კიკინა და სახელურები


ყველაზე მეტად იცი რა მახარებს ხოლმე? აი, მოსაწევად რომ გავდივარ, 3–4 წუთს რომ ვკანკალებ აივანზე, შემოსასვლელად კარების გაყინულ, რკინის სახელურს რომ ვკიდებ ხელს, სიცივე რომ მივლის მთელ ტანში და მაშინვე რომ მახსენდება, რამდენიმე წამში მეორე მხრიდან მოვკიდებ ამავე სახელურს ხელს, მოვკიდებ და თბილი იქნება. იშვიათად სასიამოვნო გრძნობაა, სითბო მთელ სხეულში გეღვრება. ადრე ვამბობდი, იმ ადამიანების მშურს რომლებსაც ცხოვრების უმნიშვნელო მომენტების გამორჩევა შეუძლიათ, იმის სათქმელად ეს ბედნიერებას მანიჭებსო, ჰოდა, მეც ვიპოვნე ასეთი მომენტი, უმნიშვნელო და თბილი.

ისეთი ზამთარია, ახლად ჩამოზრდილ კიკინაში რომ ჩაგავლებს ხელს და იქამდე რომ გწიწკნის სანამ არ გადაწყვეტ, ბავშვობის ახირება უნდა ავისრულო და ზამთრის, ერთ ძალიან ცივ დღეს ზღვაზე უნდა გავიქცეო. სახლიდან რამდენიმე საათით გასული, ცივ სადგურზე რომ აღმოჩნდები, ქურთუკის საყელოს რომ ამოიწევ, არიქა კისერზე არ დამიბეროს და გახევებული არ დამტოვოსო, ფეხებს მონაცვლეობით რომ მიუკაკუნებ ერთმანეთს, იმის იმედით სისხლი გამოძრავდება და ცოტას შემათბობსო, სიამაყით რომ დახედავ ერთი მიმართულებით აღებულ ბილეთს, ახლად ჩამომდგარი მატარებლის საფეხურთან რომ მიხვალ, რკინის სახელურს მაგრად რომ ჩაებღაუჭები და დანანებით რომ გაიფიქრებ მეორე მხრიდან ხელის მოკიდება აღარ მომიწევს, აფსუს რაღა გამათბობს აწიო.

არადა, ფილმებში რა მარტივად გამოსდით ხოლმე ყველაფერი, შენ კი ლამისაა დიდი სტრატეგიული დაგეგმვის ჯგუფი მოიწვიო, რამდენიმე საათს შეუსვენებლად ამსჯელო, ბიუჯეტიც დაათვლევინო და ვადებიც, სათითაოდ ხელიც მოაწერინო და შემდეგ განკარგულებაც გამოსცე შემუშავებული გეგმის შესრულებაზე, იმისთვის რომ ერთი, პატარა, არც თუ ისე რთული სურვილი აუსრულო საკუთარ თავს.

ჩემ წინ რომ გოგო ზის, ბურთებად ქცეულ ტუჩებს ერთმანეთს ისე უსვამს უეჭველად ნერვიულობს რაღაცაზე, იქნებ ისიც ბავშვობის ახირებას ისრულებს და ვერაფრით ჩამოყალიბებულა სწორად იქცევა თუ სასწრაფოდ უნდა იკივლოს „გააჩერეთ! ჩავდივარო“. ფილმი რომ იყოს ყველაფერს ჩამოვდივარ იკივლებდა, მაგრამ აბა, ახლა ამ თითქმის სრულიად რეალურ ცხოვრებაში ასე ხომ არ მოიქცევა?! ცოტას გაავარჯიშებს მიმიკას, ახლად წასმული საცხიც შეაშრება ტუჩებს და დამშვიდდება მერე, დამშვიდდება აბა რას იზამს, მე ვიკითხო, მე რა მეშველება თორემ, ამას ალბათ დანიშნულების პუნქტთან ელოდებიან კიდეც, მე სასტუმროზეც კი არ მიფიქრია ჯერ, თუმცა ამ გაქანებულ ზამთარში დიდად არ უნდა გამიჭირდეს სასრტუმროში თავისუფალი ნომრის პოვნა, ბოლოს და ბოლოს განა რამდენი საქმიანი ვიზიტი შეიძლება იყოს დაგეგმილი ამ კვირის მიწურულს ზღვისპირა ქალაქში?!

დაბრუნება რომ მომინდეს? ჰო, აი უცებ რომ გადავიფიქრო? მარტო ყოფნის რომ შემეშინდეს, ცივი, ნესტიანი ჰავაც დიდად რომ არ მესიამოვნოს და უკან მოტოვებულ საქმეებზეც დავფიქრდე მერე? უკან ხომ არ დავბრუნდები? ისედაც, ლამის ფილმის სცენარის დაწერა დამჭირდა სანდო ისტორიის მოსაგონებლად, კითხვები რომ არავის გასჩენოდა. მგონი სიუჟეტის გადახედვა მომიწევს და თავის ნებაზე მიშვებული, დეპრესიული სიუჟეტში დაძაბულობის შეტანაც დამჭირდება. სულ ასე მემართება, დრამად ჩაფიქრებული სცენარი ისე დამისხლტება ხოლმე ფილმის შუაში ხელიდან და ისე იქცევა მძაფრსიუჟეტიან ფილმად, ვერაფრის გაკეთებას ვახერხებ.

სინამდვილეში კი ერთი, საშუალოსტატისტიკური ადამიანი ვარ, რომლის ცხოვრება არც ფილმად გამოდგება და არც წიგნად, პატარა სიმღერის ტექსტსაც კი ვერ დაწერ.

არადა, რა გინდა რომ ქნა, როდესაც ზამთარი ახლად ჩამოზრდილ კიკინაზე დაჟნებით გქაჩავს ზღვაზე გავიქცეთო.

snowing

Advertisements

25 thoughts on “კიკინა და სახელურები

  1. უფ, როგორ მეცნო! ხო, ფილმებში ყველაფერი ადვილად გამოსდით. მე ვერა და ვერ მოვახერხე ჩემი ფილმის სიუჟეტი გასცდეს მაგ საშუალო სტატისტიკური მონაცემების ადამიანის ერთობ ბანალურ ცხოვრებას. კარგია ზამთარში ზღვა, განსაკუთრებით თუ თოვს. ბათუმი კი არ მინახავს ზაფხულის გარდა არასდროს.მეც სულ ასე ვიკვიატებს ზამთარში 2-3 დღით გაქცევას, ვხედავ, როგორ ჩავდივარ, როგორ ვზივარ აივანზე და ვუყურებ ზღვას, მერე თბილად ჩაცმული როგორ მივყვები სანაპიროს, როგორ შევდივარ რომელიღაც ბარში, როგორ ვჯდები გათოშილი, ვსვამ ქაფქაფა ყავას, მერე მარტინს და ბოლოს მანგოს წვენს, ვახდენ კოლოფში დარჩენილი ღერების ულმობელ კრემაციას და მერე ეგებ შემთხვევით ნაცნობობაზეც კი გავიქაჩო… 🙂 სულ მინდოდა ამაზე დამეწერა და ფეხს თუ თითს ვითრევდი. ჰოდა აი, შენ დაწერე ჩემ მაგივრად, რაც გამომრჩა( თუ გამოგრჩა 🙂 ) აგერ დავამატე :*

    Like

    1. წავიდეთ, გავიქცეთ, რა გახდა?! 🙂 წარმოვიდგინე და ძლივს ვჩერდები 🙂 შენი პოსტის შედეგია ეს პოსტი სხვათა შორის 🙂 ონკანიო და 🙂

      Like

      1. ველოდი მე გამოხმაურებას და აკი გამიმართლდა კიდეცა 🙂 ალბათ დროა გავუბრაზდეთ საკუთარ თავებსაც და ყოფასაც ერთხელ მაინც და გადავწყვიტოთ!!! ❤

        Like

      2. ხო, მე კიდევ დღევანდელი შენი პოსტი მირტიალებს თავში “გამზრდელსა” და “ხევისბერს” შორის ინტერვალებში :), შენი პოსტი და ფრაზები ახალი პოსტიდან, რომელიც შენი კიკინებიან-სახელურიანი ფიქრების გაგრძელებას ჰგავს 🙂

        Like

        1. “გამზრდელსა” და “ხევისბერს” შორის ინტერვალებში 😀 😀

          კი აუცილებლად უნდა გავუბრაზდეთ საკუთარ თავებს, ასე აღარ შეიძლება, ერთი ორჯერ ხომ მაინც უნდა გავაკეთოთ რაღაც, რაც მართლა გვინდა 🙂

          Like

  2. ეჰ, როგორ მინდა ზამთრის ბათუმში გასეირნება… ბოლო რამდენიმე ზამთარია სულ ამაზე ვფიქრობ, მაგრამ ვერაფრით “გავაღწიე”…

    Like

  3. Rusa

    ისე ახლოს მოვიდა, უცებ მომინდა, კაცი ვყოფილიყავი, მოვსულიყავი, ტუჩებთან მიმეტანა შენი გაყინული ხელები და სუნთქვით გამეთბო 🙂

    Like

    1. ჰო, ბლოგად ვწერ, ეგ გამომრჩა 🙂

      მე კიდევ მომენატრა ეგ “თავგადასავლები”, დავიღალე ვალდებულებებით, თუმცა ყველაფერი მოსაბეზრებელია საბოლოო ჯამში.

      Like

      1. ამელის “ცახცახი” გაიხსენე წიგნი და ფილმი. “უთავგადასავლო” ცხოვრების აღწერით საინტერესო გამოვიდა. ზოგადად, ბევრი ახალი ავტორი აღწერს გრაფიკულ ცხოვრებას. სისტემაა ასეთი.მე ვაპირებ ხვალ “მორიგ გაპარვას”, ალბათ ბლოგზეც აისახება)

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s