ვირთხა


ჩემ უკვე გვარიანად მობერებულ ვირთხას კუდში ჩავავლე ხელი და მთელი ძალით მოვქაჩე ჩემკენ, მტვრიანი თათები მაგიდის ზედაპირზე გაახახუნა და მძიმედ გამოსრიალდა ხაოიან საფარზე.  მოსუქებულ გვერდებში ხელი ჩავავლე და ცარიელ ფურცელს მივაჩერდი. ფიქრებში ისევ საკუთარი ცხოვრების ამოცანების ამოხნას შევუდექი და ციფრები გავშალე.

როცა თავში ერთი ღირებული აზრიც კი არ მომდის და დასაწერი არაფერი მაქვს , ჩემი წითელთვალება ვირთხა ისე მიძალიანდება, ადგილიდან ძლივს ვძრავ ხოლმე.

ჭიდაობა რომ მომბეზრდა, ფეხსაცმლის ყუთიდან გამოჩრილ არყის ბოთლს შევეჩეხე თვალით და გაზავებაზე ფიქრი დავიწყე, კარადებში მტვრის მეტს რომ ვერაფერს გადავეყარე, მაცივრის ზედა თაროზე შემოდებულ ნახევრად გამოწურულ ლიმონს დავავლე ხელი და საბოლოოდ ამოვხადე სული.

ტანში სითბო პირველი ყლუპისთანავე ჩამეღვარა და კმაყოფილი სახით მივუბრუნდი მაგიდას, სადაც ჩემი მსუქანი და გატრუნული ვირთხა მელოდა.

მაგიდაზე გაშლილი ციფრები უჯრაში ჩავკუჭე და ისევ ცარიელ ფურცელს მივაშტერდი. ნაცრისფერ ვირთხას თავში საჩვენებელი თითი ორჯერ ჩავუკაკუნე და საგანგებოდ შეძენილ პორტსიგარს დავუწყე თვალიერება, დარჩენილი სიგარეტის ღერები გადავთვალე, ერთი ღერი ტუჩზე ჩამოვიკიდე და სანთებელა გავაჩხაკუნე.

ზარის ხმა გაისმა, მძიმედ წამოვდექი სავარძლიდან და უკითხავად გავაღე კარები, ხელში ქანცგაწყვეტილი ფოსტალიონი შემრჩა, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ყოველ დღე მოდიოდა ჩემთან. ზრდილობიანად გამიღიმა, მეც ცალყბად მოვიკითხე და ულაპარაკოდ მოვუწერე ხელი გზავნილის „ჩაბარებაზე“. მაგიდასთან მიბრუნებულმა მოუთმენლად დავგლიჯე კონვერტი და პატარა ფურცელი ამოვაძვრინე. წერილის ტექსტი სტანდარტული იყო „ელ.ფოსტა შეამოწმე.“

მე ელექტრონულ ურთიერთობებს ვერ ვიტანდი, ის მოძველებულ მიმოწერას, არც ერთი ვიშლიდით ჩვენსას, ჰოდა 2 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ტექსტს მწერდა, მე კი დაჟინებით ვუბრუნებდი პასუხს, „მომწერე რა გინდა!“ სამსახურში მისვლისას, მისგან მოსულ ყველა გზავნილს წაუკითხავად ვშლიდი და ველოდებოდი როდის ინებებდა კეთილს და სათქმელს ადამიანური ფოსტით გამომიგზავნიდა, ის კი ყოველ ჯერზე მიბრუნებდა გაუხსნელ კონვერტებს.

ალკოჰოლი რომ მომეკიდა, თავი ვერ შევიკავე და ჩემ ვირთხას ვეცი, რა გასაკვირია რომ ის ნამდვილი ვირთხასავით მოიქცა, თათები აიშვირა და ისე თავისუფლად გამოსრიალდა მაგიდაზე, რომ რამდენიმე წამში უკვე მის ელექტრონულ გზავნილს ვუყურებდი.

ბევრი არაფერი შეცვლილა, ხელი ისევ ჩემი ვირთხის ზურგზე მქონდა შემოდებული და ისევ ცარიელ ფურცელს მივშტერებოდი. საინტერესოა მთელი ორი წელი ცარიელ ფურცელს მიგზავნიდა თუ თავიდან მაინც იწუხებდა ხოლმე თავს წერილის შინაარსზე ფიქრით.

კიდევ ერთი ილუზია მივახვრჩვე, მარჯვენა ხელში არყის ბოთლი მოვიგდე, მარცხენაში პორტსიგარი.

გატრუნული ვირთხა ისევ თათებით ებღაუჭებოდა მაგიდას.

tumblr_lb6hedzxSu1qbo784o1_500

Advertisements

იქსი


ორზე ვიყოფით. ჩვენი მათემატიკური უნარები 2–ზე გაყოფითა და გამრავლებით შემოიფარგლება, ნებისმიერი შეკრებისას 8–ს ვიღებთ და შემდეგ თავიდან ვყოფთ ორზე.

შუბლზე გადაჭიმული კანითა და სიფხიზლისგან ამწვარი თვალებით  ჩავკირკიტებთ ციფრებს. მარტივად გასაშიფრები ვართ.

ჩვენი ცხოვრებისგან ერთუცნობიან განტოლებებს ვადგენთ, იქსი ყოველთვის ისაა, ჰოდა, ყოველთვის მას ვეძებთ.

მეუბნება რომ იგრეკი ვერასოდეს გავხდები, ასე ყველაფერს გავართულებთ და სისტემა დაგვჭირდება ამოსახსნელად, ვპასუხობ რომ ასე უფრო სამართლიანი იქნება, ერთის პოვნით მოვძებნით მეორეს, ახლა მხოლოდ მას ვეძებთ.

თავს ღირებულად გრძნობს, როცა გვერდით ტოლობას ვუწერ უაზროდ მიღიმის და მეუბნება რომ ისევ გაიყო ორზე.

 ***

მწერს „საშინელი დღეა 1–x=1“, ვპასუხობ „ცდები 1+ x=2“, მცირე ხნიანი ფიქრის შემდეგ ისევ მწერს „ახლა შენ ცდები, 1+ x=8“, „8/2 ხომ არ დაგველია?“.

სანამ ის მაგიდაზე გაბნეულ შაქრის ნამცეცებს აგროვებს თითით, მე იქსი ნაპოვნი მყავს და ჭიქების ძებნაზე ვარ გადასული.

დილიდან მწკლატე გემო მაქვს პირში და თითებზე სიგარეტის სუნი ამდის.

„მათემატიკის მასწავლებელი ვიპოვნე“ – მეუბნება სასხვათაშორისოდ.

ვეჭვიანობ სხვასთან ერთად რომ მოუწევს განტოლებების ამოხსნა.

„იქსი ვინ არის?“ – ვეკითხები იქსს.

„მათემატიკაში იქსი ადამიანი არ არის.“

„ორუცნობიან განტოლებებსაც ამოხსნით?“ – ისევ იგრეკობაზე გამექცა ფიქრი.

„ახლა არ მკითხო იგრეკი ვინ იქნებაო“ – გაღიზიანებული მიბრუნებს პასუხს.

 ***

როცა ორზე გაყოფა და ერთ უცნობიანი განტოლებების ამოხსნა გვბეზრდება, მათემატიკის მასწავლებლებს ვპოულობთ ხოლმე.

solve