მწეველები


დღეს დაახლოებით 63–ჯერ გამოვუშვი კვამლი და ორჯერ არ ვთქვი გამარჯობა. სამჯერ შემეძლო გამეღიმა და სამჯერვე ხელი ავიფარე სახეზე.

63–ჯერ გამოშვებულ კვამლში გაგანიავე, ამიტომაც მეწვოდა ენა სიგარეტის ყოველი მოქაჩვისას.

სიგარეტის კოლოფს აუცილებლად უნდა ეწეროს „მწეველები კვდებიან ადრე, ურთიერთობები მწეველებზე ადრე“.

ასეთი კოლოფი რომ მქონდეს აუცილებლად გამოგიგზავნიდი და თითოეულ ღერს მივაწერდი „გამანიავე“.

tumblr_le3d0rmHC11qzi8hgo1_500

Advertisements

ხომ არ დაგველია?


„საღამოს რამე ხომ არ დაგველია“, „bring it on bitch”–სა და „დამინდეთ“–ს შორის ვარ გაჩხერილი.

ამბავი I „საღამოს რამე ხომ არ დაგველია“

–         გუშინ იმ ფილმს ვუყურე, უკვე ზეპირად რომ ვიცი და მაინც რომ არ ვეშვები.

–         მერე?

–         აღმოვაჩინე რომ მთავარ გმირს უზარმაზარი, თეთრი ბოტასი აცვია, ჰოდა, აღარ მომწონს.

–         კიდევ?

–         კიდევ ის რომ შემიძლია დასალევად დაგპატიჟო.

ყველა დიალოგი დალევამდე მიდის, ალბათ დაძაბულობის მოხსნისა და არაპროგნოზირებადი დასასრულის იმედით.

არა, ასე არ გამოვა.

–         გუშინ იმ ფილმს ვუყურე, უკვე ზეპირად რომ ვიცი და მაინც რომ არ ვეშვები.

–         მერე?

–         აღმოვაჩინე რომ მთავარ გმირს უზარმაზარი, თეთრი ბოტასი აცვია, ჰოდა, აღარ მომწონს.

–         კიდევ?

–         კიდევ ის რომ ჩვენთან ამ ფილმს საერთო არაფერი აქვს.

დუმილი.

დალევა გამოვტოვეთ და დიალოგსაც ავტომატურად დავუკარგეთ აზრი.

ეს ჩიხია.

შეცდომების დიდი ნუსხიდან შესაფერისს ვეძებ და საკუთარ ქმედებას შესაბამის კვალიფიკაციას ვანიჭებ.

ჩემ ცხოვრებაში დიდი ხნის წინ დანერგილი „პრეცედენტული სამართლის“ მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქმედებაც და უმოქმედობაც ჩაითვლება დანაშაულად და განსხვავებული სამართლებრივი შედეგი მოყვება.

ფსონს უმოქმედობაზე ვაკეთებ და სასწაულის იმედად ვიჭრელებ თვალებს ეკრანის ყურებით.

რეალობაში შემდგარ დიალოგს წინასწარ მოფიქრებულ ვერსიებთან საერთო არაფერი აქვს, გადამწყვეტ მომენტში ვჩუმდები და დასალევად უკვე ამ საქმეში კარგად გამოცდილ მეგობარს ვპატიჟებ, რა თქმა უნდა ულაპარაკოდ მთანხმდება და მპასუხობს „ჰო, с горя“.

თავის მართლება: არასწორ ადამიანს ვესაუბრე!

რეალობა # 1: სწორი ადამიანი არ არსებობს და ყოველთვის ისაა ვინც კონკრეტულ მომენტში შემრჩება ხელში.

რეალობა # 2: რეალობა # 1–ში მოყვანილი არგუმენტი ნაწილობრივ სწორია, თუმცა საჭიროებს კონკრეტიკას – ასეთი სულ სამია. მეოთხე „პრეცედენტული სამართლის“ გამოყენებისას, განაჩენის გამოსატანად გამომადგება.

ამბავი II “Bring it on bitch!”

–         დაგირეკავ და საჩუქარსაც გაჩუქებ. – მიღიმის.

ვემშვიდობები.

ნელ–ნელა ვიწყებ გაანალიზებას, კონტროლის ხელიდან დასხლტომის მომენტიდან ანალიზის უნარი დავკარგე. არაფერი მემჩნევა, მდგომარეობის რეანიმირებას ვცდილობ და ხელოვნურ სუნთქვას ვუტარებ, წინ კედელია, უმოძრაო სხეული და უმეტყველო თვალები, დავკარგე! კონტროლის „გადაცვალების“ დრო არ ჩამინიშნავს და შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ ეს სადღაც შუა დღისკენ მოხდა. ვიღაც მიკივის „განტვირთვა!“, მე ხელით ვანიშნებ „აზრი აღარ აქვს, დავკარგეთ.“

ჰოდა, ვზივარ და ვაანალიზებ, გამარჯობიდან ვიწყებ და დამშვიდობების ჩათვლით თოთოეულ ფრაზას ვატარებ რენტგენის სხივებში, ვცდილობ ის დავინახო რაც ერთი შეხედვით არ ჩანს და ის გავიგო რაც პირდაპირ არ უთქვამს.

ყველაზე დიდი ემოცია დამშვიდობებაში ჩააქსოვა, ბოლოს ნათქვამ ფრაზას დაუსრულებლად ვატრიალებ ტვინში და ვცდილობ თითოეული სიტყვა მივაკერო მის გამომეტყველებას, სინქრონი რომ არ დაირღვეს და მთავარი რომ არ დამრჩეს ყურადღების მიღმა.

პარალელურად ვეგუები ყველაზე უარესს და ვცდილობ გეგმის მონახაზი გავაკეთო, ეს დასასრულია და მალე ტიტრები უნდა დაიწყოს, ჰო, დასასრულია ამერიკული „Happy end”-ისა და საპნის ოპერებში გადაღეჭილი საქორწინო მარშის გარეშე (ქორწინება უადგილო იქნებოდა, ამიტომ უფრო ამერიკული “happy end”–ის იმედად ვიყავი).

მგონი გავშიფრე, რამდენიმე ვარიანტი დამრჩა, თუმცა მთავარი გავშიფრე, თავს ისე ვგრძნობ როგორც საქანელაზე ჯდომისას, ემოცია ამიტაცებს, რამდენიმე წამში კი ისევ უკან ვეშვები, შემდეგ ისევ მაღლა და ასე დაუსრულებლად, სანამ გულის რევას არ ვიგრძნობ.

გადაწყვეტილება: „Bring it on bitch!”

მალე ამ სერიალის ახალი სეზონი გამოვა.

ამბავი III „დამინდეთ“

სათაური არასწორად შევარჩიე, თუმცა მდგომარეობის გამოსახატად უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე.

მდგომარეობა: საკუთარი თავის ზიზღსა და დაღლილობაში არეული ორი ამბავი მშობიარობს მესამეზე.

დავიღალე.

დასკვნა: საღამოს რამე ხომ არ დაგველია?

so it goes