ასაკი: ვისკი


ველოსიპედი უნდა მეყიდა და ვისკი ვიყიდე.

ახლა უფრო ხშირად მიჩქარდება გული, უფრო ხშირად და სულ სხვა მიზეზით.

ასაკი: ვისკი.

მდგომარეობა: ტკივილგამაყუჩებლები.

ტკივილგამაყუჩებლები უფრო ხშირად ვიდრე ვისკი, ვისკი უფრო მეტი ვიდრე ტკივილგამაყუჩებლები და არავითარი ველოსიპედი.

მეგობრები ქოლგიანი ჭიქებით.

როდის ბერდები? როცა ვისკი ვიტრინაში გაქვს გამოფენილი და აძველებ. ბოთლებს ფეხსაცმლის ყუთში ვინახავ, ჯერ ადრეა სიბერემდე.

სიგარეტის ერთგული ვარ, მარკებს ვღალატობ. ზოგადი ერთგულება შემიძლია, კონკრეტული ვერაფრით ვისწავლე.

image

Advertisements

მყარად


კბილებში ლურსმნებგაჩრილმა ყველა ფეხსაცმელი იატაკზე დავაჭედე, შემდეგ სათითაოდ ჩამოვუარე და მიწა მოვიზომე, მყარად ვიდექი, არც ერთი ნაბიჯი წინ და არც ერთი უკან.

ჩემ ყველა ფეხსაცმელს ძირი ძვრება, ჩანთით ყოველთვის დამაქვს ლურსმნები და წებო, ძირგამძვრალმა ჯერ ძირი რომ მივიწებო და შემდეგ მიწას რომ დავეჭედო. მაინც არასაიმედო ვარ, ხშირად ფეხშიშველი ვმოძრაობ და იმიტომ.

თურქეთში წარმოებული სტაბილურობა მაცვია და მაჭერს.

მიწა მტვრიანი თასმებით მეხვევა ფეხებზე და ლურსმნებისგან დახვრეტილ ძირებში წყალი შემდის. გაშრება და დავაწებებ.

მოუთმენლობას ვმკურნალობ და ნესტიან კვამლს ზუზუნით ვუშვებ ფილტვებში. გასაზიარებელი აღარაფერი დამრჩა.

ყველანაირ წესს ვექვემდებარები, იდეალურად სანდო და სტატისტიკურად გადაუხრელი ვარ.

ჯობდა მაშინ დავჭედებოდი მიწას, როცა თავი მწვერვალზე მეგონა.

მალე მიწას შევიხორცებ და აღარასოდეს დამეხევა ფეხსაცმელი.

image