ვისაუბროთ (და)ქორწინებაზე


სასაუბრო თემას დიდ ხანს ვარჩევდი, არ მინდოდა არასწორად დამეწყო დიალოგი და შემდეგ მცდარი მიმართულებით წავსულიყავით. დრო საკმარისზე მეტი მქონდა, ჯერ მე მივედი, დაველოდე და შემდეგ ისიც გამოჩნდა.

არ მიყვარს როდესაც უაზრო კითხვებს ვსვამ და შემდეგ დაუსრულებლად ვატრიალებ თავში იმას, თუ რა უნდა მეთქვა და რა არა. ამიტომ კარგად დავფიქრდი სანამ აქტიურად გადავიდოდით ჩემ მიერ შეთავაზებული თემის განხილვაზე.

დანიშნულების ადგილზე პირველი რომ მივედი ეს არ ვიკმარე, შეხვედრისთვის შესაფერისი ადგილიც თავად შევარჩიე, მორცხვად ჩამოვჯექი სკამის კიდეზე და თმის ნერვიული სწორებით დავიწყე ლოდინი.

ცოტა ხანში შემომიერთდა, ჰო, ჰო, კი არ მოვიდა შემომიერთდა, ასე ქვია იმას რაც სინამდვილეში მოხდა, არ ვიცი რატომ, თუმცა მგონია რომ დიდად არც უნერვიულია და არც განსაკუთრებული დაძაბულობა უგრძვნია, როცა ოთახში შემოვიდა და სახელით მომმართა.

მე რომ მიყვარს ზუსტად ის სახელი დამიძახა, თუმცა ეს სახელიც მე შევირჩიე და ვაიძულე მხოლოდ ასე დაეძახა ჩემთვის. უჩვეულოდ დამყოლი გამოდგა, დამყოლი და ზრდილობიანი, არადა არც დამყოლი ადამიანები მიყვარს და არც ზედმეტად ზრდილობიანი. ეს გამონაკლისი შემთხვევა იყო. მე სახელით არ მიმიმართავს, ვიფიქრე საუბრის ბოლოს, დამშვიდობებისას დავუძახებ მეთქი სახელს და ასეც მოვიქეცი.

დღეს პირველად ვისაუბრეთ ქორწინებაზე, უფრო ოფიციალური კუთხით წავიდა საუბარი და სანამ ორგანიზების მომაბეზრებელ საკითხებს განვიხილავდით, მკითხა მინდოდა თუ არა საზეიმო ცერემონია. გავჩუმდი, დიდ ხანს ვიფიქრე იმაზე თუ რა მინდოდა და მინდოდა თუ არა საერთოდ რამე, ვიფიქრე და ვუპასუხე არა მეთქი (არადა რატომაც არა, აი რატომაც არა?!).

არაფერი უთქვამს, კითხვაზე პასუხი მიიღო და ისევ ორგანიზების საკითხებს დავუბრუნდით, მე კი ისევ ცერემონიაზე ვფიქრობდი და ვრწმუნდებოდი რომ არასწორი პასუხი გავეცი, ჯობდა მეთქვა მინდა მეთქი, ჰო, ნამდვილად ასე ჯობდა, უნდა მეთქვა რომ ძალიან მინდოდა საზეიმო ცერემონია.

მეჯვარეებზე გადავედით, მე მეჯვარეებს ვეძახი, ის კი მოწმეებს, უფრო ოფიციალურია და იმიტომ, რელიგიურ ქორწინებას არ ცნობს და მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებაზე მესაუბრება, ისიც ისეთი ტერმინებით როგორიცაა მოწმეები. ამაზეც ბევრი ვიფიქრე და დავრწმუნდი რომ საერთოდ არ ვიყავი მზად ამ საუბრისთვის, წარმოდგენა არ მქონდა ვინ იქნებოდნენ მეჯვარეები, არადა როდესაც ქორწინებაზე საუბრობ, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები აუცილებლად უნდა გქონდეს გარკვეული და გადაწყვეტილი.

ზოგადი პასუხით შემოვიფარგლე, დიდი არაფერი, რაოდენობა ვუთხარი და სხვა ოფიციალური დეტალები.

ბევრი იფიქრა კიდევ რა უნდა ეკითხა ჩემთვის, იფიქრა და შემდეგ აღმიწერა რა და როგორ ჩაივლიდა, მთელი დღის გეგმა გაწერა და მხოლოდ საათები შემითანხმა, მეც დავეთანხმე (იმ იმედით რომ თუ რამე არ მომეწონებოდა შემდეგ როგორმე შევცვლიდი).

თითქოს შევთანხმდით, ყველაფერი განვიხილეთ, დავგეგმეთ და ჩამოვყალიბდით, ღიმილიანი ტონით გადავუხადე მადლობა და ბოლოსთვის შემონახული სახელითაც მივმართე.

ისიც დამემშვიდობა.

პირველი მე წამოვედი, არა ამას უფრო გამოსვლა ქვია, თითის ღილაკზე დაჭერით დავასრულე „იუსტიციის სახლის ონლაინ დახმარების ფანჯარაში“ გამართული დიალოგი ჩემი მეგობრის ძმის ქორწინების დეტალებზე.

WeddingPlanning_606web