ჯაჭვები


თუ ორ უცნობ ადამიანს ერთი და იგივე მუსიკა შთააგონებს, ნიშნავს რომ ერთსა და იმავეს წერენ? ერთსა და იმავეს გრძნობენ? ნიშნავს ეს რომ თუ მეორემ მოგვიანებით გაიგო ამ მუსიკის შესახებ იქურდა? ემოციების მოპარვა დაიწყო? გველივით შეიპარა ვიღაცის ფიქრებში და ყველაფერი წამოიღო რაც იქ დახვდა?

იქნებ უხილავი შეჯიბრი დაიწყო, გრძნობების გადმოცემის, განსაზღვრის, სიძლიერის შეჯიბრი, სიტყვათა თამაშის, ტვინში ნოტების შედეგად დაბადებული აზრების შეჯიბრი.

თუ შემთხვევით შეესწრო როგორ აყოლებდა მუსიკას ფეხს მისთვის უცხო ადამიანი, როგორ ექჩებოდა სიგარეტს ტუჩების ნელი მოძრაობით, როგორ ჯდებოდა მაგიდასთან რამდენიმე წამში ერთხელ და როგორ იწერდა რაღაცას, როგორ იმეორებდა ერთსა და იმავე სიმღერას დაუსრულებლად, როგორ ეხახუნებოდა იატაკს და როგორ ეღიმებოდა ყოველთვის როდესაც გრძნობდა რომ კიდევ ერთი წინადადება შვა მუსიკას აყოლილმა ფიქრმა.. ჰო, თუ ამ ყველაფერს შეესწრო და უნებურად იმავე მელოდიით მოიწამლა რომლითაც ის, ფიქრები ტიტრებად წამოვიდა, შავ ფონზე თეთრ ასოებად აიკრიფა, დაუსრულებელ წყებად იქცა, შთააგონა და მოუნდა ისევე აყოლოდა მუსიკას, ეხოხა იატაკზე, ექაჩა სიგარეტი და ეწერა როგორც მას… რამე მოიპარა?  ვიღაცას სული ამოწოვა? მოირგო მისი ფიქრები და ხელახლა იფიქრა?

ან იქნებ სამყარო უკვე დიდი ხანია წრეზე წავიდა? უკვე უთვალავმა ადამიანმა იფიქრა ყველა ფიქრი? იგრძნო ყველა შესაძლო გრძნობა? დაფიქრებულხარ იმაზე რიგით მერამდენე ხარ? ან მერამდენე ხარ იმათ შორის ვინც უკვე დაფიქრდა საკუთარი ფიქრების გაფიქრების რაოდენობაზე. შენი ორიგინალურობა კნინდება? განუმეორებლობის შეგრძნება ქვეითდება? თუ თავს იმართლებ? იქნებ თავს იმით იმართლებ რომ ჯერ არავის, არასდროს უფიქრია უკვე ნაფიქრი ფიქრების ის ნაზავი რომელიც შენ? იქნებ შენ სხვანაირი თანმიმდევრობით ფიქრობ? სხვანაირი თანმიმდევრობით გრძნობ? სხვანაირი ურთიერთშეთანხმებით განიცდი უკვე განცდილ გრძნობებს?

თუ ემოციების მარაგი თავდება, თუ ყოველი ახალი ქურდი იმაზე ნაკლების მოპარვას ახერხებს ვიდრე მისი წინამორბედი, გიფიქრია თავდაპირველი პროდუქტის რა ნაწილი შეგხვდა? იქნებ უზარმაზარი ემოციის მეათასედს, მეათიათასედს, მეასიათასედს, მემილიონედს… დასჯერდი?

ანაც იქნებ არავინ არაფერს ვიპარავთ, იქნებ გვჩუქნიან, გვინაწილებენ იმისთვის რომ შემდეგ ჩვენც გავუნაწილოთ, გავავრცელოთ? იქნებ მან ვინც ამ ემოციის წყარო იყო გამიზნულად იგრძნო მაყურებლების წინაშე, იქნებ ამით უკვდავება მოიპოვა, ემოციების ჯაჭვი შექმნა და მიუხედავად იმისა რომ დაივიწყეს მისი უკვდავ ენერგიად ქცეული ფიქრები უკვე მერამდენე ათასი წელია მოგზაურობენ ტვინიდან ტვინში, გადაეცემიან თაობიდან თაობას, იქნებ ამაზე საუბრობს ყველა რელიგია, იქნებ ეს არის სული, ნაფიქრი ფიქრების და ნაგრძნობი გრძნობების გადაცემა, დაუსრულებელ ენერგიად არსებობა.

იქნებ ის წყარო რომლიდანაც დღემდე ვიკვებებით, ვინც პირველად იგრძნო და იფიქრა არის ჩვენს მიერ მოგონილი და დაჯერებული ღმერთი? არის ყველგან და ყველაში.

Advertisements

9 thoughts on “ჯაჭვები

  1. ბოლო აბზაცი იყო დამაგვირგვინებელი აკორდი!!! მგონი პასუხიც! ღიმილით ჩავიკითხე და თან გონებაში ვითვლიდი ჩემს დამთხვევებს :). ხშირად მიფიქრია ამაზე. რამდენჯერ მინახავს სხვისი დაწერილი ის, არც მე მიფიქრია და მერე გადამიფიქრებია მისი ჩაწერა. აკი ვამბობდი, ერთხელა ეს დამთხვევა-მსგავსებები პოსტის თემად იქცევა-მეთქი და აჰა, კიდეც დამხვდა 🙂

    Like

    1. ჰოო, ბოლო აბზაცი აშკარად პასუხი იყო ჩემ კითხვებზე, თუმცა რამდენად ზუსტი ეს არ ვიცი.
      🙂 კი დამთხვევები მართლა ძალიან ბევრია, ამ პოსტის წერა რომ დავიწყე თითქოს დამთხვევები მისი მთავარი თემა არ იყო, მაგრამ ბოლოს ასე გამოვიდა 🙂

      Like

  2. Rusa

    რადგან დამთხვევები ახსენეს, სათაურიც გვემთხვევა ჩვენ (ნუ, ოღონდ ჩემთან მხოლობითშია :))) ) რატომ არ მიკვირს? :))))))

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s