ონკანი


ონკანი მოუშვა, მას შემდეგ რაც ხელოსანი მოიყვანა და უწყვეტად მომდინარე ცივი წყლის ნაკადის რამენაირად გადაკეტვა სთხოვა, თბილი წყლით სარგებლობა საერთოდ შეუძლებელი გახდა, ცხელი წყალი წამის მეათასედში ჩანჩქერივით დაიწყებდა ხოლმე დენას, ცივი ნაკადი კი ან საერთოდ არ მოდიოდა ანაც ისე უხვად დაიწყებდა ჩქეფას წყალს სითბოს ნატამალსაც კი ვერავინ შეატყობდა. ნიჟარის თავზე განლაგებულ თაროზე, მტვერშემხმარი ჭიქიდან კბილის ჩოთქი ამოაძვრინა, წყალს შეუშვირა და თითებით რამდენჯერმე სცადა უკვე გადატყავებული ზედაპირის შესწორება, პირში თითქმის გაყინული წყალი ჩაიგუბა და ხეხვა დაიწყო, შუა ღამე იყო და ჩოთქის კბილებზე გასმის ხმა ექოსავით ისმოდა მთელ სააბაზანოში, თავი ფილმის პერსონაჟი ეგონა, წარმოიდგინა როგორ იჯდა მაყურებელი სრულ სიბნელეში ეკრანს მიჩერებული და როგორ უსმენდა წყლის ხმაში არეული ხეხვის ხმას. დიდი ვერაფერი მოსასმენი უნდა ყოფილიყო, სიუჟეტი კი დაუყოვნებლივ ითხოვდა განვითარებას.

3 კვირაზე მეტი იყო ენერგეტიკული სასმელის სუნი აღარ ასდიოდა, საღამოობით კი ლუდის სუნად ყარდა და მოწყვეტით ეშვებოდა ხოლმე საწოლზე. მაღვიძარას როლს თავის აუტანელი ტკივილი ითავსებდა და ინსტინქტურად გეზს პირდაპირ მაცივრისკენ იღებდა, სადაც ტკივილგამაყუჩებლის ულევი რაოდენობა ქონდა მომარაგებული.

ონკანი რომ გადაკეტა, ქაღალდს გადასწვდა, თვალებზე ჩამოყრილი თმა ყურებზე გადაიწია, ქაღალდს სველი ხელი წაუსვა და შუბლის წმენდას შეუდგა, იქამდე იხეხა სანამ ქაღალდის ნაფლეთები არ მიეწება კანზე, შემდეგ უნიტაზში ჩაუძახა, დაიცადა სანამ დარწმუნდებოდა რომ შუბლი საბოლოოდ გამოუშრა, სარკესთან მივიდა და კბილების თვალიერება დაიწყო. შუქი ისე ურტყამდა, ადვილად გაარჩევდი სად მთავრდებოდა მისი კბილები და იწყებოდა „პლომბი“, რომელსაც ის წესისამებრ „ბჟენებს“ ეძახდა, ერთი ეგ ვერ გაერკვია სწორი ფორმა ბჟენი იყო თუ ბჯენი, ან იქნებ სხვადასხვა რამ იყო, მაგრამ ეს დიდად არ ედარდებოდა, თუ საქმე წერას არ ეხებოდა, ასეთ დროს კი საკუთარი თავისგან იდეალურ ნაწერსა და გრამატიკულად სრულიად გამართულ წინადადებებს ითხოვდა. ისევე როგორც ყველაფერში, აქაც დიდ ვერაფერ წარმატებას აღწევდა და გარდა საშინლად ერთნაირი აბზაცებისა, ვერც პუნქტუაციას უხერხებდა რამეს, საშუალოდ წერდა და საშუალოდ ცხოვრობდა, კბილების ხეხვის დროს კი ეგონა რომ ფილმის პერსონაჟი იყო და ონკანიდან მომდინარე წყლის მელოდიურობას აკვირდებოდა ხოლმე.

ალკოჰოლის დაუოკებებელი სურვილისგან კბილებს მაგრად აჭერდა ერთმანეთზე და ფიქრობდა რომ მთავარი იყო კვირაში 1 დღიანი შესვენება მაინც გაეკეთებინა, 36 საათი მაინც გაეძლო სასმელის გარეშე, საკუთარი თავის ალკოჰოლიზმში დადანაშაულების მომენტებში საწინააღმდეგო არგუმენტის ქონა დასჭირდებოდა და იმიტომ.

ნახევარი კოლოფი სიგარეტი თითქმის ხელუხლებელი იყო, დაღამებას ელოდებოდა გემრიელად რომ ჩაეშვა კვამლი ფილტვებში, თუმცა გემრიელი მანამ იყო სანამ მოქაჩავდა ხოლმე, შემდეგ მხოლოდ მსუბუქ თავრუსხვევას გრძნოდა და ბარბაცით მიუყვებოდა საკუთარი ოთახისკენ მიმავალ დერეფანს.

ყველაფერს ერთდროულად ჩამორჩა, ასეთ დროს კი რაც უფრო ნაკლებად ჩქარობ დაწევას, მით უფრო მეტი საქმე გიგროვდება, საბოლოოდ კი რამის გამოსწორება შეუძლებელი ხდება და შეგუებას იწყებ, საშუალო ხდები, კბილების ხეხვით, ონკანების შეკეთებითა და შუბლის გამოშრობით კავდები. ალკოჰოლის წარმოდგენაზე კბილები გიკაწკაწებს და ერთი ნაფაზისთვის მზად ხარ სული გაყიდო.

ხელი მაშინ ჩაიქნია როცა მიხვდა „უსათვალოდ ნახევარი ადამიანი ვარო“. ვერაფრით გაეგო კარგად იქცეოდა სათვალეს რომ არ იკეთებდა თუ ამით მხოლოდ გარდაუვალ იმედგაცრუებას წელავდა დროში.

თავი ყოველთვის შორს ეჭირა, შორიდან მიესალმებოდა ხოლმე, ესეც იჯდა თავისთვის კუთხეში და ებრძოდა სათვალის გაკეთების დაუოკებელ ჟინს, სახეს კარგად ვერ ხედავდა და მისი გადღაბნილი ნაკვთები მოსწონდა.

რამდენიმეთვიანი ურთიერთობის შემდეგ მიუახლოვდა, თვალის გასწორება რომ სცადა, გადღაბნილი ნაკვთების ნაცვლად, ხელში კარგად აღქმადი მამაკაცის სახე შერჩა, ჯობდა თავიდანვე კეთებოდა სათვალე.

კვირის უალკოჰოლო დღე იყო, კოლოფში შემორჩენილ სიგარეტის ღერებს ითვლიდა და მთელდღიანი უმაქნისობისგან დამძიმებულ მუცელს აკვირდებოდა სარკეში.

როცა დარწმუნდა რომ შუბლი გამოშმრალი ქონდა, თმა ისევ თვალებზე ჩამოიყარა.

„თუ ფულს ვიშოვი აუცილებლად ვიყიდი მაღალი ხარისხის ვისკის და 1 ბოთლს მთელ კვირაზე გამოვიზოგავო“ ფიქობდა კბილების ყოველ გაკრაჭუნებაზე. 1 ბოთლი ვისკის ფული ვალებს მაინც ვერ დაუფარავდა, მთვრალზე კი პრობლემებისთვის თვალის გასწორება გაცილებით მარტივი უნდა ყოფილიყო.

 tumblr_lnh9kqM8H21qf9vxco1_500

Advertisements

2 thoughts on “ონკანი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s