სოდიანი წყალი


–        ფიქრებში სოდიანი წყალი უნდა გამოვივლო ანთების ჩასაქრობად. – ისე მითხრა ჩემთვის არც შემოუხედავს.

უსიგარეტოდ არასოდეს მყავდა ნანახი, მხოლოდ მოსაწევად ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. იმ დღეს ჩემ ნაჩუქარ ღერს ეწეოდა. ორივემ ვიცოდით რომ კვამლი ერთდროულად არ უნდა გამოგვეშვა. მისი ჯერი რომ დგებოდა, მე სუნთქვას ვწყვეტდი, შემთხვევით რომ არ დავმთხვეოდით ერთმანეთს. ისიც ასე იქცოედა, თუმცა ამაზე არასოდეს გვისაუბრია.

–        ბევრს ვეწევი – მითხრა სასხვათაშორისოდ.

–        ზედმეტად ხშირად ვხვდებით ერთმანეთს? – მეც სასხვათაშორისოდ ვკითხე.

გაიღიმა და არაფერი უთქვამს.

–        ალბათ დროა სხვებთან ერთადაც დავიწყოთ მოწევა… – ვუთხარი, ისე როგორც უკვე ზედმეტად დიდი ხნის წყვილები ეუბნებიან ხოლმე ერთმანეთს, დაშორება რომ უნდათ.

–        ჰო, ვნახოთ რა გამოვა. – მიპასუხა იმავე ტონში.

 ***

–        მერამდენე დღეა ვსვამთ? – მკითხა სახლში წასასვლელად მზადება რომ დავიწყე.

–        მეექვსე. – ვუპაუხე, დღეების თითებზე გადათვლის შემდეგ.

დამშვიდობებამდე გამაყუჩებელი მთხოვა, ისე გავუწოდე არაფერი მიკითხავს, ორივემ ვიცოდით რომ დალევამდე და დალევის შემდეგ ორივეს გვტკიოდა თავი.

–        ხვალ შევისვენოთ! – მომაძახა დამშვიდობების შემდეგ.

–        ღმერთი ხარ? – ვკითხე და გზა გავაგრძელე.

–        მეექვსე საღამოა ასე მგონია! – მიპასუხა, თუმცა არც ის გაჩერებულა.

გამეღიმა.

დიდ ხანს გაგვიგრძელდა მეშვიდე დღე, მაგრამ რა ვიცი, ამბობენ ღმერთის 1 დღე, ჩვენ 24 საათს კი არ უდრისო.

***

ტკივილგამაყუჩებლებს აღარ ვსვამ, ფიქრებში სოდიან წყალს ვივლებ და ყოველ დღე ვსვამ, დღეების თითებზე გადათვლა რომ ვერ შევძლო.

Image

Tell Me


მდუმარებისგან ტუჩები ისეთი სავსე ქონდა ვერ ვცნობდი. წერილებს კითხულობდა, იმათ გამოგზავნილ წერილებს ვინც რეალურ ცხოვრებაში უარს ამბობდა მასთან ურთიერთობაზე და გამარჯობის ღირსადაც არ თვლიდა. არადა რა გახდა ერთი თუნდაც ძალიან ყალბი „გამარჯობა“, აი ისეთი, კბილებიდან რომ ცრიან ხოლმე, ზრდილობა რომ ავალდებულებთ. ადრე ვიღაცას ეუბნებოდა მომწონს არასოდეს რომ გავიწყდება გამარჯობის თქმაო, მაშინ რატომღაც სჯეროდა რომ მისგან ყოველთვის გულწრფელ სალამს იღებდა, ახლა რა გონია? ახლა გონია, რომ საქმე არც გამარჯობაში იყო, არც მოკითხვაში და არც გულწრფელობაში… საქმე არაფერში იყო, ცალკე არაფერს ქონდა ფასი, ამ დეტალების ჯამი იყო მომხიბვლელი. დიდი ხანია აღარავიზე უფიქრია როგორი გულწრფელი სალამი იცისო, ჰო, ნუ იმ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით ვიღაცამ ძალიან გულწრფელად რომ უთხრა „ფრთხილად!“–ო. განა რა, მაგრამ მაინც სიამოვნებს ხოლმე ასეთი უმნიშვნელო ფრაზების მოსმენა ნაძალადევი ნოტების გარეშე.

სიგარეტი რომ გასინჯა არ ეგონა მწეველი თუ გახდებოდა, ყველაზე მეტად მაღაზიაში შესვლისა და ყიდვის პროცესი მოსწონდა, ჩანთის პატარა ჯიბეში შენახული კოლოფი და სუნი, რომელსაც ასე ძალიან ვერ იტანდნენ გარშემომყოფები. მერე ნამდვილი მწეველივით დაიწყო კვამლის ყლაპვა, სწრაფი მოწევა და მაღაზიაშიც უკვე დაზეპირებული ტექსტით სიარული, საკუთარი მარკაც შეარჩია და შემცველობის სიმძიმეზეც შეჯერდა. თავის დანებებაზე იქამდე არ უფიქრია სანამ საოპერაციო მაგიდაზე არ წამოწვა, სანამ შუქი არ დაანათეს და სანამ საკუთარი გადაწყვეტილების წყევლა არ დაიწყო „ჯობდა ნარკოზზე დავთანხმებულიყავიო“. მაშინ უთხრეს უნარკოზოდ თუ გაგჭრით ნაიარევი დაგრჩებაო, დაარწმუნეს პატარა ნაწიბურს რა მნიშვნელობა აქვსო, ესეც დადუმდა, ტუჩები შეევსო და ხელმოწერით დაადასტურა რომ თანახმა იყო ქირურგიული მკურნალობის იმ მეთოდზე რომელსაც სთავაზობდნენ.

სიგარეტი კი არაფერ შუაში იყო, მაგრამ მაინც არწმუნებდნენ მწეველებს რეციდივის უფრო დიდი შანსი აქვთო, 4 დღე არ მოუწევია, ჩუპა–ჩუპსით ჩაანაცვლა და ბავშვობა გაიხსენა. მარწყვის, ბანანისა და ფორთოხლის დაშაქრული გემო რომ ამოუვიდა ყელში, მაღაზიაში შევიდა, გამოსვლისთანავე მოუკიდა და ღრმად ჩაისუნთქა – „ეგ არაფერი, კიდევ თუ გავხდი გასაჭრელი აუცილებლად გავიკეთებ ნარკოზსო“ გაიფიქრა და პრობლემაც მოგვარდა.

გასაჭრელი არ გამხდარა, 6 თვეში რომ დაიბარეს გადასამოწმებლად 4 წელი ისე გავიდა არ გამოჩენილა. აკვიატებული ქონდა რომ ადამიანები მხოლოდ დიაგნოზის დასმის შემდეგ კვდებოდნენ, მთავარია საქმე აქამდე არ მივიდესო იმეორებდა ხოლმე მზეს მიფიცხებული და ნეტარი სახით ექაჩებოდა სიგარეტს.

რაც ცქნაფა გაიცნო, გაორება დაეწყო, თან მოსწონდა და თან ვერაფრით გაეგო რატომ არიდებდა მასთან ურთიერთობას თავს. ფერადი ყველაზე ნორმალური იყო, არც ზედმეტად თამამი იდეებით აშინებდა და არც ასაკით. საქმე კნეინას გაცნობაზე რომ მიდგა, დიდ ხანს იფიქრა, ცდუნებას ვერ გაუძლო და თანხმობა შეუთვალა. საბოლოოდ დარწმუნდა რომ ფერადი ყველაზე ნორმალური იყო.

ამასობაში ფიქრებმა წრე შეკრეს და ისევ გამარჯობებზე დაიწყო ფიქრი, თვალი სიგარეტის კოლოფისკენ გააპარა და ღერების თვლა დაიწყო, რთული უნდა ყოფილიყო დღე, რომელიც ისეთი ადამიანების გახსენებით დაიწყო, რომლების გამარჯობის გულწრფელობაშიც არასოდეს ეპარებოდა ეჭვი.

You gotta tell me you`re coming back to me
You gotta tell me you`re coming back to me
You gotta tell me you`re coming back to me
You gotta tell me you`re coming back to me