კიკინა და სახელურები


ყველაზე მეტად იცი რა მახარებს ხოლმე? აი, მოსაწევად რომ გავდივარ, 3–4 წუთს რომ ვკანკალებ აივანზე, შემოსასვლელად კარების გაყინულ, რკინის სახელურს რომ ვკიდებ ხელს, სიცივე რომ მივლის მთელ ტანში და მაშინვე რომ მახსენდება, რამდენიმე წამში მეორე მხრიდან მოვკიდებ ამავე სახელურს ხელს, მოვკიდებ და თბილი იქნება. იშვიათად სასიამოვნო გრძნობაა, სითბო მთელ სხეულში გეღვრება. ადრე ვამბობდი, იმ ადამიანების მშურს რომლებსაც ცხოვრების უმნიშვნელო მომენტების გამორჩევა შეუძლიათ, იმის სათქმელად ეს ბედნიერებას მანიჭებსო, ჰოდა, მეც ვიპოვნე ასეთი მომენტი, უმნიშვნელო და თბილი.

ისეთი ზამთარია, ახლად ჩამოზრდილ კიკინაში რომ ჩაგავლებს ხელს და იქამდე რომ გწიწკნის სანამ არ გადაწყვეტ, ბავშვობის ახირება უნდა ავისრულო და ზამთრის, ერთ ძალიან ცივ დღეს ზღვაზე უნდა გავიქცეო. სახლიდან რამდენიმე საათით გასული, ცივ სადგურზე რომ აღმოჩნდები, ქურთუკის საყელოს რომ ამოიწევ, არიქა კისერზე არ დამიბეროს და გახევებული არ დამტოვოსო, ფეხებს მონაცვლეობით რომ მიუკაკუნებ ერთმანეთს, იმის იმედით სისხლი გამოძრავდება და ცოტას შემათბობსო, სიამაყით რომ დახედავ ერთი მიმართულებით აღებულ ბილეთს, ახლად ჩამომდგარი მატარებლის საფეხურთან რომ მიხვალ, რკინის სახელურს მაგრად რომ ჩაებღაუჭები და დანანებით რომ გაიფიქრებ მეორე მხრიდან ხელის მოკიდება აღარ მომიწევს, აფსუს რაღა გამათბობს აწიო.

არადა, ფილმებში რა მარტივად გამოსდით ხოლმე ყველაფერი, შენ კი ლამისაა დიდი სტრატეგიული დაგეგმვის ჯგუფი მოიწვიო, რამდენიმე საათს შეუსვენებლად ამსჯელო, ბიუჯეტიც დაათვლევინო და ვადებიც, სათითაოდ ხელიც მოაწერინო და შემდეგ განკარგულებაც გამოსცე შემუშავებული გეგმის შესრულებაზე, იმისთვის რომ ერთი, პატარა, არც თუ ისე რთული სურვილი აუსრულო საკუთარ თავს.

ჩემ წინ რომ გოგო ზის, ბურთებად ქცეულ ტუჩებს ერთმანეთს ისე უსვამს უეჭველად ნერვიულობს რაღაცაზე, იქნებ ისიც ბავშვობის ახირებას ისრულებს და ვერაფრით ჩამოყალიბებულა სწორად იქცევა თუ სასწრაფოდ უნდა იკივლოს „გააჩერეთ! ჩავდივარო“. ფილმი რომ იყოს ყველაფერს ჩამოვდივარ იკივლებდა, მაგრამ აბა, ახლა ამ თითქმის სრულიად რეალურ ცხოვრებაში ასე ხომ არ მოიქცევა?! ცოტას გაავარჯიშებს მიმიკას, ახლად წასმული საცხიც შეაშრება ტუჩებს და დამშვიდდება მერე, დამშვიდდება აბა რას იზამს, მე ვიკითხო, მე რა მეშველება თორემ, ამას ალბათ დანიშნულების პუნქტთან ელოდებიან კიდეც, მე სასტუმროზეც კი არ მიფიქრია ჯერ, თუმცა ამ გაქანებულ ზამთარში დიდად არ უნდა გამიჭირდეს სასრტუმროში თავისუფალი ნომრის პოვნა, ბოლოს და ბოლოს განა რამდენი საქმიანი ვიზიტი შეიძლება იყოს დაგეგმილი ამ კვირის მიწურულს ზღვისპირა ქალაქში?!

დაბრუნება რომ მომინდეს? ჰო, აი უცებ რომ გადავიფიქრო? მარტო ყოფნის რომ შემეშინდეს, ცივი, ნესტიანი ჰავაც დიდად რომ არ მესიამოვნოს და უკან მოტოვებულ საქმეებზეც დავფიქრდე მერე? უკან ხომ არ დავბრუნდები? ისედაც, ლამის ფილმის სცენარის დაწერა დამჭირდა სანდო ისტორიის მოსაგონებლად, კითხვები რომ არავის გასჩენოდა. მგონი სიუჟეტის გადახედვა მომიწევს და თავის ნებაზე მიშვებული, დეპრესიული სიუჟეტში დაძაბულობის შეტანაც დამჭირდება. სულ ასე მემართება, დრამად ჩაფიქრებული სცენარი ისე დამისხლტება ხოლმე ფილმის შუაში ხელიდან და ისე იქცევა მძაფრსიუჟეტიან ფილმად, ვერაფრის გაკეთებას ვახერხებ.

სინამდვილეში კი ერთი, საშუალოსტატისტიკური ადამიანი ვარ, რომლის ცხოვრება არც ფილმად გამოდგება და არც წიგნად, პატარა სიმღერის ტექსტსაც კი ვერ დაწერ.

არადა, რა გინდა რომ ქნა, როდესაც ზამთარი ახლად ჩამოზრდილ კიკინაზე დაჟნებით გქაჩავს ზღვაზე გავიქცეთო.

snowing

Advertisements

ნელი


მის ჭირვეულ სახელს ვერაფერი მოვუფიქრე. როგორ აღარ გადავალაგ–გადმოვალაგე ასოები, მაგრამ არაფერი გამოვიდა, საბოლოოდ ნელიზე შევჩერდი და ვიფიქრე, თუ მკითხავენ, ვუპასუხებ ქალის სახელი ნელი კი არა, უბრალოდ ნელი მეთქი. არადა არც ნელი უხდებოდა, ნელი კი არა ისეთი სწრაფი საუბარი იცოდა თავს და ბოლოს ვერ გაუგებდი. ჰო, ბევრს ლაპარაკობდა და სწრაფად, გამეორებას რომ სთხოვდი კიდევ უფრო მიაყრიდა ხოლმე სიტყვებს ერთმანეთს, იმის იმედით მესამედ აღარ მკითხავენო. სხვები მესამედაც ამეორებინებდნენ, მე მრცხვენოდა და მორჩილად ვუქნევდი ხოლმე თავს, თან გულში ვიმეორებდი რა მითხრა და თავიდან ვიწყებდი ყველაფრის ხარშვას.

ჰოდა, ნელი უნდა დამეწერა, აბა სახელით რომ მომეხსენიებინა, ყველა ყველაფერს მიხვდებოდა, ოღონდ არ მკითხოთ ახლა ვინ ყველა და რა ყველაფერსო. ამ შემთხვევაში ყველაფერი ისეთი არაფერი იყო, წარმოდგენაც გაგიჭირდებათ, ყველა კიდევ ისეთი ერთფეროვანი, ერთმანეთში ადღლეზილი მასისგან შედგებოდა გული შეგიწუხდებოდათ, ერთი ეგ იყო ამ მასას ყველა მხარეს დაფჩენილი პირი ქონდა გამოშვერილი და იმდენს ყაყანებდა იმ ყველაფერზე, სინამდვილეში რომ არაფერი იყო, გულითაც რომ მოგესურვებინა მაინც ვერ დარჩებოდი მოვლენებს ჩამორჩენილი, მოგადგებოდა, გაიძულებდა თვალებში შეგეხედა და იქამდე გაგიმეორებდა ერთსა და იმავე ისტორიას სანამ ზეპირად არ ისწავლიდი. ჰოდა, მეც გიჟი ხომ არ ვიყავი, ამ უსახურ მასას ყველა კუთხეში ჯერ ჩემი სახელი ეძახა და შემდეგ იმ სწრაფის, მე რომ ნელის ვეძახდი.

კედელი გავაკეთე, არა, ახლა ისე კი არ იფიქროთ თითქოს ჩემ ოთახს აქამდე კედელი არ ქონდა, როგორ არ ქონდა, ოთხივე მხრიდან ამაყად ქონდა ამოშენებული და რომ მიაკაკუნებდი, კედლისთვის სრულიად შესაფერის ხმასაც გამოსცემდა, მაგრამ კედლები ბევრნაირი შეიძლება იყოს, ჰოდა აქამდე თუ ჩემი ოთახის ოთხივე მხარე ერთ, მთლიან, ნაცრისფერ მასას წარმოადგენდა, იმ დღიდან ჩემ მარჯვნივ ამოშენებული 3 მეტრამდე კედლის, მცირე ნაწილი მისაწებებელი ფურცლებით ავითვისე, ერთი პირობა ვიფიქრე კედლის გაფუჭებისთვის ანაზღაურებას მომთხოვენ მეთქი, მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ დიდად არ მანაღვლებდა, ვინ, რაზე მომთხოვდა პასუხს, ჰოდა მივადექი ჩემ ახლად შეძენილ ფერად ფურცლებს და ყველაფრის წერა დავიწყე რისი ქონაც მინდოდა და არ მქონდა. კედელზე არც ერთი მოძრავ/უძრავი ნივთის დასახელება არ მოხვედრილა, ყველაფერი ჩემი ყოველდღიური არაფრის შევსების სურვილზე იყო დაწერილი. ვინაიდან კედელი საზიარო იყო, ყველა ხედავდა რომ მეტი თავისუფლება, ნაკლები ვალდებულებები და ყველაფრის ფეხებზე დაკიდების სურვილი მკლავდა, ყოველ გავლა–გამოვლაზე მოჯღანულად გამიღიმებდნენ ხოლმე, იმის ნიშნად „რა მშვენიერი იდეაა…“ ან „რა ცოდო ხარ“–ო, მეც ასეთივე შეთითხნილი ღიმილით ვპასუხობდი და ორივე მხარე ვთვლიდით რომ კომუნიკაციამ წარმატებით ჩაიარა.

იმ დღეს კი კედელზე ნელი გამოჩნდა, ბევრი იფიქრეს რას ვგულისხმობდი, შენობაში მოსიარულე ყველა სულიერის ვინაობა გადაქექეს და ნელი ვერსად იპოვნეს, შემდეგ ჩათვალეს, ალბათ გონია რომ ზედმეტად ნელია და უნდა რომ ცოტა უფრო სწრაფი გახდესო და ძველებურად დამიწყეს მოჯღანული ღიმილის სროლა, ასეთივე ჟესტის უკან დაბრუნების იმედით.

კედელი იმისთვის მჭირდებოდა საკუთარ სურვილებზე მეტი რომ მეფიქრა, ვიღაც მეუბნებოდა ფიქრი ენერგიაა და რაც უფრო დაჟინებით გასტყორცნი შენს მოლოდინებს სამყაროში მით უფრო დიდი შანსია რომ ყველაფერი დაგიბრუნდებაო. ჰოდა, სხვები თუ ნელიზე ფიქრობდნენ, მე ნელის მიღმა მდგომ ჭირვეულ სახელიან, ზედმეტად სწრაფ სუბიექტზე ვტყორცნიდი ხოლმე მოლოდინებს სამყაროს.

არ მჯერა მე ამ „რაც გულით გინდა აგისრულდება“ სისულელეების და მომკალით. რამდენი რამე მინდოდა გულით, სულით, ტვინით და ყველა კიდურით, მაგრამ რად გინდა?!.. აკი მითხრეს სულსწრაფი ხარო, სწრაფად ნებდებიო, ფარ–ხმალს ყრიო, ვერასოდეს ითმენ ბოლომდეო, ჰოდა ალბათ ამის ბრალია სხვების ნაცადი ხერხი ჩემზე რომ არ ამართლებს, ორ ცდაში თუ არაფერი გამოვა ხელს ვიქნევ ხოლმე, სამყაროს კი გენაცვალე ერთი–ორჯერ ნასროლი ფიქრი კი არ სჭირდება, როგორ გეკადრებათ, როდესაც რაღაცას მოითხოვ, კეთილი ინებე და იქამდე გაიხვრიტე ტვინი ამაზე ფიქრით სანამ არ მიიღებ.

ან რა დროს ეგ იყო, ნელიზე და კედელზე ვწერდი, ვწერდი რა, უფრო ვლაყბობდი, ვლაყბობდი თითებით, ვაჩხარუნებდი კლავიატურას და ვფქირობდი რომ რადგან უკვე საკმაოდ გვიანი ღამე იყო, ნელიზე აკაკანებული ღილაკების ხმას შესაძლოა მეზობლებიც კი გაეღვიძებინა, მადლობა ღმერთს ალკოჰოლი მქონდა…

კედელზე აუცილებლად გამოვაკრავ სიმთვრალეს მადლიერების განყოფილებაში.

Image