ჩამოფერთხილი


„ყველაზე საინტერესო ისტორიები არაფრით გამორჩეული ადამიანების, არაფრით გამორჩეულ დღეებზე იწერება.“ – ვაჟღერებ იდეას და წამის მეათსედში ვიწყებ საკუთარი თავის ლანძღვას (რაც, კაცმა რომ თქვას ყველაზე კარგად მეხერხება). ცხადია რომ საუბრის დაწყება მინდა და ისიც ცხადია, რომ ამ საქმეში უკიდურესად უნიჭო ვარ. დასანანია!

დუმილი.

ვფიქრობ – “ეს თანხმობის დუმილია, თუ წინააღმდეგობის გაწევის თავი არ აქვს?!” როგორც მჩვევია, არჩევანს მეორე ვარიანტზე ვაჩერებ, პირველი ზედმეტად ოპტიმისტურია, რაც ჩემ ხასიათში სრულიადაც არ ჯდება.

ასეთ მომენტებში ნათქვამის გამოსწორების საოცარი ჟინი მიპყრობს, რაც ძირითადად კიდევ უფრო მეტი სისულელის წამოყრანტალებაში გამოიხატება ხოლმე.

„გრანდიოზული და მნიშვნელოვანი დღეები ყველა ადამიანის ცხოვრებაში თითქმის ერთნაირად მიმდინარეობს, ერთსა და იმავე მოვლენას ეხება და არაფრით გამოირჩევა ხოლმე“. – აქ კი უკვე პლაგიატით ვკავდები და ყველა ძაღლისა თუ მამაძაღლისთვის ცნობილი, მე რომ მკითხო არც თუ ისე ბრძნული აზრის ერთგვარ პერიფრაზს ვაკეთებ.

დუმილი.

პირველი წინადადება გავანეიტრალე, დროა კიდევ რამე წამოვაყრანტალო.

„ადამიანების უნიკალური ხასიათი, ის რის გამოც შეიძლება მათ მიმართ რაიმე ემოცია გაგიჩნდეს, ჩვეულებრივი დღეების რუტინაში, არაფრით გამორჩეულ დეტალებში ჩნდება ხოლმე.“ – აქ ვერც აზრი დავალაგე და ვეჭვობ ვერც წინადადების გრამატიკულად გამართვა შევძელი.

დუმილი.

გვარიანად გამოლანძღული (თუმცა როგორც ჩანს არა საკმარისად), უკვე საკუთარი ენის კბილებს შორის გაჩრითა და ტუჩების ისტერიული კვნეტით ვკავდები.

არადა ჯერ მხოლოდ ეშხში შევდივარ.

„სიამოვნებით დავწერდი ისტორიას შენს ერთ ჩვეულებრივ, რუტინულ დღეზე“. – ახლა კი ნამდვილად ვიმსახურებ გემრიელ შემოლაწუნებას, თუმცა ვინაიდან შერაცხადის სტატუსს შეძლებისდაგვარად ვუფრთხილდები, დამტვრეული ფრჩხილების ხელის გულებში  ჩასობით ვკმაყოფილდები (შემდეგი აუცილებლად იქნება ხორცის ამოგლეჯვის მცდელობა, რომელიც მხოლოდ პატარა სისხლჩაქცევით დასრულდება, არც ამაში ვვარგივარ).

ნამდვილად ავად ვარ, ჯერ ჯორივით შევდგები ხოლმე და ნაბიჯს ვერავინ გადამადგმევინებს, შემდეგ კი თუ ერთი წავიჩოჩე, ვერანაირი ძალა ვეღარ მაჩერებს, სულ ხრიგინ–ხრიგინით მივგორავ დაღმართზე და ბოლოს ათას ნაწილად ვიფშვნები, რის შემდეგაც დგება ლოგიკური შედეგი – ის ვის გამოც აღტკინებული ჩავხრიგინდი ამ დაღმართზე, აუღელვებელი გამომეტყველებით მიფერთხავს ტანსაცმლიდან და თუ ძალიან გამიმართლებს, მტვრის მიმართ ალერგიული რეაქციის გამო აცემინებს კიდეც (სულ არაფერს ჯობია).

დუმილი.

„ჯანმრთელობა!“ – ვეუბნები მე.

არადა მტვრისა და იდიოტების მიმართ აშკარად იმუნიტეტი აქვს.

frankly my dear

Advertisements

მკა


ამბობენ რომ იმაზე ნერვიულობას, რისი შეცვლაც უკვე აღარ შეიძლება, აზრი არ აქვს და უბრალოდ უნდა შეეგუო, დაივიწყო.

ასეცაა, რასაც ვერ შეცვლი, ვერ შეცვლი. მომხდარის შეცვლისკენ მიმართული ყველა მცდელობა იქნება ფუჭი და დროის უაზრო კარგვად შეირაცხება.

ჰოდა, სწორედ ამიტომ ფრაზის მეორე ნაწილზე უნდა გადახვიდე, სადაც საუბარი შეგუებასა და დავიწყებაზე მიდის.

დავიწყება ბოლო სტადიაა, მანამდე კი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია გასავლელი.

იმისთვის რომ შეუცვლელი და უკვე მომხდარი მოვლენები მეხსიერების მტვრიან თაროზე შემოალაგო, პირველ რიგში აუცილებელია იმდენ ხანს იფიქრო მომხდარზე სანამ არ მიხვდები, რომ ახალს ვეღარაფერს აღმოაჩენ, რომ ყველა შესაძლო სცენარი უკვე მოფიქრებულ, განცდილ, გადატანილი გაქვს, რომ გული უკვე საკმარისზე მეტჯერ გაგიჩერდა, რომ საკმარისზე მეტჯერ გაუმეორე საკუთარ თავს თუ როგორი იდიოტი, არა იდიოტი კი არა, სრული იდიოტი და სამარცხვინო ადამიანია.

ყოველ ასეთ ფრაზას, პასუხად აუცილებლად მოყვება არგუმენტი „შეცდომა ყველას მოსდის“, „მერე რა“, „ვის არ მოსვლია“, „რა არის ამაში განსაკუთრებული“, „რატომ გადარდებს ასე ძალიან“ და ამგვარი, სრულიად უშედეგო განაცხადები, რომლებსაც მხოლოდ იმისთვის იმეორებ, რომ ნერვული შეტევისგან დაიცვა თავი (რაც არც თუ ისე შორ პერსპექტივაშია).

ყოველი დილა დაიწყება მომხდარზე ფიქრით, დაღამებისას დაქანცვამდე იფიქრებ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთი შეხედვით უკვე წარსულად ქცეული მოვლენის გამოსწორება, იფიქრებ მანამ, სანამ ისევ არ მიადგები ე.წ. ჭეშმარიტებას, იმ ჭეშმარიტებას, რომლის მიხედვითაც ის რისი შეცვლაც არ შეგიძლია, ნერვიულობად არ ღირს. ამ მომენტში ისევ სტარტზე ხარ და უკვე დაზეპირებული სცენარებისა და ლანძღვის წრეზე მიდიხარ.

მდგომარეობა განსაკუთებით მძიმდება მაშინ, როდესაც უკვე შეგუებულ და დავიწყებულ ანალოგიებს აღმოაჩენ, იმ თაროებზე, რომელზე შემოდებასაც უპირებ ამ, ჯერ კიდევ ცინცხალ მოვლენას. ჰო, ანალოგიები აორმაგებს საკუთარი იდიოტიზმის (იდიოტიზმი ვთქვი? უფრო მართებული იქნებოდა სრული იდიოტიზმი მეთქვა) განცდას.

არადა, გასახსენებელი ძირითადად ისაა ხოლმე, რის გამოც გვარიანად გყავს გამოლანძღული საკუთარი თავი. დანარჩენი არაფერი გამახსოვრდება.

რას ვაგროვებ? ვაგროვებ მომენტებს, რომლებიც შემეშალა და რომელთა გამოც საკუთარ თავს ყველანაირი სალანძღავი სიტყვა ვუწოდე.

***

მოვლენა: განსაცდელად „მხიარული მთები“, გასახსენებლად სასიამოვნო, დასაკვალიფიცირებლად რთული, გამოსასწორებლად დაგვიანებული, დასავიწყებლად ჯერ შესაგუებელი.

მდგომარეობა: გვარიანად (თუმცა არა საკმარისად) გამოლანძღული.

კომენტარი: „მოვლენა“ გადაჭარბებული ნათქვამია.

პროცესი: შედეგების მომკის პროცესში ყოფნისას შეგუების უაზრო მცდელობა.

კითხვა: რამდენი დარჩა დასასრულამდე?

საპასუხო კითხვა: მინდა დასასრული?

პასუხი: მინდა იმისთვის რომ შევეგუო, არ მინდა იმიტომ რომ ისეთი დასასრულის იმედი მაქვს, სადაც შესაგუებელი არაფერი იქნება.

დასკვნა: როგორც ყოველთვის ვაზვიადებ. არაფრისგან მობეზრებული ადამიანები, უმნიშვნელო შეცდომისგან ქვეყნიერების დასასრულს ქმნიან.

ხელს აწერს ზერო.

tumblr_lswssi15hX1qdyundo1_500

მარტივი


ფეხებით დაკიდებული ფიქრებით დავდივარ და თუნუქის ქილებში ჩამოსხმული ენერგიის გემო მაქვს. შევდგები რამდენიმე „კინაღამ“–ისა და ურიცხვი „თითქმის“–ისგან. სისხლი გაჭვარტლულ თავში მაწვება.

2 კვირაა არ ყოფილა არც ერთი „თითქმის“ თუმცა იყო ბევრი „კინაღამ“, ყველა „კინაღამის“ წინ მიწერია „კიდევ კარგი“ და ყველა ასეთი ფიქრი ფეხებით მყავს ჩამოკიდებული.

საღამოს მივეძალები ალკოჰოლს და რამდენიმე ჭიქის შემდეგ „კინაღამ“, დილით „კიდევ კარგი“.

ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ, აღარ იქნება არც ერთი “თითქმის” და “კინაღამ”, ვიქნები ადამიანი “ცოტაც და…”

ცოტაც და… კინაღამ ვიცხოვრე.

sleep late

Looking for Alaska


წიგნებზე არასოდეს ვწერ, თუმცა ვინაიდან ამ ჩვეულების დარღვევას ვაპირებ, ალბათ მართებული იქნებოდა მეთქვა „წიგნებზე თითქმის არასოდეს ვწერ“ მეთქი.

„ალასკა“ არც გეგმაში ყოფილა და არც იმ გრძელ სიაში, რომელიც კვირიდან კვირამდე იზრდება და ძალიან იშვიათად კლებულობს.

კვირა დღის მომაბეზრებელ ერთფეროვნებაში და „tumblr”–ს უაზრო ქექვაში აღმოჩენილ წიგნზე უნდა დავწერო, ოღონდ ისე კი არა როგორც ამას ზოგადად აკეთებენ ხოლმე (ვინაიდან ე.წ. „რევიუების“ წერის არც გამოციდლება გამაჩნია და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ამას სხვები ჩემზე გაცილებით უკეთესად გააკეთებენ), არამედ ისე როგორც მე მჩვევია, მე ანუ ადამიანს, რომელიც ნებისმიერ თემაზე საუბრისას, ყოველთვის საკუთარ თავზე საუბრობს.

პარასკევი საღამოს ნაადრევი დასრულებისას, იმედგაცრუება კი ვიგრძენი, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ შუაზე გამწყდარი დიალოგის დასასრულს, ყველაზე საინტერესო რამეს მეტყოდა, იმას რაც მაიძულებდა ერთდროულად შვებაც მეგრძნო (ეს რომ ადრე მცოდნოდა ისე მოვიქცეოდი როგორც არ უნდა მოვქცეულიყავი) და გულიც დამწყვეტოდა, იმის გამო, რომ საკუთარი თავისთვის ეს შანსი არასოდეს მიმიცია. პარასკევს რომ დიალოგი დამესრულებინა და კვირას „ალასკას ძიებაში“ წამეკითხა, დღეს აუცილებლად ვიქნებოდი სხვაგან, როგორც ის გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც საკუთარი უპასუხისმგებლობით მაოცებს, რომელიც ძალიან მგავს და ამავდროულად არაფერი აქვს ჩემთან საერთო.

კარგია, როდესაც წიგნის კითხვას ისე იწყებ, რომ მასზე არაფერი გსმენია, არავის არაფერი უთქვამს და არც არავის რეკომენდაცია მოგისმენია, სხვანაირი გაურკვევლობის განცდა გეუფლება და იცი რომ ვერასოდეს შეიქმნი მოლოდინს მოვლენათა შესაძლო განვითარების შესახებ, მეტიც, სანამ ალასკას კარებზე დააკაკუნებდე, ის მხოლოდ ამერიკის შტატი გეგონება, რომლისკენაც წიგნის მთავარმა გმირმა უნდა აიღოს გეზი (გიკვირს კიდეც, რატომ აგვიანებს ავტორი სიუჟეტის ამ „ცალსახა“ განვითარებას, ყველაფერი ხომ ისედაც ცხადია).

გაუბედავობა ყოველთვის ჩემი სისუსტე იყო, ალბათ ამიტომაც ვებღაუჭებოდი ზედმეტად გამბედავი და პირდაპირი პერსონაჟის მსგავსებებს ჩემთან. დიდ ხანს ლოდინი არ მომიწია, ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი კითხვა რომ დაუსვეს “Why do you smoke so damn fast?” ისეთი პასუხი გასცა მე რომ ვერასოდეს მოვიფიქრებდი “Y’all smoke to enjoy it. I smoke to die.” აწი მეცოდინება რა პასუხი უნდა გავცე ყველა იმ ადამიანს, რომელიც ნახევრად წუწუნითა და ნახევრად ინტერესით მეკითხება რატომ ვეწევი სიგარეტს ყველაზე სწრაფად.

ყველაფერი უკუღმა ათვლით იწყება, მოვლენამდე რომელსაც ვერასოდეს გამოიცნობ, ან მე ვერასოდეს გამოვიცნობდი, რადგან წიგნზე არც არაფერი ვიცოდი და არც მისი კითხვისას გაჩენილი სიმსუბუქის განცდა მიბიძგებდა წინასწარ გამეთვალა ავტორის ჩანაფიქრი, ყველაზე უარესი რაც წარმოვიდგინე ის იყო, რომ ზედმეტად მორცხვ და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე მთავარ გმირს სკოლიდან გარიცხავდნენ.

პატარა ბავშვივით ვარ, ისევ მჯერა რომ პერსონაჟებს ჩემი შეცვლა შეუძლიათ. ჰო, კიდევ იმისიც მჯერა რომ შემთხვევით არაფერი ხდება და რომ მიუხედავად ჩემი „წასაკითხი წიგნების“ თვალუწვდენელი ნუსხისა, მაინც და მაინც იმ წიგნის წაკითხვა გადავწყვიტე, რომელიც რამდენიმე საათითაც კი არ მიმატებია ამ ნუსხას.

კიდევ უფრო ბავშვურმა იდეებმაც გამიელვა, ვიფიქრე შვილი თუ მეყოლება აუცილებლად ალასკას დავარქმევ მეთქი, სასაცილოა ხომ?! კიდევ უფრო სასაცილო იცი რა არის? როცა დედაშენს ინდიანა ქვია და თან ზუსტად იგივე მიზეზით. ალბათ გენეტიკურია.

წიგნი იმაზე თუ როგორ უნდა იყო „მისაღებად პირდაპირი“, როგორ უნდა დააგემოვნო ღვინო და მოწიო სიგარეტი, როგორ უნდა მოაწყო ბუნტი და როგორ უნდა ისწავლო რელიგია. იმაზე რომ ყველას განსხვავებული ინტერესი აქვს და ვიღაც თუ ცნობილი ადამიანების სიკვდილის წინა სიტყვებს აგროვებს, ვიღაც ქვეყნების დედაქალაქების დაზეპირებითაა დაკავებული, თუმცა არასოდეს უნდა კითხო ამ ადამიანებს, რატომ გააჩნიათ ეს ერთი შეხედვით უცნაური გატაცება, ყველაფერი ახსნადი არაა და უმეტესად მთელი იდეაც ის არის, რომ ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ერთია „არ ვიცი“.

ჰო, კინაღამ დამავიწყდა, თურმე არსებობს ძილის ისეთი სახეობა როგორიცაა That deep, can-still-taste-her-in-my-mouth sleep.

tumblr_ly7t9rZKU81qbg1lho1_500