გრამატიკულად გამართვა შევძელი.

დუმილი.

გვარიანად გამოლანძღული (თუმცა როგორც ჩანს არა საკმარისად), უკვე საკუთარი ენის კბილებს შორის გაჩრითა და ტუჩების ისტერიული კვნეტით ვკავდები.

არადა ჯერ მხოლოდ ეშხში შევდივარ.

„სიამოვნებით დავწერდი ისტორიას შენს ერთ ჩვეულებრივ, რუტინულ დღეზე“. – ახლა კი ნამდვილად ვიმსახურებ გემრიელ შემოლაწუნებას, თუმცა ვინაიდან შერაცხადის სტატუსს შეძლებისდაგვარად ვუფრთხილდები, დამტვრეული ფრჩხილების ხელის გულებში  ჩასობით ვკმაყოფილდები (შემდეგი აუცილებლად იქნება ხორცის ამოგლეჯვის მცდელობა, რომელიც მხოლოდ პატარა სისხლჩაქცევით დასრულდება, არც ამაში ვვარგივარ).

ნამდვილად ავად ვარ, ჯერ ჯორივით შევდგები ხოლმე და ნაბიჯს ვერავინ გადამადგმევინებს, შემდეგ კი თუ ერთი წავიჩოჩე, ვერანაირი ძალა ვეღარ მაჩერებს, სულ ხრიგინ–ხრიგინით მივგორავ დაღმართზე და ბოლოს ათას ნაწილად ვიფშვნები, რის შემდეგაც დგება ლოგიკური შედეგი – ის ვის გამოც აღტკინებული ჩავხრიგინდი ამ დაღმართზე, აუღელვებელი გამომეტყველებით მიფერთხავს ტანსაცმლიდან და თუ ძალიან გამიმართლებს, მტვრის მიმართ ალერგიული რეაქციის გამო აცემინებს კიდეც (სულ არაფერს ჯობია).

დუმილი.

„ჯანმრთელობა!“ – ვეუბნები მე.

არადა მტვრისა და იდიოტების მიმართ აშკარად იმუნიტეტი აქვს.

frankly my dear

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s