დამსვენებელივით


დღეს ტურისტულ ჯგუფს ელოდებიან, წინასწარ მაფრთხილებენ რომ ჩემ სმიყუდროვეს რამდენიმე საათით მოეღება ბოლო, თვალს უკვე ნაცნობი ქალბატონისკენ ვაპარებ და მისგან მხარდაჭერას ველი, მინდა ვაგრძნობინო რომ მისი იმაზე უკეთ მესმის ვიდრე წარმოუდგენია, იმის თქმაც მინდა რომ ღამით ორივეს მშვიდად დაგვეძინება და მიუხედავად ჩვენი მარტოობისა დაცულობის შეგრძნების ილუზია მაინც გვექნება.

გახარებული ჩანს, ე.წ. „ტურისტული ჯგუფის“ დაცვის ბიჭებთან ერთად უყურებს ტელევიზორის და უარით მისტუმრებს როდესაც სავახშმოდ ჩემ მაგიდასთან ვპატიჟებ.

„ტურისტული ჯგუფი“ კი დელეგაციად იქცა, არ ვიცი აქაურ ლექსიკონებში ან ტურისტულ ჯგუფს ანაც დელეგაციას როგორ განმარტავენ, თუმცა თუ დაცვის რაოდენობას არ ჩავთვლით თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ საუბარი ერთ კონკრეტულ ადამიანზეა, რომელმაც „მისტერ იქსად“ დარჩენა არჩია. ალბათ ამიტომ ჩამოუჯდა ჩემი ხანშიშესული ვარიანტი დაცვის ბიჭებს ტელევიზორთან, ცნობისმოყვარეობა ალბათ მასაც ისევე ახრჩობს როგორც მე, თუმცა დიალოგის სურვილს პოლიციის ფორმაში გამოწყობილ მამაკაცებს აშკარად ვერ ვამჩნევ და ვიცი რომ მისი მცდელობა წინასწარაა განწირული კრახისთვის.

იაფფასიან ღვინოს შევეჩვიე, ყლუპებად ვსვამ, ჩაყლაპვამდე ვაგემოვნებ და შემდეგ მადიანად ვილოკავ ტუჩს მასზე შერჩენილი სიმჟავით დასატკბობად. უცხო ადამიანი იტყოდა რომ მეც ამ ღვინოსავით მჟავე და იაფფასიანი ვარ, მე კი მგონია რომ აქ ყოფნით მიღებული სიტკბოს გასანეიტრალებლად ვეძალები უჩვეულოდ მჟავე ღვინოს და არათუ იაფფასიანი არ ვარ, არამედ საერთოდ არ ვიყიდები.

უკვე მომეძალა აქ ყოფნისთვის გამოყოფილი საათების გაწელვის სურვილი, ცრემლის გუბესავით მეჩხირება ყელში ბურთი იმის წარმოდგენისას რომ სულ ცოტაც და უკუღმა ათვლას დავიწყებ, შემდეგ კი დადგება მომენტი როდესაც ვიტყვი „სამი, ორი, ერთი… გავედით.“

„ბატონი იქსი“ ტყეში სასეირნოდაც კი ორი მანქანით მიდის, ერთში თავად ზის და ამაყად იჭყიტება დაბურული მინებიდან, მეორეში კი მისი 6 კაცისგან შემდგარი დაცვაა განლაგებული, მძღოლი ავტომობილის მართვისას ისე ჭუტავს თვალებს იფიქრებ ნამდვილად განძი გადააქვს და ეშინია მოულოდნელად ხიფათს არ გადაეყაროსო. ჩვენ კი ვერაფრით გავიგეთ ვინაა უკვე განძად ქცეული იაფფასიანი კოდური სახელის მქონე „ბატონი იქსი“.

ან კი ვის რაში აინტერესებს მისი ვინაობა, მიმიფურთხებია რომ ეს ზედმეტად ცხიმიანი შემწვარი კარტოფილიც მხოლოდ იმიტომ შეიტანეს მენიუში რომ ამ საიდუმლოებით მოცულმა პიროვნებამ დასდოთ პატივი და ესტუმრათ. ისეთი სიხარულით მოვითხოვე ორი პორცია მომიტანეთ მეთქი მაშინვე უნდა მივმხვდარიყავი რომ უეჭველად მომწამლავდა და საბოლოოდ ღვინის სმაზეც კი მათქმევინებდა უარს,

არადა ვინმემ რომ იცოდეს რის ფასად დამიჯდა ეს შვიდ ლარიანი ღვინო. დასახლებული პუნქტიდან 7 კილომეტრში ვიმყოფები, დაღამებისას ლამის სირბილით ჩავიარე მთელი ტყე იმისთვის რომ მაღაზიამდე მიმეღწია და კიდევ ერთხელ მეგრძნო უკვე ვნებიანად შეყვარებული სიმჟავე ჩემ გამომშრალ ტუჩებზე. მოხუც ტაქსის მძღოლსაც ვაიძულე ღამით ჩაქჩაქით ამოევლო უღრანი ტყე და მთელი გზა საკუთარი თავი ელანძღა იმის გამო რომ ბენზინი კი წამოიღო (დიდი წინდახედული ვინმე იყო), მაგრამ ძაბრის ჩაგდება ამოუვარდა თავიდან. ლამის მთელი გზა ლოცვაში გავატარე სანამ ნაცნობ შენობას მოვკარი თვალი, მანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ კი იმის მაგივრად რომ შვებით ამომესუნთქა და კედლების კოცნა დამეწყო იმაზე დავიწყე ნერვიულობა დაბლა როგორღა ჩავა მეთქი. არადა ახველებდა, აქ კი ხველა განაჩენია.

სანამ ღვინის საყიდლად ვიკაწრავდი ფეხებს ქალბატონმაც დატოვა სასტუმრო და „ტურისტულ ჯგუფად“ (ასევე დელეგაციად ცნობილმა) „ბატონმა იქსმაც“. სასტუმროს მმართველმა კი რომელიც სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს ტყეში ატარებს სასტუმროს ცენტრალური შესასვლელის გასაღების დატოვება შემოგვთავაზა და ჩემი მეგობრისგან ცივი უარის მიღების შემდეგ მშვიდობიანი ღამე გვისურვა ცარიელ სასტუმროში.

მმართველს, უფრო სწორად კი მენეჯერს (როგორც მას აქ მოიხსენიებენ) კაბინეტში ძველებური სეიფი უდგას, ისეთი როგორიც ბებიაჩემს ედგა სამსახურში, თუმცა ბებიაჩემისგან განსხვავებით ის შიგნით არც კანფეტებსა და ტკბილეულს ინახავს და არც ჩემ ნახატებს.

ღამდება, ღვინო მაქვს, სასტუმრო კი მისი ყველა კუთხე-კუნჭულით ჩემ განკარგულებაშია.

სიმღერის ტექსტის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა კი ისევ მიძვრება გაზარმაცებულ ტვინში და ღიღინებს „This night has opened my eyes, and I will never sleep again.”

tumblr_l8g6wedPW81qaq41go1_500

Advertisements

4 thoughts on “დამსვენებელივით

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s