პირველი


ჯერ კიდევ აგვისტოა, მართალია გვიანი, მაგრამ მაინც აგვისტო.

ვეღარ გავსამდი, მხოლოდ ასაკი მომემატა, თუმცა დღევანდელი თარიღივით ვიყოფი სამზე.

გამადიდებელი შუშით შესწავლილი სახეების კოლექციის გადასყრელად ვემზადები და ერთი ყველაზე მეტად მენანება, ჩემი კოლექციის პირველ ნომერს ბოლოს გავუშვებ სანაგვეზე, რიგით უკანასკნელი იქნება, ნომრით პირველი.

ერთ დღეს კი აუცილებლად გადააწყდება საკუთარ სახეს ერთ–ერთი სანაგვის ძირზე, ქარისგან აფართხალებულ კუთხეს მოკრავს თვალს და ნაცნობი გამოხედვა მიიზიდავს, ჩაძვრება და ამოიღებს, წვერზე მოკიდებს ხელს, მის იდეალურად სუფთა ხელებს შემთხვევით ჭუჭყი რომ არ მოედოს. ასეა, პირველები აუცილებლად იყოფიან სამზე და ამთავრებენ სანაგვეზე.

საგულდაგულოდ შეძენილ რეზინის ხელთათმანს ვირგებ თითებზე. აქამდე თუ მეგონა რომ სახეზე შეუმჩნეველი ღიმილი დასთამაშებდა, ახლა დარწმუნებული ვარ რომ მკაცრი და ოფიციალური გამოხედვა აქვს, მეც ეტიკეტის სრული დაცვით ვუწვდი ხელთათმანში შეფუთულ ხელს ჩამოსართმევად და ყოველგვარი ღიმილის გარეშე ვეუბნები რომ სასიამოვნო იყო მისი გაცნობა.

დამშვიდობების დროა! „პირველის“ სახე სანაგვეზე, მე სახლში.

ქუჩაში მიმავალს მახსენდება, რომ ადრე სიკვდილით დასჯილებს გზაჯვარედინებზე მარხავდნენ,  გზა რომ ვერ გამოეგნოთ და ვერასოდეს დაბრუნებულიყვნენ, მეც აუღელვებლად ვიღებ გეზს პირველივე გზაჯვარედინისკენ და სიგარეტის ნამწვავებისგან ამომწვარი ნაგვის ურნის დაღებულ პირთან ვდგები შეთქმულის სახით, ვდგები და უკანასკნელად ვსწავლობ სახეს რომელიც ურნაში ჩაღვრილი „კოკა კოლის“ გაზგასულ და სიგარეტის ნამწვავებისგან შედედებულ მასაში უნდა ჩავახრჩო. ისევ იღიმის და მინდება რომ ჩვენი ოფიციალური დამშვიდობება, თბილი ჩახუტებით ჩავანაცვლო, გავუღიმო და იმაზე უკეთესი ფრაზა მოვიფიქრო ვიდრე „სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა“–ა.

არაფერი მაფიქრდება, ხელთათმანს ვიხსნი და შიშველი ხელით ვუშვებ მწვანე ურნის ხახაში.

სახლამდე დარჩენილ ნაბიჯებს ვითვლი და ყოველ ჯერზე ვფიქრობ მივბრუნდე, სასწრაფოდ გადმოვატრიალო სანაგვე, სახლში მივიტანო, გავრეცხო, გავაშრო და თავიდან გავიცნო.

სიჩუმეს გასაღების გადატრიალების ხმა არღვევს, დიდ ხანს ვიწმენდ ფეხებს შესასვლელში, ზღურბლს თუ გადავაბიჯებ აღარ დავბრუნდები, ფეხსაცმლის ძირები უხეშად ეხახუნება ხაოიან ზედაპირს, კარები ღიაა, გასაღები კი კვლავ საკეტშია გაჩხერილი. შევდივარ და კარებს მაგრად ვაჯახუნებ.

გამთენიისას სტაფილოსფერ ტანსაცმელში გამოწყობილ მამაკაცებს მიყავთ სადღაც.

არადა ჯერ კიდევ აგვისტოა, მართალია გვიანი, მაგრამ მაინც აგვისტო.

tumblr_la8v8efwuM1qzlqbho1_500

vieille fille


გამარჯვებისთვის მზადება ისე დაიწყო, ბრძოლაზე არც უფიქრია. კისერზე „სიგელი“ ჩამოიკონწიალა და თავი „SS”–ის ოფიცერივით იგრძნო, ერთი ეგაა ორი ელვის ნაცვლად ერთი უბრდღვიალებდა ყელზე და არც შესაბამისი სამკლაური ეკეთა.

ჰო, არც ბრძოლა ქონდა მოსაგები და არც ვინმესთან შეჯიბრში უნდა მოეპოვებინა გამარჯვება, უბრალოდ იმ დღეს ასე გადაწყვიტა.

„თვალიერება ფეხებიდან არასოდეს უნდა დაიწყო დიდია იმის ალბათობა ზემოთ ასვლისას იმედგაცრუებულმა მზერა ისევ მიწაზე შეაჩერო, ოღონდ რამდენიმე წამის წინ მოწონებული ფეხების დანახვისას უსიამოვნო ჟრუანტელმა დაგიაროს.

სწორი ცხვირი და უკვე გვარიანად დანაოჭებული სახე აქვს, ჭაღარა თმა, გამყინავი გამოხედვა, ტუჩის ზემოთ აბიბინებული, ღია ფერის ულვაში და ტუჩებზე შემხმარი ვარდისფერი საცხი. მოხდენილად სიარული იცის, იცოცხლე, იმხელა ქუსლებზე შედგება და გამოკოხტავდება, მიდი და ზემოთ ასვლას ნუ გადაწყვეტ, არადა არ უნდა ახვიდე.“ – ისე დაიწყო მოყოლა, იფიქრებდი ჩვენებას აძლევსო. ცოტა ხანს შეჩერდა, სიგარეტს მოუკიდა და დიდ ხანს იფიქრა ღირდა თუ არა გაგრძელება, ხელით მაისურით საგულდაგულოდ დაფარულ, თოკზე ჩამოკიდებულ გამარჯვებას წაეპოტინა და ყელში ისევ გულის ბაგა–ბუგი იგრძნო.

„არადა, როგორი სახელი აქვს იცი?! აი, გაიძულებს კნინობითი ფორმა მოუძებნო და ისე მიმართო… ჰოდა, აბა გაბედე!

პრინციპულია, ოღონდ როგორი პრინციპული იცი?! ამ სიტყვას რომ შეგაძულებს ისეთი, ამისთანებზე უფრო ვირივით ჯიუტი ითქმის, თუმცა აბა ვირი მასთან და მით უფრო მის კოხტა მიხვრა–მოხვრასთან რა მოსატანია?!

თუ კარგ ხასიათზეა ხუმრობს კიდეც…  ალბათ ამიტომაა იდიოტივით რომ ვიკრიჭები ხოლმე მასთან საუბრისას და ტელეფონის სადენის ყელზე შემოხვევის სურვილი რომ მიჩნდება. მისთვის? არა რა მისთვის, ჩემთვის, ჩემთვის! მის მოღერებულ ყელს, ჩემი ბინძური ხელებით როგორ შევეხები?!

აი, ისევ დამეწყო ვერბალური ღებინება, თავის, უფრო კონკრეტულად კი ენის მოთოკვა ვერაფრით ვისწავლე.“

გამარჯვება? ჰო, ცალკე აღებული გამარჯვება კარგია, უბედურება იმაშია რომ ცალკე ვერასოდეს აიღებ.

ორი რამ დანამდვილებით ვიცი, თვალიერება ფეხებიდან არასოდეს უნდა დაიწყო და არც გამარჯვება ატარო გულზე, თუ ბრძოლის არც შნო გაქვს და არც სურვილი.

spinster-title