შუამავალი


ფსიქოლოგთან სასიარულო დრო რომ ვერ გამონახა აღსარებაზე დაიწყო ყოველ კვირა დღეს სიარული.

პირველად საგულდაგულოდ მომზადებული ტექსტით მივიდა, ბევრი იფიქრა სიტყვებზე რომლებიც უნდა ეთქვა, კარგად აწონ–დაწონა თითოეული ფრაზა, ცალ ხელში ცხვირსახოცი ჩაიბღუჯა, მეორე ხელში ჩამწერი და დაიწყო:

„თქვენი აზრით კარგი ადამიანი ვარ? ჰო, ვიცი რომ კითხვებს არ უნდა ვსვამდე და რომ საერთოდ ჩემ კითხვებზე პასუხის გაცემა თქვენი საქმე არ არის, ან უფრო სწორად თქვენი საქმეა ოღონდ აღსარების მომენტში არა. ან კი საიდან უნდა იცოდეთ კარგი ადამიანი ვარ თუ არა? აღსარებაზე მოსვლა საკმარისი მიზეზია ამ ტიტულის მისაღებად? აბა წარმოიდგინეთ თუ აღსარებაზე მოსვლა გადავწყვიტე, ე.ი. შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ მწამს და როგორც მინიმუმ ერთ რაღაცას მაინც ვნანობ. და იქნებ ისეთ რამეს ვნანობ რასაც არ უნდა ვნანობდე? თქვენი აზრით შეიძლება ვინანო ის რისი სინანულიც ცოდვაა? ანუ სინანული შეიძლება იყოს ცოდვა, რომელიც შემდეგ თავიდან უნდა მოვინანიო? შესაძლოა რასაც ახლა ვნანობ ის შემდგომში ჩემი სინანულის  მიზეზი გახდეს?

არა, არა, ნურაფერს მიპასუხებთ, აქ კითხვებზე პასუხების მისაღებად არ მოვსულვარ, აქ სინანულისთვის მოვედი. იმისთვის მოვედი რომ ჩემგან გადასცეთ ძალიან ნანობსო, აირია და ვეღარაფერი გაიგოო, კარგსა და ცუდს შორის გამოეჩხირა და ვეღარც წინ მიდის და ვეღარც უკანო. იქნებ ისიც უთხრათ რომ ვერაფრით გაუგია რა უნდა ინანოს და როგორო.

საკუთარი თავის სიძულვილი კონკრეტული ქმედების გამო ხომ უკვე ნიშნავს სინანულს? ჰოდა, აი სიძულვილი რამდენად მისაღები გრძნობაა? იქნებ ეს ცალკე მოსანანიებელი მაქვს? ბოლოს და ბოლოს საკუთარი თავი მე მეკუთვნის? ანუ თუ სიტყვაზე საკუთარი სიცოცხლის დროზე ადრე, ხელოვნურად, საკუთარი ხელით შეწყვეტა მიუტევებელი ცოდვაა და უპირობო საგზური ჯოჯოხეთში, ეს ხომ ნიშნავს რომ საკუთარი თავის ბატონ–პატრონი მე არ ვარ და ვიღაცის წინაშე ვაგებ პასუხს იმაზე თუ როგორ ვექცეოდი საკუთარ თავს? ჰოდა სადღაა ეს ოხერი თავისუფლება? თავისუფლების განმარტება გაქვთ? არ გაქვთ, არ აქვს ამ სიტყვას განმარტება და იმიტომაც არ გაქვთ. ისე კი თუ სტყვას გამოვშიგნავთ, მივიღებთ თავის უფალს, ანუ საკუთარი თავი მე მეკუთვნის და ჩემ მფლობელობაშია. შესაბამისად რა ჭირად ვაგებ პასუხს იმაზე თუ როგორ ვექცეოდი მას იმ რამდენიმე წლის მანძილზე რაც ამ ცოდვილ დედამიწაზე დავყავი?!

მოსანანიებელი დღეს არაფერი მაქვს!“

წამოვიდა, ცხვირსახოცით ნაზად შეეხო დახუჭულ თვალებს, არადა წვეთი ცრემლიც არ წამოსვლია.

მეორედ იქ აღარ მისულა, ახლა სხვა „შუამავალს“ აუხირდა აუცილებლად უნდა მოვინანიო ცოდვებიო და შეევედრა აღსარება ჩამაბარებინეო. დიდი ხვეწნა–მუდარის შემდეგ დაითანხმა, ისევ ცხვირსახოცი მოიგდო მუჭში, მეორე ხელის საჩვენებელი თითით „ჩაწერის“ ღილაკს დააწვა და ჩურჩულით დაიწყო:

„უკვე მეორედ ვცდილობ მონანიებას. არა, ისე კი ნუ გაიგებთ თითქოს მეორედ ვარ აღსარებაზე, იქამდეც ვყოფილვარ, ბავშვობაში ეკლესიის ხშირი სტუმარი ვიყავი, თქვენ წარმოიდგინეთ აღსარების დროს მიტირია კიდეც, ახლა რომ მკითხოთ რამდენად გულწრფელი ცრემლები მომდიოდა ვერაფერს გიპასუხებთ, თუმცა ფაქტია რომ თვალებიდან ნიაღვრად მოედინებოდა ჩემი ჭეშმარიტი სინანულის თხევადი მტკიცებულება. პირველად აღსარება იცით როგორ ვთქვი? მომადგნენ და მითხრეს რომ აღსარების დრო იყო, კლასში ვიჯექი და რაღაც ოხერი გაკვეთილი უნდა ჩამტარებოდა, ჰოდა ანაფორაში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა ოთახში და გვითხრა რომ ყველას უნდა გვეთქვა აღსარება. პატარები ვიყავით, მორჩილებიც გვეთქმოდა, თუმცა პროტესტის ტალღა მაინც აგორდა. აჯანყებულები დაისაჯნენ, კუთხეში ჩაამწკრივეს , მუხლებზე დააჩოქეს და უთხრეს რომ იქამდე უნდა მდგარიყვნენ ასე სანამ საკუთარ შეცდომას არ გააცნობიერებდნენ. თქვენ გგონიათ რამე გააცნობიერეს? ვერაფერიც ვერ გაიგეს, მუხლებმა რომ წვა დაიწყეს, ადგნენ და დათანხმდნენ. მე როგორ მოვიქეცი? ვიცი, კითხვა არ დაგისვამთ, მაგრამ ხომ იფიქრეთ, ჰოდა გპასუხობთ, მე ხმა არ ამომიღია, პირში წყალი ჩავიგუბე, პროტესტი ლუკმებად ვყლაპე და დინებას გავყევი.

დაგვავალეს ცოდვები ჩამოწერეთო, მერე მოდით და ჩურჩულით წაიკითხეთ ჩემ ყურთანო, ჰოდა მეტი რა გზა იყო, ავდექი და დავიწყე წერა, იცით რამდენი ვიფიქრე? არაფერს ვნანობდი და რა ჭირად უნდა დამეწერა რამე?! მერე გლობალურად შევხედე საკითხს და დავიწყე წერა, რას აღარ მივედ–მოვედე, სოფელში მოპარული ვაშლიდან დაწყებული, ზოგადად მატყუარა ვარ მეთქი ამით დამთავრებული. ახლა მეცინება, მაშინ კიდევ იცით რაზე ვფიქრობდი? ნეტა რამდენად ხარისხიანი აღსარება გამოვიდა მეთქი, მოთხოვნებს თუ დააკმაყოფილებს მეთქი, საუკეთესო აღსარება ხომ იქნება მეთქი.

მაშინ ვერ მივხვდი, ახლა კი ვიცი რომ ეს პირველობის ჟინი დაბადების მომენტიდან შემეყარა, ყველგან და ყველაფერში პირველი უნდა ვიყო, ცოდვების ხარისხშიც კი!“

ჩაახველა, რამდენიმე წამით დაფიქრდა კიდევ რამე ხომ არ მაქვს სათქმელიო, მიხვდა რომ საკმარისი იყო, ცხვირსახოცით შეეხო მშრალ ქუთუთოებს, თავსაფარი მოიძრო და გარეთ გამოვიდა, საგულდაგულოდ გადაიწერა პირჯვარი სამჯერ და კიბეს სირბილით დაუყვა.

გზაში ფიქრობდა ნეტავ კიდევ თუ მიმიღებსო. ახალი შუამავლის ძიების აღარც დრო ქონდა და აღარც სურვილი.

ზუსტად 1 კვირის შემდეგ ისევ სთხოვა მოესმინა მისთვის, სახეზე შეატყო დიდად აღფრთოვანებული არ იყო ამ იდეით და საწყალი სახე მიიღო, ლამის ქვედა ტუჩი გადმოაგდო პატარა ბავშვივით და დაიყოლია. მრევლმა ნელ–ნელა მოიხადა ვალი და თითოული მათგანი შემსუბუქებული სინდისითა და დამძიმებული რწმენით გაემართა სახლისკენ. რიგში ბოლო იყო, აუჩქარებელი ნაბიჯით მივიდა მასთან, თავი ჩაქინდრა და ფეხსაცმელზე დააკვირდა, ცოტა ხანს ჩუმად იდგა და რომ მიხვდა სახლში გააბუნძულებდნენ დაიწყო:

„გამიკვირდა ჩემ მოსმენას რომ დათანხმდით, მეგონა მეტყოდით აქ აღარ მოხვიდეო… რომ შეგაქოთ თავხედობა იქნება? საქციელი რომ მოგიწონოთ და გითხრათ რომ შესანიშნავად მოიქეცით?

კარგით ამაზე არ გვინდა ახლა, ამაზე სასაუბროდ არ მოვსულვარ.

საკუთარი თავი მიყვარს. ვიცი ამაში გასაოცარი არაფერია, მაგრამ მე განსაკუთრებულად მიყვარს, იმდენად მიყვარს რომ ვერაფერს ვპატიობ, კიდევ იმდენად მიყვარს რომ მინდა ყველას ზუსტად ასევე ვუყვარდე, არადა თქვენ ხომ იცით რომ ეს გამორიცხულია, ეს მეც ძალიან კარგად ვიცი. მაგრამ მინდა და აბა ვინ დამიშლის?!

იცით, თავის შეკავება არასოდეს შემეძლო, აი საკმარისია რაღაც ზღვარი გადავლახო და შეუჩერებელი ვხდები. დღესაც ასე მოვიქეცი, მოვაღე პირი და იქამდე ვანთხიე მთელი ჩემი დუჟმორეული შეუბრალებლობა სანამ საკუთარი თავის მიმართ მსუბუქი გულის რევა არ ვიგრძენი.

ყველაზე საოცარი კი იცით რა არის? არ ვიცი სინამდვილეში რას ვფიქრობ და რისი მწამს? ვერაფრით გამიგია მართლა ისეთი შეუბრალებელი და სისხლის მსმელი ვარ როგორიც დღეს სიტყვით გამოსვლისას ვიყავი, თუ ეს დროებითი გონების დაბნელებაა ხოლმე. ვერც ის გამიგია ზუსტად რას ვნანობ, ამ შეუბრალებლობას ვნანობ თუ ამის დემონსტრირებას, ვერ გავიგე არ მინდა ასეთი რომ ვიყო თუ ის არ მინდა რომ სხვებმა იცოდნენ ასეთი რომ ვარ. კიდევ იცით რა ვერ გავიგე? აი, თეორიულად რომ დავუშვათ იმის ალბათობა რომ ჩემი ეს შეუბრალებელი და სისხლზე მოწყურებული გამოსვლები გარშემომყოფებს მოეწონოთ, ისევე ვინანებ თუ არა. ხედავთ? საკუთარ პერსონას იმის მიხედვით ვაფასებ თუ რამდენად მისაღებია ის სხვებისთვის. ამასობაში კი სრულიად გაუგებარია რა არის მისაღები ჩემთვის? ან იქნებ ჩემთვის ყველაფერი მისაღებია, რაც სხვების აღფრთოვანებას გამოიწვევს, იქნებ ჩემი თავისგან იმას ვძერწავ ვინც დანარჩენებს დადებით ემოციებს აუშლით, ვინც მოეწონებათ და შემდეგ ზუსტად ასეთი მომწონს ჩემი თავი? თუ ასეა მაშინ რატომღა ვიქცევი ისე როგორც დღეს მოვიქეცი, რატომ ვხსნი „პანდორას ყუთს“, რატომ ვუშვებ გარეთ ყოველივე საზიზღარს, რატომ არ მაქვს რამე დადებითი? იმედისმაგვარი?

თქვენი აზრით ეს ნიშნავს რომ არარაობა ვარ? თქვენი აზრით საკუთარი თავის გამო განცდილი სირცხვილის გრძნობა დადებითი ემოციაა? თქვენი აზრით იძულებითი სინანული სინანულია? თქვენი აზრით სხვების ზიზღნარევი მზერებით განცდილი ზიზღი კარგია? იქნებ ჩამოუყალიბებელი ფასეულობები, 26 წლის მანძილზე გაურკვეველი კარგისა და ცუდის განმარტება უკვე განაჩენია, დიაგნოზია და ამას აღარაფერი ეშველება?!

როგორ ფიქრობთ შემეშინდა და იმიტომ შევიზიზღე საკუთარი თავი? თუ მათგან წამოსული ემოციის საპასუხოდ გაცოცხლდა ჩემში იგივე გრძნობა? მეორე ვარიანტი ჯობია ხომ ასეა? პირველი ხომ საკუთარი თავით ვაჭრობას ნიშნავს? თუ რაღაც კონკრეტულის, ხელშესახების გამო ვაიძულებ საკუთარ თავს ინანოს, ეს ხომ ნიშნავს რომ დიდი ვერაფერი ადამიანი ვარ?!“

ცხვირსახოცი, გამოსვლისთანავე კუთხეში მიმდგარ სანაგვეში გადაუძახა, წარმოსახვითი ცრემლები თითებით შეიმშრალა და რეალური სიგარეტი მოქაჩა, გამომშრალი ტუჩებით შეეხო, ყველა კითხვა ფილტრში მოაქცია, შეიწოვა, ფილტვებში ჩაუშვა და უპასუხოდ გააბნია ჰაერში.

Advertisements

5 thoughts on “შუამავალი

  1. რამდენი ნაცნობი კითხვა იყო. მცდელობებიც ნაცნობია, მეც ბევრი ვეჭიდავე მაგ ამბავს, ბოლოს რაღაც ჩემი მდგომარეობა მოვნახე ზეციურსა და ჩემ შორის და აღარ ვაწვალებ მაგაზე თავს. მინდა მიყვარდეს საკუთარი თავი. თუმცა სხვებისგან სიყვარულის ნაკლებობა რომ გწყინს და გულის ტკენას რომ ვერ პატიობ, ეს ალბათ ითვლება საკუთარი თავის სიყვარულად… სიძულვილით ხანდახან მძულს, როცა შეუმგდარ იდიოტად მეჩვენება, მაშინ.

    Like

    1. მე ბოლო პერიოდში განსაკუთრებული სიხშირით ვიძულებ ხოლმე, მაგრამ მალე გადამდის.
      ამ კითხვებით დიდად თავს არ ვიტანჯავ, თუმცა ზოგჯერ ერთ რამეს თუ ვიკითხავ შემდეგ ვეღარ ვჩერდები ხოლმე.

      Like

  2. იმედია მკრეხელობაში არ ჩამომართმევთ მაგრამ მე ვთვლი რომ შუამავალი არაა საჭირო, არც აღსარებების ჩაბარება რათა მომავალ კვირას იგივე ცოდვების მოსანანიებლად ეწვიო შუამავალს,

    პოსტში დასმული კითხვების უმრავლესობა ხშირად მტანჯავს

    Like

    1. სრულიად გეთანხმები, ვერც მე ვხედავ მესამე პირის აუცილებლობას “კავშირზე გასასვლელად”. ბევრ კითხვაზე კი პასუხი საერთდ არ არსებობს, თუმცა კითხვების დასმას მაინც სხვანაირი სიამოვნება მოაქვს

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s