ვითამაშოთ


მონეტას ყოველთვის რამდენჯერმე ვაგდებ, მაშინაც კი როცა პირველივე ცდაზე ვიღებ სასურველ შედეგს. პროცესი უფრო მხიბლავს ვიდრე შედეგი, ჭეშმარიტად მნიშვნელოვან საკითხებს არასოდეს ვდებ სასწორზე, მგონია რომ ერთხელ თუ მაინც ითამაშებ საკუთარი ცხოვრებით, ეს ავტომატურად ჩაითვლება ფსონად, შემდეგ კი ყველაფერი ფორტუნაზეა დამოკიდებული. კაზინოდან გამარჯვებული ვერასოდეს გამოხვალ, მთავარია მოგება შეგეძლოს და არასოდეს სთხოვო კრუპიეს კიდევ ერთხელ გაათამაშოს კარტი, იმაში დასარწმუნებლად ნამდვილად მოიგე თუ არა.

ფულზე იმიტომ ვთამაშობ, თამაშის საშუალება რომ მქონდეს, სინამდვილეში კი ყოველი ფსონის უკან ფულზე გაცილებით მეტი დგას.

მკითხავებთან სიარულის ნაცვლად კაზინოში დავდივარ, ფორტუნასთან სასაუბროდ შუამავლები არ მჭირდება.

გუშინ მოგებული ფული, დღეს, თითოეული ფსონის უკან ჩაფიქრებულ სურვილთან ერთად გავანიავე. ჯიბეგაფხეკილი და სურვილებგამოლეული დავბრუნდი სახლში.

სათამაშოდ ფულს კიდევ ვიშოვნი, მთავარია ახალი სურვილების მოფიქრება შევძლო.

***

ყოველი ფსონის ჩამოსვლისას თავი ღმერთი მგონია, ჯიბეში ჩაკუჭული თითოეული ლარი ვიღაცის სულად ვაქციე და დაუნანებლად ვანიავებ.

წერილების წერა უნდა დავიწყო, მოკლე შეტყობინებები ვაგზავნო აღმა–დაღმა „დღეს კარტში წაგაგე“ ან პირიქით.

აი წარმოიდგინე, დღეს შენი სული ფულზე გადავახურდავე, სათამაშო მაგიდას მივუჯექი და შენი დანაწევრებული ცხოვრებით რამდენიმე ხელი ვითამაშე, შენ სამომავლო გეგმებს ხაზი გადავუსვი და ფულთან ერთად, შენთან დაკავშირებული ყველა სურვილი ჩავიბღუჯე ჯიბეში. ერთ მშვენიერ საღამოს, შენი ცხოვრება დაკუჭულ და გაცვეთილ ფულის შეკვრად ვაქციე, დაუნანებლად გაგცვალე სასმელსა და სიგარეტზე, ფორტუნას გავურიგდი და გიყიდე.

ჰო, ფორტუნა სუტენიორია, მე კლიენტი.

brothel

დიაგრამა


ტუჩები დავიმარილე, ყელზე უხეშად ამოტვიფრული გამარჯვების სიმბოლო შევისწორე, მალბოროს წითელი ქურთუკი მოვიგდე და პირში სიგარეტი გავიჩარი.

ჩემმა ფიქრებმა სათითაოდ გადაიპარსეს თავი, მძიმე ჯაჭვები დაიკიდეს ყელზე, ტუჩი გაიხვირტეს, სხეული მოიხატეს, ჰარლი დევიდსონს შემოაჯდნენ და უახლოესი ბარისკენ გააქროლეს.

ვეღარ ვთვრები და ადრინდელზე უფრო ხშირად მიღიტინებს ცხვირში რკინის სუნი, გაჭრილი თითის წყალში შეშვერისას რომ დგება ხოლმე ის, მიღიტინებს და ტუჩები უსიამოვნოდ მეკუმშება, სხეულში ჟრუანტელი მივლის და კბილებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს. ჰაერში არეული ყველა ემოციის ადრესატი მე ვარ და თითოეულ მათგანს რკნით გაჯერებული სისხლის სუნი აქვს.

სპირტი მომენატრა.

საკუთარი განწყობის დიაგრამებზე აგება დავიწყე, სიხარულს სტატისტიკური ალბათობით ვვარაუდობ და ყოველ ჯერზე ვითვლი სტანდარტულ გადახრას. დეფექტური ფიქრების რაოდენობას აღვრიცხავ, სტატისტიკური კონტროლის  ლიმიტებიდან გამოსვლის ტენდენციას ვხედავ და ვფიქრობ რომ სუსტი მმართველობითი უნარები მაქვს. მალე კონტროლის ჩარჩოებს საბოლოოდ გამოანგრევს დიაგრამაზე დატანილი დეფექტური ფიქრების ხაზი და უკონტროლო პროცესად ვიქცევი.

დიაგრამებზე ხაზებად დაქასქსული მე, უფრო და უფრო ვემსგავსები კარდიოგრამას, კარდიოლოგი ამბობს რომ არითმია მაქვს, სტატისტიკური ანალიზის სპეციალისტი რომ უხარისხოდ დაგეგმილი პროცესი ვარ.

კარდიოლოგი მეუბნება რომ მთავარია შუალედურ ხაზს არ გაუთანაბრდეს მონაცემი და ბოლომდე არ გასწორდეს, სტატისტიკური ანალიზის სპეციალისტი მარწმუნებს რომ ეს კონტროლის დამყარების ნიშანი იქნება.

როდესაც კონტროლს საბოლოოდ ჩავიგდებ ხელში და სტატისტიკურად პროგნოზირებადი გავხდები, კარდიოლოგი გარდაცვალების დროს დააფიქსირებს.

Basic RGB