წუთში 83


ფიქრს გადაჩვეულივით ვეძებ გამოცარიელებულ ტვინში შესაფერის სიტყვებს. გადაუბმელ წინადადებებს ვტყორცნი ფურცელს და მგონია რომ არაფერი გამოდის.

მეღიმება. არა, კი არ მეღიმება, მეღიმილება. ყოველგვარი სიყალბისა და თავის მოკატუნების გარეშე მინათდება თვალები და სასიამოვნოდ მტკივა სახის კუნთები.

მინდა სათითაოდ ჩამოვუარო ყველას ვისაც ჩემი სახიდან ამ ახლად გაჩენილი პოზიტივის წაშლა უნდა, ძალიან ახლოს მივიდე მათთან და მთელი გულით გავუღიმო.

გაიშვიათებულ ემოციებს განვიცდი გახშირებული გულისცემით.

მიხარია რომ ხელის ოდნავი შეხებითაც მესინჯება პულსი.

თქვენი გული წუთში რამდენჯერ გეუბნებათ რომ ცოცხალი ხართ? ჩემი 83–ჯერ. ოღონდ, ისე, მონოტონურად კი არ ბაგა–ბუგობს, მუსიკაზეა გადაწყობილი და ნოტებს ყვება. მერე რა რომ სმენა არც მე მაქვს და ალბათ არც ჩემ პულსს.

ვცხოვრობ წუთში 83–ჯერ დარტყმის სიჩქარით.

Advertisements

დეტოქსიკაცია


„აჩქარებული პულსი და გახშირებული ფიქრები დამჩემდა. გაშავებული თითები და გამომშრალი კანი, სიგარეტის კვამლით გემრიელად გაჯერებული სუნთქვა და ალკოჰოლისგან მოწამლული სისხლი… დღეიდან დეტოქსიკაციას ვიწყებ.

საბნის აუხდელად შევწვები საწოლში და მოკრუნჩხულ თითებს ტუჩებთან მივიტან, მხურვალე სუნთქვას შევუბერავ და შევთბები.“ – უაზროდ ვლუღლუღებ ჩემთვის.

„ზედმეტად მხატვრული ხარ. ვერ ვიტან ამ გამოლიტერატურულებულ წინადადებებს, ფრაზებს შორის წარმოსახვით დასმულ სამ წერტილებსა და ღრმა აზრებს. უმეტეს შემთხვევაში ეს საშინლად ყალბი და უადგილოა ხოლმე“ – მპასუხობს, ისიც თავისთვის.

„ეს ადრეც გითქვამს. ჰოდა რაღა აზრი აქვს გამეორებას?! ფაქტია რომ მიუხედავად შენი ასეთი კატეგორიული დამოკიდებულებისა, ჩემ ხმამაღალ ფიქრებში გამოლიტერატურულებული ფრაზები და წარმოსახვითი წერტილები უხვად მოიძებნება.“ – ვამბობ, ახლა უკვე მის გასაგონად.

ორივე ვჩუმდებით. გონებაში ფიქრები არამხატვრულად მიერეკებიან ერთმანეთს და ყველაზე არალიტერატურული აზრების განხილვაში მხდიან სულს.

ბალიშის ქვეშ შენახულ სალოცავს საყურეების მთელი კოლექცია ფარავს, იმ საყურეების, მოხსნა რომ მავიწყდება ხოლმე და შემდეგ ყურის უკან მსუბუქი ჩხვლეტით რომ მახსენებენ თავს.

გაუმართავი წინადადებების მთელ კოლექციას ვაფრქვევ ოთახში და მისგან პასუხს იქამდე ველი სანამ არ აღმოვაჩენ რომ პასუხის გაცემაზე პასუხისმგებელიც თავად ვარ. ასეთი დიალოგები მხოლოდ საკუთარ თავთან თუ შეიძლება გამართოს კაცმა, სხვა ვერასოდეს გამოიცნობს ამგვარი სიზუსტით იმას თუ რისი მოსმენა გსურს კონკრეტულ მომენტში.

ზედმეტად თხელი ფარდები აქვს ჩემ ოთახს, სიმყუდროვის განცდა არასოდეს მაქვს და საკუთარ თავს გარედან ვაკვირდები ხოლმე, სილუეტს დავსდევ და ყოველთვის ვამოწმებ საათს როდესაც შუქს ანთებს და მაისურის გაძრობას იწყებს.

რეალური ადამიანები მაჩქარებენ, ისინი ვისგანაც ვერასოდეს მივიღებ სასურველ პასუხებს.

დეტქოსიკაციის გადაწყვეტილების პასუხად ცხვირში სპირტის არომატი მიღიტინებს, ხელებში კი უკვე ფილტრის წვაზე გადასული სიგარეტის ღერი მადნება.

დაგვიანებული


ემოციების გზაჯვარედინზე ვარ, ანუ იქ სადაც არც ბედნიერი და არც უბედური ადამიანები ჩერდებიან, სადაც არც სიხარული ჭარბობს და არც დარდი, ყველაფერი ქრება და ცხოვრება არჩევანის გაკეთების საშუალებას გართმევს.

ფიქრებზე ფილტრი დავაყენე და თავი ისე დამიცარიელდა სიზმრებსაც ვეღარ ვხედავ, ერთადერთი რასაც განუწყვეტლივ ვგრძნობ არის დროის გასვლა, ორად ვიხლიჩები, თან სულის ამოხდამდე მინდა რომ თვალის ერთ დახამხამებაში გავიდეს ჩემი განმარტოვების დარჩენილი რამდენიმე საათი, თან გულს მირევს დაბრუნების აუცილებლობა.

იქ სადაც მე ვარ განაჩენის გამოტანა ისეთი მარტივია როგორც არსად, გამვლელების აზუზუნებულ სუნთქვას განაბული უგდებ ყურს და თუ ერთს მაინც წამოახველებს ყველაფერი გადაწყვეტილია, ე.ი. მკურნალობს. შემდეგ საკუთარ სუნთქვაზე იწყებ დაკვირვებას და ნერვების დასამშვიდებლად განუწყვეტლივ ეწევი სიგარეტს.

განმარტოვება კარგს არაფერის უქადით ადამიანებს რომლებსაც მოგონებებისგან გაწმენდა აქვთ გადაწყვეტილი. არც დიდი დოზით მელანი და საწერად გამზადებული ფურცლები გამოდგება დეტოქსიკაციისთვის. ჯერ კედლები იწყებენ მოახლოვებას, შემდეგ ჭერი გაწვება თავზე, საყვარელი სიმღერები მახინჯდება და ტექსტი შეუმჩნევლად იწყებს მასში პირველად აღმოჩენილი აზრის დაკარგვას, უაზრო სიტყვების კორიანტელად იქცევა და „ლა, ლა, ლა, ლა, ლა, ლა….“-დ იწებს გონებაში ტრიალს.

სიჩუმე წყევლად მექცა, ვცდილობ გავექცე, არასოდეს გამოვრთო მუსიკა, ვისაუბრო ტელეფონზე, ვუყურო ტელევიზორს, ოღონდ სიჩუმეში არ ჩავიძირო.

ნანატრი ძილიც არა და არ მეკარება, თვალები მეწვის, ქუთუთოები მიმძიმდება, ბალიშის ქვეშ ხელს ვაცურებ, ვრთავ გონებას და ის ისაა უნდა გავითიშო რომ ფიქრების ფილტრი გამოდის მწყობრიდან, ფუნქციონირებას წყვეტს და განგაშის ზარით მაყრუებს. მარტო ყოფნას ერთდროულად ვეტრფი და ვუფრთხი. ჩამოუყალიბებლობის სენი მახსენებს თავს და ვგრძნობ რომ მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა გადაწყვეტილების მიღებას ვერასოდეს შევძლებ. გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ, იმიტომ რომ გადასაწყვეტი არაფერი მაქვს, ყველაფერი თავის ნებაზე მივუშვი და საკუთარი თავი გადავაწყვეტინე, როგორც ყოველთვის უგულისყურო მაყურებელივით მოვიქეცი, უემოციო სახით ვუყურე წარმოდგენას და ფარდის დაშვებისას ტაშის დასაკრავადაც კი არ გავისარჯე. ალბათ ამას ეძახიან სიზარმაცეს.

აქ საკუთარი მაგიდა მაქვს, ფარდებსაც ნაცნობი სუნი ასდით, მომსახურე გოგონას კეხიან ცხვირსაც შევაჩვიე თვალი, არც მისი ზედმეტად გამოწკეპილი ჩაცმულობა მაღიზიანებს და არც ის მიკვირს რომ საღამოობით სალაროს მანამ ხურავს სანამ გადახდას შევძლებ. სოსისსაც ნაცნობი გემო აქვს და თითქმის მზად ვარ გაუსინჯავად დაწუნებული მარნეულის ჯემი გავსინჯო პურის მინიატურულ ნაჭერთან ერთად. აღარც ყავა მახსენებს სადღაც დარჩენილ რეალობას, სიგარეტმაც შეიცვალა დატვირთვა, ბილიკებიც ვისწავლე და სამანქანო გზებიც ზეპირად ვიცი.

თითები გამიზარმაცდა და გაფილტრული ფიქრებისგან გამოფიტული ტვინის ნაკარნახევ სიტყვებს საათობით კრეფენ კლავიატურაზე, დაწუნების ნიჭიც დავკარგე და ლამისაა ყველა უნიჭოდ შესრულებულ აბზაცს კომენტარის სახით მივაწერო „ბრავო“.

ერთი სართულით ზემოთ მცხოვრები ქალბატონის მიმართაც გამინელდა ინტერესი, აღარც მისი გაუმართავი მეტყველება მაოცებს და არც მისი ხელნაწერების წაკითხვის სურვილი მახრჩობს. არადა საკუთარ თავს მახსენებს, მგონია რომ ცოტაც და მეც მის მსგავსად უსახური, არაფრით გამორჩეული ჩრდილი გავხდები, მარტო ჩამოვალ შუაგულ ტყეში და ვივლი უმისამართოდ, დიდ ხანს ვიფიქრებ წიწიბურა ვჭამო სადილად თუ პიურე, ცარიელ სასტუმროში ყოფნა ისე შემაშინებს რომ სართულის გასაღებს მოვითხოვ და მაგრად ჩავრაზავ ჩემამდე მოსასვლელ ყველა კარს, ფანჯრებზე მძიმე ფარდებს ჩამოვაფარებ და გახედვის შემეშინდება, თავზე გადავიფარებ საბანს და სანამ სული არ შემეხუთება მანამდე ვიქნები ემბრიონის პოზაში გაშეშებული. შემომხედავენ და იტყვიან რომ მარტო ყოფნის გამო გავგიჟდი, ან არა, იტყვიან რომ მარტოობისგან „გავრეკე“ და ამაში ბრალს ისევ მე დამდებენ, სანამ ვინმე ჩემნაირი არ გამოჩნდება და არ იტყვის რომ ზოგჯერ მარტოობა არჩევანი არ არის და ის ისე გეხვევა ირგვლივ რომ მისგან თავის დაღწევას ვეღარ ახერხებ. თუმცა ისეთი მშვიდი გამომეტყველებით მიღიმის ხოლმე რომ ზოგჯერ მგონია უბედური არ უნდა იყოს, რომ სხვა თუ არაფერი წერა მაინც შეუძლია, იქნებ არა მხოლოდ შეუძლია არამედ ამაში ბადალი არ ყავს, იქნებ შთაგონებისთვის ჩამოვიდა აქ და მერე რა რომ ღამით საბანში გახვეულს ყოველ გაფაჩუნებაზე შეშინებულს ეღვიძება, მერე რა რომ ამ დროს მზადაა ყველაფერი გასცეს საიმისოდ რომ სიცარიელე ვინმემ შეუვსოს. იქნებ რეალიზებულობის შეგრძნებით გამოწვეული კმაყოფილება ყველაფრად ღირს, იქნებ მარტოობა ზუსტად ისაა რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ეძებდა, ჰოდა ჭირსაც წაუღია ყველა წყვილი ვისაც გონია რომ მარტო ყოფნა სასიკვდილო განაჩენზე უარესია.

გაფილტრულ ფიქრებში გველივით მიძვრება სიმღერის ტექსტი და გამომშრალი ტუჩებით ვიმეორებ „AND I’m not happy and I’m not sad”.

სამიზნე


გვარით მომმართავს, უფრო სწორედ ჯერ ქალბატონო–ს ამბობს და შემდეგ ჩემ გვარს მიაწებებს ხოლმე ამ სტატუსს. არ ვიცი რატომ, მაგრამ პროტესტი არ მიჩნდება, გამოთქმაში აშკარად ვგრძნობ ცინიკურ ნოტებს, თუმცა საპასუხოდ არაფერს განვიცდი.

ალბათ იმიტომ რომ განცდები უკვე საკმარისზე მეტი მაქვს, ეჭვმიტანილების დაუსრულებელ სიას ჩავკირკიტებ და ვერაფრით გადამიწყვეტია რომელს წავუყენო საწყის ეტაპზე ბრალი. ისეთი კანდიდატი მჭირდება ვინც ვერც თავის გამართლებას შეძლებს და ვერც გულს დამწყვეტს დანაშაულის აღიარებით. ამიტომ ისეთ სახელსა და გვარს ვეძებ, ვის ხსენებაზეც ერთადერთი ემოცია რასაც განვიცდი იქნება „მიმიფურთხებია“. არადა ასეთები არ მყავს. როგორც წესი ამ ჩამონათვალში მხოლოდ რჩეულები ხვდებიან ხოლმე, ანუ ისინი ვინც ოდნავ მაინც მაღელვებენ, ვისაც განვიცდი და ვიზეც მეფიქრება. ჰოდა დილემის წინაშე ვარ, ტრადიცია მოვკლა და სიაში ყველა ძაღლი და მამაძაღლი შევიყვანო თუ სანაგვეზე მოვისროლო ჩემი „განცდები“ და ბრალის წაყენება ყველაზე „გემრიელი ლუკმით“ დავიწყო.

ხალხი აღფრთოვანებულია მისი ყოველი გამოსვლით და ამის გამო ვერ იტანენ. სიამოვნებას გვრით მისი თუნდაც წარმოსახვითი წაბორძიკება და ცდილობენ ყოველი ასეთი ფანტაზია რეალობად აქციონ. არადა არაფერი გამოსდით, ან კი როგორ გამოუვათ ის ხომ თითქმის იდეალურია. ჰო, ჰო ვიცი ეს თითქმის უაზროდაა აქ ჩაკვეხებული და სასწრაფოდ უნდა ჩამოვყალიბდე საბოლოო ჯამში იდეალურია თუ არა, მაგრამ აბა როგორ ვთქვა არის მეთქი როდესაც კარგად ვიცი – იდეალები არ არსებობენ. ჰოდა, ისევ იმისკენ ვიხრები რომ ერთი ჩვეულებრივი მოკვდავია, არაჩვეულებრივი ნიჭით.

მე სხვა წურბელებისგან განვსხვავდები, დიახ, ასეა და ვერავინ შეძლებს დამიმტკიცოს საპირისპირო. ორად ვარ გახლეჩილი – ბრალი ისე უნდა წავუყენო თავის მართლება ვერ შეძლოს და საბოლოოდ დამნებდეს, მაგრამ თუ ასე მოხდა მისგან მხოლოდ მტვერი დარჩება, გავაცამტვერებ და სიიდან ისე ამოვშლი იქ ვეღარასოდეს მოხვდება… თან მენანება! არადა თუ თავის მართლებას შეძლებს და იდიოტად მე განმომიყვანს, მაშინ საკუთარი თავისადმი განცდილ აგრესიაში უნდა ამომხდეს სული და ყოველ ღამე მის განადგურებაზე ვიოცნებო, ანუ დაუსრულებელ წრეზე წავიდე და ყოველი ბრძოლის წინ დავფიქრდე იმაზე მიღირს თუ არა მოგება. ჰოდა, იმას ვამბობდი სხვებისგან განვსხვავდები მეთქი. როდესაც შემაღლებულ ადგილზე დგება და სიტყვით მოგვმართავს, ყველას ერთი სურვილი გვაქვს – გავანადგუროთ, თუმცა მე სხვებისგან განსხვავებით ვერასოდეს მოვინელებ იმას, რომ ეს ჩემ გარდა ვინმე სხვამ გააკეთოს, მათ კი მიუფურთხებიათ, ერთი რომ რამეს წამოაყრანტალებს სხვებიც ცხვრებივით აყვებიან ხოლმე „ბეეე, ბეეე“, ის კი იქამდე იცდის მდუმარედ სანამ გულის რევა არ დამეწყება ხოლმე და ერთი ფრაზით აჩუმებს. მე კი ამ დროსაც ორად ვიხლიჩები, თან დაუოკებელი სურვილი მკლავს ერთხელ და სამუდამოდ ჩამოაგდონ კვარცხლბეკიდან და თან მისი სიძლიერით ვამაყობ. ასე ვიცი ხოლმე, ნაძირლების მიმართ როგორც წესი „დედობრივი ინსტინქტი“ მიჩნდება და მათ მფარველობას ვიწყებ, ვიცავ და მზად ვარ გავაცამტვერო ყველა ვისაც მასზე თუნდაც რაიმე უარყოფითი დასცდება, ბოლომდე მჯერა რომ ამის უფლება მხოლოდ მე მაქვს, როგორც დედას. არადა აქ უკვე მეორე მომენტი იჩენს თავს, თუ მას ოდესმე ჩემი დაცვა რეალურად წაადგება რამეში ე.ი. არც ისეთი ნაძირალაა მე რომ მეგონა, ჰოდა მაშასადამე მისი ადგილი უკვე წუნდადებულთა სასაფლაოზეა, ხოლო თუ თავის მართლებას ყოველთვის იმაზე უკეთესად ახერხებს ვიდრე წარმომიდგენია, ნერვებს ძლივს ვთოკავ იმ ტრიბუნიდან კინწისკვრით რომ არ გავაგდო.

მოკლედ გემრიელი ლუკმა მჭირდება, თუმცა თუ ამხელა სიიდან პირველივე ვისაც ავირჩევ პროცესს დაუსრულებელ ტანჯვად მიქცევს, სხვებზე ვეღარ გადავალ, ხოლო თუ ზედმეტად მარტივი იქნება ინტერესს დავკარგავ.

ისევ ჩიხში ვარ, როგორც ყოველთვის საკუთარ თავს ყველა მხრიდან ამოვუშენე კედელი და ახლა მუშტების რტყმით ვცდილობ რომელიმე მათგანის განგრევას. თქვენ გგონიათ ამაოდ? არავითარ შემთხვევაში, ასეთი კედლები წინაღობას არასოდეს წარმოადგენენ, ერთი ეგაა იმდენი ერთნაირი ჩიხი მაქვს საკუთარი ხელით შექმნილი, რომ ერთისგან თავის დაღწევის შემდეგ ავტომატურად მეორეში აღმოვჩნდები ხოლმე.

ჰოდა, სამზადისი მაქვს, მაინც იქამდე მივედი რომ საქმე ყველაზე რთული კანდიდატის „კისრის მოგრეხვით“ დავიწყო. სიტყვაც მომზადებული მაქვს და ქმედებაც, მიხვრა–მოხვრაც და მიმიკებიც, მუსიკალურ გაფორმებასაც ვღიღინებ ფიქრებში და საჭირო მომენტებში შენელებულ კადრადაც ვაქცევ საკუთარ ცხოვრებას. მოკლედ შესანიშნავი სცენარი დავწერე და ახლა სულმოუთქმელად ველოდები მის ცხოვრებაში გადმოტანას, რეალობად ქცევას.

ყველაზე მეტად კი აღმაფრთოვანებს იდეა გარდაუვალ დამარცხებაზე, იმის იმედით რომ ბრძოლის ველზე გასვლა კიდევ მოგვიწევს. ცუდია რომ დუელებს აღარ ვმართავთ ხოლმე, სიამოვნებით ვესროდი ხელთათმანს, სეკუნდანტებსაც შევარჩევდი, დამბაჩებსაც გავამზადებდი და ნისლიან ადგილზე შევხვდებოდი იმის იმედით, რომ იქიდან ორივე ცოცხალი შევძლებდით თავის დაღწევას.

დროის ათვლა დავიწყე, როცა საათი „სტარტზე“ დადგება ნაბიჯების გადათვლას შევუდგები, პირველმა უნდა ვისროლო და სამიზნე არ უნდა დამისხლტეს ხელიდან.

უძილო და გაფილტრული


უძილო და გაფილტრული ვარ. თითებზე ღვინის სუნი ამდის, მთვრალივით ვფიქრობ და მხუთავ აირს ვუშვებ ფილტვებში. სიტყვები ყელში მეჩხირება, თითებს კი კლავიატურასთან შეხების წარმოდგენაზეც კი ზარავთ.

დაგვიანებული ვარ, შეშინებული, აღსარების სურვილით შეპყრობილი და ურწმუნო. მინდა მომისმინონ და კვერი დამიკრან, მინდა იქმადე ვილაპარაკო სანამ პირზე ხელს არ ამაფარებენ და არ მეტყვიან რომ „საკმარისია“.  ჰო, არეული ვარ და დამლაგებლის მოყვანა მჭირდება, ტვინის ყველა უჯრედზე იმხელა მტვერი მადევს, ფიქრის დრო რომ მოდის პირზე ხელს ვიფარებ და ცხვირზე თითებს ვიჭერ.

იმ სიმღერის ტექსტივით ვარ მუსიკის გარეშე რომ კითხულობენ და რომ უკვირთ რატომ არაფერი გამოდისო, მელოდიის აჟღერებისას ჟრუანტელი რომ უვლით ტანში და სიტყვები ახლებურ დატვირთვას რომ იძენენ.

ჩახლეჩილი ხმა მაქვს და გაუმართავი წინადადებები, გამომშრალი ტუჩები და უცნაური მუსიკალური გემოვნება.

ტვინის შეფერადებულ კედლებზე საღებავი მძვრება, სასოწარკვეთისგან სასოწარკვეთის მიზეზებს ვეძებ და ვხვდები რომ ვმეორდები.

ნარდის თამაში არ ვიცი და ვისკის ვიყუდებ სიმთვრალის მოსამიზეზებლად, პოკერის თამაშს ვთავაზობ და როიალ ფლეშის მოსვლის იმედი მაქვს, ვამბობ უიღბლო ვარ მეთქი და ბავშვობაში ნაპოვნი ფული მახსენდება.

გამბედაობა მაკლია და ყველაზე რისკიან ნაბიჯებს ვდგამ. პატიება მჭირდება და ბოდიშის მოხდა არ შემიძლია.

დამაშვიდებლებისა და კოფეინის ზედმეტი დოზისგან მოწამლული სისხლი მაქვს და ისეთი დაბალანსებული ვარ უჭმელზეც კი გული მერევა.

შუამავალი


ფსიქოლოგთან სასიარულო დრო რომ ვერ გამონახა აღსარებაზე დაიწყო ყოველ კვირა დღეს სიარული.

პირველად საგულდაგულოდ მომზადებული ტექსტით მივიდა, ბევრი იფიქრა სიტყვებზე რომლებიც უნდა ეთქვა, კარგად აწონ–დაწონა თითოეული ფრაზა, ცალ ხელში ცხვირსახოცი ჩაიბღუჯა, მეორე ხელში ჩამწერი და დაიწყო:

„თქვენი აზრით კარგი ადამიანი ვარ? ჰო, ვიცი რომ კითხვებს არ უნდა ვსვამდე და რომ საერთოდ ჩემ კითხვებზე პასუხის გაცემა თქვენი საქმე არ არის, ან უფრო სწორად თქვენი საქმეა ოღონდ აღსარების მომენტში არა. ან კი საიდან უნდა იცოდეთ კარგი ადამიანი ვარ თუ არა? აღსარებაზე მოსვლა საკმარისი მიზეზია ამ ტიტულის მისაღებად? აბა წარმოიდგინეთ თუ აღსარებაზე მოსვლა გადავწყვიტე, ე.ი. შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ მწამს და როგორც მინიმუმ ერთ რაღაცას მაინც ვნანობ. და იქნებ ისეთ რამეს ვნანობ რასაც არ უნდა ვნანობდე? თქვენი აზრით შეიძლება ვინანო ის რისი სინანულიც ცოდვაა? ანუ სინანული შეიძლება იყოს ცოდვა, რომელიც შემდეგ თავიდან უნდა მოვინანიო? შესაძლოა რასაც ახლა ვნანობ ის შემდგომში ჩემი სინანულის  მიზეზი გახდეს?

არა, არა, ნურაფერს მიპასუხებთ, აქ კითხვებზე პასუხების მისაღებად არ მოვსულვარ, აქ სინანულისთვის მოვედი. იმისთვის მოვედი რომ ჩემგან გადასცეთ ძალიან ნანობსო, აირია და ვეღარაფერი გაიგოო, კარგსა და ცუდს შორის გამოეჩხირა და ვეღარც წინ მიდის და ვეღარც უკანო. იქნებ ისიც უთხრათ რომ ვერაფრით გაუგია რა უნდა ინანოს და როგორო.

საკუთარი თავის სიძულვილი კონკრეტული ქმედების გამო ხომ უკვე ნიშნავს სინანულს? ჰოდა, აი სიძულვილი რამდენად მისაღები გრძნობაა? იქნებ ეს ცალკე მოსანანიებელი მაქვს? ბოლოს და ბოლოს საკუთარი თავი მე მეკუთვნის? ანუ თუ სიტყვაზე საკუთარი სიცოცხლის დროზე ადრე, ხელოვნურად, საკუთარი ხელით შეწყვეტა მიუტევებელი ცოდვაა და უპირობო საგზური ჯოჯოხეთში, ეს ხომ ნიშნავს რომ საკუთარი თავის ბატონ–პატრონი მე არ ვარ და ვიღაცის წინაშე ვაგებ პასუხს იმაზე თუ როგორ ვექცეოდი საკუთარ თავს? ჰოდა სადღაა ეს ოხერი თავისუფლება? თავისუფლების განმარტება გაქვთ? არ გაქვთ, არ აქვს ამ სიტყვას განმარტება და იმიტომაც არ გაქვთ. ისე კი თუ სტყვას გამოვშიგნავთ, მივიღებთ თავის უფალს, ანუ საკუთარი თავი მე მეკუთვნის და ჩემ მფლობელობაშია. შესაბამისად რა ჭირად ვაგებ პასუხს იმაზე თუ როგორ ვექცეოდი მას იმ რამდენიმე წლის მანძილზე რაც ამ ცოდვილ დედამიწაზე დავყავი?!

მოსანანიებელი დღეს არაფერი მაქვს!“

წამოვიდა, ცხვირსახოცით ნაზად შეეხო დახუჭულ თვალებს, არადა წვეთი ცრემლიც არ წამოსვლია.

მეორედ იქ აღარ მისულა, ახლა სხვა „შუამავალს“ აუხირდა აუცილებლად უნდა მოვინანიო ცოდვებიო და შეევედრა აღსარება ჩამაბარებინეო. დიდი ხვეწნა–მუდარის შემდეგ დაითანხმა, ისევ ცხვირსახოცი მოიგდო მუჭში, მეორე ხელის საჩვენებელი თითით „ჩაწერის“ ღილაკს დააწვა და ჩურჩულით დაიწყო:

„უკვე მეორედ ვცდილობ მონანიებას. არა, ისე კი ნუ გაიგებთ თითქოს მეორედ ვარ აღსარებაზე, იქამდეც ვყოფილვარ, ბავშვობაში ეკლესიის ხშირი სტუმარი ვიყავი, თქვენ წარმოიდგინეთ აღსარების დროს მიტირია კიდეც, ახლა რომ მკითხოთ რამდენად გულწრფელი ცრემლები მომდიოდა ვერაფერს გიპასუხებთ, თუმცა ფაქტია რომ თვალებიდან ნიაღვრად მოედინებოდა ჩემი ჭეშმარიტი სინანულის თხევადი მტკიცებულება. პირველად აღსარება იცით როგორ ვთქვი? მომადგნენ და მითხრეს რომ აღსარების დრო იყო, კლასში ვიჯექი და რაღაც ოხერი გაკვეთილი უნდა ჩამტარებოდა, ჰოდა ანაფორაში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა ოთახში და გვითხრა რომ ყველას უნდა გვეთქვა აღსარება. პატარები ვიყავით, მორჩილებიც გვეთქმოდა, თუმცა პროტესტის ტალღა მაინც აგორდა. აჯანყებულები დაისაჯნენ, კუთხეში ჩაამწკრივეს , მუხლებზე დააჩოქეს და უთხრეს რომ იქამდე უნდა მდგარიყვნენ ასე სანამ საკუთარ შეცდომას არ გააცნობიერებდნენ. თქვენ გგონიათ რამე გააცნობიერეს? ვერაფერიც ვერ გაიგეს, მუხლებმა რომ წვა დაიწყეს, ადგნენ და დათანხმდნენ. მე როგორ მოვიქეცი? ვიცი, კითხვა არ დაგისვამთ, მაგრამ ხომ იფიქრეთ, ჰოდა გპასუხობთ, მე ხმა არ ამომიღია, პირში წყალი ჩავიგუბე, პროტესტი ლუკმებად ვყლაპე და დინებას გავყევი.

დაგვავალეს ცოდვები ჩამოწერეთო, მერე მოდით და ჩურჩულით წაიკითხეთ ჩემ ყურთანო, ჰოდა მეტი რა გზა იყო, ავდექი და დავიწყე წერა, იცით რამდენი ვიფიქრე? არაფერს ვნანობდი და რა ჭირად უნდა დამეწერა რამე?! მერე გლობალურად შევხედე საკითხს და დავიწყე წერა, რას აღარ მივედ–მოვედე, სოფელში მოპარული ვაშლიდან დაწყებული, ზოგადად მატყუარა ვარ მეთქი ამით დამთავრებული. ახლა მეცინება, მაშინ კიდევ იცით რაზე ვფიქრობდი? ნეტა რამდენად ხარისხიანი აღსარება გამოვიდა მეთქი, მოთხოვნებს თუ დააკმაყოფილებს მეთქი, საუკეთესო აღსარება ხომ იქნება მეთქი.

მაშინ ვერ მივხვდი, ახლა კი ვიცი რომ ეს პირველობის ჟინი დაბადების მომენტიდან შემეყარა, ყველგან და ყველაფერში პირველი უნდა ვიყო, ცოდვების ხარისხშიც კი!“

ჩაახველა, რამდენიმე წამით დაფიქრდა კიდევ რამე ხომ არ მაქვს სათქმელიო, მიხვდა რომ საკმარისი იყო, ცხვირსახოცით შეეხო მშრალ ქუთუთოებს, თავსაფარი მოიძრო და გარეთ გამოვიდა, საგულდაგულოდ გადაიწერა პირჯვარი სამჯერ და კიბეს სირბილით დაუყვა.

გზაში ფიქრობდა ნეტავ კიდევ თუ მიმიღებსო. ახალი შუამავლის ძიების აღარც დრო ქონდა და აღარც სურვილი.

ზუსტად 1 კვირის შემდეგ ისევ სთხოვა მოესმინა მისთვის, სახეზე შეატყო დიდად აღფრთოვანებული არ იყო ამ იდეით და საწყალი სახე მიიღო, ლამის ქვედა ტუჩი გადმოაგდო პატარა ბავშვივით და დაიყოლია. მრევლმა ნელ–ნელა მოიხადა ვალი და თითოული მათგანი შემსუბუქებული სინდისითა და დამძიმებული რწმენით გაემართა სახლისკენ. რიგში ბოლო იყო, აუჩქარებელი ნაბიჯით მივიდა მასთან, თავი ჩაქინდრა და ფეხსაცმელზე დააკვირდა, ცოტა ხანს ჩუმად იდგა და რომ მიხვდა სახლში გააბუნძულებდნენ დაიწყო:

„გამიკვირდა ჩემ მოსმენას რომ დათანხმდით, მეგონა მეტყოდით აქ აღარ მოხვიდეო… რომ შეგაქოთ თავხედობა იქნება? საქციელი რომ მოგიწონოთ და გითხრათ რომ შესანიშნავად მოიქეცით?

კარგით ამაზე არ გვინდა ახლა, ამაზე სასაუბროდ არ მოვსულვარ.

საკუთარი თავი მიყვარს. ვიცი ამაში გასაოცარი არაფერია, მაგრამ მე განსაკუთრებულად მიყვარს, იმდენად მიყვარს რომ ვერაფერს ვპატიობ, კიდევ იმდენად მიყვარს რომ მინდა ყველას ზუსტად ასევე ვუყვარდე, არადა თქვენ ხომ იცით რომ ეს გამორიცხულია, ეს მეც ძალიან კარგად ვიცი. მაგრამ მინდა და აბა ვინ დამიშლის?!

იცით, თავის შეკავება არასოდეს შემეძლო, აი საკმარისია რაღაც ზღვარი გადავლახო და შეუჩერებელი ვხდები. დღესაც ასე მოვიქეცი, მოვაღე პირი და იქამდე ვანთხიე მთელი ჩემი დუჟმორეული შეუბრალებლობა სანამ საკუთარი თავის მიმართ მსუბუქი გულის რევა არ ვიგრძენი.

ყველაზე საოცარი კი იცით რა არის? არ ვიცი სინამდვილეში რას ვფიქრობ და რისი მწამს? ვერაფრით გამიგია მართლა ისეთი შეუბრალებელი და სისხლის მსმელი ვარ როგორიც დღეს სიტყვით გამოსვლისას ვიყავი, თუ ეს დროებითი გონების დაბნელებაა ხოლმე. ვერც ის გამიგია ზუსტად რას ვნანობ, ამ შეუბრალებლობას ვნანობ თუ ამის დემონსტრირებას, ვერ გავიგე არ მინდა ასეთი რომ ვიყო თუ ის არ მინდა რომ სხვებმა იცოდნენ ასეთი რომ ვარ. კიდევ იცით რა ვერ გავიგე? აი, თეორიულად რომ დავუშვათ იმის ალბათობა რომ ჩემი ეს შეუბრალებელი და სისხლზე მოწყურებული გამოსვლები გარშემომყოფებს მოეწონოთ, ისევე ვინანებ თუ არა. ხედავთ? საკუთარ პერსონას იმის მიხედვით ვაფასებ თუ რამდენად მისაღებია ის სხვებისთვის. ამასობაში კი სრულიად გაუგებარია რა არის მისაღები ჩემთვის? ან იქნებ ჩემთვის ყველაფერი მისაღებია, რაც სხვების აღფრთოვანებას გამოიწვევს, იქნებ ჩემი თავისგან იმას ვძერწავ ვინც დანარჩენებს დადებით ემოციებს აუშლით, ვინც მოეწონებათ და შემდეგ ზუსტად ასეთი მომწონს ჩემი თავი? თუ ასეა მაშინ რატომღა ვიქცევი ისე როგორც დღეს მოვიქეცი, რატომ ვხსნი „პანდორას ყუთს“, რატომ ვუშვებ გარეთ ყოველივე საზიზღარს, რატომ არ მაქვს რამე დადებითი? იმედისმაგვარი?

თქვენი აზრით ეს ნიშნავს რომ არარაობა ვარ? თქვენი აზრით საკუთარი თავის გამო განცდილი სირცხვილის გრძნობა დადებითი ემოციაა? თქვენი აზრით იძულებითი სინანული სინანულია? თქვენი აზრით სხვების ზიზღნარევი მზერებით განცდილი ზიზღი კარგია? იქნებ ჩამოუყალიბებელი ფასეულობები, 26 წლის მანძილზე გაურკვეველი კარგისა და ცუდის განმარტება უკვე განაჩენია, დიაგნოზია და ამას აღარაფერი ეშველება?!

როგორ ფიქრობთ შემეშინდა და იმიტომ შევიზიზღე საკუთარი თავი? თუ მათგან წამოსული ემოციის საპასუხოდ გაცოცხლდა ჩემში იგივე გრძნობა? მეორე ვარიანტი ჯობია ხომ ასეა? პირველი ხომ საკუთარი თავით ვაჭრობას ნიშნავს? თუ რაღაც კონკრეტულის, ხელშესახების გამო ვაიძულებ საკუთარ თავს ინანოს, ეს ხომ ნიშნავს რომ დიდი ვერაფერი ადამიანი ვარ?!“

ცხვირსახოცი, გამოსვლისთანავე კუთხეში მიმდგარ სანაგვეში გადაუძახა, წარმოსახვითი ცრემლები თითებით შეიმშრალა და რეალური სიგარეტი მოქაჩა, გამომშრალი ტუჩებით შეეხო, ყველა კითხვა ფილტრში მოაქცია, შეიწოვა, ფილტვებში ჩაუშვა და უპასუხოდ გააბნია ჰაერში.

ჯაჭვები


თუ ორ უცნობ ადამიანს ერთი და იგივე მუსიკა შთააგონებს, ნიშნავს რომ ერთსა და იმავეს წერენ? ერთსა და იმავეს გრძნობენ? ნიშნავს ეს რომ თუ მეორემ მოგვიანებით გაიგო ამ მუსიკის შესახებ იქურდა? ემოციების მოპარვა დაიწყო? გველივით შეიპარა ვიღაცის ფიქრებში და ყველაფერი წამოიღო რაც იქ დახვდა?

იქნებ უხილავი შეჯიბრი დაიწყო, გრძნობების გადმოცემის, განსაზღვრის, სიძლიერის შეჯიბრი, სიტყვათა თამაშის, ტვინში ნოტების შედეგად დაბადებული აზრების შეჯიბრი.

თუ შემთხვევით შეესწრო როგორ აყოლებდა მუსიკას ფეხს მისთვის უცხო ადამიანი, როგორ ექჩებოდა სიგარეტს ტუჩების ნელი მოძრაობით, როგორ ჯდებოდა მაგიდასთან რამდენიმე წამში ერთხელ და როგორ იწერდა რაღაცას, როგორ იმეორებდა ერთსა და იმავე სიმღერას დაუსრულებლად, როგორ ეხახუნებოდა იატაკს და როგორ ეღიმებოდა ყოველთვის როდესაც გრძნობდა რომ კიდევ ერთი წინადადება შვა მუსიკას აყოლილმა ფიქრმა.. ჰო, თუ ამ ყველაფერს შეესწრო და უნებურად იმავე მელოდიით მოიწამლა რომლითაც ის, ფიქრები ტიტრებად წამოვიდა, შავ ფონზე თეთრ ასოებად აიკრიფა, დაუსრულებელ წყებად იქცა, შთააგონა და მოუნდა ისევე აყოლოდა მუსიკას, ეხოხა იატაკზე, ექაჩა სიგარეტი და ეწერა როგორც მას… რამე მოიპარა?  ვიღაცას სული ამოწოვა? მოირგო მისი ფიქრები და ხელახლა იფიქრა?

ან იქნებ სამყარო უკვე დიდი ხანია წრეზე წავიდა? უკვე უთვალავმა ადამიანმა იფიქრა ყველა ფიქრი? იგრძნო ყველა შესაძლო გრძნობა? დაფიქრებულხარ იმაზე რიგით მერამდენე ხარ? ან მერამდენე ხარ იმათ შორის ვინც უკვე დაფიქრდა საკუთარი ფიქრების გაფიქრების რაოდენობაზე. შენი ორიგინალურობა კნინდება? განუმეორებლობის შეგრძნება ქვეითდება? თუ თავს იმართლებ? იქნებ თავს იმით იმართლებ რომ ჯერ არავის, არასდროს უფიქრია უკვე ნაფიქრი ფიქრების ის ნაზავი რომელიც შენ? იქნებ შენ სხვანაირი თანმიმდევრობით ფიქრობ? სხვანაირი თანმიმდევრობით გრძნობ? სხვანაირი ურთიერთშეთანხმებით განიცდი უკვე განცდილ გრძნობებს?

თუ ემოციების მარაგი თავდება, თუ ყოველი ახალი ქურდი იმაზე ნაკლების მოპარვას ახერხებს ვიდრე მისი წინამორბედი, გიფიქრია თავდაპირველი პროდუქტის რა ნაწილი შეგხვდა? იქნებ უზარმაზარი ემოციის მეათასედს, მეათიათასედს, მეასიათასედს, მემილიონედს… დასჯერდი?

ანაც იქნებ არავინ არაფერს ვიპარავთ, იქნებ გვჩუქნიან, გვინაწილებენ იმისთვის რომ შემდეგ ჩვენც გავუნაწილოთ, გავავრცელოთ? იქნებ მან ვინც ამ ემოციის წყარო იყო გამიზნულად იგრძნო მაყურებლების წინაშე, იქნებ ამით უკვდავება მოიპოვა, ემოციების ჯაჭვი შექმნა და მიუხედავად იმისა რომ დაივიწყეს მისი უკვდავ ენერგიად ქცეული ფიქრები უკვე მერამდენე ათასი წელია მოგზაურობენ ტვინიდან ტვინში, გადაეცემიან თაობიდან თაობას, იქნებ ამაზე საუბრობს ყველა რელიგია, იქნებ ეს არის სული, ნაფიქრი ფიქრების და ნაგრძნობი გრძნობების გადაცემა, დაუსრულებელ ენერგიად არსებობა.

იქნებ ის წყარო რომლიდანაც დღემდე ვიკვებებით, ვინც პირველად იგრძნო და იფიქრა არის ჩვენს მიერ მოგონილი და დაჯერებული ღმერთი? არის ყველგან და ყველაში.